რატომ სთხოვდა სომხეთის ქართველ მეფეს ცოლი მოკვლას და როგორ დაამთავრა მან ცხოვრება ტრაგიკულად
„ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში” იმ უამრავ ქართველზე მოგვითხრობს, რომლებმაც სხვა ქვეყანას მთელი თავისი ძლიერება, ნიჭი, შემოქმედებითი უნარები მოახმარა. სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებთა ისტორია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. უცნაურია სომხეთის ქართველი მეფის, რადამისტის ამბავი, რომელიც ძალიან ბევრი ანტიკური თუ თანამედროვე ხელოვანისთვის იქცა შთაგონების წყაროდ. იბერიის მეფის ძემ, თავისი საშინელი ამბიციურობით ძალიან ბევრს დაუნგრია ცხოვრება. მისი მეუღლე ზენობია კი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ქალია მსოფლიოს ისტორიაში.
ლევან გურიელიძე: სომხეთის მეფის, რადამისტის ისტორია საკმაოდ შთამბეჭდავი და უცნაურია. მის შესახებ მასალები შემორჩენილია ისტორიკოს ტაციტუსის „ანალების” მეთორმეტე წიგნში. რადამისტი სომხეთის მეფე იყო 51-53 წლებში. ის გახლდათ იბერიის მეფის, ფარსმანის ძე. რომაელი ისტორიკოსის თქმით, რადამისტი საოცარი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა, კარგად იყო გათვითცნობიერებული ხელოვნებასა და მეცნიერებაში. მედიდური და პატივმოყვარე რადამისტი საჯაროდ აცხადებდა, მამაჩემი მოხუცდა და იბერიას შესაფერის მეთაურობას ვეღარ უწევსო. ის მოუთმენლად ელოდა ტახტის გათავისუფლებას. რადამისტის ამბიციებით შეშფოთებულმა მამამ, შვილის თავიდან მოსაშორებლად, მას კიდევ უფრო მზაკვრული იდეები ჩააგონა – დაიყოლია, რომ წასულიყო და სომხეთი დაეპყრო. ამით მან ღვიძლი ძმა, მირდატი გაწირა, რომელიც მაშინ სომხეთს ედგა სათავეში.
– ძმა გაიმეტა, რომ საკუთარი ტახტი შეენარჩუნებინა?
– დიახ. ფარსმანს იმედი ჰქონდა, რომ ამ გზით გააფართოებდა თავის სამფლობელოს და სომხეთს იბერიას შემოუერთებდა. რადამისტი მირდატთან ჩავიდა, ჩასვლის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მამასთან და დედინაცვალთან ვერ რიგდებოდა. ბიძამ სიხარულით მიიღო ძმისწული, მაგრამ, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ღალატი ედო მას გულში. რადამისტი ფარულად ამხედრებდა სომეხ დიდებულებს მირდატის წინააღმდეგ. როცა შესაფერისი ნიადაგი მოამზადა აჯანყებისთვის, იბერიაში დაბრუნდა ვითომდა მამასთან შესარიგებლად და ჯარის სათხოვნელად. ფარსმანმაც გაუხსენა მირდატს, მე რომ ალბანელებს ვეომებოდი, რომაელების მოხმობა მინდოდა და შენ დამიშალეო. ეს საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა, რომ სომხებისთვის ომი გამოეცხადებინა. მირდატი, ბუნებრივია, ამ ამბავმა ძალიან დააბნია. ის ომისთვის არანაირად არ იყო მზად და ვერც ამ მოკლე დროში მოასწრებდა მომზადებას, ამიტომაც, თავი გარნის ციხეს შეაფარა. რადამისტმა რომაელების ერთი მოხელე მოისყიდა, რომელიც მირდატს ურჩევდა, ზავზე დათანხმებულიყო. „იბერნი ახლა შენზე ძლიერები არიან, მაგრამ, მაინც უარს არ ამბობენ მშვიდობიანობის ჩამოგდებაზე; სომხები, საზოგადოდ, ვერაგი ხალხია, თანაც, ამ ციხის გარდა, სხვა თავშესაფარი არც გაბადია. ამიტომ, ომს ისევ შეთანხმება ჯობია,“ – შეუთვალა რადამისტმა ბიძას. მეორე მოხელე, გარნის ციხის ჯარის ასისთავი კი იბერიაში წავიდა და ფარსმანს ძალას ატანდა, ქართული ჯარი სომხეთიდან გამოეყვანა.
– რომელმა დათმო?
– მირდატი რადამისტთან მოლაპარაკებას დათანხმდა, რადგან ძმისწულმა შეჰფიცა, რომ ხელს არ ახლებდა, მაგრამ, ეს მახე იყო. რადამისტმა სულმდაბლობა გამოიჩინა – ვერაგულად დააჭერინა ბიძა და ფეხებში ბორკილი გაუყარა. მეფის მკაცრი მმართველობით უკმაყოფილო ხალხი დატყვევებულ მირდატს შეურაცხყოფდა. მოვიდა ფარსმან მეფის საიდუმლო ბრძანებაც, რომ მირდატი მოეკლათ და რადამისტმა ეს ბოროტმოქმედება სასწრაფოდ აღასრულა. ამასობაში რომის კეისრის წარმომადგენლებმა ფარსმანს მოციქულები მიუგზავნეს, შენი ჯარი და შვილი სასწრაფოდ გამოიყვანე სომხეთიდანო. სპარსეთის მეფე ვალარშმაც დრო იხელთა – ახლა კი შეიძლება, სომხეთში ჩემი ძმა გავამეფოო და თავისი ჯარით სომხეთს შეესია. ქართველებმა სომხეთი სპარსებს უომრად დაუთმეს, ქალაქები – არტაშატი და ტიგრანაკერტი პართელების ბატონობას დაემორჩილნენ; მაგრამ, სპარსები იქ დიდხანს არ დარჩენილან – შავმა ჭირმა იჩინა თავი, სურსათიც საკმარისი არ ჰქონდათ და ვალარში იძულებული გახდა, სომხეთიდან წამოსულიყო.
– რადამისტს გზა თავისთავად გახსნია ტახტისკენ.
– რა თქმა უნდა. გაიგო თუ არა ეს ამბავი რადამისტმა, მაშინვე ისევ ხელში ჩაიგდო ტახტი. ის ხალხზე გაბრაზებული იყო და სომეხ ქვეშევრდომებს ისე ექცეოდა, თითქოს ყველანი მოღალატენი ყოფილიყვნენ. ასეთმა ქცევამ სომხები მოთმინებიდან გამოიყვანა და შეიარაღებული ხალხი გაშმაგებით შემოერტყა გარს სასახლეს. რადამისტი ფეხმძიმე მეუღლესთან, ზენობიასთან ერთად გამოიქცა სომხეთიდან. თუ ტაციტუსს დავუჯერებთ, ლტოლვილობით გათანგული ქალი სთხოვდა ქმარს, ის ტყვეობისთვის აერიდებინა. რადამისტიც, თითქოს, დაჰყვა ცოლის თხოვნას და, იმის გამო, რომ მეუღლე სხვისთვის არ დაენებებინა, მახვილით განგმირა და არაქსში გადააგდო, თუმცა, ზენობია მდინარეში არ დაღუპულა, ის მწყემსებს გადაურჩენიათ. შემოდგომში სომხეთისთვის ბრძოლა იბერებსა და პართელებს შორის ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა, რადამისტი კი საკუთარმა მამამ, ღალატის ბრალდებით, სიკვდილით დასაჯა. ტაციტუსის ამ სიუჟეტს ხელოვნების მრავალი ნაწარმოები მიეძღვნა: ჰენდელის ოპერა „რადამისტი”, ასევე, ბონონჩინისა და ჰასეს ოპერები; ლუიჯი საბატელის სურათი „რადამისტი კლავს ზენობიას”; პუსენის, ბუგროს, ბოდრის ფერწერული ტილოები; გრიბოედოვის დაუმთავრებელი პიესა „რადამისტი და ზენობია”, პროსპერ კრებილიონის ტრაგედია „რადამისტი და ზენობია” და სხვა.