კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა პორტუგალიელი ტაქსის მძღოლი ნიკა წულუკიძის ძუძუმტე და რას უზომავდა ის სახაზავით

ნიკა წულუკიძე ახალ სატელევიზიო სეზონს „იმედზე”  მძაფრი შთაბეჭდილებებით უბრუნდება. თეატრმცოდნესა და პოპულარულ ტელესახეს  წელს განსაკუთრებული არდადეგები ჰქონდა. კარგა ხანია, რაც დიდი მოგზაურის სახელი დაიმკვიდრა, თუმცა, ის, რაც ამ ზაფხულს ევროპის ეგზოტიკურ კუნძულზე ნახა,  დაუვიწყარი აღმოჩნდა მისთვის. რატომ გადაემხო ის ვასკო და გამას საფლავს, როგორ „იპოვა” ლისაბონში ძუძუმტე და როდის მიმართავს  კარგი განწყობისთვის დიმიტრი უზნაძეს ამაზე თავად ნიკა გიამბობთ.

– ნიკა, როგორ იწყება შენთვის ახალი სატელევიზიო სეზონი? ძველებურად ყველგან იქნები, სადაც კი „იმედის” ლოგოა?
– ახალი  სატელევიზიო სეზონიდან  კვლავ ვიქნები ყველა იმ პროექტში, რაც  გასულ წელს იყო; ასევე, დავრჩები „რადიო იმედში”. არ იფიქროთ, რომ ტელევიზიის გამო რამეს შეველიე,  კვლავ აქტიურად ვეწევი თეატრალურ ცხოვრებას.  მერიაში არსებობს თეატრის მრჩეველთა საბჭო, სადაც ვასო კიკნაძესთან, მანანა გეგეჭკორთან  და სხვა ღვაწლმოსილ ადამიანებთან ერთად ბევრ საქმეს ვაკეთებ თეატრისთვის. ამ სეზონზე  45 სპექტაკლის დადგმა დაფინანსდა საბჭოს მიერ, ასე რომ, თეატრის მისადგომებთან კი არა, მოვლენების ეპიცენტრში ვარ (იცინის).  თუ ადამიანს გინდა, ბევრ რამეს მოასწრებ – ლექციებსაც ვკითხულობ, უამრავი ჟიურის წევრიც ვარ და დისერტაციაზეც ვმუშაობ. გაისად მძიმე წელი მელის – მაისში  თეატრალურ ინსტიტუტში მაქვს დისერტაციის დაცვა, საკმაოდ რთულ თემას ვარ შეჭიდებული. ტელევიზიიდან  მაქვს ორი ახალი და  საინტერესო შემოთავაზება, რომლებზეც ბევრს ვფიქრობ.  იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი გამოსდით, მე ასე არ ვარ – თუ არ დავრწმუნდი, ისე ხელს არ მოვკიდებ. ერთ შემოთავაზებაზე ვფიქრობ, რომ მთლად ჩემი საქმე არ არის, მეორეზე კი, ვნახოთ, რა გამოვა.
– ამინდის  პროგნოზის წამყვანის როლშიც ხომ არ გიხილავთ?
– არა, მთლად  მასეც არაა საქმე (იცინის). მე ყოველთვის მეშინია ერთი რამის – არ მოვაბეზრო თავი საზოგადოებას, უთოს რომ ჩართავენ, იქაც ნიკა წულუკიძე რომ არ იყოს. ეს ერთ-ერთ ინტერვიუშიც დავწერე და, როგორც ჩანს, ჩემს ასეთ დამოკიდებულებას ჩემი მაყურებელი აპროტესტებს. ამას წინათ მე და ჩემი მეგობრები   ჩუმათელეთში გავჩერდით  ნაზუქის საყიდლად და შემოვარდა გამყიდველი მანქანაში თავის  ნაზუქიანად – რას ქვია, თავი მოგვაბეზრო, სულ უნდა იყოო, – ასეა ჩემი საქმე (იცინის). 
– ახალ სეზონს კარგად  დასვენებული და ენერგიული  ხვდები? როგორ გაატარე არდადეგები?
– ოო,  წელს,  როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული ზაფხული მქონდა – მეგობრებთან ერთად ვიყავი პორტუგალიაში. ჯერ ჩავფრინდით ლისაბონში, სადაც დამხვდა ჩემი ჯგუფელი და ძველი მეგობარი იაკო და მან  მომატარა მთელი ლისაბონი, დამათვალიერებინა პრეზიდენტის  სასახლე – ყველაფერი ვნახე: სად იძინებს  პრეზიდენტი, სად იღვიძებს, სად ჭამს (იცინის); შემდეგ  გადავფრინდით კუნძულ მადეირაზე. არ იცით, რა საოცრებაში მოვხვდი. ეს არის კუნძული, სადაც დამწუხრებულსახიანი ადამიანი არ შემხვედრია. ტრაპიდან რომ ჩამოვედი, თაკარა მზე იყო, ირგვლივ ცხელა, ცხელა, შენ კი არ გცხელა, რადგან, საღამოს  საოცარი ნიავია.  ისეთი კლიმატია, ერთი ბუზი, ერთი ხოჭო, ერთი ტარაკანი არ არსებობს იმ კუნძულზე. უნდა ნახოთ, რა საოცარი კლუბებია, თავზე რომ დაიმხო ყველაფერი, არავინ შემოგხედავს. ერთი კლუბი იყო ცაში გამოკიდებული, კლდეზე ფეხი რომ დაგცდენოდა, ეშმაკიც კი ვერ გიპოვიდა. ამ კუნძულს სამი სახის იმპორტი აქვს, პირველ ყოვლისა კი – ბანანის. იმდენი ბანანი იყო, ჭამე რამდენიც გინდა, ვინაა მომკითხავი. ნამგლით  ვიღებდი ბანანის მოსავალს (იცინის). მადეირაზე დაბადებულა ფეხბურთელი რონალდუ და  სულ რონალდუს კვალდაკვალ გვატარეს: აქ დადგა რონალდუმ ფეხი, აქ წყალი დალია, აქ ისაუზმა... ყველაზე საოცარი  რა არის, იცი? ჭამ  რვაფეხას სუპს, კიბორჩხალას კუჭმაჭს, მოითხოვ ანგარიშს და – სულ რაღაც  4 ევრო, 5 ევრო. 20 ევროდ ქორწილს გადაიხდი. მერე, კაცო, შეხვალ ამ მაღაზიებში, ჩვენთანაც როა და მილიონი რომ ღირს, არ დავასახელებ სახელებს და, თუ იცი, რა ღირს ყველაფერი? 3 ევრო, 1 ევრო, 2 ევრო. ვიყიდე და რა ვიყიდე (იცინის).
– მარტო სამოსი თუ სამოსს „გასცდი”?
– არა, ერთხელ ვათრიე თურქეთიდან  დაწნული კალათები და მას მერე ეს აღარ მიქნია, წელს მარტო ტანისამოსი ვიყიდე ჩემთვის და ახლობლებისთვის.  ისევ მადეირას დავუბრუნდები:  იქვე  არის კუნძული პონტო სანტო და  ერთ დღეს მეგობრებთან ერთად იქ წავედი. „ბაუნტის” რეკლამაში ქოქოსები რომ ცვივა, აი, ზუსტად ასეთ  გარემოში მოვხვდი: ყვითელი ქვიშა, ატლანტის ოკეანე... წყალი ჩემი სტიქია, ვდგვანფალობ, ვდგვანფალობ, ვცურავ, გადავედი ამერიკაში, გადმოვედი ისევ ევროპაში,  ვღვანღვალებ ატლანტის ოკეანეში და  ვფიქრობ: სად მოვხვდი ეს პლეხანოველი ბიჭი?!   მეგონა, რომ ყველა, ვინც იმ კუნძულზე ჩნდება, სიამის ტყუპია – იქ ყველა თითებგადაჭდობილი დადიოდა და  ვფიქრობდი, რომ  მათი გადაბმის ადგილი იყო თითი.  ბოლოს ჩემს მეგობარს ვუთხარი, მოდი, მომკიდე ხელი, თითები გადავაჭდოთ, თორემ, რაღაც ცუდად გვიყურებენ-მეთქი (იცინის).
– ასეთი დიდი შთაბეჭდილება არც ერთ ქვეყანას არ მოუხდენია?
– მე ბევრი ქვეყანა და ქალაქი მაქვს ნანახი; მილანით დაწყებული, ლონდონით დამთავრებული, არ დამრჩენია არც ერთი ქალაქი, გარდა პარიზისა, რომ არ მენახოს, მაგრამ, ეს მაინც წარუშლელი შთაბეჭდილების კუნძულია.  მოქალაქეებიც კი სხვანაირები იყვნენ – ლისაბონში აფერისტი კაცი არ შემხვედრია, ეტყობა, არ არიან.  ისეთი ღირსეულები არიან, პატივისცემით განგაწყობენ. ამიტომაც, დიდი პატივით გადავემხე  მათი დიდი წინაპრის, ვასკო და გამას საფლავს. იტალიაში ტაქსიში რომ ჩავჯექი და  მძღოლს ა პუნქტიდან ბ პუნქტში მიყვანა ვთხოვე, იმან ც და  ჭ  პუნქტების გავლით მატარა, რომ მრიცხველს ბევრი  დაეწერა. პორტუგალიელმა ტაქსის მძღოლმა კი, რომ გადამიშალა კაპოტზე ქალაქის რუკა, სულ სახაზავით ზომა, საიდან გამოვიდოდა მოკლე გზა და ათასჯერ შემითანხმა. მერე ცოტა შორს გამიჩერა და მითხრა: აქედან ცოტა ფეხით გაიარე,  ბევრს დაგიწერსო. ისე შევიდა ჩემს მდგომარეობაში, ჩემი მოკეთე და ძუძუმტე მეგონა (იცინის).
– ვინ არიან ყველაზე კარგი პარტნიორები შენთვის მოგზაურობის დროს?
– ჩემი მეგობრები, ახლობლები. ამჯერადაც   ბევრნი წავედით ერთად, მათ შორის ისეთი ლამაზი  გოგონები იყვნენ, ხალხი უკან მოგვდევდა – ის ქვეყანა გვანახა, სადაც ესენი დაიბადნენო (იცინის). ბიჭებიც იყვნენ, მოკლედ, დიდი გუნდი ვიყავით. მე არ მიყვარს დასასვენებლად წასვლა ერთსა და იმავე ხალხთან, ახალ სივრცეში თანამგზავრებიც ახალია საჭირო. თუ პარტნიორი არ გამომადგა, ისე „ამოვკვეთავ”, ისე გავალ და გამოვალ, ვერ დამინახავს კაციშვილი. სიახლე ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ რაღაც ისე ვერაა საქმე, მოვიშველიებ უზნაძის განწყობის თეორიას და თვითონ მივხედავ თავს. მიყვარს საკუთარი თავის პატივისცემა დასვენების დროს. მარტო უცხოეთში კი არ დავდივარ, საკუთარი ქვეყნის კურორტებიც მიყვარს. მადეირამდე ბათუმშიც ვიყავი. ძალიან მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ, უნდა ვთქვა: მე ბათუმში ხალხის სიყვარული ვიგრძენი, ყოველ წუთში მრცხვენოდა – პოლიციელებით დაწყებული, მიმტანებით დამთავრებული, ყველა სიმპათიებს გამოხატავდა; ფული ვერ დავხარჯე, ანგარიში ვერ გადავიხადე ვერსად. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, უშენოდ არსად ვივლითო (იცინის). მოგეცა სიკეთე, ისეთი დრო გავატარე. საერთოდ, ვფიქრობ, რომ კარგი ტურისტი ვარ.  პალმის ძირში დამაწვინე, მარტო პირსახოცი გამიშალე, რომ უჟმური არ ამყვეს მიწიდან, მეტი არაფერი მინდა.
– ახალი სასიყვარულო თავგადასავალი არ გქონია ამ ზაფხულს?
– ახლა, ლისაბონში ვინ შემიყვარდებოდა, მეგობრებთან ერთად ვიყავი (იცინის). მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარს. მათთან ერთად დასასვენებლად თუ მივდივარ, თან არასდროს მიმაქვს საათი,  რის გარეშეც თბილისში ვერ ვძლებ. არ ვიცი, რა დღეა, რა თვეა,  ნომრიდან რომ მაგდებენ, მაშინ ვხვდები, რომ დღეს უნდა დავცალო სასტუმრო. აბსოლუტურად ვწყდები დროსა და სივრცეს. ადრე, როცა დასასვენებლად მივდიოდი, ბევრი წიგნი მიმქონდა ხოლმე, ახლა ორი წიგნი წავიღე და ორივე წავიკითხე, ერთი – ჩვენებური ავტორის, მეორე – ინგლისური კომედია.  ბოლო პერიოდში სულ სხვა დამოკიდებულება გამიჩნდა ლექსთან – დღე არ გავა, ლექსი არ წავიკითხო.  გავგიჟდი მიხეილ ქვლივიძეზე, საოცრად  კარგი ლექსები აქვს.  წაიკითხე „ქართველი ინტელიგენტის მონოლოგი” და  დარწმუნდები,  რომ  არავისზე ნაკლები პოეტი არ არის.
– როგორც ვიცი, შენი არდადეგები ჯერ არ დასრულებულა და ეგვიპტეში მიდიხარ.
– დიახ, „ინტერკონტინენტალმა” დაგვპატიჟა მე და დათო ტურაშვილი ძალიან საინტერესო ტურში. ეგვიპტეში ნამყოფი ვარ, შარმ ალ შეიხში პლაჟზეც კი ვარ ნაწოლი, მაგრამ, ეს სულ სხვა იქნება.  ნილოსზე გემში ვიცხოვრებთ; ლუქსორებით დაწყებული, მკვდარი ქალაქებით დამთავრებული, ყველგან გავჩერდებით. წარმოიდგინეთ,  რა იქნება, გემით ნილოსის ტოტებში რომ შედიხარ, აქეთ-იქით ეგებ ნიანგსაც გადავაწყდე (იცინის). სხვათა შორის, მაგ ნილოსის ნიანგის ფეხსაცმელები მაქვს,  ეგვიპტეში რომ ვიყავი, იქიდან ჩამოვიტანე და აქამდე ვერ გავცვითე – ორი წელი მე  ვიხმარე და სამი წელია, ბაბუაჩემს აცვია.  ყველგან კარგია, სადაც არ უნდა ისვენებდე, რაც არ უნდა  ნახო, მაგრამ, შენს სოფელში დასვენებას მაინც სხვა ხიბლი აქვს. წელს ჩემს ღანირშიც ვიყავი და იმდენი თხილი ვკრიფე!.. ისე  წელი არ გავა, „ჰეი, მამულო” რომ არ დავიძახო ქართულ სოფელში.   საბედნიეროდ, ჩემს მეგობრებსაც აქვთ სახლები  საქართველოს    სხვადასხვა კუთხეებში, სოფლებში, სადაც სიამოვნებით დავდივარ ხოლმე. თიანეთში იმდენი ხბო და ცხვარი დაგვიკლეს,  გაწყვიტეს მთელი საქონელი. ხაჭო, ერბო, დამბალი ხაჭო, იმის ხინკალი, ამის ხინკალი – მოდიოდა და მოდიოდა, იცოცხლე არ დავიკელი არაფერი (იცინის). მიყვარს ქართული სოფელი, რაჭაში,  ტბეთში და ზნაკვაში ისეთი ისტორიები  მაქვს გადატანილი... ერთხელ, კახა მიქიაშვილის აგარაკზე ავედით მეგობრები – ჩვენმა მეგობარმა ნიკუშა ფორჩხიძემ ცოლი მოიყვანა. კახას ყველგან სახლი აქვს, სადაც სოფელია.  ნიკორწმინდაზე რომ წავიკითხე, წულუკიძეების აშენებულიაო, გავწექი საფლავზე. მე იქ ქაიხოსრო ბაბუას საფლავი ვწმინდე?! – უუფფ! (იცინის).  ეტყობა, იმ მარმარილოზე გავცივდი, საღამოს ძალიან ცუდად გავხდი. მოტყიარში ვიყავით, სადაც სულ  ოთხი ადამიანი ცხოვრობს, ორი მათგანი ამბროლაურში იყო ჩასული, ერთს წნევა ჰქონდა და იწვა და სულ ერთი ქალი დადიოდა სოფელში სულიერი.  ისე ცუდად ვარ, ლოგინიდან ვერ ვდგები, ვკრუსუნებ – მიშველეთ, მიშველეთ-მეთქი. ხან მკვახე  მაჭამეს, ხან ანწლი დამალევინეს, არაფერმა მიშველა. უკვე ანდერძს ვტოვებ: აქ არ დამტოვოთ, მეცით პატივი და თბილისში ჩამასვენეთ-მეთქი. წავიდნენ ჩემი მეგობრები ექიმის მოსაყვანად. ექიმი რომ ვერ იპოვეს, წამომიყვანეს ვეტექიმი. კახა მიქიაშვილს ექიმი დაურიგებია: სულ რომ ვერ უშველოთ, ის უფრო ესიამოვნება, რომ უთხრათ: შენ ნიკა წულუკიძე არ ხარო? მოკლედ, შემოვიდა ეს ვეტექიმი და მეუბნება: დედაა! შენ ნიკა წულუკიძე არ ხარო? იცოცხლე, მომივიდა ფერი, ვინათე,  ვირიჟრაჟე და გამოვკეთდი (იცინის).
   ერთხელ, ფასანაურისკენ  წავედით მეგობრები, სადღაც, ბოლოსკენ ვართ. იქვე არაგვი მოდგაფუნობს. ვერ ჩადიან წყალში ჩემი მეგობრები – არაგვი ცივია და ჩქარი. მოქანდებიან ადგილობრივები და, დგაფ! – ჩახტებიან წყალში. ჩვენ ისე, ალმაცერად გვიყურებენ, წყალს რომ არ ვეკარებით. მე ამათ ვაჩვენებ-მეთქი სეირს, გავქანდი და ვლუმპე წყალში. სუნთქვა შემეკრა, მაგრამ, არ ვეპუები წყალს, ვცურავ, ვითომ ნეტარებისგან, სინამდვილეში ღმერთს ვეხვეწები, ოღონდ ნაპირას გამიყვანე-მეთქი. როგორც იქნა, გამოვედი წყლიდან, სამაგიეროდ, ერთიორად ავმაღლდი ადგილობრივების თვალში. ჩემი მეგობრები კი დამცინიან ხოლმე ამაზე, მაგრამ, უჟმური მართლა არსებობს. მოკლედ, ამყვა უჟმური და ისე ცუდად გავხდი, ლამის სოფლის შემლოცველები დამჭირდა.  ჩამდეს მანქანაში, კახა მიქიაშვილმა ხის ტოტი მოტეხა, ბუზი რომ დააჯდეს ავუნიავებ  მაინცო. 22 კილომეტრ-საათი სიჩქარით ატარეს მანქანა, ისე ჩამომიყვანეს თბილისში.
–  ექსტრემალიც ყოფილხარ.
– დიახ, ისე არ წავსულვარ უცხოეთში, რომ სიმაღლიდან არ გადმოვფრენილიყავი. ეგვიპტეში რაღაცამ  დამკბინა, მთელ ფეხზე შხამი მომედო და ფეხი უცებ გამიშავდა. პლაჟიდან რომ ამოვედი, მაშველებმა უი, უიო, – იძახეს და გაიქცნენ, – თურმე, გადამდები ყოფილა. მოვარდა ექიმი, გადამასხა არაყი და წამიკიდა ცეცხლი, რომ შხამი გამოეტანა. ის ექიმი რომ არ ყოფილიყო, მე ახლა აქ არ ვიჯდებოდი, თუმცა, მოგზაურობის დროს მაინც არ ვარიდებ ხოლმე თავს ექსტრემალურ ამბებს.  ანტალიიდან 60 კილომეტრში არის მწვანე კანიონი, საიდანაც  ტურისტები მიჰყავთ ცხრასაათიან მოგზაურობაში რაფტინგით,  ციცაბო კლდეებზე. ისე ვირაფტინგე  მწვანე კანიონში, რომ არ შემრჩა ცოცხალი არც ერთი ძვალი, არც ერთი „შლოპანცი”, მაგრამ, მაინც ჩავედი ფინიშამდე. ეს იყო დაუვიწყარი სიამოვნება,  რომლის განცდასაც ყველას ვუსურვებ.

скачать dle 11.3