კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ყვიროდა ხელფეხშეკრული ანა ლომინაძე და რაზე ოცნებობდა 17 წლის მსოფლიოს რეკორდსმენი

30 აგვისტოს ქართველმა გოგონამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ანა ლომინაძემ კოლხური სტილით გადაცურა დარდანელის სრუტე, ხელფეხშეკრულმა დისტანცია 90-ის ნაცვლად 50 წუთში დაფარა, თანაც, ის სულ რაღაც 17 წლისაა და პირველი ქალია, ვინც კოლხური სტილით გადაცურა დარდანელი. გამოგიტყდებით, ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება კიდურების მოსმის გარეშე იცურო. ანას რეკორდი BBC-იმ, CNN-მა და თურქულმა ტელეკომპანიებმა აჩვენეს. „კოლხი ქალთევზა“, როგორც მას ტელეწამყვანმა შეარქვა, დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმარია.

– ანა, გილოცავ ამ დიდ წარმატებას! როგორ დაიწყო ყველაფერი?
– ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2008 წელს ჰენრი კუპრაშვილმა გადაცურა დარდანელი კოლხური სტილით. ორი წლის წინ კი, მეც შემომთავაზა, გადამეცურა იგივე სრუტე. სამწუხაროდ, სპონსორები არ გვყავდა, მაგრამ, ლადო ათანელის საქველმოქმედო ფონდმა გვაჩუქა 1 000 ევრო, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა ბილეთებისთვის, გადასახადებისთვის, სასტუმროსთვის, კატერის დასაქირავებლად. საშინლად ვნერვიულობდი, სანამ ჩავიდოდი – დარდანელი თვალით არ მქონდა ნანახი. წინა ღამეს ძლივს დავიძინე. წინა დღეებში არც ძლიერი დინება ყოფილა, არც ქარი, მაგრამ 30-ში დილით რომ გავედი და ამხელა ტალღები დავინახე, კინაღამ გული გამისკდა! კატერზე რომ დავჯექი და აქეთ-იქიდან ტალღები ეხეთქებოდა, ძალიან ვინერვიულე, მაგრამ, როგორც კი ხელ-ფეხი შემიკრეს, მაშინვე დავმშვიდდი, ტვინი გამეთიშა და მარტო მიზანზე ვფიქრობდი. ცურვის ამ სტილს კოლხური ჰქვია, ანუ, სამხედრო. წყალში რომ აღმოვჩნდი, ვფიქრობდი, ვერაფერი შემაჩერებდა. მიზნისთვის ძალიან ბევრი ვიბრძოლე, სამი თვე ვვარჯიშობდი და ყველაფერი სხვა გადავდე. ტექნიკური სიძნელე მაინცდამაინც არ შემხვედრია, ერთადერთი პრობლემა დინებების ცვლა იყო. წყალიც, ზოგან თბილი იყო, ზოგან – ცივი. მინდოდა, საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მაგარი ვარ. არ მინდოდა, დამარცხებული ჩამოვსულიყავი.
– ჰენრი კუპრაშვილი შენი მწვრთნელია. რა რჩევა-დარიგებებს გაძლევდა?
– მამშვიდებდა, ვიდრე გავცურავდი, დინებებს მასწავლიდა, მერე კატერზე იჯდა და მიმართულებას მაძლევდა.  თვითონ მშვიდად იყო, როგორც ვიდეოში ჩანს (იცინის).
– ქართული ტელეკომპანიები თუ იყვნენ თურქეთში შენი რეკორდის დასაფიქსირებლად?
– არა. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი ჩამოსვლა. იქ კიდევ ერთი პრობლემა იყო – არ გვაძლევდნენ უფლებას, რომ გადაგვეცურა. ზოგი ამბობდა, 500 კაცზე მეტს ვერ დავუშვებთო, ზოგი მეუბნებოდა, 501-ე იყავი, ოღონდ, კოლხური გაცურვის უფლებას ვერ მოგცემთ, კროლით იცურავეო. ამიტიმ, კერძო კატერი ვიქირავეთ და გავცურეთ, ტელეკომპანიები არ იყვნენ. ჩემმა მეგობარმა გადაიღო კამერით და მერე ამ საშუალებით გავრცელდა BBC-სა და CNN-ის საშუალებით. ძალიან ბედნიერი ვარ. სამწუხაროდ, გინესის რეკორდების წიგნში ვერ მოვხვდი, რადგან, უნდა ყოფილიყო მინიმუმ ორი ტელევიზია. მაგრამ, მთავარია, რომ მსოფლიო რეკორდი დავამყარე – გავიტანე საქართველოს სახელი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მსოფლიოში პირველი ქალი ვარ, ვინც დარდანელი გადაცურა ხელფეხშეკრულმა.
– დილეტანტი ვარ და ამიხსენი, როგორ შეიძლება, ადამიანმა იცუროს ხელფეხშეკრულმა, რთული არ არის?
– გეთანხმები, რთულია. აბსოლუტურად უძლური ხარ, არ ამოძრავებ ხელ-ფეხს, მოძრაობს მარტო წელი და მენჯი და, შეიძლება, სერიოზული საფრთხეც შეგექმნას, მაგრამ, ჯერ არავინ დამხრჩვალა და რა ვიცი (იცინის). თუმცა, თუ ერთხელ ისწავლე, მერე აღარ არის პრობლემა. ბატონ ჰენრის ჩემ გარდა, მოსწავლე გოგო არ ჰყავს, მარტო ბიჭები დადიან, ისიც – ცოტა. დიდხანს ვგეგმავდი რეკორდის დამყარებას, დაახლოებით სამი თვე.
– ბავშვობიდან ცურავ?
– 3-4 წლიდან. დედაჩემის მეგობარი, ჩემი მეორე დედა – ნანა ჭუმბაძე მუშაობდა მწვრთნელად დიღმის აუზზე და მშობლებმა გასაკაჟებლად მიმიყვანეს. 3 წლის ბავშვს წყლის შიში საერთოდ არ მქონდა. 6 წლის ასაკში პირველი ადგილი ავიღე მოყვარულებში, 8 წლისა საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ვარ საქართველოს ჩემპიონი გულაღმა ცურვაში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი დელფინში, ბრასში, კოლხურში – საქართველოს ჩემპიონი, აზერბაიჯანის ჩემპიონი და თბილისის მერიის თასის მფლობელი.
– რა განცდა გქონდა იმ დროს, როცა ცურავდი?
– ისე მივედი მიზნამდე, ვერც გავიგე. ყველანაირად ვცდილობდი, ცუდზე არ მეფიქრა. ხმელეთი რომ დავინახე, კინაღამ გავგიჟდი! 90 წუთში უნდა დამეფარა 5,5 კილომეტრი და 50 წუთში დავფარე. შიში არც მიგრძნია საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ, მაგრამ, ვეცადე, ემოციებს არ ავყოლოდი. ბატონი ჰენრი რომ მეუბნებოდა: იქით, იქითო, ვერც მივხვდი, რას ამბობდა. ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი ვარ და ამ რეკორდმა კიდევ უფრო გაბედული გამხადა.
– ბატონმა ჰენრიმ როგორ აღმოგაჩინა?
– „ლაზურში“ გავხდი საქართველოს ჩემპიონი. ჰენრი კუპრაშვილმა „ლაგუნა ვერეზე“ აღმომაჩინა და შემომთავაზა ჩემთან ივარჯიშეო. ხელფეხშეკრული ვცურავდი, ვარჯიშისას ხუთკილოგრამიანი სიმძიმე წელზე მეკეთა, ორკილოგრამიანი – ფეხებზე და ამ სიმძიმეებით ვახერხებდი დინებების დაძლევას.
– საქართველოში როგორ დაგხვდნენ?
– ძალიან კარგად. მთელი ჩემი სკოლა ამაყობს ჩემით, სწავლის გადასახადიც კი მომიხსნეს. ჩემი მეგობრებიც ამაყობენ. ასაკთან შედარებით ბევრს მივაღწიე.
– თაყვანისმცემლების რიცხვმაც იმატა, არა?
– დიახ (ეღიმება). ზოგი მწერს, ზოგი მირეკავს – არც ვიცი, საიდან იგებენ ჩემს ნომერს. ზოგს ჩემი გაცნობა უნდა, ხან გამარჯვებას მილოცავენ და მწერენ, ვამაყობთ შენითო.
– მშობლები რას ფიქრობდნენ ამ შენს გატაცებაზე?
– თავიდან წინააღმდეგები იყვნენ. დედა მეუბნებოდა: ანუკა, მაინც ქალი ხარ, სუსტი, არ გინდაო, მაგრამ, ჯიუტი და დამოუკიდებელი ვარ, რასაც დავისახავ მიზნად, აუცილებლად მივაღწევ! ჩემი მშობლები არ მახლდნენ თურქეთში – არ მიყვარს, შეჯიბრებებზე რომ მოდიან საგულშემატკივროდ. მარტო ერთხელ იყვნენ და საშინლად გამოვედი – ვნერვიულობ ხოლმე. მთავარია, ბატონი ჰენრი იყოს ჩემთან. დედაჩემი მირეკავდა თურქეთში ანერვიულებული – რას შვრები, როგორ ხარო. მაინც, ხომ იცი დედის გული (იცინის). რეკორდის დამყარების დღეს საერთოდ არ დაურეკავს, მთელი დღე ჩემთვის ლოცულობდა. იცოდა, რომ სტარტი პირველ საათზე უნდა ამეღო და სამის ნახევარზე დამემთავრებინა.  ანუ, საათ-ნახევარი მქონდა დრო. 2 სექტემბერს დედაჩემის დაბადების დღე იყო და 50 წუთში მესიჯი მივწერე: დე, ყველაზე მაგარი საჩუქარი გაგიკეთე – რეკორდი დავამყარე-მეთქი (იცინის). ისე გაუხარდა, ტირილი დაიწყო.
– ალბათ, ზღვაზე გიჟდები.
– დიახ და ყოველ წელს ზღვაზე ვისვენებ, ისე ვგრძნობ წყალში თავს, როგორც თევზი. 3 წლის რომ ვიყავი, კამერა მეკეთა და ისე ვცურავდი. მთავარია, შიში არ გქონდეს. მომავალში, მინდა, ლა-მანში გადავცურო. ამჟამად აბიტურიენტი ვარ, ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
– მოდი, რეკორდის დამყარების წინა მომენტი გაიხსენე.
– ვისაუზმეთ სასტუმროში და გავედით. ჩვენი კატერის კაპიტანი  ლაზი იყო, თვითონაც კარგად ცურავს. მითხრეს, არ არის დინებაო და მეც მომზადებული ვიყავი ფსიქოლოგიურად, რომ ტალღები არ იქნებოდა და შოკი დამემართა (იცინის). ბატონი ჰენრი დარწმუნებული იყო ჩემს გამარჯვებაში. ძალიან მომეწონა თურქეთი – ლამაზია და სუფთა! და, რეკორდსმენობაც ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ. დავიღალე, მაგრამ, არც მიტირია და არც არაფერი. გაღიმებული დავრბოდი საქართველოს დროშით.
– ალბათ, გიოცნებია მსოფლიოს რეკორდსმენობაზე.
– ზუსტად მაგაზე ველაპარაკებოდი დედაჩემს ამას წინათ. დავწვებოდი ღამით და ვოცნებობდი, თავში ათასნაირი აზრი მომდიოდა. ვიცოდი, რომ ბევრ რამეს მივაღწევდი, თუმცა, გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ.
ჰენრი კუპრაშვილი (ანა ლომინაძის მწვრთნელი): ანა ძლიერი, შრომისმოყვარე და მებრძოლი გოგოა. „ლაგუნა ვერეზე“ ვავარჯიშებდი. ძალიან ნიჭიერია, თან, ტანის ზუსტად ისეთი კომპლექცია აქვს, როგორიც მარათონულ მოცურავეს სჭირდება – მსხვილი უნდა იყოს და ცოტა ქონიც ჰქონდეს. იმ აბობოქრებულ ტალღებს ბევრი ვაჟკაცი ვერ შებედავდა! არასდროს აცდენდა მეცადინეობას, ავადაც რომ ყოფილიყო, მაინც მოდიოდა. თან, ადვილად ითვისებდა ყველაფერს. რეკორდი ასეთ ექსტრემალურ პირობებში დაამყარა და, ცურვისას თავი ამოყო და დაიძახა: ჩქარა, ფოტოაპარატით გადამიღეთო. ანა მსოფლიო დონის უძლიერესი მარათონელი დადგება, ოღონდ, აუზსა და დინებაში დრო სხვადასხვანაირად ითვლება. ძალიან მინდოდა, ჩვენთან ერთად კატერზე ყოფილიყო გივი სიხარულიძე, რომელსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

скачать dle 11.3