რატომ სტანჯავს დანაშაულის მხუთავი გრძნობა გელა ჩარკვიანს და რა ზღაპრები აუხდინა მან მეუღლეს
ვუსმენდი და ვფიქრობდი, ნეტავ ორმოცდაათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩემმა მეუღლემაც ისეთი სიყვარულით, სითბოთი, საოცარი განცდებით ისაუბროს ჩემზე, როგორც ამას ბატონი გელა ჩარკვიანი აკეთებს. თბილისელმა ლამაზმა გოგონამ საკუთარი გარეგნობით, საოცარი პროფილით ერთ დღეში მოხიბლა სამშობლოში დაბრუნებული მომავალი დიპლომატი. ნანა თოიძე მთელი მისი ცხოვრების სიყვარულად იქცა, სამყაროს ცენტრად, რომლის ირგვლივაც 1959 წლიდან ტრიალებდა. ქალბატონი ნანა ერთი თვის წინ გარდაიცვალა, რაც საშინელი დარტყმა აღმოჩნდა მთელი ოჯახისა და განსაკუთრებით ბატონი გელასთვის. „არასდროს გვითქვამს, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრებას არც ერთ დღეს არ გავაგრძელებდით. ასეთი პირობა არ დაგვიდია, მაგრამ ეს რაღაც უსიტყვო შეთანხმებასავით სულ იყო ჩვენ შორის... მაწუხებს და მტკივა მის გარეშე ნაცხოვრები ყოველი დღე, საათი და წუთი. დანაშაულის განცდაც, ალბათ, აქედან მოდის.” მიუხედავად მისი დანაშაულის შეგრძნებისა, ვფიქრობ, ქალბატონი ნანა, ქალური ბედნიერების ყველა საზომით, უბედნიერესი იყო. ჰყავდა ქმარი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა, ლამაზი და ძალიან ნიჭიერი შვილები, შვილიშვილები... ის კი არა, ბატონმა გელამ ყველა პატარა გოგოს ოცნებაც კი აუხდინა. ბუკინგემის სასახლეში დედოფლის გვერდით, ალბათ, ყველა ქალი თავს პრინცესად გრძნობს. ეს კი ქალბატონი ნანასთვის გარკვეულ ეტაპზე ცხოვრების წესად იქცა.
როგორც ბატონი გელა ყვება, ქალბატონ ნანას არ უყვარდა თავის ემოციებსა და განცდებზე საუბარი, ჩუმად ატარებდა უდიდეს ტკივილს, რასაც შვილის გარდაცვალება ჰქვია. ალბათ, ეს იყო მისი მოულოდნელი გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზიც. როგორც ბატონი გელა ყვება, ის დაავადებები, რომელიც აწუხებდა, ასე უცებ სიკვდილს არ გამოიწვევდა. ეს რაღაც სხვამ გამოიწვია, რასაც ჩუმი დარდი ჰქვია.
ბატონ გელასთან ინტერვიუს ჩასაწერად სულ ტყუილად მივედი, ის, რაც მისგან მოვისმინე, მხოლოდ მე დამრჩება მოსაგონებლად. მან პატარა ესსე გამომატანა, სადაც ცხოვრების მთავარი სიყვარულის მიმართ გრძნობებზე თავად ყვება. მსგავსი სიყვარულის ახსნა მხოლოდ რომანებში წამიკითხავს... აუცილებლად წაიკითხეთ და ეცადეთ, ცხოვრება ისე არ გაატაროთ, რომ ორმოცდაათ წელზე მეტი თუ არა, ერთი დღე მაინც იცხოვროთ მსგავსი სიყვარულით.
გელა ჩარკვიანი: „თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ნანა დავკარგე. ტკივილი არ ცხრება. მტანჯავს მხუთავი დანაშაულის შეგრძნება – არ ვიცი, რამდენად უსაფუძვლო. ერთი რამ კი უდავოა – ბევრი ბოდიში მაქვს მოსახდელი მასთან. არ გეგონოთ, სხვა ქალებთან ეპიზოდური ურთიერთობების გამო. ეს ყველაზე მცირე ცოდვაა, რადგან ნანა ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემთვის ერთადერთი და ცენტრალური იყო. ტესტოსტერონის მოძალების გამო ჩადენილი გადაცდომები, ზიანს ვერ მიაყენებდა ჩემს მარადიულ ლტოლვას მისდამი.
ბოდიში უნდა მოვუხადო უპირველესად, ალბათ, იმისთვის, რომ ვერ ვიჩენდი საკმარის გაგებასა და ტაქტს მისი ბოლოდროინდელი მდგომარეობის მიმართ.
ნანას კიდურების სისუსტეს ვაჟკაცური შემართებით ვუმკლავდებოდი – ჩემი, არცთუ ჭაბუკური კუნთების უკიდურესი დაძაბვით ხელჩაკიდებულს ვატარებდი ბუკინგემის სასახლის დაუსრულებელ კორიდორებში. ვიცოდი, როგორ ხიბლავდა ინგლისის მაღალი საზოგადოების ზღაპრისეული გლამური და როგორ დავზოგავდი თავს მისი „იქ“ ყოფნის სურვილის დასაკმაყოფილებლად.
მაგრამ, როცა ნანას მეხსიერებამ უმტყუნა, როცა ის დროის დიდ ნაწილს კალენდართან ბრძოლაში ატარებდა, როცა ერთსა და იმავე შეკითხვას დღის განმავლობაში რამდენჯერმე მისვამდა, მოთმინება და შემწყნარებლობის სათანადო უნარი არ აღმომაჩნდა. სულ უფრო ვღიზიანდებოდი და ზოგჯერ უკმეხად ვპასუხობდი. მერე სხვა ოთახში გავიდოდი, დავფიქრდებოდი ჩემს საქციელზე, საკუთარ თავს გავკიცხავდი და შეცვლილი, ყოვლისმიმტევებელი ღიმილით დავუბრუნდებოდი, თურმე მხოლოდ იმისთვის, რომ მის უცნაურ შეკითხვაზე კვლავ არცთუ თავაზიანად მეპასუხა.
ბოდიში მაქვს მოსახდელი იმაზე, რომ ნანასთან ურთიერთობისას სიტყვით არასდროს გამოვხატავდი იმ ყოვლისმომცველ გრძნობას, რომელიც მასთან მაკავშირებდა; იმ სითბოს, რომელიც მთელ სხეულში დამივლიდა მისი სახელის ხსენებისას, ან მისი სახის გონებაში წარმოსახვისას სადმე, შორეული ქვეყნის სასტუმროს ნომერში. ვიცი, ნანამ იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ ბოლო წლებში, როცა არაერთმა სენმა შემოუტია და დაუხმარებლად მარტივი, ყოველდღიური, ყოფითი ამოცანების გადაჭრასაც ძნელად ახერხებდა, ეჭვები გაუჩნდა. ერთხელ მწარედაც იხუმრა: მე რომ მოვკვდები, შენ ახალ ცოლს მოიყვანო.
ყოველღამე, როცა ჩემგან განსხვავებით, ნანას მშვიდად ეძინა, ჩემს თავს ფიცს აღვუთქვამდი, რომ ხვალ, ჩვენი, უკვე ტრადიციად ქცეული ლანჩის შემდეგ, რომლისთვისაც კერძს მე ვამზადებდი და სუფრასაც მე ვაწყობდი, დავსვამდი ნანას მის ძველებურ სავარძელში და იმ იდიოტური მამაკაცური შეცბუნების გარეშე, გულწრფელად აღვუწერდი ჩემს ჭეშმარიტ გრძნობას. ძველებურად მოვეფერებოდი და გავუფანტავდი ყველა ეჭვს. ეს „ხვალ“ არასდროს დადგა, მას კი, უძლურებით დაღლილს, სწორედ ახლა ესაჭიროებოდა თავდაჯერებულობის ახალი ტალღა.
ოდესღაც ნანა, ეს უჩვეულოდ ლამაზი ქალი, იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ ეჭვებს, ზოგჯერ მტკივნეულსაც, ჩემს გულში თვითონ ნერგავდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მას ქალ-ვაჟი უკვე შეეძინა და ვალმოხდილი, ერთგვარი მოლოდინითა და ინტერესით, მეტიც, სახიფათო ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა მომავალს. ეს ყველაზე არამყარი დროა ცოლქმრულ ურთიერთობებში – ციკლი დამთავრდა და ცვლილება თითქოს გარდუვალია.
ამ დროს მოხდა ის, რაც, შესაძლოა, ათწლეულების შემდეგ ნანას უეცარი სიკვდილის მიზეზად იქცა. ტროტუარზე მდგარს, მანქანა დაეჯახა. ხელ-ფეხის მოტეხილობასთან ერთად, მას მუცლის აორტაც დაუზიანდა. ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ კვლავ შეძლებოდა ცეკვა, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა და რომელშიც მე ჯეროვან პარტნიორობას ვერ ვუწევდი, ჩვილობაში გადატანილი პოლიომიელიტის გამო.
და მაინც, ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მის სიკვდილს მოვესწარი და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას – იმავე დროს ვდგები, ვსაუზმობ, ვსადილობ, იმავე დროს ვიძინებ. თუმცა ვალიუმის აბს აღარ ვუყოფ, მთლიანად მე ვსვამ. მართალია, სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება, მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისთვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე, ნანა დამესიზმროს.
ლამაზი ნანა, ერთი შეხედვით, დიდი ბავშვი იყო – ბავშვურად ეშმაკი და თავკერძა. ნებისყოფის ნატამალი არ გააჩნდა და არც მიიჩნევდა საჭიროდ, რომ ჰქონოდა. არათუ მომავალი სიკეთეების ხიბლით, სიკვდილის მუქარითაც ვერ ათქმევინებდი უარს მყისიერ სიამოვნებაზე. ოჯახის ბიუჯეტის მართვას თუ ანდობდი, ერთი თვისას ერთ დღეში დაგიხარჯავდა. სიცოცხლის ბოლო თვეებშიც კი, დიდად შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, მზად იყო, ნებისმიერ დროს წასულიყო სტუმრად. დაპატიჟების თარიღი და დრო ერთადერთი რამ იყო, რაც არ ავიწყდებოდა. გამუდმებით თამბაქოს ეწეოდა და ბოდიში მინდა, მოვუხადო იმ სამედიცინო ფაქტებისა და დიდაქტიკური სისულელეების გამო, რასაც უხვად ვახვევდი თავს იმ იმედით, რომ მოწევას მოეშვებოდა. თუმცა, ვიცოდი, რომ ნანა ამას ვერასდროს შეძლებდა.
ინტელექტუალურ საუბრებს გაურბოდა. მისტიკური ბუნების უტყუარი ინტუიციით იკვლევდა გზას. ყოველ წამს იცოდა, რას ფიქრობდი. შეუმცდარად განასხვავებდა ბოროტსა და კეთილს, მტერსა და მოყვარეს. უკიდურესად სიტყვაძუნწი იყო. მეგობრებთან ერთად სუფრასთან მჯდარს შეეძლო, სამი საათის განმავლობაში ერთხელ არ ამოეღო ხმა. ამიტომაც, მის ბოლომდე ამოცნობას ვერავინ შეძლებდა და ვერც მე შევძელი ორმოცდათოთხმეტწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად. იქნებ სწორედ მისი ჭეშმარიტი რაობის მიუწვდომლობა ასაზრდოებდა და დღენიადაგ განაახლებდა ჩემს სიყვარულს.
ნანა სფინქსი იყო და ალბათ, სულის რომელიმე ღრმა სამალავში ჰქონდა საიდუმლოება, რომელიც თან გაიყოლა. ეს აზრი არ მასვენებს და ისღა დამრჩენია, ვიოცნებო, რომ ოდესმე, უკვე იქ, უფრო მაღალი რიგის რეალობაში, კიდევ შევეხები მას, თუკი ჩვენ, მოკვდავებს, იმ რეალობაზე ხელი მართლაც მიგვიწვდება. მაგრამ, თუ ჩვენი საყვარელი სიყრმის შვილის, ირაკლის არ იყოს, ვართ უბრალოდ „მიგდებულები დარვინის ანაბარა,“ მაშინ ჩემს მბჟუტავ სასოებას უმოწყალოდ წაშლის და შეენაცვლება ადამიანური ლექსიკონის ყველაზე დაუნდობელი და შემზარავი სიტყვა – „არასდროს!“