დასაქმებული დასაქმების სამინისტრო
სამნულიანთან ცხებულები
დასაქმების სამინისტრო არათუ შეიქმნა, მის პირველკაცს სახელმწიფო მინისტრის წოდებაც მიენიჭა (სავარაუდოდ, იმის ხაზგასასმელად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის დასაქმების თემა), ხოლო, ამ უკანასკნელმა, თავის სამწყსოსთან ერთად, დაუსაქმებელთა აღრიცხვაც დაიწყო (უკვე 40 000-მდეც ასულან, თურმე), ბუნებრივია, იმის პარალელურად, რომ თვითონაც დასაქმდნენ. მეტიც, არათუ დასაქმდნენ, თუ მათ ხელფასებს გადავხედავთ, კიდეც „გაკეთდნენ“.
ერთი სიტყვით, „ოფენდატმა“ ინფორმაცია მოიპოვა და ჩვენც გაგვიმხილა (ჩვენ თქვენ გაგიმხელთ), რის მიხედვითაც, დასაქმების მინისტრ ტრაპაიძის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 540 ლარით განისაზღვრა, მის ორ მოადგილეს კი ოდნავ ნაკლები – 2 720 ლარი ერგო, აპარატის უფროსს – 1 900 და ამდენივე – დეპარტამენტის 3 უფროსსაც; სახმინისტრის მრჩეველს 1 800 ლარი აკმარეს (ასეთი ბ-ნ ტრაპაიძეს ორი ჰყავს), მთავარ ბუღალტერს – 1 400.
1 180-ლარიანი ხელფასები კი შემდეგ პირებს გადაუნაწილეს: იურისტს (1 ცალი), საქმის მწარმოებელს (ასევე, 1 ცალი), სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტს (1 ც.), თვით პრესსპიკერსა (1 ცალს) და მთავარ სპეციალისტს (ეს უკანასკნელი 5 ცალია), 11 სპეციალისტისთვის კი მხოლოდ 900-900 ლარი გაიმეტეს.
უფრო მეტიც, როგორც ირკვევა, დასაქმების სამინისტროში (და მერე რა, რომ, სულ რაღაც ორიოდე თვის წინათ შეიქმნა) პრემიებიც გაცემულა და ამ თანხას ამ მცირე პერიოდში 41 845 ლარი შეუდგენია.
ბუნებრივია, მე ვერაფერს მოგახსენებთ იმის შესახებ, თუ რა ჯაფის გამო იმსახურებს ბ-ნი ტრაპაიძე და მისი სამწყსო ეგზომ მაღალ-მაღალ ხელფასპრემიებს (მათი მოვალეობა ოდენ უმუშევართა აღწერაა), თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კაცი იმედით ცოცხლობს, არც ისაა გამორიცხული, რაკი სამნულიან ხელფასცხებული ჩინოვნიკები აღწერენ, თუ საკუთარით ვერა, ეს ჩვენი დაუსაქმებლები სხვისი ნულებით მაინც გაიხარებენ.