ექიმის რჩევები
კითხვა: სოლარიუმის შემდეგ წვივებზე ლაქები გამიჩნდა, ვერ ვიშორებ. რა უნდა იყოს?
პასუხი: ეს შეიძლება კანის სიმშრალისა და ავიტამინოზის შედეგი იყოს. გარეგნულად მარილოვანი სკრაბი და აბაზანები დაგეხმარებათ. ამასთან ერთად, მიიღეთ პოლივიტამინები (A,E,D ვიტამინების შემცველი).
კითხვა: როდესაც აინტერესებთ, ზრდის ზონები დახურულია თუ არა, რენტგენს მაჯის სახსარს უღებენ?
პასუხი: ტარდება არადომინანტური ხელის მტევნის რენტგენოგრაფია. თუ უპირატესად, მარჯვენა ხელს იყენებთ არადომინანტურია მარცხენა ხელი და პირიქით.
კითხვა: 2 წელია, დროგამოშვებით კისრის ძლიერი ტკივილი მაწუხებს, ვცადე სხვადასხვა სახის მალამოს გამოყენება მცირეხნიანი ეფექტით. მირჩიეთ, რომელი მალამო გამოვიყენო (ტკივილის გასაყუჩებლად და მომავალში პროფილაქტიკისთვის).
პასუხი: სავარაუდოდ, ჩივილის მიზეზი კისრის ოსტეოქონდროზი უნდა იყოს. მიმართეთ ვერტებროლოგს.
კითხვა: 2 კვირის წინ „კვინკეს“ შეშუპება მქონდა (საკვებისმიერი ალერგია). დამსვეს მკაცრ დიეტაზე. რამდენ ხანში შეიძლება ნორმალური კვების დაწყება?
პასუხი: მკაცრი დიეტა აუცილებელია 2 კვირის განმავლობაში. შემდგომში თანდათან გააფართოეთ რაციონი. მოერიდეთ ცხარე, მჟავე, ცხიმიან საკვებს, შოკოლადს, ციტრუსებს, ალკოჰოლს.
კითხვა: ჩემი მეუღლე 27 წლისაა, დაუდგინეს ფსორიაზი. მე ორსულად ვარ. შესაძლებელია თუ არა, რომ ეს დაავადება ბავშვსაც გადაეცეს.
პასუხი: ფსორიაზი გაურკვეველი ბუნების, ეგრეთ წოდებულ მულტიფაქტორ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, მაგრამ ოჯახური მიდრეკილება დადგენილი ფაქტია. ამ დაავადების მემკვიდრეობით გადაცემის ვარაუდი დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს. ორსულობის დროს ნაყოფისთვის ფსორიაზის დიაგნოსტიკა შეუძლებელია.
კითხვა: არსებობს თუ არა შიდსის სიმპტომები, რომლებიც ადრეულ სტადიაზე ვლინდება?
პასუხი: ადამიანის იმუნოდეფიციტის (აიდ) ვირუსი შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში (წლების) არანაირად არ ვლინდებოდეს. მხოლოდ, როცა იმუნოდეფიციტი ვითარდება – დაავადების ბოლო სტადია, რომელსაც შიდსი ეწოდება, თავს იჩენს უამრავი ძნელად სამკურნალო ინფექცია, ონკოლოგიური დაავადებები და ასე შემდეგ.
კითხვა: რა არის ჰერპესი და როგორ ვუმკურნალო მას? ამ ბოლო დროს ხშირად მაქვს ტუჩზე და ზოგჯერ ლოყებზეც გადამდის.
პასუხი: ჰერპესი ვირუსული დაავადებაა, რომელიც ლორწოვანი გარსისა და კანის დაზიანებით მიმდინარეობს. მკურნალობა ანტივირუსული პრეპარატებით ტარდება. თუ რეციდივები ხშირია, მკურნალობა ანტივირუსული თერაპიის კურსებად ტარდება. პრეპარატის შესარჩევად მიმართეთ დერმატოლოგს.
კითხვა: ნაღვლის ბუშტში მაქვს ნალექი. დილით თვალები მიშუპდება ხოლმე, განსაკუთრებით მჟავე-მწარეს რომ შევჭამ. შეიძლება ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებამ გამოიწვიოს თვალების შეშუპება?
პასუხი: ნაღვლის ბუშტის დაავადებები არ იწვევენ თვალების შეშუპებას. უნდა ჩაიტაროთ შარდის საერთო ანალიზი, რათა გამოირიცხოს თირკმლის დაავადება, უნდა გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაც. ასეთ შეშუპებას იწვევს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებაც.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი