როდის ძალადობენ გიორგი სუხიტაშვილზე ბოლომდე და რისგან ვერ იღებს ის სიამოვნებას
ზაფხულის ცხელ თვეებში ადამიანების უმრავლესობა სამსახურში შვებულებას იღებს და ისვენებს, მომღერლებისთვის კი სწორედ ამ დროს იწყება აქტიური სამუშაო სეზონი. მათ შორის გამონაკლისს არც გიორგი სუხიტაშვილი წარმოადგენს, რომლისთვისაც ეს ზაფხული საკმაოდ ნაყოფიერი და დატვირთული აღმოჩნდა.
გიორგი სუხიტაშვილი: ეს ზაფხული წინა ზაფხულს ბევრად სჯობდა, რადგან შარშან სულ ბათუმში ვიყავი, ახლა კი ბევრი სიახლე იყო და გარემოც გამოვიცვალე. სულ ვწუწუნებ, დასვენება მინდა-მეთქი, მაგრამ, საბოლოო ჯამში‚ არ მინდა დასვენება, რადგან, როცა ერთ ადგილას ვჩერდები, უფრო ვიღლები. ამიტომ‚ მირჩევნია, ცოტა უფრო მეტი ვიწანწალო, ოღონდ, კარგ ხალხთან ერთად. სუფრასაც ეტყობა ხოლმე‚ იქ როგორი ხალხია, რადგან‚ როცა რამდენიმე ადამიანი უცხოა, ჩუმად არიან, საეჭვოდ სხედან, ირონიული მზერით იყურებიან, მაშინ‚ გინდა-არგინდა, უფრო ნაკლებს ატრაკებ.
– ალბათ, ასეთ დროს კონფლიქტიც ხშირია.
– შარებს არასდროს ვეძებდი, ჩემ გამო კონფლიქტი იშვიათად მომხდარა, უფრო სხვების გამო გავხვეულვარ შარში. ისე‚ ჩემი შარიანობა მაშინ იწყება, როცა ვაწყდები უაზრო უსამართლობას, ჩაგვრას, უზრდელობას. ბევრი რამეა‚ რამაც, შეიძლება, გამაღიზიანოს. რეპლიკები მაგიჟებს ხოლმე და, ვცდილობ, წავუყრუო. ზოგადად‚ ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მით უმეტეს‚ როცა ამ ადამიანებს შორის არანაირი ანგარება არ არსებობს, უბრალოდ, გიყვარს და უყვარხარ. მაგრამ, ხშირად ამ ადამიანებშიც გამოერევიან ისეთები, რომლებიც ამბობენ: ნახე, ახლა რა ვაკადრო, რა გავაკეთებინოო. ხომ მაქვს უფლება, შევიდე სადმე მეგობრებთან ერთად, ვივახშმო, აზრები გავცვალოთ?! არასდროს ვჯდები დარბაზში, ყოველთვის ვჯდები კუპეში, ან, სადაც დახურული სივრცეა. ეს ჩემი ხუშტური არ არის, უბრალოდ‚ როცა ღია ადგილას ვზივარ, მერე ამას ბევრი შარი მოჰყვება ხოლმე. მაგალითად‚ ვზივარ მეგობრებთან ერთად და ამ დროს მოდის ჩემთან უცხო. მე‚ რა თქმა უნდა‚ ყველას ძალიან კარგად ვხვდები, მაგრამ, ეს კარგად შეხვედრა მერე არწასვლის მიზეზი ხდება, მიმათრევს თავის მაგიდასთან და უნდა, რომ იქ მამღეროს. რომ ვეუბნები, მეგობრებთან უნდა დავბრუნდე, ცუდად ვარ, ყელი მტკივა, უნდა წავიდე-მეთქი, ამ დროს ამბობს: თავში აგივარდა, მე შენთვის იმდენი ესემესი მაქვს გამოგზავნილიო. ამდენი ხანია, ესემესების დაყვედრება გრძელდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმათ, ვინც ერთი ესემესიც კი გამომიგზავნა, მაგრამ, თუ იმ იმედით მიგზავნიდნენ, რომ მერე ყველა მაგიდასთან მამღერონ და ამით გადამახდევინონ, ეს არასწორი საქციელია. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. მათი დამსახურებაა, რომ დღეს‚ ასე თუ ისე‚ ფართო საზოგადოება მიცნობს. მე უფრო სხვა კატეგორიაზე ვსაუბრობ. უთქვამთ ხოლმე ჩემთვის: „მამაშენის ტოლი ვარ, გასაგებია, ტელევიზორში ორჯერ გამოჩნდი, თავში ავარდნა რა საჭიროა, განათლებაა საჭირო“... ანუ, უკვე შეურაცხყოფაზე გადმოდიან და, ამიტომ, ვცდილობ, ხალხში არ გავერიო. ერთხელ, მახსოვს‚ რეგიონიდან მოვდივარ; ბრიჯები, გერმანიის ნაკრების მაისური მაცვია და კეპი მახურავს. დიღომში მეგობრები რესტორანში მელოდებოდნენ, თან, ძალიან მშიოდა. მითხრეს: კუპე არ იყო, მაგრამ, ისეთი მაგიდა ავიღეთ, სადაც ხალხისკენ ზურგით იჯდებიო. თანაც, საქმეზე სალაპარაკო გვქონდა. ბევრი, დაახლოებით 10-კაციანი ბრიგადა ვიყავით. რესტორანში კონფერანსიე ჰყავთ, რომელიც მიესალმა ხალხს და მერე ამბობს: „ჩვენ სტუმრად გვყავს გიორგი სუხიტაშვილი, რომელსაც ვთხოვთ, მობრძანდეს სცენაზე და ორი სიმღერა შეგვისრულოს!“ იცი, როგორ ვარ? ხორცის ნაჭერი მოვამზადე, საწებელი დავისხი, მშია, მეგობრებიც მელოდებიან, რომ ვჭამო და მერე საქმეზე ვისაუბროთ; თან, სიმღერის განწყობაზე ნამდვილად არ ვარ – ჯერ ერთი დავიღალე, თანაც, ზოგჯერ არის ისეთი პერიოდი, როდესაც საერთოდ არ მინდა სიმღერა, თუ გამოუვალი სიტუაცია არ არის, კონტრაქტი არ მაქვს დადებული ან რაღაც შეკვეთა არ არის, რომელიც ბიზნესს უკავშირდება და არა ჩემს სიამოვნებას. ბიჭებს ბოდიში მოვუხადე, ავდექი და წამოვედი, რადგან, ძნელია‚ ადგე, ახვიდე სცენაზე და ყალბად იხუნტრუცო. მეგობრების ქორწილებსაც ვერიდები, თუ ვიწრო წრეში არ არის; ან, მივულოცავ და მოვდივარ. არც გაცდიან, რომ შენ მოგინდეს სიმღერა და იმღერო, მაინცდამაინც უჭმელზე და უზმოზე უნდა გამღერონ.
– წარმომიდგენია‚ როგორია ამ დროს სიმღერა.
– დიდი ბოდიში‚ ასეთ შედარებას რომ ვაკეთებ, მაგრამ, ამ დროს, იცი, როგორი შეგრძნებაა? თითქოს გაუპატიურებს ვიღაცა. არ გინდა, არ მოგწონს და ძალადობენ შენზე, თან, უნდა ისიამოვნო. გაუპატიურებისას, ზოგჯერ, თავიდან ხომ უწევს ვიღაც წინააღმდეგობას და მერე სიამოვნებას იღებს, აქ ბოლომდე გშოკავს ვიღაც. თან მერე – კიდევ და კიდევ. ჩემს პროფესიაში ბევრჯერ გავუუპატიურებივარ და, არა მხოლოდ მე, ჩემი ბევრი კოლეგაც... ცოტა ხნის წინ რაჭაში ვიყავი, ჩემი მეგობრები იყვნენ, კიდევ რამდენიმე მომღერალი, ერთი ანსამბლი და დიდი სიამოვნება მივიღე. ასეთი საღამოები იშვიათია – ის სიმღერას წამოიწყებს, შენ მეორე ხმას მისცემ და, რაც მთავარია‚ არავინ გაწყვეტინებს. პირადად მე თამადის ინსტიტუტს დღევანდელ საქართველოში ამოვძირკვავდი, რადგან დღეს თამადამ შეითავსა დიქტატორის ფუნქციები, უნდა რომ მონოპოლია ჰქონდეს და მხოლოდ მას უსმენდე. არადა‚ სუფრა იმისთვის არის, რომ ისიამოვნო, ჩვენთან კი პირიქით ხდება: უნდა ჭამო, დალიო, მერე არჩვის ფეხს შემოგიტანენ, ახლა იმით უნდა დალიო განსხვავებული და ბოლოს უნდა მოკვდე.
– ანუ‚ როგორ ადგილებში გიყვარს დასვენება, გართობა: იქ, სადაც სიმშვიდეა თუ, პირიქით – ხმაურში?
– ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. მედისკოთეკე არასდროს ვყოფილვარ, თან, უმოტივაციოდ რომ ცეკვავენ. დიდხანს ვცეკვავდი, ხან სად და ხან – სად, მომთაბარე ცხოვრებას ვეწეოდი. „თელაშიც“ დავდიოდი, ქართულ ხალხურ ცეკვებს ვსწავლობდი, მუებნებოდნენ‚ ძლიერი მუხლი გაქვსო. თავიდან, ტრიალები მიჭირდა, ბოლოს დავამხეცე. მაგრამ თავშეყრის ადგილებში იშვიათად მიცეკვია, შეიძლება, ეს კომპლექსიც არის, არ ვიცი. მოკლედ‚ არ მიყვარს. ძალიან ბევრ კლუბში ვმღეროდი, არ ვარ გოგონების მიმართ გულგრილი. სიმღერას რომ ვამთავრებდი, მერე ვრჩებოდი კლუბში. ამ დროს გოგონებს თავისი „ტუსოვკა“ აქვთ, მატრიარქატი ზეიმობს: უცებ ოცდაათი გოგონა დგება და ერთმანეთს ეცეკვება – აი, ეს არის უმოტივაციო ცეკვა. მათ ერთმანეთი აშკარად არ „უნდათ“, თან, მოტივაცია ის არის, რომ საპირისპირო სქესის ყურადღება მიიქციონ, „დაკერვის პონტში“, მაგრამ, გოგონები თავისთვის ცეკვავენ, ბიჭები კი თავისთვის დგანან.
– კომპლექსები ახსენე. თუ გაქვს ისეთი კომპლექსი, რაც ყველაზე მეტად გიშლის ხელს?
– არ ვიცი‚ კომპლექსია ეს თუ რა არის, მაგრამ, სულ ვცდილობ‚ შენიშვნა არ მივიღო და ამ მხრივ‚ სულ დაძაბული ვარ. ეს ხშირად ბევრ რამეში მეხმარება: უფრო შრომისმოყვარე ვხდები, უფრო დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. ფობიებიც არ გამაჩნია. ბოლო დროს ჩემზე ბლოგებზე დაწერეს, რომ თითქოს მე ჰომოფობი ვარ და გეების, ლესბოსელების მიმართ აგრესია მაქვს. ამ საკითხს ასეთ ჭრილში არ განვიხილავ და არც არავინ მძულს. შეიძლება, არატრადიციული ორიენტაციის მეგობარიც მყავდეს, ეს ჩემთვის არ არის პრობლემა. არც გეიზე მაქვს აგრესია, ახლა, თუ თავზე არ დამახურა რამე. როგორც მე არ მივდივარ მასთან და არ ვეუბნები, ქალთან სექსი მაქვს-მეთქი, ისიც არ უნდა მოვიდეს და არ უნდა მითხრას, – კაცთან სექსი მაქვსო. შეიძლება, ვიღაც ღრიალებდეს და იმაზე გავბრაზდე – ესე იგი‚ ღრიალოფობია მჭირს?! უბრალოდ, რაღაცამ ან ვიღაცამ არ უნდა შეგაწუხოს, დისკომფორტი არ უნდა შეგიქმნას, თორემ‚ მე არავისთან არ მივდივარ, თავში არაფერს ვურტყამ და არანაირი ჰომოფობი არ ვარ. თუ ვიღაცამ ამ ყველაფერს სხვა სარჩული მოუძებნა, ეს სხვა საქმეა, რადგან, თუ მიზეზს ეძებ, რაღაცას ისე დაინახავ‚ როგორც გინდა. ეჭვიანი ადამიანი ყოველთვის ხედავს საეჭვიანოს და სულ შოკშია. პირადად მე უმიზეზოდ არასდროს ვეჭვიანობ. უმიზეზოდ მხოლოდ მაშინ ვჩხუბობ, თუ ვიღაცისთვის სიურპრიზი მაქვს. ანუ სიურპრიზის წინ ვძაბავ სიტუაციას. მაგალითად‚ მინდა, ვიღაცას რამე ვაჩუქო, ან იცის, რომ თბილისში, საქართველოში არ ვარ. ვრეკავ და ვეძებ მიზეზს, თანაც ყოველთვის ვპოულობ ამ მიზეზს, იმაზე წამოვყვე და, მერე იმხელა ტრაგედიას ვქმნი, „არმაგედონს“ დავმართებ. ხშირად რაღაცეებზე მართლა „ვჭედავ“ და, ამიტომ, ფიქრობენ, ვაითუ მართლა „გაჭედაო“. ხომ იცი‚ ცრუს ამბავი – მგელი, მგელიო და, აღარ სჯერათ უკვე ჩემი. როცა სიურპრიზების გაკეთება გიყვარს, ესე იგი‚ ყველას უკეთებ – მეგობარსაც, დედასაც, შეყვარებულსაც. მეც მიყვარს, რომ მიკეთებენ სიურპრიზებს, რატომაც არა.
– არ გაქვს პირად ცხოვრებაში სიახლეები?
– რაც ჩემს ცხოვრებაში რაღაც ეტაპი დამთავრდა, ამ თემით ბევრი ინტერესდება. მერე ეს ბევრ პრობლემას ქმნის, მიიღებენ რაღაც ინფორმაციას და ქექვას იწყებენ: ის ვინ არის, რატომ არის მარტო, ან, რატომ არის მასთან... მერე ყველაზე ჭორები ვრცელდება და პრობლემებს ქმნის. ამიტომ, არ ვამბობ, რომ მარტო ვარ, თუმცა, არც იმას ვამბობ, რომ ვინმესთან ერთად ვარ.