ვინ იყვნენ არიელები და რატომ აკავშირებენ მათ სვანებთან
მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან არიული თეორია ნაციზმის იდეოლოგიის ნაწილი გახდა. მათ სჯეროდათ, რომ არიელების სამშობლო იყო ჩრდილოეთ ევროპა, რომელმაც შეინახა სუფთა არიული რასობრივი ტიპი. ნაცისტთა ერთ-ერთ თეორიულ დასაყრდენს წარმოადგენდა ფრანგი სოციოლოგისა და მწერლის, ჟოზეფ გობინოს მოსაზრება, რომელიც ჩრდილოეთ არიელებში გულისხმობდა თეთრი რასის ქერათმიან და ლურჯთვალება წარმომადგენლებს, რომლებსაც ის აყენებდა კაცობრიობის ყველაზე მაღალ საფეხურზე.
არიულ თეორიაზე, გვესაუბრება პროფესორი, ისტორიის დოქტორი, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ზურაბ სულაბერიძე.
– ბატონო ზურაბ, ვინ, როდის ან რატომ ჩამოაყალიბა არიელთა თეორია?
– არიულ თეორიას ხანგრძლივი ისტორია აქვს. სიტყვა „არია”, თანამედროვე გაგებით, ქვეყნის სახელწოდებაა და მომდინარეობს ძველი „არიანადან“ – „არიელების ქვეყანა”, რაც პროტო-ინდოევროპულ ენაზე „კეთილშობილს”, „თავისუფალს” ნიშნავს. ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ძველი ირანელები თავიანთ ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ევროპელებმა კი სპარსეთი (პერსია) შეარქვეს ცენტრალური ოლქის – ფარსის, ანუ პარსის სახელის მიხედვით.
მეთვრამეტე საუკუნეში ლინგვისტებმა გააკეთეს მოულოდნელი აღმოჩენა, კერძოდ, კელტურ, ძველ გერმანულ, სპარსულ, ბერძნულ და ინდურ ენებს შორის მოძებნეს გარკვეული კავშირები და ამ ენობრივ ერთობას „ინდოევროპული ენები” უწოდეს. ამაზე დაყრდნობით მეცნიერებმა წამოაყენეს ახალი ვერსია ერთიანი – პროტო ენის არსებობის შესახებ, რომლის მატარებელი იყო მსხვილი ეთნიკური ჯგუფი. მრავალთაგან ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ერთ-ერთი „მფლობელები“ არიული ენისა იყვნენ ინდო-გერმანელები, რომლებმაც თავიანთი კულტურა მთელ ევრაზიაში გაავრცელეს. მეცნიერ-მკვლევართა შორის, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ამ საკითხით, აღსანიშნავია მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე გერმანელი მეცნიერი ფრიდრიხ შლეგელი. მან ძველინდურ თქმულებებში მოძებნა ცნობები ირანის ჩრდილოეთით არსებული ტერიტორიებისა და ხალხების შესახებ. 1805 წელს შლეგელი წერდა, რომ ინდური ენა ბევრად უფრო ძველია, ვიდრე ბერძნული და ლათინური ენები და, დასძენდა, რომ სხვა ენები ამ ენიდან იღებდნენ საფუძველს. თავის ნაშრომში შლეგელი ტერმინ „არიას” იყენებდა, როგორც სინონიმს „დაუმარცხებელი მებრძოლებისა“, რომლებიც ჩამოვიდნენ ჰიმალაიდან და მოახდინეს ევროპის კოლონიზაცია. წლების განმავლობაში გაწეული კვლევების შედეგად, 1819 წელს, შლეგელმა პირველად გამოიყენა ტერმინი „არიელი”, რომელშიც გულისხმობდა ეთნიკურ ჯგუფს და რომელშიც შედიოდნენ გერმანელები და ინდოელები. მართალია, არიელებს გაცილებით უფრო ადრე მოიხსენიებდა ჰეროდოტე, მაგრამ, შლეგელმა გააძლიერა ძირი „არი”, რომელსაც იგი ხსნიდა ეტიმოლოგიური ნათესაობით სიტყვა „პატივისცემასთან.” მოგვიანებით, აქედან წარმოიქმნა შეხედულება ერთგვარი მბრძანებლური უფლების მქონე რასის შესახებ.
შლეგელის მოსწავლემ, კრისტიან ლესელმა, საბოლოოდ განამტკიცა არიული თეორია – მან ერთმანეთს დაუპირისპირა სემიტური და არიული ენები და ასეთი სახით არიელთა თეორიამ ფართო აღიარება მოიპოვა ევროპაში.
მეოცე საუკუნის ოციან წლებში გაჟღერდა ეგრეთ წოდებული არიული რასის „ჩრდილოეთის ვერსია”. ეს ვერსია საინტერესოა იმ მხრივ, რომ გერმანიის „მესამე რაიხი“ ჩრდილოეთს მიიჩნევდა ნამდვილი, სუფთა „არიელობის” სინონიმად.
– ეს ბევრმა უწყის, სამაგიეროდ, ბევრმა არ უწყის რა შუაში იყვნენ ამ ყველაფერთან ქართველები.
– მე ვიტყოდი, რომ აქ მხოლოდ ქართველები არ იყვნენ შუაში, რადგან, არიული თეორიის ფუძემდებლების კვლევის ობიექტთა შორის შედიოდნენ ცენტრალური და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე დასახლებული ხალხები, რომელთა ნაწილს შეადგენენ ქართველები, კერძოდ კი – სვანები. არიულ-კავკასიურ ურთიერთობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ედუარდ მეიერის მიერ გამოხატული ყურადღება ფლორენციის მუზეუმში დაცულ ეტლზე, რომელიც ძველი ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის ერთ-ერთ სამარხში იყო აღმოჩენილი. მეიერი აღნიშნავდა, რომ, ხის მასალა, რომლითაც ეტლია დამზადებული, არის კავკასიური წარმოშობის არყის ხე და, გამოთქვამდა ვარაუდს, რომ არიელები აღმოსავლეთში გადმოვიდნენ კავკასიონის მთაგრეხილიდან, როგორც ეს განახორციელეს კიმერიელებმა და სკვითებმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიაში ქვეყანა, სადაც ხარობს არყის ხეები, ძირითადად არის საქართველო – საქართველოში 5 სახეობაა არყის ხეებისა.
არიული ელემენტების გავლენა შეინიშნება ძველი ხეთების მრავალ მონუმენტში, რომლის ანალოგი გვხვდება კავკასიასა და ელამში. გარდა ამისა, ევროპის ცნობილ მეცნიერთა მიერ მოყვანილია არაერთი საფუძვლიანი მტკიცება, რომ კავკასია წარმოადგენდა მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რეგიონს არიელთა ტომებისთვის ევროპისა და აზიის კონტინენტებს შორის ურთიერთობის საკითხში. მათივე შეხედულებით, სავსებით შესაძლებელი იყო, ინდოევროპული მოდგმის ხალხი, ანუ, არიული ტომები, კავკასიის გავლით გადასახლებულიყვნენ ცენტრალურ ევროპაში, რასაც ადასტურებს კავკასიისა და ევროპის გალშტატის კულტურაში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები.
– ესე იგი, არიელებსა და სვანებს რომ აკავშირებენ ერთმანეთთან, მხოლოდ და მხოლოდ ხმები არ ყოფილა.
– სვანებსა და არიულ რასას შორის კავშირი, ვფიქრობ, არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ და მხოლოდ მოარულ ხმებად. სამწუხაროდ, ქართულ მეცნიერებაში არ არსებობს ფუნდამენტური გამოკვლევები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვინც გაეცნობა ჩაილდის, შანტრეს, ვიხროვისა და სხვათა შრომებს, დარწმუნდება, რომ ეს კავშირი ნამდვილად არსებობს. ვიდრე რამდენიმე საკითხს შევეხებოდე სვანურ-არიული კავშირის შესახებ, მინდა, აღვნიშნო, რომ „კავკასიური რასა“ როგორც ტერმინი თეთრი რასის განსაზღვრებისა, პირველად შემოიტანა იოჰან ბლუმენბახმა. ეს მეცნიერი კავკასიური რასის შემადგენლად მიიჩნევდა ევროპის, სამხრეთ აზიისა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აფრიკის ხალხებს. მას კავკასიური რასა მიაჩნდა ყველაზე უფრო სუფთა რასად. მეოცე საუკუნის 20-იანი წლების სხვა გერმანელი ანთროპოლოგების მსგავსად, ბლუმენბახი კავკასიურ რასას აკუთვნებდა ცენტრალური და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს: ალანებს, ვეინახებს (ჩეჩენ-ინგუშებს) და სვანებს.
ბლუმენბახის თეორია არ ყოფილა შემთხვევითი. მეცნიერს, რომელიც „გერმანიის მაგისტრის” წოდებას ატარებდა, თავის დროზე გააჩნდა ადამიანთა თავის ქალების ყველაზე დიდი კოლექცია მსოფლიოში. მეცნიერული შედარებით, ბლუმენბახი მივიდა დასკვნამდე, რომ „კავკასიური” მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდა იმ რასას, რომელიც განასახიერებდა არიულს. ამ ახსნას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ კავკასია, თავისი ბარითა და მთაგრეხილებით, უძველესი დროიდან ევროპასა და აზიას ყოფდა არა მარტო გეოგრაფიული, არამედ, მისტიკური თვალსაზრისითაც. ასევე ბიბლიური ნოეს წარღვნის შემდეგ, კავკასია პირველი ადგილი იყო, სადაც ხალხმა დაიწყო ცხოვრება.
„კავკასიური რასის” თეორია ცნობილი იყო, ასევე, მეოცე საუკუნის 20-იანი წლების საბჭოთა კავშირში.
– მაშ, რატომ არ იწერებოდა ამ თემაზე?
– კომუნისტური იდეოლოგების მიერ ეს თეორია ამოღებულ იქნა მეცნიერული მიმოქცევიდან და მისი ადგილი დაიჭირა „ევროპეიდულმა” თეორიამ.
ჩვენ შეგვიძლია, მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი არიელებისა და სვანებს შორის კავშირის შესახებ: პირველ ყოვლისა, არიელების მსგავსად, სვანებისთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო სისხლის სიწმინდის დაცვა. ძველი მოგზაურები აღნიშნავდნენ, რომ სვანები, მემკვიდრე ვაჟიშვილის არყოლის შემთხვევაში, სხვა გვარის წარმომადგენელს, თუნდაც სიძეს, ერთადერთი გარდაცვლილი ქალიშვილის ქმარს, არასოდეს აღიარებდნენ გვარისა და ოჯახის მემკვიდრედ. მსგავსი დამოკიდებულება გვხვდება ძველი კელტებისა და ინდოელების სოციალურ ურთიერთობებში.
მსგავსებაა სვანებსა და არიელებს შორის, ასევე, ქალის უუფლებობაში სამემკვიდრეო ქონებაზე. სვანების მსგავსად, ქალი სავსებით უუფლებოდ ითვლებოდა მემკვიდრეობით ქონებაზე რომაულ და გერმანულ სამართალში. ასევე, ძველი გერმანელების მსგავსად, დანიშნულისა და ჯვარდაწერილი ცოლის მიტოვება ან გაგდება ქმარს არ შეეძლო. მსგავსებას ვხვდებით ძველი სასამართლო ურთიერთობების, კერძო და საჯარო ჯარიმის განსაზღვრისა და კლასობრივი ურთიერთობების სხვა საკითხებშიც.
– მაგალითად?
– მაგალითად, ძველი ანგლოსაქსური სამართლის მსგავსად, დამნაშავის დასჯა ძველ სვანებში ხორციელდებოდა მიწის ჩამორთმევით, საქონლის, იარაღისა და ფულის გადახდით. სიკვდილით დასჯისა და სხეულის დაზიანების დასჯის მეთოდს ძველი სვანური ჩვეულებითი სამართალი არ იცნობდა, თუმცა, როგორც ცნობილი მკვლევარი, ბესარიონ ნიჟარაძე აღნიშნავდა, შეიძლება, შევხვდეთ დამნაშავის სახალხოდ ჩაქოლვის, ოჯახის ყველა წევრის ფიზიკურად გასწორებისა და დასჯის სხვა ფორმებსაც, რაც ძალიან იშვიათი იყო და ძირითადად ხდებოდა ისეთი დანაშაულის ჩადენისას, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, სიწმინდეების შებღალვა და სხვა.
სვანეთში, ასევე, ვხვდებით საყოველთაოდ ცნობილ ვედურ მზის სიმბოლოებსაც, მაგალითად, სვასტიკას, ბორჯღალოს, რამაც არაერთი მეცნიერისა და მკვლევრის ყურადღება მიიქცია.
– სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არაა სრულად შესწავლილი. დასასრულს, რამდენიმე სიტყვა არიული თეორიის კრახზეც ვთქვათ.
– არიულმა თეორიამ კრახი განიცადა მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან, ანუ, მას შემდეგ, რაც ის ნაციზმის იდეოლოგიის ნაწილი გახდა. ნაციზმის იდეოლოგთა მიერ არიელების სამშობლოდ მიჩნეული იყო ჩრდილოეთ ევროპა, რომელმაც შეინახა სუფთა არიულ რასობრივი ტიპი. ეს იყო ნამდვილად ცრუ შეხედულება ჩრდილოეთ ევროპის ხალხთა რასობრივი უპირატესობის შესახებ. ნაცისტთა ერთ-ერთ თეორიულ დასაყრდენს წარმოადგენდა ფრანგი სოციოლოგისა და მწერლის, ჟოზეფ გობინოს მოსაზრება, რომელიც ჩრდილოეთ არიელებში გულისხმობდა თეთრი რასის ქერათმიან და ლურჯთვალება წარმომადგენლებს, რომლებსაც ის აყენებდა კაცობრიობის ყველაზე მაღალ საფეხურზე. ასევე, ნაციზმის მთავარი იდეოლოგი, ჰიტლერი, არიელებს მიაწერდა ყოველგვარ მიღწევას ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ტექნიკაში და ამიტომ, მისი აზრით, მათ უფლება ჰქონდათ, ებატონათ სხვებზე.