კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დადგა თუ არა ჩვიდმეტი მილიონი ფუნტის გაცემის ხანდაზმულობის საკითხი ლივერპულის ბანკში და შეძლებს თუ არა მის აღებას თანხის ერთადერთი მემკვიდრე ლიკა გოგოლაშვილი

საბჭოთა წარსულმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თან, ისე, რომ მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება, თითქოს არც დაბადებულან და არც უცხოვრიათ. განსაკუთრებით კი მაშინ რთულდება ყველაფერი, თუ ასეთი ადამიანების შთამომავლებს დიდი ბაბუებისა და ბებიების სამართალმემკვიდრეობის დამტკიცება სჭირდებათ. ლიკა გოგოლაშვილი ერთ-ერთი მათგანია. რომ არა ჩვიდმეტი მილიონი ფუნტი სტერლინგი, რომელიც ბრიტანეთის ერთ-ერთ ბანკში ინახება, დიდი ბაბუის ისტორიას საინტერესო ამბად მოუყვებოდა მომავალ თაობასაც, მაგრამ, თანხა იმდენად შთამბეჭდავი და სიმშვიდის დამკარგავია, რომ ბაბუასთან სისხლისმიერი კავშირის დადგენა ლიკასთვის აუცილებელი გახდა.

 ლიკა გოგოლაშვილი: ეს ისტორია ბავშვობიდან ვიცი, თუმცა, ახლა მასზე აქტიურად ფიქრი მოტივაციის მომატების გამო დავიწყე. უბრალოდ, ძალიან მჭირდება მილიონი (იცინის) ამბავი დაიწყო მოსკოვში – მაშინ იქ ვცხოვრობდით. 1997 წელი იყო. მამა იმ პერიოდში საკმაოდ მყარად იყო ფინანსურად. ერთ საღამოს მიამბო ასეთი ისტორია: თურმე, მისი დიდი ბაბუა მუშაობდა ჭიათურის მაღაროების ერთ-ერთ კომპანიაში და ჰყავდა ინგლისელი, კონკრეტულად კი ლივერპულელი უფროსი. მას ბაბუასთვის და კიდევ რამდენიმე წარმატებული თანამშრომლისთვის შეუთავაზებია, რომ ხელფასის ან დანაზოგის ნაწილით ფასიანი ქაღალდები შეეძინათ. კონკრეტულად რა ფასიან ქაღალდებზე იყო საუბარი ან რა ტიპის ანგარიში გახსნა დიდმა ბაბუამ, ეს დეტალები კონკრეტულად არ ვიცი – საკმაოდ პატარა ვიყავი, როდესაც მამამ ეს ისტორია მომიყვა და დეტალები არ მახსოვს, უბრალოდ, იმ ასაკისთვისაც კი თანხა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ეგრევე იმოქმედა. მამამ თქვა, რომ მისი ვარაუდით, იმ დროისთვის ეს თანხა თოთხმეტი მილიონი ფუნტი უნდა ყოფილიყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კაციდან, ვინმე ნოდარ გოგოლაშვილიდან მოყოლებული, ჩემამდე, ჩემს წინაპრებს ყველას თითო შვილი ჰყავდა, ანუ, ყველა დედისერთა იყო. დიდ ბაბუას ძმები კი ჰყავდა, მაგრამ, როგორც მამამ მომიყვა, მისი ერთადერთი სამართალმემკვიდრე სწორედ მამაჩემი იყო. ეს ყველაფერი საინტერესო ზღაპრად, მომხიბვლელ ისტორიად მივიღე. თუმცა, მამაჩემმა მითხრა, ამ ყველაფრის გამოძიებას და დადგენას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდებოდა, რაც აქამდე არ მქონდა, ახლა კი მაქვს იმის საშუალება, რომ მემკვიდრეობის მისაღებად ვიბრძოლოო.
– და დაიწყო გამოძიება?
– 1998 წლის მარტში საქართველოში დავბრუნდით და მამა გარდაიცვალა. ეს მოხდა დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ იმ მონაყოლიდან. რა თქმა უნდა, ისტორია, რომელიც მიამბო, დიდი ხნის განმავლობაში აღარც გამხსენებია. როგორც კარგ მოსაყოლ ამბავს, ამ ისტორიას ისე ვიხსენებდი ხოლმე. იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია საკმაოდ მწირი და ბურუსით მოცული იყო, ღრმად ამ საკითხებით აღარც დავინტერესებულვარ. მე პოტენციურ მემკვიდრედ თავი ნამდვილად არ წარმომედგინა.
– თვითონ იმ კაცის ბიოგრაფიიდან რა იცით?
– ძალიან ცოტა რამ. მოსაძებნია არქივები, საბუთები მის შესახებ... 2005 წელს ირლანდიაში სასწავლებლად წავედი, პარალელურად ვმუშაობდი. ამბავი, როგორც საინტერესო ისტორია, რომლის მსგავსიც საბჭოთა რეპრესიების დროს ალბათ ბევრი იყო, ჩემს ირლანდიელ უფროსთან მოვყევი. ის საკმაოდ სერიოზული ადამიანია, მჭიდრო კონტაქტებით ინგლისთან და, მოულოდნელად, მეუბნება, რომ ჰყავს ძალიან ახლო მეგობარი ლივერპულში, რომელიც ბანკების სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობს. ბოლოს კი მითხრა, ამ ადამიანისგან შემიძლია, გავიგო ლივერპულის რომელიმე ბანკში თუ ირიცხება ამხელა თანხა ქართველის გვარზეო. ეს ამბავიც ისეთივე დაუჯერებელი მეგონა, როგორიც მთლიანად ეს ისტორია. აბსოლუტურად არასერიოზულად აღვიქვამდი მთელ ამ ამბავს, კარგი მოსაყოლი იყო და ვყვებოდი, თორემ მის რეალურობაზე ნამდვილად არ მიფიქრია.
– ანუ, რომ არა ეს ადამიანი, ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერც გაიგებდით.
– რა თქმა უნდა. მესამე საღამოს, დუბლინში ვარ, მირეკავს ჩემი უფროსი და მეუბნება, რომ ამა და ამ ბანკში გოგოლაშვილის გვარზე ჩვიდმეტი მილიონი ფუნტი ირიცხებაო. ამ ინფორმაციამ ისე დამათრობლად იმოქმედა ჩემზე, გონებაში უკვე ავიღე კიდეც ეს ფული და ვხარჯავდი. დაბნეულობისგან არანაირი დამატებითი ინფორმაცია აღარ მიკითხავს მისთვის. ერთადერთი, ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ ეს იყო სამოცდაათი თუ ოთხმოცწლიანი თანხა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მალე დადგებოდა ხანდაზმულობის ვადა. თანხის გასაცემად სულ რაღაც რვა წელი იყო დარჩენილი. თუ ხანდაზმულობა ასი წელი აქვს, მაშინ, ძალიან კარგი, რაღაცის გასარკვევად კიდევ საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ, თუ ის ვადა ნაკლებია, ნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედო, რათა გაიგო, არის თუ არა შესაძლებელი ამ თანხიდან რაიმეს მიღება. ამ საქმეში ჩაერთო ჩემი მეუღლე (იმ პერიოდში შეყვარებული), მთელი მისი სანათესაო. ირლანდიიდან დაბრუნების შემდეგ ჩემმა შორეულმა ნათესავმა, სანდრო გოგოლაშვილმა, რომელთან კონტაქტებიც ამ ამბის შემდეგ განვაახლე, მითხრა, რომ ეს კაცი რუსთავის გზატკეცილზე დაუხვრეტიათ. ასევე, ვიცი, რომ მისი არსებობის დამადასტურებელი ერთადერთი საბუთი ქორწინების მოწმობა იყო, რომელიც შეიძლებოდა მომეპოვებინა. ამ ბიჭმა ზედაპირულად მითხრა, თუ ამ საქმის გამოძიება გინდა, ჭიათურიდან უნდა დაიწყო, რადგან, იმ ადამიანთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, რომელსაც ხვრეტდნენ, ძალიან გაგიჭირდებაო.
– ანუ, იმდენად შეგაშინა ამ სირთულეებმა, რომ ამბავს აღარ მიჰყევი?
– ასეა. რატომღაც, დახმარებისგან ყველა თავს იკავებდა, ჩემთვის კი ეს იყო ჩვეულებრივი ლაბირინთი და არ ვიცოდი, საიდან დამეწყო, სად წავსულიყავი, სად მეძებნა ამ აბურდული გორგალის ძაფი. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, იყო ის, რომ არსებობდა ეს ადამიანი, ჰქონდა თანხა და მისი ერთადერთი მემკვიდრე მე ვიყავი. მაგრამ, ვისთანაც კი ამ თემაზე ვიწყებდი ლაპარაკს, ყველა ისე მირთულებდა და ისე ზედაპირულად უდგებოდა ამ თემას, მეც დავიჯერე, რომ რამის მიღწევა თითქმის არარეალური იყო. სიმართლე გითხრათ, შესაბამისი ფინანსებიც არ გამაჩნდა იმისთვის, რომ ამეყვანა ადვოკატები, ჯგუფი, რომელიც ჩავიდოდა ინგლისში, მოამზადებდა შესაბამის საბუთებს, რითიც გამოითხოვდა ინფორმაციას ბანკიდან. უნდა გახსნილიყო არქივები საქართველოში, შედგენილიყო გენეალოგიური ხე, გაკეთებულიყო დეენემის ანალიზი და სხვა. მოკლედ, სამუშაო ძალიან ბევრი იყო. ვინც კი ამ ამბით დაინტერესდა, ყველას ვისტუმრებ წარმატებების დიდი სურვილით და ერთადერთი, რასაც ვთხოვ, არის ის, რომ ამ ფულიდან ერთი ბინა მაინც მიყიდონ თბილისში (იცინის). პრეტენზია მეტზე ნამდვილად არ მაქვს. უჩემოდ არავის არ მისცემდნენ ამ თანხას, მაგრამ, თუ ვინმე მიიყვანს საქმეს იქამდე, რომ ჩემი დასტურით ფულის აღებას შეძლებს, ბინის გარდა არაფერს ვითხოვ, დანარჩენი ფული თვითონ დაიტოვოს (იცინის). ბანკისთვის ძალიან დიდი რეკლამა იქნებოდა, რომ სამოცდაათი წლის შემდეგ ამხელა თანხა გასცა, ამიტომ, ისიც უნდა დაინტერესდეს, რომ თანხის რეალური სამართალმემკვიდრე გამოჩნდეს.
– ახლა გაქვს იმედი, რომ თანხას აიღებ?
– არ ვიცი, ძნელია, ასეთმა ამბავმა მოსვენება არ დაგაკარგვინოს, თუმცა, ნამდვილად არ მაქვს იმის საშუალება, რომ დამოუკიდებლად ავიყვანო ადვოკატები და ნულიდან დავიწყო ამ საქმის გამოძიება. ის მაინც მინდა მითხრას ვიღაცამ, რომ თანხის ხანდაზმულობის ვადა გავიდა და მშვიდად განაგრძე ცხოვრებაო. თუ ვინმე დაინტერესდება ამ ამბით და სერიოზულად მოჰკიდებს მას ხელს, შემიძლია, გავუფორმო ხელშეკრულება, რომ, თანხის მიღების შემთხვევაში მას თანაბრად გავიყოფთ ან რაიმე სხვა, მისთვის უფრო ხელსაყრელ ხელშეკრულებას გავუფორმებ. ძალა მჭირდება, რომელიც მეტყვის: მოდი დავიწყოთ, მოდი, ბოლომდე მივიყვანოთ. მარტო ვარ მთელ ამ სიტუაციაში და მართლა არ მეყოფა ენერგია, რომ ამ ამბავს შევეჭიდო. არც ვიცი, საიდან დავიწყო... ერთადერთი, ის ვიცი, რომ მამაჩემი საკმაოდ სერიოზული ადამიანი იყო, მყარად იდგა მიწაზე და ვარდისფერ ოცნებას მილიონერობის შესახებ ნამდვილად არ გამოეკიდებოდა.

скачать dle 11.3