კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის შეცდომა

 

საიმონ კარტერს ელიტური საცხოვრებელი სახლის, „გოტიკ არმსის” მენეჯერმა მიაკითხა და დახმარება სთხოვა. მისი პრობლემა ის იყო, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სახლში ძვირფასეულობის ქურდობის ხუთი შემთხვევა მოხდა.  

– ჩვენი მობინადრეები განსაკუთრებული ხალხია. მაგალითად, ბოლოს მისის მელორიმ დაკარგა ბრილიანტები თავისი კოლიედან და მოითხოვს, ამ ამბის გარშემო ხმაური არ ატყდეს. თუმცა, ქურდის პოვნა მისთვის აუცილებელი პირობაა, სხვანაირად, ჩვენს პენტჰაუზში ბინას აღარ იქირავებს. ბატონო საიმონ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვარ. 

უცებ ოფისში ტელეფონმა დარეკა. საიმონმა ყურმილი აიღო... შეიჭმუხნა და სტუმარს მიმართა:

– ცუდი ამბავი მაქვს. ახლახან თქვენთან მკვლელობა მოხდა. მოკლულია ბატონი. წავიდეთ, ეს ამბავი უკვე საინტერესო ხდება. 

მოკლული მამაკაცი ჯერ ისევ სავარძელში იჯდა. მეთექვსმეტე სართულის ერთ-ერთ ფეშენებელურ ბინაში.. ოთახში საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო. მათ შორის ექიმი, რომელიც პენტჰაუზის მობინადრეებს სამედიცინო დახმარებას უწევდა და ინსპექტორი. საიმონი გვამთან მივიდა. 

– დამხრჩვალია. ვინ არის? აქ ცხოვრობდა?

– დიახ, – მენეჯერმა შუბლზე მომდგარი ოფლი მოიწმინდა, – დიახ. ეს მისტერ ლაბოკი უნდა იყოს. დოქტორო ეუსტაკ, თქვენ რას იტყვით?

ექიმი, მაღალი,  ლოყაწითელი მამაკაცი, თავის დაქნევით დაეთანხმა. ინსპექტორმა კი, წინასწარი მოკვლევის შედეგები გაანდო. 

– გვამი ერთი საათის წინ იპოვეს. მეთხუთმეტე სართულზე მცხოვრები ქალბატონი მოვიდა მასთან, – ინსპექტორმა იქვე მდგარ ფერფლისფერთმიან ლამაზმანზე ანიშნა და წასჩურჩულა – მგონი, საყვარლები იყვნენო... კარი ღია დახვედრია, ამბობს, თავიდან ვერც მივხვდი, რომ მკვდარი იყოო. ახლოს მივედი და შევანჯღრიე, რადგან ხმა არ გამცაო. მერე კი ისეთი კივილი ატეხა, მთელი ორი სართული ფეხზე დააყენა. კიდევ ვიცით ის, რომ ქალს ბინის საფასურს ლაბოკი უხდიდა. რამდენიმე დღის წინ წაიჩხუბნენ. საერთოდ, ამ მისტერ ლაბოკს აქ წესიერად არავინ იცნობს. მობინადრენი მარტო იმას ყვებიან, რომ ქალებში ძალიან პოპულარული იყო და ფულსაც ხელგაშლით ხარჯავდა. თუმცა, საიდან მოჰქონდა ეს ფული, გაურკვეველია. ლაბოკი დღეს დილით წავიდა. ქვემოთ სიგარეტი იყიდა და მას მერე აღარავის უნახავს.

საიმონ კარტერი სავარძლის წინ მდგარ მაგიდასთან მივიდა და მასზე დაწყობილ ნივთებს გულდასმით დააკვირდა. ყველაფერი მოკლულის ჯიბეებიდან იყო ამოღებული: ძველი, გაქექილი საფულე 57 დოლარით და ცენტებით, პატარა პისტოლეტი, ბინის გასაღები, დღის სეანსის კინოს ბილეთის მონახევი და სიგარეტის კოლოფის ფოლგა. კოლოფში ოთხი ღერი სიგარეტი იყო. არსად ჩანდა საფერფლე და მოწეული სიგარეტის კვალიც კი. თუმცა, იქვე იდო პენტჰაუზის ემბლემით დამშვენებული ასანთის კოლოფი. საიმონ კარტერმა ნიკაპი მოისრისა და დანარჩენი, მდიდრული,  თუმცა უგემოვნო ავეჯით გაწყობილი ოთახების დათვალიერებას შეუდგა. საძინებელ ოთახში საინტერესო არაფერი იყო. რამდენიმე სხვადასხვა ფორმის საფერფლე აბსოლუტურად სუფთა და ცარიელი აღმოჩნდა. სიგარეტის კვალი არც გარდერობში ჩამოკიდებულ ტანსაცმელს აჩნდა. როცა კარტერი სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, დაინახა, რომ ინსპექტორი ვიღაც კაცს ელაპარაკებოდა. საიმონს მოეჩვენა, რომ ის წვეთი წყალივით ჰგავდა მიცვალებულს. ინსპექტორმა მაშინვე განუმარტა.

– ნამდვილი მისტერ ჯონ ლაბოკი ეს გახლავთ. მოკლული მისი ძმაა.

– დიახ, ჩემი ძმა იყო.. ტყუპისცალი. დღეს დილით ჩამოვიდა გვატემალიდან. დიდი ხანი ცხოვრობდა იქ. მე საქმიან შეხვედრაზე მივდიოდი. მითხრა, რომ კინოში წავიდოდა, მერე კი სახლში დამელოდებოდა. მე მას ბინის გასაღები მივეცი. 

– მისტერ ლაბოკ, თქვენს ძმას მტრები ჰყავდა?

– არ ვიცი. ამ თემაზე ჩემთან არასდროს ულაპარაკია.

– მისტერ ლაბოკ,  ამ ნივთებს დააკვირდით. თქვენი ძმის ჯობეებიდან ამოვიღეთ. რამე ხომ არ აკლია? 

– მგონი, არაფერი. არ ვიცი... – მხრები აიჩეჩა ლაბოკმა.

– მაშინ მე დაგეხმარებით, – საუბარში ჩაერთო დეტექტივი, – არ ფიქრობთ, რომ აქ კიდევ პორტსიგარი უნდა ყოფილიყო?

ლაბოკი უხალისოდ დაეთანხმა.

– დიახ, ახლა თქვენ რომ შემახსენეთ, მომაგონდა, – კაცმა პიჯაკის შიდა ჯიბიდან ძვირფასი შავი ხის პორტსიგარი ამოიღო, მთლიანად ვერცხლის გრავიურებით მორთული, თუმცა ერთი პატარა დეტალი – ჩუქურთმა აკლდა.

– ეს ჩემმა ძმამ ჩამომიტანა საჩუქრად და მეორე ასეთი თავადაც ჰქონდა... მაგრამ მისტერ, როგორ გაიგეთ, რომ აქ პორტსიგარი უნდა ყოფილიყო?

დეტექტივმა პასუხის ნაცვლად ჰკითხა:

– სიგარეტს არ ეწევით, მისტერ ლაბოკ, ასე არ არის? თქვენმა ძმამ დილით სიგარეტის ახალი კოლოფი იყიდა, მაგრამ არ მოუწევია. ვერსად ვნახეთ მოწეული სიგარეტის კვალი. კოლოფში კი, მხოლოდ ოთხი ღერი დევს. სად წავიდა სიგარეტები? მხოლოდ ერთი ვარიანტია, თქვენს ძმას პორტსიგარი ჰქონდა, რომელშიც მან სიგარეტი გადააწყო და რომელიც, სავარაუდოდ, მკვლელმა თან წაიღო.

მისტერ ლაბოკი გაფითრდა.

– ცუდად ვარ, შეიძლება ცოტა ხნით საძინებელში გავიდე?

ინსპექტორმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო დეტექტივს. 

საიმონმა თავი დააქნია და როცა ლაბოკი გავიდა, ინსპექტორს მიუბრუნდა.

– განყოფილებაში მოგვიწევს მისი წაყვანა აუცილებლად. ჩემს ვერსიას გზაში მოგიყვებით. რაშია საქმე, ექიმო? რამის თქმა გინდათ?

– პაციენტები მელოდებიან და თუ აღარ გჭირდებით, წავალ. მით უმეტეს, რომ გვამი უკვე წაიღეს ექსპერტიზაზე. შენობაში მიპოვით – ან ჩემს კაბინეტში, ან რომელიმე მობინადრესთან.

ექიმი რომ წავიდა საიმონმა ხმამაღლა დაიწყო მსჯელობა, – მოდი, ვივარაუდოთ, რომ საცოდავს თავად ძამიკომ მოუღო ბოლო, მაგრამ ჯერ ერთი, არ არსებობს მოტივი და მეორეც, მე დავათვალიერე მისი პორტსიგარი, რომელშიც სულ სხვა მარკის სიგარეტები აწყვია. 

– იქნებ, მან გადაყარა ძმის სიგარეტები და კვალის არევის მიზნით, შიგნით სხვა ჩააწყო? –ყოყმანით თქვა ინსპექტორმა.

დეტექტივი არ დაეთანხმა.

– საიდუმლოს გასაღები პორტსიგარშია. მკვლელს სწორედ პორტსიგარი სჭირდებოდა. ჯერ ვერ ვხვდები, რატომ. ვიფიქრე, რამე საიდუმლო განყოფილება ხომ არ აქვს-მეთქი, მაგრამ დათვალიერებისას ვერაფერი შევამჩნიე.

– რა უნდა დამალო პორტსიგარის თუნდაც საიდუმლო განყოფილებაში, – მხრები აიჩეჩა ინსპექტორმა. 

დეტექტივს არაფერი უთქვამს, მაგრამ მზერაში უცნაური, მრავლისმთქმელი ნაპერწკალი გაუჩნდა. 

სწორედ ამ დროს საძინებელი ოთახიდან გაურკვეველი ხმაური მოესმა. დეტექტივი, ინსპექტორი და პენტჰაუზის მენეჯერი ერთდროულად შეცვივდნენ ოთახში და იატაკზე გართხმული ლაბოკი დაინახეს. ინსპექტორი მას მივარდა, დეტექტივმა მიცვალებულის გვერდით დაგდებული პორტსიგარი აიღო და  მთელი ხმით იყვირა, ექიმი დააკავეთო. ინსპექტორის გაოგნებული სახის დანახვაზე კი დაამატა – სასწრაფოდო. ექიმი სათადარიგო გასასვლელში დააკავეს. დეტექტივმა მოგვიანებით გახსნა კვანძი:

 – მინდა გარდაცვლილის წინაშე ბოდიში მოვიხადო. ვგულისხმობ, ამ ბინის პატრონის ტყუპისცალ ლაბოკს. თავიდან კინაღამ მართლა ის მეგონა მკვლელი. ცხადი იყო, რომ მკვლელობა პორტსიგარის გამო მოხდა. ორი ერთნაირი პორტსიგარი... ორი ერთმანეთის მსგავსი მამაკაცი...  როცა პორტსიგარი იატაკიდან ავიღე, ვნახე, რომ ეს ის პორტსიგარი არ იყო, რომელიც მისტერ ლაბოკმა გვაჩვენა. თუ გახსოვთ, იმას ვერცხლის ფიგურა აკლდა. ეს სრულიად უნაკლოა. ანუ, მკვლელს მოსაკლავიც აერია და პორტსიგარიც. მას არ შეეძლო სცოდნოდა, რომ ლაბოკს ტყუპისცალი ჰყავდა. 

– კი, მაგრამ მკვლელი რომ ექიმია, ამას საიდან ასკვნით? 

– მარტო ექიმი იყო ოთახში ჩვენთან ერთად, როცა მე ლაბოკის განყოფილებაში წაყვანა გთხოვეთ და მანაც აღარ დააყოვნა. შეეშინდა, რომ ბრილიანტებს საბოლოოდ დაკარგავდა. დიახ, ბატონებო, რა შეიძლება დამალო პორტსიგარში?! – ბრილიანტები... გაჩხრიკეთ ექიმი და მის ჯიბეში აღმოაჩენთ პორტსიგარს დაკარგული ვერცხლის ფიგურითა და მისის მელორის ბრილიანტებიანი სიგარეტებით. ლაბოკი და ექიმი თანამზრახველები იყვნენ.  სავარაუდოდ, ექიმი ძარცვავდა მობინადრეებს, მას ხომ ენდობოდნენ, ლაბოკი კი ნაქურდალის რეალიზაციას ახდენდა. არ ვიცი, რის გამო წარმოიშვა მათ შორის უთანხმოება და ექიმმა რატომ გადაწყვიტა რეალიზატორის თავიდან მოშორება, მაგრამ  იმედი მაქვს, დაკითხვაზე ამ შედარებით უმნიშვნელო დეტალსაც გავარკვევთ.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

 

скачать dle 11.3