ახერხებს თუ არა გალიანოს ჩრდილიდან გამოსვლას „დიორის” ახალი დიზაინერი
„დიორის” მოდის სახლი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო ყოველთვის, მაგრამ, გამადიდებელი ლინზის ქვეშ, ის ჯონ გალიანოსთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მოექცა. მოდის სამყარო სუნთქვაშეკრული ელოდებოდა სკანდალისტი, ეპატაჟური გალიანოს შემცვლელის ვინაობის დასახელებას. „დიორის” ახალი კრეატიული დირექტორის, ბილ გეითენის პირველ ნაბიჯებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისი მომავალი კარიერისთვის – როგორ შეაფასებდა მას პრესა, მოახერხებდა თუ არა ის გალიანოს მძიმე ჩრდილიდან გამოსვლას. თავად გალიანოს ხელქვეითი, რომლის შესახებაც პრესას, სტილისტებს, დიზაინერებსა და თუ მოდელებს არაფერი გაეგოთ, მორცხვად გამოვიდა პირველი ჩვენების შემდეგ მადლობის გადასახდელად. ეს მისთვისაც საკმაოდ უჩვეულო გამოწვევა იყო – გამოწვევა, რომელიც მიიღო და რომელსაც არაჩვეულებრივად უმკლავდება.
„დიორის” ოტ-კუტიურ ჩვენების შემდეგ, რომელიც პრესამ დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გეითენი ახერხებს ხალხს გალიანო დაავიწყოს, გაზაფხულზე დიზაინერმა 2012-2013 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინა. „რბილი თანამედროვეობა” – ასეთი იყო კოლექციის თემა და სახელწოდება. ეს ნისლში გახვეული, ცოტა გაუგებარი თემა ერთგვარი ახლებური ხედვა გახლდათ „დიორის” ვარსკვლავური წარსულისა და ასევე, ბრწყინვალე მომავლისთვის. შოუ არაჩვეულებრივად კარგად დაიწყო. მთავარი მიმართულება კარგად დაფიქსირებული წელი იყო, მინაკეცებიანი ულამაზესი ქვედაკაბები და რომანტიკული პიჯაკები.
კლასიკური პორტრეტული ჭრები, დეკოლტეები ტყავით იყო დამუშავებული და შესრულებული. „ბალერინას ქალურობა და სინაზე” – ასეთი სახელწოდება უფრო შეესაბამებოდა ჩვენებას, ვიდრე „რბილი თანამედროვეობა”. ბალერინას პუანტებით შთაგონებულმა გეითენმა პუანტის ტიპის ქუსლიანი, მაღალძირიანი ფეხსაცმელები წარმოადგინა, რომელიც ძალიან უხდებოდა როგორც კლასიკურ შარვლებსა და ქვედაბოლოებს, ისე საღამოს სამოსის განყოფილებაში ნაჩვენებ ტულის უთხელეს და უნაზეს ქვედაბოლოებს.
ძალიან ლამაზი იყო თხელ, ჰაეროვან ქვედაბოლოებზე მორგებული რომანტიკული, რბილი ფორმის პიჯაკები, წელზე მორგებული ლამაზი ქამრებითა და საინტერესო თავსაბურავით. მაყურებლის მოწონება დაიმსახურა ძვირფასი თვლებით გაფორმებულმა ღია ატმისფერმა ქვედაბოლოებმა და ზედა სამოსმა. ასევე, საინტერესო იყო რბილი აბრეშუმისა და ტყავის სინთეზი, რომელიც სხეულზე საოცარ ფორმებს ქმნიდა.
როგორც მოდის კრიტიკოსები წერდნენ, ჩვენება ისე კარგად დაიწყო, რომ ბოლოსკენ დიდ აფეთქებას და თავბრუდამხვევ გამოსვლებს ელოდებოდნენ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. შოუმ განვითარება ვერ ჰპოვა, დასაწყისი ერთ დონეზე გაიყინა და ახალი ბევრი აღარაფერი უჩვენებიათ. თუმცა, ამას გარკვეული ახსნა თავად კრიტიკოსებმა მოუძებნეს. როგორ შეეძლო გეითენს ენთუზიაზმით, რისკიანად ემუშავა და პროგრესული გადაწყვეტილებები მიეღო, როცა თავადაც კი არ იცის, რა ელოდება ხვალ.