რომელ „წვრილმანებზე” უყვართ ფულის ხარჯვა „აიტიშნიკ” მილიარდერებს და ლეონარდო და ვინჩის რომელი შედევრი იყიდა ბილ გეითსმა 31 მილიონ დოლარად
„აიტიშნიკი” მილიარდერები, რომლებმაც თავიანთი დიდძალი კაპიტალი კომპიუტერებისა და ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების ხარჯზე დააგროვეს, მუშაობასთან ერთად, არანაკლებ დროს უთმობენ დასვენებასა და კოლექციონერობას. „თბილისელების” ამ ნომერში გაგაცნობთ ახალ და შედარებით ძველ ამბებს იმის შესახებ, თუ რომელმა მილიარდერებმა დახარჯეს უზარმაზარი თანხები დასვენებისთვის, ვილების, იახტების, თვითმფრინავებისა და სხვა წვრილმანი გატაცებებისთვის.
ლარი ელისონი
2012 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ „ორაკლის” დამაარსებელმა და მფლობელმა, მილიარდერმა ლარი ელისონმა კუნძულ ლანაის ფართობის 98 პროცენტი შეიძინა. კუნძული, რომლის ფართობი 365 კვადრატული კილომეტრია, სიდიდით მეექვსეა ჰავაის არქიპელაგში. კუნძულის შეძენა ელისონს 500-600 ათასი დოლარი დაუჯდა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ელისონის კაპიტალი, 2012 წლის „ფორბსის” მონაცემებით, 31 მილიარდია, მას კიდევ რამდენიმე კუნძულის შეძენა შეუძლია. ამბობენ, რომ ლანაიზე ელისონი დასასვენებელ ვილას მოიწყობს, სადაც თავისუფალ დროს გაატარებს.
ჯეფრი ბეზოსი
„ამაზონის” დამაარსებელი და მფლობელი, მილიარდერი ჯეფრი ბეზოსი, რომლის კაპიტალი, ბოლო ცნობებით, 18,4 მილიარდი ამერიკული დოლარია, კოსმოსის დაპყრობის იდეამ გაიტაცა. 2000 წელს ბეზოსიმ გახსნა აეროკოსმიური კომპანია, რომელიც დაკავებულია სუბორბიტალური ხომალდების შექმნით, რათა კოსმოსური ტურიზმი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. 2011 წლიდან ბეზოსის კომპანია ახორციელებს ხომალდების გამოცდებს, თუმცა საქმე ჯერჯერობით არცთუ კარგად მიდის. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ბეზოსიმ სრულად შეცვალა ინჟინერთა გუნდი და სამუშაოდ გამოცდილი ინჟინრები აიყვანა, რომლებიც ჯერ კიდევ 1969 წელს, „აპოლო 11”-ის კოსმოსში გაშვებაზე მუშაობდნენ. ამბობენ, ბეზოსი დიდ იმედებს ამყარებს მთვარეზე მივლენილი ხომალდის ინჟინრებზე და წარმატების შემთხვევაში, პირველი აპირებს კოსმოსში გაფრენას.
პოლ ალენი
მას შემდეგ, რაც ლარი ელისონმა 2010 წელს შოუ-ბიზნესის ვარსკვლავს მიჰყიდა თავისი იახტა „რაიზინგ სანი”, „აიტიშნიკ” მილიარდერებს შორის ყველაზე გრძელი იახტის პატრონი „მაიკროსოფტის” თანამფლობელი პოლ ალენი გახდა. მისი „ოკტოპუსი” საუკეთესოა ამ კლასის იახტებს შორის. ამის გარდა, ალენი გატაცებულია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავების კოლექციონერობით და გავრცელებული ცნობის თანახმად, ამ ზაფხულს რამდენიმე მნიშვნელოვანი ექსპონატი შემატა თავის კოლექციას.
ბილ გეითსი
1994 წელს ბილ გეითსმა, „მაიკროსოფტის” სახელგანთქმულმა მფლობელმა და შეთავსებით მილიარდერმა, 31 მილიონ დოლარად „კრისტის” აუქციონზე ლეონარდო და ვინჩის 72-გვერდიანი „ლესტერის მანუსკრიპტი” შეიძინა. მას შემდეგ გეითსი ამ მანუსკრიპტის ექსპოზიციებს აწყობს და სხვადასხვა გამოფენაზე გამოაქვს. გარდა ამისა, გეითსი ბოლო ხანებში ერთი კონკრეტული მხატვრის ნამუშევრების კოლექციონერობამ გაიტაცა. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მილიარდერმა 30 მილიონ დოლარად უინსლოუ ჰომერის ფერწერული ტილო შეიძინა.
ერიკ შმიდტი
„გუგლის” დირექტორთა საბჭოს წევრს, მილიარდერ ერიკ შმიდტს ფეშენებლური ვილა აქვს კალიფორნიის შტატში, სანტა-ბარბარასთან ახლოს, მონტესიტოში. ეს ვილა შმიდტმა 2007 წელს, გავრცელებული ვერსიის თანახმად, 20 მილიონ დოლარად შეიძინა. საინტერესოა, რომ ამ ვილაზე არაერთი გახმაურებული ქორწინება გამართულა. მაგალითად, ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა 2003 წელს აქ იქორწინეს.
სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ „გუგლის” მფლობელებმა – სერგეი ბრინმა, ლარი პეიჯმა და ერიკ შმიდტმა 33 მილიონი დოლარი ჩადეს კალიფორნიაში მდებარე, 30-იან წლებში აგებული ანგარის რეკონსტრუქციაში, სადაც მილიარდერების ავიაპარკის განთავსება იგეგმება. ავიაპარკი რვა თვითმფრინავისგან შედგება, მათ შორის გამორჩეული ადგილი ბომბდამშენ „დესო/დორნიერ ალფა ჯეტს” უკავია, რომელიც ბრინის პირადი კოლექციის მარგალიტად მიიჩნევა.
მაიკლ დელი
2010 წელს „დელის” მფლობელის, მილიარდერ მაიკლ დელის საინვესტიციო კომპანია „მსდ კაპიტალმა” მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ფოტოსააგენტო „მაგნუმ ფოტოსგან” 185 ათასი ცალი ძველი, შავ-თეთრი ფოტოსურათი შეიძინა. ფოტოების შეძენა დელს 100 მილიონი დოლარი დაუჯდა და მთლიანი კოლექცია მან მშობლიურ უნივერსიტეტს გადასცა, ოსტინში. ამბობენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს ფოტოების „ფოტოშოპში” დამუშავება, რათა საზოგადოებამ რესტავრირებული ფოტოების კოლექცია გამოფენაზე იხილოს.
ჯეიმს კლარკი
1998 წელს კომპანიების – „სილიცონ გრაფიკსისა” და „ნეტსკეიპ კომუნიკეიშენის” დამაარსებელმა, მილიარდერმა ჯეიმს კლარკმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალური იახტა, „ჰიპერიონი” შეიძინა. იახტის სიგრძე 60 მეტრი იყო და ყველაზე მაღალი ბოძი ჰქონდა. ეს შენაძენი კლარკს 50 მილიონი დოლარი დაუჯდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა გახლდათ. ამჟამად „ჰიპერიონი” სხვა მფლობელის საკუთრებაშია, ხოლო კლარკის შესახებ ცნობების მოძიება გართულდა.
პიტერ ტილი
2008 წელს პიტერ ტილმა „ფეიფალის” ავტორმა და „ფეისბუქის” პირველმა ინვესტორმა ოკეანეში მცურავი კუნძულის აგების ინიციატივა გაახმოვანა. პროექტის ღირებულება 1,25 მილიონი დოლარია და ამ კუნძულის მეშვეობით, ტილი აპირებს, შექმნას პირველი პრეცენდენტი, როცა კუნძული არც ერთ სახელმწიფოს არ დაემორჩილება, იქნება სრულიად თავისუფალი და მასზე არ ჩატარდება არჩევნები. კუნძულის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მისი დასრულების შესახებ არაფერია ცნობილი.