რადიო “სთარ FM„ 3 წლისაა!
ზუსტად სამი წლის წინ, 7 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, FM 93.9 სიხშირეზე, ყველაზე ვარსკვლავური რადიოს ეთერში პირველი გადაცემა გავიდა. „ვარსკვლავთა მუსიკა” – ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს სლოგანი იყო, არის და იქნება, ამ ტრადიციას ის არ ღალატობს. რადიო ეთერში ჰიტად ქცეულ სიმღერებს უშვებს და წარმატებული ადამიანების შესახებ ყვება. იუბილესთან დაკავშირებით, 7 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ამ დღისადმი მიძღვნილი გადაცემები გადიოდა; გათამაშდა უამრავი პრიზი; გაიჭრა საზეიმო ტორტი. ალბათ, ყველამ შენიშნეთ დედაქალაქში ბრენდირებული ღია ავტობუსები, რომლებმაც საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს თბილისის ქუჩებში.
გამოცდილი და ახალგაზრდა ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი დილის, შუადღისა და საღამოს ეთერში ყველასთვის ცნობილ და საყვარელ მუსიკას, სხვადასხვა ტიპის გადაცემას სთავაზობენ მსმენელს. გარდა ამისა, ეთერში საავტორო გადაცემები და საინფორმაციო გამოშვება გადის. თათია და ლევანი დილის გადაცემაში საქართველოსა და უცხოეთში მიმდინარე საინტერესო სიახლეებს დღეში ხუთჯერ „სთარ ნიუსით” აცნობენ; შუადღისა და საღამოს ეთერს თამო, დათო, ელენე და ირაკლი უძღვებიან. თიკა ფაცაცია მსმენელს ქართული მოდის ტენდენციებსა და მოდის სფეროში მიმდინარე სიახლეებს კვირაში ერთხელ, გადაცემა „ფეშენ ლაივით” უამბობს. დალი ფრიდონაშვილი პირდაპირ ეთერში წერს თავისუფალ თემას ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად, გადაცემაში – „თავისუფალი თემა ავტორის გარეშე.”
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სამოგზაუროდ დაჰყავს მსმენელი გადაცემას „ერთი ქალაქის ამბავი”, გადაცემა „პერსონაჟი” კი სხვადასხვა სფეროს გამორჩეული ადამიანების შესახებ გვიამბობს. ყველაფერს სპორტის შესახებ თოქ-შოუ „სპორტში” ვისმენთ, რომლის წამყვანებიც მირანდა სურმანიძე და მალხაზ გედევანიშვილი არიან. „სთარ FM-ის ” ეთერი მრავალფეროვანია მუსიკალური მიმდინარეობების თვალსაზრისით: კვირაში ერთი დღე ეთმობა გადაცემას „ბალკანური საღამო”, რომელსაც ბრეგო უძღვება, გადაცემა „რადიოაქტივს” კი, დიჯეი ირაკლისთან ერთად ელექტრონული მუსიკის სამყაროში შევყავართ.
რაც მთავარია, ახალი სეზონიდან ყველაზე ვარსკვლავური რადიოს გუნდი მსმენელს ახალ გადაცემებსა და ბევრ საინტერესო პროექტს სთავაზობს. ეს არის რადიო, რომელიც მუდმივად ზრუნავს მსმენელის ვარსკვლავურ განწყობაზე.