როგორ აღიარა დონჟუანმა დანაშაული და რატომ ჩავარდა ის ტრაბახის გამო მილიციის ხელში
გასული საუკუნის 80-იანი წლებია. მოულოდნელად, დამჭირდა იმერეთში გამგზავრება.
მაშინ ავტობუსები 3-4-საათიანი ინტერვალით მოძრაობდნენ თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და, ამიტომ, დროის ეკონომიის მიზნით, დიღომში, თბილისის გასასვლელთან დავდექი „პაპუტნი“ მანქანის იმედით.
გამიმართლა – ხუთ წუთში „ჟიგული“ გაჩერდა.
– ხაშურამდე, ძმაო, მერე იქიდან ყველაფერს გაჰყვები, – თქვა მძღოლმა.
უკანა სავარძელზე მოვთავსდი მორიდებულად და დავიძარით. მძღოლი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა და არც მე ვიყავი ლაპარაკის ხასიათზე. ქსანში კიდევ აგვიწია ხელი საშუალო სიმაღლისა და ასაკის კაცმა – ხაშურამდე წამიყვანეთო და თანხმობა რომ მიიღო, სასწრაფოდ დასკუპდა მძღოლის გვერდით მოხერხებულად.
– რა მოგივიდათ, კაცო, – მოულოდნელად გამხიარულდა შემომატებული მგზავრი, – მიცვალებული ხომ არ გყავთ? თქვით რამე!
ისევ სიჩუმეა.
ინიციატივა ისევ თვითონ აიღო:
– ოო, რა გოგოები წამოვიდნენ, კაცო, რა გოგოები! შეხედავ – ანგელოზი გეგონება, არადა, სინამდვილეში, ქვეყანას აქცევენ.
– მაგას რატომ ამბობ? – უინტერესოდ ჩაეკითხა მძღოლი.
მგზავრი აშკარად გამოცოცხლდა და უფრო მოხერხებულად მოეწყო:
– კაცო, ამ ერთი კვირის წინ ერთი გოგო „დამევასა“, რა... მაგარი იყო ის ძუკნაი... ავტობუსის შოფერი ვარ მე და ხაშურში ვმუშაობ.
– მერე? – შევაგულიანე მე.
– ჩაჯდა ჩემ ავტობუსში. დავსმოტრეი სარკიდანა და მაგრა დამევასა, რა... მგზავრებს ვუთხარი, ავტობუსი გაფუჭდა-მეთქი და ჩავიდნენ.
ის გოგო სულ ბოლოს ჩადიოდა და... ჩავუკეტე კიდევაც ზადნი-პერედნი კარებები. ის სიმღერა როა: „წინა კარებ დავაცალე რუჩკებიიი“... გოო-მეთქი, შენა ნუ გეშინიან, ამ ხალხს ტყუილი ვუთხარ, სახლში მიგიყვან-მეთქი. მენდო და დაჯდაა.. გალიაშია, რა, ჩიტი...
– ვაა, შენ რა მოხერხებული ყოფილხარ, კაცო! – აღტაცება ვერ დამალა ჩვენმა მძღოლმა.
– ჯერ სადა ხარ... – ხაშურს რო გავცდი, რაღაც იეჭვა – სად მიდიხარო?. მეცა, რა, ჩიტი ვიყავი, დავბნეულიყავი.
– შენა ახლა ჩუმად იყავ-მეთქი... – და ბუჩქებისკენ დავგაზეი... – „ნიდატროგა“ მყავხარ შენცა-მეთქი. ხმა არ ამოიღო, შენი ნებით დამნებდები, თორე, მაგრა გატკენ-მეთქი... მაგის მეტი რა ვიცი. მოკლეთა, მაგრა გამიძალიანდა, რა... გამოვათრიეი მაშინიდანა და იქვე მოლზე იგეთი გემო ჩავატანე, თქვენი მოწონებული! მერე, იქვე დავტოვეი – ჭკუას ისწავლი-მეთქი... ეგეთებს ეგრე მოუხდებათ... არადა რა ცისფერთვალება იყო, რო შემახვედრა, ერთხელაც არ ვიტყოდი უარსა.
– მოიცა... ნიკაპთან ხალი ხომ არ ჰქონდა? – იკითხა მძღოლმა.
– მააშ, კაცო!.. შენც იცნობ, არა, მაგ აშარაშკასა?!
ჩვენი „ჟიგული“ საბურავების წრიპინით დამუხრუჭდა:
– ვიცნობ კი არა, ოხ, მე შენი დედა!!! – სასწრაფოდ მოარგო „ნარუჩნიკები“ მძღოლმა მაჯებზე გვერდით მჯდომს, – სამი დღე და ღამეა, მთელ საქართველოში გეძებ, წვეთი არ მიძინია! მაგრამ, ხომ მაინც გაები!
... თურმე ხაშურის სამძებროს ოპერჯგუფის უფროსი არ ყოფილა ეს ჩვენი მძღოლი?!
– გააჩუმე ენა, რა, შე იდიოტო! – თავში შემოირტყა ნარუჩნიკებიანი ხელები ტრაბახა დონჟუანმა.