რისთვის უბოძა ირანის შაჰმა გიორგი მეთერთმეტეს 500 თუმანი, ხალათი და ოქროთი შეკაზმული ცხენი
გიორგი მეთერთმეტე საქართველოს ისტორიაში იმ ტრაგიკულ პიროვნებათაგანია, რომლის მსგავსიც, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად გვხვდება. ის გამეფებისთანავე იძულებული შეიქნა მიეღო მუსლიმანობა, თუმცა, ფორმალურად, რადგან ცნობილია, რომ გიორგი მეთერთმეტე სიკვდილამდე ატარებდა გულზე დაკიდებულ ჯვარს; 1686 წელს კი, როგორც ჩანს, რომის პაპის დახმარების იმედით, კათოლიკობა აღიარა. სხვადასხვა წლებში იგი ჯერ ქართლის მეფე იყო, შემდეგ ირანში გადაიხვეწა, ხანაც კვლავ ქართლში მეფობდა, ბოლოს შორეულ ავღანეთში გაგზავნეს გარკვეული მისიით, სადაც ტრაგიკულად დაიღუპა ყანდაარის მახლობლად. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე სწორედ გიორგი მეთერთმეტის ცხოვრების შესახებ გვესაუბრება.
– გიორგი ვახტანგ მეხუთის (შაჰნავაზის) ერთ-ერთი ვაჟი იყო. გიორგის ძმები იყვნენ: არჩილი, ალექსანდრე, ლევანი, ლუარსაბი და სოლომონი; ჰყავდა ორი დაც – ანუკა და თამარი. გიორგის დედა, როდამი, ყაფლან ბარათაშვილის ასული გახლდათ. მისი გარდაცვალების შემდეგ მრავალშვილიან ოჯახში დედინაცვალი, მარიამ დადიანი (ლევან დადიანის და) შემოვიდა.
– როგორ შეეწყო დედინაცვალი გერებს?
– მარიამი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. სპარსოფილი ფარსადან გორგიჯანიძე მოგვითხრობს, თითქოსდა გრძნეულ მკითხავს ერჩიოს გიორგი მეფისთვის: თუ გინდა, მძიმედ ავადმყოფი ცოლი გადაარჩინო, შენი გარდაცვლილი და დასაფლავებული დედინაცვლის მარიამის გვამს თავი მოჰკვეთე და მეუღლეს გვერდით დაუდეო. ფარსადანის სიტყვით, გიორგი მეფე ისე მოქცეულა, როგორც გრძნეულმა ურჩია, თუმცა, მის მეუღლეს ამან ვერაფერი უშველაო, – დასძენს იგი.
– თქვენ, როგორც ისტორიკოსს, დამაჯერებლად მიგაჩნიათ ეს ისტორია?
– ძნელად დასაჯერებელია. ამ ისტორიის არარეალურობა იქიდანაც ჩანს, რომ სპარსეთის მოყვარული ფარსადანი გვიამბობს, თითქოს შაჰი სულთან სულეიმანი ამის გამო ძალზე გამწყრალა და უთქვამს: „გურგინ ხანი” (გიორგი მეფე) მართლმორწმუნე (ესე იგი მაჰმადიანი) მეგონა, ის კი ისევ ურწმუნო დარჩენილა, თორემ, მუსლიმანი ისეთი კარგი ქალის გვამს, როგორიც მარიამი იყო, ამგვარ შეურაცხყოფას არ მიაყენებდაო.
– როდის ავიდა გიორგი ტახტზე?
– 1675 წელს ვახტანგ მეხუთე ისპაჰანში გამოიძახეს, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა. შაჰის ბრძანებით, გარდაცვლილი ქართველი მეფე მუსლიმთა წმიდა ქალაქ ყუმში მამობილის, როსტომ ხანის გვერდით დაკრძალეს. ამის შემდეგ ქართლის ახალი მეფის დამტკიცების საკითხი დადგა. ვახტანგის უფროსი ძე, არჩილი, შაჰს პროთურქულად განწყობილად მიაჩნდა და ამიტომ არჩევანი გიორგიზე შეაჩერა, თუმცა კი, ტახტის პრეტენდენტთა შორის იყვნენ: გიორგის ძმა – ალექსანდრე, რომელიც ამ დროისათვის შაჰის კარზე იმყოფებოდა და თეიმურაზ პირველის შვილიშვილი ერეკლე. გიორგი იძულებული გახდა, მუსლიმანობა მიეღო და შაჰნავაზ მეორის სახელით ქართლში მეფობას შესდგომოდა (1677-1688 წლები).
– როგორი იყო გიორგი მეფის პოლიტიკა?
– გიორგი ცდილობდა, ქართლიც გაეძლიერებინა და კახეთი და იმერეთიც შემოეერთებინა, მაგრამ, ანარქიულ სიტუაციაში, შაჰის გარდა, მას მოღალატე ქართველებიც უშლიდნენ ხელს. ისტორიკოს სეხნია ჩხეიძის თქმით, მეფე მამაცი და უშიშარი იყო. იგი გარეგნულადაც მოხდენილად გამოიყურებოდა: ლამაზად ეცვა, თავზე კი ალმასებით მოჭედილი ფრთა ჰქონდა მიმაგრებულიო – დასძენს იგი.
გიორგის გამეფებიდან ძალიან მალევე, შაჰი მიხვდა, რომ ქართველი მეფის მთავარი მიზანი ქართლისა და მთლიანად საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. ამ ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ 1679 წლიდან გიორგიმ რომის პაპთან გააბა ურთიერთობა. ცხადია, მას სურდა, რომ რომის პაპიც და კათოლიციზმიც საქართველოს სასიკეთოდ გამოეყენებინა. პაპმა ინოკენტიმ მას კეთილგანწყობით გამსჭვალული წერილი მოსწერა და ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი გამოუგზავნა. კათოლიკე მისიონერთა ცნობით, 1686 წელს გიორგის კათოლიკობა მიუღია. გიორგი მეფე კახელებს განჯის ხანის სელიმის განდევნაშიც დახმარებია. ყოველივე ეს, ცხადია არ მოეწონებოდა შაჰს და მან კატეგორიულად მოსთხოვა გიორგის, მძევლად თავისი ძმა – ლევანი (ვახტანგ მეექვსის მამა) და ერთადერთი ვაჟი – ბაგრატი გაეგზავნა ირანში. გიორგი იძულებული შეიქნა, შაჰის ბრძანება შეესრულებინა.
– რა ბედი ეწიათ მძევლებს?
– შაჰმა ორივე ჰერეთის ციხეში გამოკეტა, სპარსეთში მყოფი მისი ძმა კი ქერმანში გაისტუმრა. შაჰ-სულეიმანმა ესეც არ იკმარა და გიორგი ტახტიდან გადაყენებულად გამოაცხადა. 1688 წელს მან თბილისის ტახტზე თეიმურაზ მეფის შვილიშვილი – ერეკლე პირველი გამოაგზავნა. ყოველივე ამის შემდეგ, გიორგი შაჰს არ დაემორჩილა და ისპაჰანში არ გამოცხადდა. მან თავი იმერეთს შეაფარა და იქიდან ადევნებდა თვალს მოვლენების მსვლელობას. ამგვარად, ქართლის ტახტზე ერეკლე პირველი ნაზარალიხანი აღმოჩნდა. იგი ვერ მართავდა ქართლს და ვერც მოსახლეობაში სარგებლობდა ნდობით. გიორგი კი იმერეთში აქტიურობდა. იქ მას რუსეთიდან ჩამოსული ძმა არჩილიც შეუერთდა. თუმცა, გიორგი მეფის ფათერაკებით სავსე ცხოვრება არ დაწყნარებულა – ამჯერად ტახტის ამდენმა მემკვიდრემ იმერეთი ვეღარ გაიყო. იმერთა მეფე, ალექსანდრე, იძულებული გახდა, გორში გაქცეულიყო და აქ მას ერეკლე პირველი ეხმარებოდა. არჩილი ცდილობდა გორის ციხის აღებას და ალექსანდრეს განდევნას, მაგრამ, ვერ მოახერხა.
– გიორგის ცხოვრება როგორ გრძელდება?
– გიორგი იმერეთშიც ვერ გაჩერდა დიდხანს. შაჰმა ოსმალთა სულთანს შეუთვალა, ჩემი ყმა დამიბრუნეო. სულთანს არ სურდა სპარსეთთან საქმის გართულება, თან, გიორგისიც ეშინოდა და, ამიტომ, არჩია, თავიდან მოეშორებინა იგი და ბრძანება გასცა, გიორგი შაჰს გადაეცითო. თუმცა, სულთნის გასაკვირად, მისმა იანიჩრებმა გიორგი შაჰს არ გადასცეს. გიორგიმ მომხრეები შემოიკრიბა და ქართლში შეიჭრა. იქაც ბევრი მომხრე შეუერთდა მას და ამიტომ ადვილად აიღო რუისი, ჭალა, თიანეთი, ლილო. იქიდან გიორგიმ კახელებთან გამართა მოლაპარაკება, მაგრამ, კახელებმა მას უღალატეს და ნინოწმინდასთან გიორგის მომხრეებს დაესხნენ თავს. გიორგი დიდგორში გამაგრდა, ერეკლე და სპარსელები კი – თრიალეთში, თუმცა, საბოლოოდ, ბრძოლა არ შედგა.
ამასობაში იცვლება პოლიტიკური სიტუაცია. ირანის შაჰი სულეიმანი გარდაიცვალა და ტახტი მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა – ჰუსეინმა დაიკავა. ახალმა შაჰმა გიორგისა და მისი ძმების მიმართ თანდათან შეცვალა პოლიტიკა. თავის მხრივ, გიორგისაც ურჩიეს: ტახტის დაბრუნება თუ გინდა, ახალ შაჰს შეურიგდიო. მართლაც, გიორგი მეთერთმეტემ ჰუსეინთან გამოცხადება გადაწყვიტა. შაჰმა ასეთი დაუმორჩილებელი მეფის ხილვით ძალიან გაიხარა და გზად მიმავალ გიორგის ერევანში 500 თუმანი, ხალათი და ოქროთი შეკაზმული ცხენი გაუგზავნა. ეს დიდი წყალობა სპარსულ ვერაგობას მიჩვეული ქართველი მეფისთვის დიდი ვერაფერი ნუგეში იყო. 1697 წლის მარტში გიორგი ისპაჰანში ჩავიდა და შაჰთან გამოცხადდა. შაჰმა, დიდი წყალობის ნიშნად, მეფეს საკუთარი ხელით მიართვა ღვინო. ამასთან, ერეკლეს უბრძანა: გიორგი ქართლში დააბრუნე, შენ კი სამართავად კახეთში დარჩიო. ცხადია, ცბიერი შაჰი ამას გულკეთილობის გამო არ სჩადიოდა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მან კარგად დაინახა, რომ, იმ ძლიერ საფრთხეს, რასაც ავღანელთა აჯანყება ერქვა, ვერავინ გაუმკლავდებოდა მამაცი ქართველი მეფის გარდა და, ამიტომ, 1704 წელს გიორგის ქართლის მეფობა დაუბრუნა, თუმცა ის სპარსეთში დატოვა, ქართლში კი მეფის მოადგილედ (ჯანიშინად) გიორგის ძმისშვილი – ვახტანგ ლევანის ძე გაგზავნა.
– გიორგის რა ბედი ეწია?
– შაჰმა ჯერ ქერმანში გამოსცადა გიორგი და ლევანი – იქაურობა მოაწესრიგებინა, შემდეგ კი გიორგის ავღანეთში, პირდაპირ ყანდაარში უკრა თავი. 1704 წელს გიორგი მეთერთმეტე 20 ათასიანი ლაშქრით, რომელთა შორის 4 ათასი ქართველი იყო, მიუვალ ციხე-ქალაქ ყანდაარისკენ გაემართა. ქართველი მეფის ჩასვლის შემდეგ ყანდაარი საშიშად მიყუჩდა. გარეგნულად „გურგინ ხანს” არავინ უპირისპირდებოდა, მაგრამ, ფარულად სპარსელთა გურჯი სარდლის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. შეთქმულთა სათავეში გაქნილი და გამოცდილი, ღილზაის ტომის ბელადი – მირვეისი იდგა. გიორგის ზურგს უკან მირვეისმა შაჰთან ფარული საჩივარი გაგზავნა. წერილში ის გურგინ ხანის დაუნდობლობასა და დესპოტიზმს „ამხელდა”. როდესაც გიორგიმ ეს ამბავი შეიტყო, მირვეისი იძულებითი წესით გაგზავნა ისპაჰანში, შაჰს კი აუწყა, რომ მირვეისი საშიში პიროვნებაა და სპარსეთის დიდი მტერიო. ევროპელი ავტორების ცნობით, მირვეისმა 300 ათასი თუმანი ქრთამად გაიღო და შაჰის კარი მთლიანად მოისყიდა. შაჰმა ის პირადად მიიღო და ადრე ჩადენილი ყველა დანაშაული აპატია. თავის მხრივ, მირვეისი არწმუნებდა შაჰს, რომ გიორგი საშიში და ვერაგი პიროვნებაა და მისი ნდობა არ შეიძლებაო.
ამ პერიოდში ისპაჰანში ჩადის რუსეთის იმპერატორის, პეტრე პირველის ელჩობა, სომხური წარმოშობის ისრელ ორის მეთაურობით. ის გამომწვევად და მედიდურად იქცეოდა სპარსეთის შაჰის კარზე, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მირვეისმა შაჰს მოახსენა: რუსები და სომხები შენთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ, ისინი ვერაფერს გახდებიან, თუ მათ შორის მცხოვრები ქართველები არ მიემხრობიანო. გიორგის ბედი გადაწყვეტილი იყო, ის კი ვერაფერს მიხვდა, პირიქით, მირვეისს ქალიშვილი მოსთხოვა თავისი ჰარამხანისთვის. ამ მოთხოვნამ მირვეისიც და ავღანელი ბელადებიც აღაშფოთა, თუმცა, გარკვეულ დრომდე არაფერს იმჩნევდნენ. მირვეისი თითქმის ყოველდღე ხვდებოდა გიორგის და თავის ერთგულებაში არწმუნებდა, თავისი ქალიშვილის ნაცვლად კი მას სხვა ლამაზმანი გაუგზავნა.
მალე შეთქმულებმა ერთ-ერთი ავღანური ტომი – ტირინები ააჯანყეს და სპარსეთისათვის გადასახადის გადახდაზე უარი ათქმევინეს.
– როგორ მოიქცა ამ შემთხვევაში გიორგი მეთერთმეტე?
– მირვეისის რჩევით, მან გადაწყვიტა, სამაგალითოდ დაესაჯა აჯანყებულები და ჯარის დიდი ნაწილი აჯანყებულთა დასასჯელად გაამგზავრა. სწორედ ამას ელოდა მირვეისი. მან გიორგი დიდ ნადიმზე მიიწვია, რომელიც ყარდაანიდან 4-5 კილომეტრში, სპეციალურად აშენებულ კარვებში უნდა გამართულიყო. მას ყველაფერი მზად ჰქონდა გიორგის მოსაკლავად. ქართველი მეფე ვერაფერს მიუხვდა ცბიერ მტერს, სიამოვნებით გაემართა ნადიმზე და ღვინოც ბლომად შესვა, რის შემდეგაც ზოგიერთი ევროპელი ავტორის ცნობით, გიორგი შუბით შიარაღებულმა ორმოცდაათამდე პირმა მძინარე მოკლა. ქართველი მემატიანეების, სეხნია ჩხეიძისა და ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით კი, როდესაც შეთქმულები მეფეს მიეჭრნენ, მეფე ბოლო ისრამდე ესროდა მათ, მერე კი ხმლით იცავდა თავს. მეფე გიორგი 1709 წლის 21 აპრილს გამოასალმეს სიცოცხლეს. სამი დღის შემდეგ ქართველი ცხენოსნები ყანდაარს დაეცნენ, მაგრამ იქ სპარსელთა და ქართველთა გარნიზონები მთლიანად გაწყვეტილი დახვდათ. მათ ძლივს გააღწიეს იქიდან და ისპაჰანში ჩავიდნენ.
შურისძიების მიზნით, 1710 წელს სპარსეთის შაჰმა ყანდაარში სპარსელებთან ერთად ქაიხოსრო ლევანის ძე და 1 500 ქართველი გაგზავნა. ქაიხოსროს ქართველები ღალატობდნენ, ამიტომ, მან ვერ შეძლო მირვეისის დამარცხება, ერთს კი მიაღწია – გიორგისა და მისი ამალის წევრების გვამები გამოიხსნა, თუმცა, სანაცვლოდ, თვითონ შეეწირა ამ უთანასწორო და ვერაგულ ომს.