კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგლები 5

უკანასკნელი ქურდი

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹26-37(611) 

 

ვასილიჩმა კარი გააღო და გაოცებული მიაჩერდა ზღურბლზე მდგარ ლუკასა და ჯაბას. მან არაფერი იცოდა ლუკასა და გუსმანის შეხვედრის შესახებ და, შესაბამისად, არ ელოდა მის უკრაინაში, მით უმეტეს – ხარკოვში ჩასვლას.

– აქ რას აკეთებ? – ჰკითხა ვასილიჩმა, – მე ხომ გაგაფრთხილე, რომ კიევმა უკრაინაში ჩამოსვლა აგიკრძალა!

– სახლში ხომ არ გვესაუბრა? – ლუკას ღიმილი მოჰგვარა მასპინძლის დაბნეულმა სახემ.

– ჰო... რა თქმა უნდა... შემოდით, – სწრაფად თქვა ვასილიჩმა და უკან დაიხია.

ლუკა და ჯაბა სასტუმრო ოთახში შევიდნენ და დივანზე დასხდნენ. ვასილიჩი კი, მათ პირდაპირ, სავარძელში ჩაჯდა.

– მარტო ხარ?  – ჰკითხა ლუკამ.

– ჰო, – თავი დაუქნია ვასილიჩმა, – ჩემები კარპატებში, აგარაკზე გაემგზავრნენ.

– ეგ რა არის? – ლუკას მასპინძლის შესიებული ტუჩი მოჰყვა თვალში.

– ეს... ეს... არც კი ვიცი, რა გითხრა, – ვასილიჩმა ხელი მოისვა ტუჩზე, – რაღაც პროვოკაციას გვიწყობენ, ლუკა!

– დაწვრილებით ამიხსენი, რა მოხდა?

– გუშინ საღამოს სამი ნაბიჭვარი დამესხა თავს. ნაღდი პროფესიონალები იყვნენ. განძრევაც კი ვერ მოვასწარი. ელვის სისწრაფით შემბოჭეს და ჩამტენეს მანქანაში...

– რა უნდოდათ? – ჰკითხა ლუკამ.

– შენთან დაკავშირებას მთხოვდნენ, მაგრამ მივხვდი, რომ ტრუხა ბაზარი იყო, რადგან, დიდადაც არ დაუტანებიათ ძალა. ერთი-ორჯერ დამემუქრნენ – დაგბრიდავთო და სახეშიც გამარტყეს, მერე კი ქალაქგარეთ, საფეიქრო ფაბრიკის ნანგრევებში მიმიყვანეს და მთავარი სათქმელი იქ მითხრეს, – თქვა ვასილიჩმა.

– რა გითხრეს? – ჰკითხა ჯაბამ.

– მოკლედ, საქმე ასეა... – ვასილიჩმა ჩაახველა და ლაპარაკი განაგრძო, – იმ ნაბიჭვარმა სამჯერ თუ ოთხჯერ გამიმეორა სათქმელი და, თანაც, დამაბარა, სიტყვასიტყვით გადაეცი გეგეშიძესო. საიდან მოდის ეს საქმე თვითონ მიხვდება და, დარწმუნებული იყავი, ძალიანაც დაინტერესდებაო!.. საქმე ეკას ეხება. იმ დამპალმა თქვა: გადაეცი გეგეშიძეს, ტყუილად ნუ დახარჯავს დროს, ენერგიასა და მაყუთს, ქალს ციხიდან მაინც ვერ გამოიყვანს, ამის ასპროცენტიან გარანტიას ჩვენ ვიძლევით. საქართველოს პროკურატურამ საზღაური უკვე მიიღო და, თუ კიდევ ბევრს გაატრაკებს, იმ ქალს საერთოდ დავბრიდავთ. გააკეთოს ის, რაც უთხრეს და, „ტიხო ი მირნო“ დავშორდებით ერთმანეთს. ჩვენს სიტყვაში ეჭვი თუ ეპარება, საქართველოში გადაამოწმოსო.

– მერე რა მოხდა? – ჰკითხა ლუკამ.

– სათქმელი მითხრეს თუ არა, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.

– მაშინვე რატომ არ დამირეკე?

– დიდხანს ვიფიქრე, დამერეკა, თუ არა და ბოლოს იმ  დასკვნამდე მივედი, რომ პროვოკაციასთან მქონდა საქმე. ვიღაც ძალიან იყო დაინტერესებული ჩვენს შეხვედრაში. როგორც გინდა, გამიგე, ლუკა, მაგრამ, ნაღდად არ მინდოდა, ჩემი შეცდომის გამო აეყვანე პროკურატურას.

– მე ხომ გაგაფრთხილე, დაცვა აიყვანე-მეთქი! რატომ არ მიხვედი ვოვასთან?!

– კარგი, რა! რომელი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი მე ვარ. ჩემნაირი ადვოკატი ათიათასობითაა ამ ქვეყანაში.

– შენ ჩვეულებრივი ადვოკატი არ ხარ, შენ ჩვენი ადვოკატი ხარ! – გაბრაზდა ჯაბა.

– ამაზე დაძაბული დღეებიც გვქონია, მაგრამ, მე არავინ გამკარებია, – უპასუხა ვასილიჩმა.

– როგორ გამოიყურებოდნენ ის ახვრები, რომელიმე ხომ არ გეცნო? – ჰკითხა ჯაბამ.

– ხარკოველები ნაღდად არ იყვნენ. შპანასავით არ გამოიყურებოდნენ, კარგად ეცვათ. ოქროს მსხვილი ჯაჭვები და სამაჯურები ეკეთათ – ახლა მოდაშია ასეთი ხარახურა. ორი მათგანი  ოცდაათ წელს იქნებოდა გადაცილებული, მათ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ჩემთვის. მესამე 45-47 წლის იქნება. ის მებაზრა. ჩაკუნთული ახმახი იყო.  მარცხენა წარბის გასწვრივ წვრილი ნაიარევი გასდევდა. თავისებური ტიპი იყო. არც ვიცი, როგორ აგიხსნათ, რაღაცნაირად, სამხედროს წააგავდა. ხელები... ჰო, ყველაზე მეტად ხელები დამამახსოვრდა. დაძარღვული, კოჟრებით დაფარული. ასეთი ხელები ხელჩართული ბრძოლის სპეციალისტებს აქვთ.

– რომ შეგხვდეს, იცნობ? – ჰკითხა ჯაბამ.

– რა თქმა უნდა, მის თავს რა დამავიწყებს, – სწრაფად უპასუხა ვასილიჩმა.

– ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ პროვოკაცია იყო? – ჩაილაპარაკა ლუკამ.

– რა თქმა უნდა. არც ისე ყოვლისშემძლენი არიან უკრაინელი ან რუსი პრისტუპნიკები, რომ საქართველოს ციხიდან ვინმეს გამოსვლა-არგამოსვლის საკითხი გადაწყვიტონ!

– მაგრამ, თუ ის კაცი პრისტუპნიკი არ არის?!  – განაგრძო ლუკამ.

– მალიშევი?! – დაძაბულად შეხედა ვასილიჩმა.

– ჰო... – უპასუხა ლუკამ და ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო.

* * *

ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, როდესაც მურთაზის მეუღლემ სასტუმრო ოთახის კარი შეაღო. ნანახმა სურათმა ქალი დააბნია: მურთაზი სავარძელზე იჯდა. მის წინ, ჟურნალის მაგიდაზე კონიაკის ბოთლი, ჭიქა, სიგარეტის კოლოფი, სანთებელა და პისტოლეტი იდო. საფერფლე სიგარეტის ნამწვებით იყო სავსე.

– მურთაზ... – გაუბედავად შეეხმიანა ქალი.

მურთაზმა უკან მიიხედა და ცოლს ამღვრეული მზერა მიაპყრო.

– რამე ხომ არ შეგემთხვა? – ჰკითხა მან.

– არა... ყველაფერი რიგზეა, – ყრუდ ჩაილაპარაკა მურთაზმა.

– იარაღი რად გინდა? – ქალმა შიშნარევი მზერა მიაპყრო პისტოლეტს.

– გაწმენდას ვუპირებდი...

– ღამის თორმეტ საათზე? – ეჭვით ჰკითხა ცოლმა.

– რა უცებ გასულა დრო, – მურთაზმა კედლის საათს გახედა. მერე ადგა, პისტოლეტი მაგიდიდან აიღო, სეიფში შეინახა და ცოლს მიუბრუნდა, – წადი, დაიძინე.

– შენ?

– მე უნდა ვიმუშაო...

ქალმა უკმაყოფილო სახით გახედა კონიაკის ბოთლსა და ნამწვებით სავსე საფერფლეს, მაგრამ, არაფერი უთქვამს, მაშინვე შებრუნდა და კარი გაიხურა. მურთაზი ისევ სავარძელს დაუბრუნდა, ერთი ჭიქა კონიაკი დალია, სიგარეტს მოუკიდა და ფიქრს მიეცა.

ბოლო დღეებში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. ეკას ადვოკატმა, ზურაბმა, მუქარა მალე  აასრულა – კლინიკაში ეკას გადაყვანიდან ერთი დღეც არ იყო გასული, რომ პრესაში ამ ისტორიასთან დაკავშირებული სტატიები გამოჩნდა. როგორც წესი, რესპონდენტები ზურაბი და ეკას მეგობრები იყვნენ. ისინი დაწვრილებით აღწერდნენ ეკას ციხეში აღმოჩენის ისტორიას. რა თქმა უნდა, არ ივიწყებდნენ დიაგნოზს, რომელიც სამედიცინო გამოკვლევამ დაადგინა და გამომძიებლის გადაწყვეტილებას, რომლითაც ეკა პატიმრობაში რჩებოდა. პირველივე სტატიის გამოჩენისას მურთაზმა გაზეთით ხელში მიაშურა გურამის კაბინეტს. მაგრამ მან ჩვეული გულგრილობით მოიშორა თავიდან.

– კარგი, რა, მურთაზ, ბავშვი ხომ არ ხარ! ვინ აქცევს ყურადღებას მაგ სტატიებს? ცოტაც მოითმინე და ყველაფერი კარგად იქნება. უახლოეს მომავალში საქმეს სასამართლოს გადასცემ და მერე იქ არკვიონ ნუცუბიძის მომავალი!

– ასე თუ გაგრძელდა ნუცუბიძეზე ადრე მე მოვხვდები სასამართლოში! – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მურთაზმა.

– ვერ გავიგე! – გაოცებით შეხედა გურამმა.

– ნუცუბიძის ადვოკატი საჩივარს ამზადებს.

– საიდან იცი ამის შესახებ? – ჰკითხა გურამმა.

– თვითონ მითხრა, – უპასუხა მურთაზმა.

საუბედუროდ, ამ ცნობამ გურამზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. მან ისევ გაიმეორა მურთაზისთვის საძულველი ფრაზა – ცოტაც მოითმინე და ყველაფერი კარგად იქნებაო – და კაბინეტიდან დაითხოვა.

რამდენიმე საგაზეთო სტატია უსიამოვნებათა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. მომდევნო დღეებში ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები მოსვენებას არ აძლევდნენ მურთაზს. მათი უმეტესობა ტელეფონით უკავშირდებოდა, შედარებით თავხედები კი მიკროფონმომარჯვებულები ხვდებოდნენ პროკურატურის შესასვლელში. ყველა ერთ კითხვას უსვამდა – რატომ რჩებოდა ნუცუბიძე საპატიმროში და გეგმავდა თუ არა პროკურატურა მის გათავისუფლებას? ბუნებრივია, მურთაზს ამ კითხვაზე პასუხი არ გააჩნდა და იძულებული ხდებოდა, ლამის გაქცევით ეშველა თავისთვის. ყოველივე ამას მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივარი მოჰყვა. შემდეგ კი ისეთი რამ მოხდა, რამაც საერთოდ დააკარგვინა წონასწორობა.

იმ საღამოს შინ ჩვეულებრივზე გვიან დაბრუნდა. დაღლილობის მოსახსნელად გრილი შხაპი მიიღო, ლუდი მოიმარაგა და ტელევიზორის წინ მოეწყო. რამდენიმე წუთში საინფორმაციო გამოშვება დაიწყო და...

პროკურატურის შენობის ფასადი. წინა პლანზე მიკროფონმომარჯვებული ჟურნალისტი, რომელიც ტყვიამფრქვევივით ისვრიდა სიტყვებს:

– „დღეს საქართველოს პროკურატურის პრესცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არსებული ჯაშუშური ქსელის აღმოჩენის შესახებ, რომელიც რუსეთის სადაზვერვო უწყების სასარგებლოდ მოქმედებდა. არსებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია სამი პიროვნება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ჯერჯერობით არ ასახელებს მათ ვინაობას. დაკავებულების ბინების ჩხრეკისას ამოღებულია სპეციალური მოწყობილობები, რომლებითაც ისინი მოიპოვებდნენ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მოვისმინოთ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის, ბატონ გურამ მაჩაიძის კომენტარი...“

ეკრანზე გურამი გამოჩნდა. მურთაზი თვალებაჭრელებული მიშტერებოდა ეკრანს და მისი არც ერთი სიტყვა არ ესმოდა, გონებაში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: „გადამაგდო... უკანასკნელი ნაბიჭვარივით გამომიყენა და გადამაგდო! რაზე მელაპარაკებოდა და რაზე მუშაობდა სინამდვილეში! რის ჯგუფი, რა გამოძიება, რომელი ჯაშუშები – ასეთი რამ არ გამომეპარებოდა. ასეთ საქმეზე განყოფილებაში არავინ მუშაობდა!.. ეს დამპალი ჩემი ხელით აკეთებდა რუსების საქმეს, იმათ კი თავიანთი აგენტების ჩაშვებით სცეს პატივი. ვერაფერს იტყვი, ყველა მოგებული დარჩა: ნუცუბიძე პატიმრობაშია, გურამი ინტერვიუს იძლევა, მაგრამ, მე? მე საბოლოოდ დამერხა!.. ასე როგორ შეცდი, მურთაზ, რატომ მოჰკიდე ამ საქმეს ხელი?! ვითომ არ იცოდი, რა ნაბიჭვართანაც გქონდა საქმე!.. გამჭყლეტენ, ნაღდად გამჭყლეტენ. ერთი მხრიდან გურამი მომაწვება, მეორე მხრიდან – გეგეშიძე, ცალკე ნუცუბიძეს გულშემატკივრები არ მომასვენებენ... და, ამ ვითარებაში სასამართლო პროცესში უნდა მივიღო მონაწილეობა!..“

მომდევნო დილით პროკურატურაში მისულს გურამი კიდევ უფრო უსიამოვნო ცნობით შეეგება: მან კლინიკის ხელმძღვანელობას ეკას ჯანმრთელობის მდგომარეობის განმეორებითი გამოკვლევა მოსთხოვა, ოღონდ, ამჯერად მის მიერ მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობით.

– რა მოგივიდა? – გაიკვირვა გურამმა, როდესაც მურთაზის უკმაყოფილო გამოხედვა შენიშნა.

– ყელში ამოვიდა ერთი და იმავე შინაარსის ოქმების თავიდან გადაწერა, ტყუილად ვკარგავ დროს. საქმეში ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნა დევს, რა საჭიროა განმეორებითი გამოკვლევა?

– ეს შენთვის გავაკეთე, ასე უფრო ადვილად მოიშორებ თავიდან ყველა არამკითხეს – უპასუხებ: ველით სამედიცინო გამოკვლევის შედეგებს. მორჩა და დამთავრდა! შედეგებს კი არც ისე მალე მივიღებთ! – ამ სიტყვებთან ერთად  გურამმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი.

ერთი შეხედვით, მურთაზი კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო საქმის ასე შემობრუნებით. გურამი მაქსიმალურად გააჭიანურებდა გამოკვლევას, რაც მას მრავალ უსიამოვნებას აარიდებდა. მაგრამ...

მურთაზის საუბედუროდ, სამედიცინო დასკვნა ყალბი იყო და მან თავიდანვე იცოდა ამის შესახებ. ეს იყო საზღაური, რომლითაც ის გეგეშიძისგან უნდა გათავისუფლებულიყო. ახლა დასკვნის სიყალბე რომ გამჟღავნებულიყო, მას ვეღარაფერი უშველიდა – ასეთ ავანტიურას გურამი არასდროს აპატიებდა. ის უმალ გაიხსენებდა, თუ როგორი დაჟინებით ითხოვდა მურთაზი ეკას პატიმრობიდან გათავისუფლებას და საქმის სასამართლოსთვის გადაცემას, ეს კი სისტემასთან ღიად დაპირისპირების ტოლფასი იყო. თანაც, ვის გამო? იმ მკვლელის გამო, რომელიც სამ სახელმწიფოში ძებნილად ირიცხებოდა!

ტელეფონის ზარმა მურთაზი ფიქრს მოწყვიტა. მან დაბუჟებული საფეთქლები მოისრისა  და მობილურს გადასწვდა. ნაცნობმა ნომერმა, რომელიც ეკრანზე ციმციმებდა, შიშის შეგრძნება გაუძლიერა – ამ ნომრით  რამდენჯერმე დაუკავშირდა ლუკა გეგეშიძე.

– გისმენ! – უპასუხა მურთაზმა.

– როგორ არის საქმე? – ჰკითხა ლუკამ.

– კარგს ვერაფერს გეტყვი, – ყრუდ ჩაილაპარაკა მურთაზმა.

– რამე შეიცვალა? – განაგრძო ლუკამ.

– ყველაფერი ჩაიშალა. ეკას ვერ გავათავისუფლებ!

– რატომ?

– მაჩაიძე არ მაძლევს ამის საშუალებას. 

– შენ მითხარი, რომ, შესაბამისი დიაგნოზის შემთხვევაში, მიაღწევდი მის გათავისუფლებას! – მკაცრად თქვა ლუკამ.

– მივაღწევდი კიდეც, მაგრამ, საქმეში რუსები ჩაერივნენ.

– როგორ ჩაერივნენ?

– ზუსტად ვერაფერს გეტყვი, მაგ საქმეში მე არავინ ჩამახედებს. როგორც მგონია, ეკას პატიმრობაში დატოვების სანაცვლოდ, რუსებმა თავიანთი აგენტები ააყვანინეს! ეს გურამისთვის სამომავლო ტრამპლინია, ეკასთვის – ყველაფრის დასასრული. ერთი რამ იცოდე. ასეთ დიაგნოზს თუ გადააბიჯა, ბოლომდე წავა და მე ვერაფერს შევცვლი! 

– რას ბოდავ?! – ბრაზით თქვა ლუკამ.

– ეს ყველაფერი არ არის. მაჩაიძემ გამოკვლევის განმეორებით ჩატარება მოითხოვა. გამოკვლევისას თუ ამოვარდა, რომ დიაგნოზი ყალბია, ეკას ვეღარაფერი უშველის, პოლნი კატუშკით  გაუშვებენ სროკზე!

– თქვენი დედაც!.. – შეიგინა ლუკამ.

– მე ნუ მადანაშაულებ, ეკას ჩემ გამო არ დევნიან! – უპასუხა მურთაზმა.

– ენა დაიმოკლე, ნაბიჭვარო! – შეუღრინა ლუკამ.

– თუ გინდა, საერთოდ გავჩუმდები, მაგრამ, ამით რა შეიცვლება?

– კარგი. რას აპირებ? – ჰკითხა ლუკამ.

– რას უნდა ვაპირებდე? გათენებას ველოდები. დილით აეროპორტში წავალ და საერთოდ დავახვევ ამ ქვეყნიდან. აქ მაინც აღარ მეცხოვრება!

– გინდა, იცოცხლო?

მურთაზმა დუმილით უპასუხა.

– გინდა!.. ძალიან გინდა! ამიტომაც, გირჩევ. გათენებას ნუ დაელოდები. ახლავე წადი აეროპორტში და საერთოდ გაქრი მაგ ქვეყნიდან. მე გაგაფრთხილე, რომ, ეკას თუ არ გამოიყვანდი, მოკვდებოდი!.. – ცივად დაასრულა ლუკამ და ტელეფონი გათიშა.

მურთაზმა მძიმედ დაუშვა მობილური მაგიდაზე და ისევ კონიაკის ბოთლს წაეტანა.

* * *

კაცუბა ოთახში შესვლისთანავე შედგა, ვასილიჩსა და ვოვას სწრაფად გახედა და შემდეგ იკითხა:

– ლუკა სად არის?

– სხვა საქმითაა დაკავებული, – უპასუხა ვასილიჩმა.

– არ მოვა? – განაგრძო კაცუბამ.

– არა.

– მაშინ, მეც სხვა დროს მოვალ, – თქვა კაცუბამ და კარს მიუბრუნდა.

– დინჯად, სერგეი! – შეუღრინა ვოვამ, – რით არ მოგწონს ჩვენი საზოგადოება?

– ამ საქმეზე ლუკა შემითანხმდა და არა თქვენ, – უპასუხა კაცუბამ.

– როგორ გგონია, ლუკა აქ რომ ყოფილიყო, მაგ მასალებში არ ჩაგვახედებდა?! – ჰკითხა ვასილიჩმა.

– ეგ მისი საქმეა. ტელეფონით დამაკავშირეთ, – მოითხოვა კაცუბამ.

– უკრაინაში არ არის, – უპასუხა ვოვამ.

– სადაა?

– ბევრს ნუ ლაპარაკობ! – ბრაზით განაგრძო ვოვამ, – გვაჩვენე, რაც მოიტანე!

– კარგი, მაგრამ, მხოლოდ ერთი პირობით მოგცემთ: არავითარი ასლები. მასალებს ჩემი თანდასწრებით ნახავთ, – ამ სიტყვებთან ერთად კაცუბამ ჯიბიდან მეხსიერების ჩიპი ამოიღო და ვასილიჩს გაუწოდა.

ვასილიჩმა ჩიპი კომპიუტერში ჩართო და თითები კლავიატურაზე აამოძრავა. მონიტორზე „კრეშატიკის საძმოს” სახელით ცნობილი, კლიმოვის დაჯგუფებასთან დაკავშირებული მონაცემები გამოჩნდა. აქ იყო ყველაფერი: კლიმოვის ქონებრივი მდგომარეობა, მისი კომპანიის შემოსავლები, ინტერესის სფეროები, პირადი ცხოვრების დეტალები. ცალკე იყო გამოყოფილი მისი დაჯგუფების წევრებთან დაკავშირებული მონაცემები. 

– კარგია... ძალიან კარგი, – მონიტორისთვის თვალის მოუშორებლად თქვა ვასილიჩმა, – მაინც, საიდან გაქვს ეს მასალები?

– შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან, – უპასუხა კაცუბამ.

– როგორც ვიცი, რიგით მოკვდავებს ასეთ მონაცემებზე ხელი არ მიუწვდებათ.

– არ მიუწვდებათ, – დაუდასტურა კაცუბამ.

– კეთილი... აბა, ეს ვნახოთ... – ჩაილაპარაკა ვასილიჩმა და მომდევნო ფაილი გახსნა. ფაილში ცალკე იყო გამოყოფილი რამდენიმე პიროვნება, რომლებიც კლიმოვის უახლოესი გარემოცვის წევრებად ითვლებოდნენ. იქვე იყო სხვადასხვა რაკურსში გადაღებული მათი ფოტოსურათებიც.

– ეს არის!.. – ვასილიჩმა ერთ-ერთ ფოტოსურათზე მიანიშნა ვოვას, – ეს ნაბიჭვარი მებაზრა!

ვოვა მამაკაცის გამოსახულებას დააკვირდა. მას უხეში, მონღოლივით ყვრიმალამობურცული სახე ჰქონდა. თმა სამხედროების ყაიდაზე მოკლედ შეეკრიჭა, მარცხენა წარბის გასწვრივ კი წვრილი ნაირაევი გასდევდა.

– ვინაა?.. – თქვა ვოვამ, – რა მონაცემებია მის შესახებ?

ვასილიჩმა საჭირო გრაფა მოძებნა და კითხვას შეუდგა.

– გენადი მერკულოვი. 45 წლის. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. დაიბადა ქალაქ ტვერში, ყოფილი სპორტსმენი, სპორტის ოსტატი ტყვიის სროლაში. გატაცებულია აღმოსავლური ორთაბრძოლებით. მსახურობდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სადესანტო სპეცრაზმში. წოდება – მაიორი. მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში. სამსახურიდან ხელქვეითის დასახიჩრებისთვის დაითხოვეს და მას შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა კიევში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუშაობს კლიმოვის კომპანიაში. ოფიციალური თანამდებობა – კაზინო „ვეგასის” დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ეჭვმიტანილია რამდენიმე ადამიანის მკვლელობის ორგანიზებაში. სამხილების უკმარისობის გამო, მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ.

– საინტერესო ტიპია, – ჩაილაპარაკა ვოვამ.

– ძალიან საინტერესო, – თქვა ვასილიჩმა.

– დარწმუნებული ხარ, რომ ეს იყო?

– აბსოლუტურად.

– დანარჩენ ორზე რას იტყვი, იცანი რომელიმე?

– არა, – თავი გაიქნია ვასილიჩმა, – ისინი ამ სიაში არ არიან.

– მანდ კლიმოვის დაჯგუფების ყველა აქტიური წევრია აღრიცხული, – ჩაურთო კაცუბამ.

– შეიძლება, უკრაინელები არ არიან. კლიმოვს ფართო კავშირები აქვს რუსეთში. გამორიცხავ, რომ იქიდან მოეწვია ქილერები? – თქვა ვასილიჩმა.

– რა თქმა უნდა, არა, – უპასუხა კაცუბამ.

– მაგ ნაბიჭვრის კოორდინატები მოძებნე, – მერკულოვის გამოსახულებაზე მიანიშნა ვოვამ.

– რას აპირებთ? – ყოყმანით იკითხა კაცუბამ.

– ეგ შენი საქმე არ არის! – უპასუხა ვოვამ.

– არის... სწორედაც ჩემი საქმეა! „ვერშინასა” და ხელისუფლებას შორის მე ვარ შუამავალი. კიევმა გასაგებად თქვა: „ვერშინას” არ შევეხებით, მაგრამ, ლუკამ და მისმა საახლობლომ უკრაინა უნდა დატოვოსო.  თქვენ კი რას აკეთებთ? ლუკა უკრაინაში დაბრუნდა და კლიმოვის სასტავზე დაიწყო ჩალიჩი!.. თქვენი საქმისა, თქვენ იცით. თუნდაც ერთიანად ამოხოცეთ კლიმოვის სასტავი, მაგრამ, მე თქვენს რაზბორკებს თავს არ გადავაყოლებ!

– მშვიდად, სერგეი, – თქვა ვასილიჩმა, – შენ ბევრი რამ არ იცი. ვიდრე შენ კიევში იყავი, რაღაც-რაღაცეები შეიცვალა.

– მაგალითად, რა? – სწრაფად ჰკითხა კაცუბამ.

– მაგალითად, ის, რომ ლუკას უკრაინაში ყოფნის ნება დართეს.

– ვინ?

– შენ თვითონ ვერ ხვდები? – ჰკითხა ვასილიჩმა.

– ბაბიცკი... – ჩაილაპარაკა კაცუბამ.

– ხედავ? შენც გცოდნია, – ჩაიცინა ვასილიჩმა.

– ჰო, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სერიოზული რაზბორკების ნებაც დართეს. კარგად ვიცი, რომ ეს საქმე უსისხლოდ არ დამთავრდება!.. როგორ გგონიათ, ვის მიადგება ხელისუფლება, როცა თქვენ სროლას დაიწყებთ?

– ნუ წუწუნებ და ჩვენს საქმეშიც ნუ ეტენები! – ბრაზით მიუგო ვოვამ, – ანდა, როდის აქეთაა, რაც შენგან და მთავრობისგან ვითხოვთ რაიმეს ნებართვას?!

– ამიტომაც მინდოდა ლუკასთან ლაპარაკი. თქვენგან განსხვავებით, მას მოსმენა და სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია! – უპასუხა კაცუბამ.

– არის! – თქვა ვასილიჩმა, რომელიც კომპიუტერთან მუშაობას განაგრძობდა და ვოვას მონიტორზე მიანიშნა, – მისი მისამართი...

ვოვამ ჯიბიდან უბის წიგნაკი ამოიღო და სწრაფად ჩაწერა მერკულოვის მისამართი.

– მორჩა? – იკითხა კაცუბამ, – კიდევ გჭირდებათ მასალები?

– არა, სულ ეს იყო, – უპასუხა ვასილიჩმა,  კომპიუტერიდან მეხსიერების ჩიპი გამორთო და კაცუბას გაუწოდა.

* * *

მურთაზი საღამოს შვიდი საათისთვის გამოვიდა პროკურატურიდან, მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ გაემგზავრა. მომდევნო შუქნიშნის გავლისას ბრახუნის ხმა ჩაესმა. მანქანა ოდნავ შექანდა.

„ვიღაც დამეჯახა!“ – გონებაში გაუელვა მურთაზს. მან მაშინვე დაამუხრუჭა და მანქანიდან გადავიდა. ნანახმა სურათმა დააბნია: გზის სავალ ნაწილზე ორმოციოდ წლის მამაკაცი იწვა. ის თავგამოდებით ცდილობდა წამოდგომას, მაგრამ, დაზიანებული მუხლი ამის საშუალებას არ აძლევდა.

– მაპატიეთ... არც კი ვიცი, როგორ მომივიდა. ჩაფიქრებული ვიყავი, ვერ შეგნიშნეთ! – მურთაზი მის გვერდით ჩაიმუხლა და მამაკაცს ადგომაში დაეხმარა.

მამაკაცმა მძიმედ აზიდა სხეული და ტროტუარისკენ წასვლა სცადა, მაგრამ უშედეგოდ – პირველივე ნაბიჯის გადადგმისას შექანდა და ორივე ხელით დაეყრდნო მანქანის საბარგულს.

– ახლავე გამოვიძახებ სასწრაფოს, – მურთაზმა სწრაფად მოიმარჯვა მობილური ტელეფონი.

– არ გინდათ, – უპასუხა მამაკაცმა.

– კი მაგრამ... – დაიბნა მურთაზი.

– სასწრაფოს პატრული მოჰყვება. რად გვინდა საქმის გართულება?

– მაგრამ, თქვენი მუხლი?

– საშიში არაფერია, უბრალო დაჟეჟილობაა. უკეთესი იქნება, სახლამდე თუ მიმიყვანთ, – თქვა მამაკაცმა.

– რა თქმა უნდა. დიდი სიამოვნებით, – უპასუხა მურთაზმა და მანქანის უკანა კარი გამოაღო.

მამაკაცი გაჭირვებით მოეწყო უკანა სავარძელზე და დაზიანებული ფეხი გაშალა – ასეთ მდგომარეობაში ნაკლებად მტკივაო. მურთაზი მაშინვე საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა.

– სად ცხოვრობთ? – იკითხა მურთაზმა, როგორც კი გზაჯვარედინი უკან დარჩა.

– ფონიჭალის დასახლებაში, – უპასუხა მამაკაცმა.

– გასაგებია, – ჩაილაპარაკა მურთაზმა, შემდეგ მანქანა საპირისპირო მხარეს გადაიყვანა და ფონიჭალისკენ დაადგა გზას.

– ისე, ექიმს მაინც უნდა ეჩვენოთ. ჩემი მიზეზით დაშავდით და, ბუნებრივია, ყველა ხარჯს საკუთარ თავზე ავიღებ, – შესთავაზა მურთაზმა.

– ექიმს აუცილებლად ვეჩვენები, – უპასუხა მამაკაცმა.

– მოგვიანებით გინდათ საავადმყოფოში მისვლა?

– არა... ჩემი ცოლი ექიმია და მასზე უკეთ ვერავინ მიმკურნალებს, – უპასუხა მამაკაცმა და დაზიანებული მუხლი მოისრისა.

ოციოდე წუთში მანქანა ფონიჭალის დასახლებაში შევიდა.

– იქით გაუხვიეთ, დასახლების ბოლოს ვცხოვრობ, – ხელით მიანიშნა მამაკაცმა.

მურთაზი საცხოვრებელ კორპუსებს შორის გამავალ გზას გაუყვა.

– მოვედით... – თქვა მამაკაცმა, როგორც კი მანქანა განაპირა კორპუსს მიუახლოვდა, – იმ „მერსედესის” გვერდით გამიჩერეთ.

მურთაზმა სისწრაფეს უკლო, მანქანა მინიშნებული „მერსედესის” გვერდით შეაჩერა და კარის სახელურს წაეტანა. იმავე წამს თეძოზე შეხება იგრძნო. მურთაზი უკან შებრუნდა და გაოგნებული გაშეშდა – მამაკაცს ხელში მაყუჩიანი პისტოლეტი ეჭირა.

– რას აკეთებთ? – გაჭირვებით ამოღერღა მურთაზმა.

– ხმა არ ამოიღო, თორემ, აქვე გაგათავებ! – მუქარით თქვა მამაკაცმა, – იარაღი გაქვს?

– მაქვს... – ჩაილაპარაკა მურთაზმა.

მამაკაცმა თავისუფალი ხელით წელი მოუჩხრიკა და ქამარზე მიმაგრებული ბუდიდან პისტოლეტი ამოაცალა. ამასობაში გვერდით მდგარი „მერსედესიდან” მეორე მამაკაცი გადმოვიდა მან კარი გააღო, მურთაზის გვერდით სავარძელზე დაჯდა და ჰკითხა.

– მიცანი?

მურთაზს შიშისგან ხრიალი აღმოხდა – მის გვერდით სავარძელზე ლუკა გეგეშიძე იჯდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3