რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს აუდი „ა4”, კვადრო, ტურბირებული, 1.8-იანი ძრავათი, რომელსაც ეგრეთ წოდებული ტურბო დაუზიანდა. „აუდის” ცენტრში და რამდენიმე ხელოსანთან შეკეთება ვცადე, მაგრამ ვერ უშველეს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, შესაძლებელია თუ არა მისი შეკეთება და რა თანხა დამიჯდება ეს?
პასუხი: ტურბინის შეკეთება ჩვენთან შეუძლებელია. თუმცა, ახლის დაყენება შეიძლება, მაგრამ ტურბინის, როგორც უბრალოდ ნაწილის შეცვლით, პრობლემის გადაჭრა არ ხდება. ამ პროცედურის შემდგომ ძრავას სჭირდება „დანასტროიკება,” ანუ ზუსტი გათვლებით ყველა ელემენტარული დეტალის გასწორება. თუ ნამდვილად, კონკრეტულად, ამ მოდელის ტურბინა დააყენეთ, და კიდევ გაუმართაობას აქვს ადგილი, შესაძლებელია, ტურბინასთან ერთად, მის სისტემაში არსებული სხვა დეტალიც იყო დაზიანებული, რომელიც ხელს უშლის ძრავას გამართულ მუშაობას. ჯობია, ისევ ცენტრს მიმართოთ და დეტალური დიაგნოსტიკა გაუკეთონ ტურბინის სქემის მუშაობას.
კითხვა: მსურს, შევიძინო ავტომობილი „სუბარუ იმპრეზა ვეერიქსი”, ახალი მოდელი, ჰეჩბექის ტიპის. იქნებ დამიხასიათოთ ეს მანქანა, ვგულისხმობ, გადაცემათა მექანიკური კოლოფით აღჭურვილს. ეკონომიურია თუ არა ეს მანქანა და რა არის მისი სუსტი მხარეები? რა დამიჯდება ამ ავტომობილის ჩამოყვანა იაპონიიდან ან გერმანიიდან?
პასუხი: ეს არის ძალიან კარგი, გამძლე და მძლავრი ავტომობილი, ტურბირებული ძრავათი და თუ ის უნდა დავახასიათოთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მართვის მექანიკური კოლოფით აღჭურვილ „სუბარუ იმპრეზა ვეერიქსზე”. ეს ავტომობილები აღჭურვილია 2.0-იანი ან 2.5-იანი ტურბირებული ძრავათი. მართალია, 2.5-იანი ძრავა გაცილებით მძლავრი და გამძლეა, მაგრამ 2.0-იანი მასთან შედარებით წარმოუდგენლად პრაქტიკული და ეკონომიურია. „სუბარუ” ცნობილია, რომ საწვავს დიდი რაოდენობით მოიხმარს. მაგალითად, „იმპრეზა ვეერიქსი” 2.0-იანი ძრავათი ას კილომეტრზე, დაახლოებით, თხუთმეტ ლიტრ ბენზინს წვავს და ეს ძალიან ცოტაა 2.5-იან ძრავასთან შედარებით. რაც შეეხება მართვის კოლოფს, „სუბარუს” ძალიან სუსტი სიჩქარეთა კოლოფი აქვს, რომელიც მალე ფუჭდება და გაგაწვალებთ. მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა მოდელებთან შედარებით, მისი სავალი ნაწილი წარმოუდგენლად გამძლეა და თითქმის არ ფუჭდება. რაც შეეხება „სუბარუს” ჩამოყვანას, ფასი საკმაოდ ცვალებადია – გააჩნია ქვეყანას, საიდანაც ჩამოიყვანთ, მდგომარეობას, მგზავრობის ხანგრძლივობას და სხვა. თუმცა, საქართველოში იმდენად დაიწია მანქანებზე ფასმა, რომ შეგიძლიათ, ადგილზეც სასურველ ფასად შეიძინოთ. რამდენიმეთვიანი ლოდინი დიდ განსხვავებას არ მოგცემთ.
კითხვა: ვარ ახალბედა მძღოლი. სულ ახალი შეძენილი მყავს მანქანა და ვცდილობ, რაც შეიძლება ფრთხილად მოვექცე. მაგრამ, ამ ბოლო დროს, რაც უფრო მეტად გავთამამდი და მაღალი სიჩქარით სიარული დავიწყე, მოდება მიხურდება. მეუბნებიან, რომ მას არასაჭირო დროსაც ვიყენებ და პრობლემაც ეს არის. მერე ვჩერდები, ველოდები როდის გაგრილდება და მივდივარ. იქნებ, ამიხსნათ, რატომ შეიძლება, გადახურდეს და დაზიანდეს მოდება ჩვეულებრივ რეჟიმში გამოყენებით?
პასუხი: მოდების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზად მოსახმარია ავტომობილში. განსაკუთრებით კი, თუ დამწყები მძღოლი უზის საჭეს და ან უხეშად მოიხმარს მას ან საერთოდ არ უშვებს ფეხს, ავტომობილი რომ არ ჩაუქრეს. თქვენ, ალბათ, ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვინც საერთოდ არ უშვებს ფეხს, იქნება ეს მუხრუჭის გამოყენება თუ სხვა მომენტი. ამ დროს კი ყველაზე ხშირად ხდება მოდების ცვეთა. რეალურად კი მოდების მოხმარებას ძალიან მარტივი წესები აქვს, ის ითიშება მხოლოდ მაშინ, როცა სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვაა საჭირო და სრულად გაჩერება გინდათ. თუ გინდათ, რომ „ცეპლენიას” მოუფრთხილდეთ და მან დიდხანს იმუშაოს, საჭიროა, ის ხანგრძლივად არ იხმაროთ. ხშირად, ავტომობილის გაჩერებამდე, იქნება ეს შუქნიშანთან თუ პარკინგი, საჭიროზე ბევრად ადრე აჭერენ ფეხს მოდების პედალს და დიდხანს არ უშვებენ. არადა, ეს ასე უნდა მოხდეს: მოდებას თიშავთ, როცა ავტომობილი უკვე ჩერდება, მანამდე მხოლოდ მუხრუჭს დააწვებით. მუხრუჭით მაქსიმალურად უნდა შეანელოთ და ბოლოს დააწვეთ „ცეპლენიას”, რომ არ ჩაქრეს. თუ მაინცდამაინც რბილად გაჩერება გსურთ და თან გეშინიათ, ავტომობილი არ ჩაგიქრეთ, უმჯობესია თავიდანვე ამოიღოთ ბერკეტი სიჩქარეებიდან, ეგრეთ წოდებული „ხალასტოი ხოდით” მიხვიდეთ, ვთქვათ, შუქნიშნამდე და მხოლოდ მუხრუჭით გააჩეროთ ავტომობილი. ამ დროს მას ნაკლები ძალა ადგება. თუ სიჩქარეებშია ავტომობილი იქ მთელი ტრანსმისია მუშაობს, ავტომობილი უფრო დაძაბულია.
კითხვა: მყავს 1999 წლის გამოშვება „სუზუკი გრანდ ვიტარა”. ჩემდა გასაკვირად, ორი დღის წინ, დილით აღმოვაჩინე, რომ საჭე ძალიან რთულად დასამორჩილებელი, უხეში გახდა. შესაბამისი ღვედი დასუსტებული არ არის, საბურავებში წნევა ნორმალურია, ჯვარედინი გადამცემი, ეგრეთ წოდებული „კრესტავინა“, დაზიანებული არ არის, ჰიდრავლიკის ზეთი არ აკლია. როგორც მეუბნებიან, ყველა სიმპტომით პრობლემა ჰიდრავლიკის ტუმბოშია. რას შეეძლო ამის გამოწვევა, ვის მივმართო და როგორ ავიცილო მსგავსი პრობლემა შემდგომში?
პასუხი: ამ შემთხვევაში ორი მიზეზი შეიძლება იყოს, რომელიც თქვენს პრობლემას იწვევს. პირველი, ეს არის ჰიდრავლიკის ტუმბო, რომელიც წნევას ქმნის. თუ ის დაზიანდა, საჭირო წნევას ვერ ან საერთოდ არ ქმნის. მეორეა თუ დაზიანდა ეგრეთ წოდებული „რულავოი კალონკა”, მოწყობილობა, რომელიც საჭის მართვას უზრუნველყოფს. ანუ, შესაძლებელია, ტუმბოდან საჭირო წნევა „რულევოის” მოეწოდებოდეს, მაგრამ ის სათანადოდ არ რეაგირებდეს – არ გადმოჰქონდეს წნევა საჭეზე. საჭის მექანიზმის გადამოწმება და შეკეთება შეგიძლიათ, დიღომში, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოსთან. იქ ჩასახვევში, დაახლოებით, 40-50 მეტრზე მარჯვენა მხარეს შედის ვიწრო ქუჩა, რომლის სიღრმეშიც საჭის ხელოსნები არიან. რაც შეეხება მომავალში პრობლემის თავიდან აცილებას, ის თქვენგან არ მომდინარეობს და შესაბამისად, ვერც თავიდან აიცილებთ. ერთადერთი, რითაც საჭე ზიანდება, ჰიდრავლიკის ზეთის დაკლებაა. როდესაც ის იცლება, სხვადასხვა ზეთს ასხამენ ხოლმე, რითაც მხოლოდ ის ადგილი კი არა, სხვა დეტალებიც ზიანდება ხოლმე. ამიტომ, ზეთის დაკლების შემთხვევაში, ყოველთვის კარგი ხარისხის და ზუსტად ის ზეთი ჩაასხით, რომელიც საჭიროა.