კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტფილისის რომელ ბაზარში გაიტანეს პირველად გასაყიდად ნაძვის ხე და სულ რამდენი ბაზარი იყო აღნიშნული 1887 წლის თბილისის გეგმაზე

თბილისური ბაზრები, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფუნქციონირებდა, თუმცა იმ დროის ბაზრის არსი თანამედროვისგან განსხვავდებოდა. ბაზარი, როგორც ასეთი, დუქნების რიგს ერქვა ქუჩის გასწვრივ თუ მოედანზე. „თბილისელების” ამ ნომერში თბილისური ბაზრების შესახებ არსებულ ისტორიას მოგითხრობთ შესაბამისი ილუსტრაციებით.

 

1800 წელს ტფილისში სამი ძირითადი ბაზარი იყო, მეფის მოედანზე (მდებარეობდა  დღევანდელი სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის, ამჟამინდელი ერეკლეს მოედნის სამხრეთით), თათრის მოედანზე და მეტეხთან. ბაზრებს ასევე უწოდებდნენ სავაჭრო რიგებს, სადაც კონკრეტული დასახელების პროდუქცია იყიდებოდა. ყველა რიგს საკუთარი დასახელება ჰქონდა, რომელიც შემდგომში ამ რიგების ადგილზე გაჩენილ ქუჩებს ეწოდათ. მაგალითად – საზამთროს მოედანი, ხარაზხანა, ბამბის რიგი, რკინის რიგი. ამჟამინდელ შარდენის ქუჩას წარსულში ბნელი რიგი ეწოდებოდა – ვიწრო ქუჩაზე წვიმის დროს, პროდუქცია რომ არ გაფუჭებულიყო, მთლიანად გადახურული იყო, რის გამოც მას ბნელი რიგი ეწოდა. 

1880 წლისთვის ტფილისის სავაჭრო ცენტრად თათრის ბაზარი მიიჩნეოდა. ეს იმ დროის ყველაზე ხალხმრავალი ადგილი იყო, სადაც დღის განმავლობაში 20 ათასამდე ადამიანი იკრიბებოდა. იმ დროს ბაზარში არა მხოლოდ საყიდლებზე, არამედ ახალი ამბების გასაგებადაც დადიოდნენ, ცოცხალ ინფორმაციას უფრო ენდობოდნენ, ვიდრე საგაზეთოს. 1887 წელს ტფილისში ოთხი ყველაზე ცნობილი ბაზარი იყო – ავლაბარში; სალდათის ბაზარი, რომელსაც ასევე „რუსის ბაზარს” უწოდებდნენ და ამჟამინდელი კოლმეურნეობის მოედნის ტერიტორიაზე მდებარეობდა; ასევე, თათრის ბაზარი და ვერის ბაზარი, რომელიც 1884 წელს ერევნის მოედნიდან ვერაზე გადაიტანეს.

სალდათის ბაზარი

„რუსის” ანუ „სალდათის ბაზრის” სახელწოდება იქიდან წარმოიშვა, რომ იქ კვირაობით იკრიბებოდნენ რუსი ჯარისკაცები ადგილობრივი გარნიზონებიდან. ეს იყო ერთგვარი ბაზრობა, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი იყიდებოდა: ავეჯი, ჭურჭელი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, თეთრეული. კვირაობით ვაჭრებს არ ეხებოდათ მთავრობის მიერ დადგენილი ბაჟის გადახდა და ისინი მხოლოდ ქალაქის სასარგებლოდ კრებდნენ მცირე გადასახადს. ზამთარში, საახალწლოდ „სალდათის ბაზარზე” გასაყიდად გამოჰქონდათ ნაძვის ხეები. იმდროინდელი ტფილისისთვის ნაძვის ხე ახალი ხილი იყო და მალევე გახდა პოპულარული.

„სალდათის“ ბაზრის გარდა, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის დასაწყისის ტფილისში, სხვადასხვა უბანში დიდი თუ პატარა ბაზარი იყო გახსნილი. ერევნის მოედანზე შეშით და თივით ვაჭრობდნენ, ხოლო კვირაობით მოედნის მახლობლად, ბარიატინსკის ქუჩაზე, ამჟამინდელ ჭანტურიაზე ძველმანების ბაზრობა იყო გახსნილი. ტფილისში ასევე, ცნობილი იყო სომხის ბაზარი. ეს სახელწოდება მეცხრამეტე საუკუნეში გავრცელდა, მეორენაირად ამ ბაზარს „შუაბაზარს” უწოდებდნენ. ქუჩა, რომელზეც შუაბაზარი იყო, კოჯრის კართან იწყებოდა და დღევანდელი ლესელიძის ქუჩის ხაზს გასდევდა. შუაბაზარი მთავრდებოდა  ხარაზხანისა და რასტაბაზრის შესაყარზე განლაგებულ ჩორსუსთან (დახურულ ბაზართან). შუაბაზრის ქუჩა თბილისის ძირითად ბირთვს – კალას ორ დიდ უბნად, ზედა და ქვედა კალად ყოფდა. ამიტომ, შეარქვეს მას შუაბაზარი. თბილისის 1800 წლის გეგმაზე  ის „მაღალი ბაზრის” სახელწოდებით არის აღნიშნული.

რასტაბაზარი

რასტაბაზარი – სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ერთ ხაზზე განლაგებულ სავაჭროებს გულისხმობს. თბილისის რასტაბაზარი იწყებოდა სიონის ქუჩიდან და მთავრდებოდა ბატონის მოედანთან (დღევანდელი ერეკლეს მოედნის სიახლოვეს). შარდენი ამ ქუჩას გრძელ ბაზარს უწოდებდა, ხოლო პორუჩიკ ჩუიკოს მიერ შედგენილ თბილისის 1800 წლის გეგმაზე ის აღნიშნულია, როგორც „ბოლშოი ბაზარი” (ქართულ საბუთებში კი რასტაბაზრად მოიხსენიება). რასტაბაზრის ბოლოში, ტარსი, კარიბჭე იყო მოწყობილი, რომელიც ღამე იკეტებოდა. რასტაბაზრის აღმოსავლეთი მხარე სარაჯხანას ეკავა, ხოლო მოპირდაპირე მხარე – ხარაზხანას. სარაჯხანა ცხენის აკაზმულობის დამამზადებელთა რიგებს ერქვა, ხარაზხანა კი – ფეხსაცმლის მკერავთა, ხარაზების რიგს. სწორედ დიდი ხარაზხანა მდებარეობდა რასტაბაზარში ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც უშუალოდ ბატონის მოედანთან იწყებოდა.

მალაკნების ბაზარი

მეცხრამეტე საუკუნის 30-იანი წლებიდან რუსეთიდან სექტანტი – მალაკნების გადმოსახლება დაიწყო ტფილისში. თავდაპირველად, მალაკნები რიყეზე სახლდებოდნენ, შემდგომში კი ისინი დასახლებას ქმნიან ახალი კუკიის ტერიტორიაზე, რკინიგზის გაღმა. მალაკნებს თავისი სასაფლაო და ბაზარი ჰქონდათ. ეს ბაზარი მეოცე საუკუნის შუა პერიოდში დაიხურა. ეს იყო საკოლმეურნეო ბაზარი, რომელიც მდებარეობდა რკინიგზის ხიდის გადმოღმა, ფიროსმანისა და „საბჭოს ქუჩის” შესაყართან. ეს ბაზარი მალაკნების საზოგადოებას ეკუთვნოდა და ის 1860-იან წლებში დაარსდა. მალაკნები ძირითადად მედროგეობას და მეეტლეობას მისდევდნენ. ბაზარში კი თევზით, მარილით, ბოსტნეულით და შიგადაშიგ რძითაც ვაჭრობდნენ. საინტერესოა, რომ „მალაკნების ბაზრის” სახელი ამ ადგილს დღემდე შემორჩა.

 

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).

 

скачать dle 11.3