მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-36(610)
– მიდი, დაიძინე!
ორი დღის შემდეგ ბუტირკის ციხიდან გამომიყვანეს, საეტაპო მანქანაში ჩამსვეს და ადგილიდან დავიძარით. ბადრაგი ხმას არ იღებდა, მე კი არ ვიცოდი, რაში იყო საქმე და ბადრაგს ვკითხე:
– სად მივდივართ?
– სადაც საჭიროა. ჩუმად იყავი! – უხეშად მომიგო ბადრაგმა, რომელსაც შევუბღვირე და კბილებში გამოვცარი:
– ხომ არ გავიწყდება, ვის ელაპარაკები? გირჩევნია, წესიერად გამცე პასუხი, თორემ, პასუხს სხვანაირად მოგთხოვ!
ბადრაგს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, არ დასცალდა. – უცებ ჩვენი საეტაპო მანქანა რაღაცას დაეჯახა, სიმაღლიდან გადაეშვა და წყალში ჩავარდა. მე გონება დავკარგე და გავითიშე. თვალები რომ გავახილე, პატარა ოთახში ვიწექი, თავზე კი შჩუკინი წამომდგომოდა და მიღიმოდა.
– ამხანაგო გენერალო, თქვენ?! – ვთქვი მე და წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ვიქტორ იაკოვლევიჩმა არ დამანება და მითხრა:
– იწექი, იწექი, კოკი. ნახევარი საათიც და გაზის მოქმედება გაივლის, შემდეგ კი შეგიძლია, ადგე კიდეც.
– სად ვარ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?
– ჩვენს ერთ-ერთ კონსპირაციულ სახლში. იწექი, იწექი...
მეორე დღეს ლუბიანკაზე პლასტიკური ოპერაცია გამიკეთეს და ჩემი სახე დამიბრუნეს. ერთი თვის მერე კი ქურდული ტატუებიც გამიქრა და ისევ ძველი კოკი ვიყავი. შჩუკინმა კი მითხრა:
– ავარია ჩვენ მოვაწყვეთ. რამდენიმე დღეში მილიცია ნამდვილი დაშნას სხეულს იპოვის მდინარე მოსკოვში.
– ბადრაგები? – ვკითხე გენერალს.
– დარდი ნუ გაქვს, ბადრაგები და მძღოლი უვნებლად არიან. სწორედ იმიტომ გავუშვით გაზი, რომ დაგძინებოდათ და დაუბრკოლებლად შეგვძლებოდა მოქმედება.
– ძალიან კარგი. ტროლს რა უყავით?
– ტროლს ყველაფერი დავაფქვევინეთ – სპეციალური ხსნარი შევუშხაპუნეთ და რაც იცოდა, დაფქვა. თუმცა, ეს თვითონაც არ იცის. ასე რომ, არ „დამწვარხარ“.
– ჰო, ეტყობოდა, ციხეში რომ დაბრუნდა. რაო, რაში ყოფილა საქმე?
– თურმე, ქურდული „ობშჩიაკის“ უცხოეთში გატანას აპირებდნენ ერთ-ერთ ბანკში შესანახად და დაშნას სიტყვას ელოდებოდნენ.
– მერე?
– რა მერე, – მხრები აიჩეჩა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – ეს უკვე პირდაპირ ჩვენი უწყების ქვემდებარე საქმეა. ამიტომ, დაუყოვნებლივ ვიმოქმედეთ – ყველა ავყარეთ და ქურდული ობშჩიაკიც ხელში ჩავიგდეთ.
– ხელში ჩაიგდეთ? სად ინახებოდა?
– თბილისში, კუკიის სასაფლაოს ერთ-ერთ სამარეში.
– ბევრი ქონება იყო?
– ათი მილიონი მანეთი გადავყარეთ, რადგან, გაუქმებული ფული იყო. ხოლო ოქრო, ძვირფასი ლითონები და ძვირფასი ქვები მილიარდამდე ურტყამს.
– მილიარდ მანეთს, ვიქტორ იაკოვლევიჩ?
– აბა! – გამიღიმა შჩუკინმა, – ამ „ობშჩიაკს“ მთელი საბჭოთა კავშირის ქურდები ნახევარი საუკუნე აგროვებდნენ. განძი მთელი ქვეყნის რეგიონებიდან მოედინებოდა და რატომ გიკვირს?
– ხედავთ, ამხანაგო გენერალო, რამხელა ფინანსები ჰქონიათ ქურდებს?
– ვხედავ, ვხედავ, მაგრამ, ახლა ეს სიმდიდრე სახელმწიფო ბანკის საცავებში დაიდებს ბინას, კეთილ საქმეს მოხმარდება, ამ კეთილი საქმის შემოქმედი კი შენ ხარ.
– მაგარია! – ვთქვი მე, რაზეც შჩუკინმა მითხრა:
– გეთანხმები, მაგარი საქმეა, მაგრამ, მთელი ქურდული სამყარო ფეხზე დადგება, განძსაც, მის გამცემსაც და წამღებსაც ძებნას დაუწყებენ და, გარწმუნებ, რომ ამ ისტორიას კიდევ ექნება გაგრძელება.
ვიქტორ იაკოვლევიჩი მართალი აღმოჩნდა – მილიარდიანი ქურდული „ობშჩიაკის“ ისტორიას გაგრძელება ჰქონდა, რომელიც უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდში განვითარდა და მასში მონაწილეობა მეც მივიღე.
ერთ მშვენიერ დღეს მე და „ძია“ ჩვენს ტრადიციულ ადგილზე შევხვდით ერთმანეთს და რომანმა მითხრა:
– ნახევარმილიონიანი საქმეა.
– რა საქმე, ვინაა გასასაღებელი?
– გასაღებაზე რა მოგახსენო, მაგრამ, აი, ეს კაცია მოსაძებნი და სწორედ ამ საქმეში იხდიან ამდენ ფულს, – მითხრა რომანმა და ფოტოსურათი მომაწოდა.
„ვაა, ტროლი?“ – გავიფიქრე გუნებაში, როდესაც სურათს დავხედე, „ძიას“ კი ვკითხე:
– ეს ვინაა?
– ცნობილი კანონიერი ქურდი – ტროლი.
– დაიკარგა?
– რა და როგორაა, არ ვიცი, მაგრამ, თუ იპოვი, ნახევარ მილიონს გადაგიხდიან.
– კი მაგრამ, სად უნდა ვიპოვო, რაღაც ხელჩასაჭიდი მაინც ხომ უნდა მქონდეს?
– ჰოდა, შემკვეთს უნდა შენთან შეხვედრა და ალბათ, ყველაფერს სწორედ ის გეტყვის.
– სად და რომელ საათზე?
– ზეგ, ბათუმის ბულვარში. თანახმა ხარ?
– დიახ.
– ძალიან კარგი. მაშინ, ზეგ 5 საათზე გელოდება ბულვარში. შავი პიჯაკი ეცმევა და ხელში ჟურნალი „ოგონიოკი“ ეჭირება, რომელზეც ელცინის ფოტოა დაბეჭდილი.
მე შევინიღბე და მეორე დღეს ბათუმში გავემგზავრე, ხოლო დათქმულ დროს კი უკვე ბულვარში ვიყავი. შავპიჯაკიან, „ოგონიოკიან“ შუა ხნის მამაკაცს რომ მივუახლოვდი, რომელიც მარტო იჯდა სკამზე, პაროლი ვუთხარი:
– „ოგონიოკი“ ახლა იშვიათობაა. საბჭოთა კავშირის დროს კი ეს ჟურნალი ლიმიტირებული იყო.
– დიახ, მართალს ბრძანებთ. მასში ყოველთვის კარგ კროსვორდებს ბეჭდავდნენ, – მომიგო მამაკაცმა, – დაბრძანდით და მომისმინეთ.
„ოგონიოკიანს“ გვერდით მივუჯექი და ვუთხარი:
– გისმენთ, ბატონო.
– სურათი ნახეთ?
– დიახ, გადმომცეს.
– იცით, ვინ არის?
– დიახ, ტროლი.
– ტროლი, ტროლი... – დამიდასტურა შავპიჯაკიანმა, – ერთ დროს მაგარი ვინმე იყო, რკინის წრთობის ქურდი, მაგრამ... ერთი სიტყვით, გაირკვა, რომ თურმე, უბეში გველი გვყოლია. მან უპატიებელი, გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინა და მიწიდან უნდა ამოვთხაროთ.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად, თქვენ ის უნდა იპოვოთ და ჩაგვაბაროთ. თქვენზე ბევრი რამ მსმენია და ვიცი, რომ კენჭის პოვნა შეგიძლიათ ოკეანეში. ამდენ ფულსაც სწორედ ამიტომ გიხდით.
– ბევრად მეტიც გადაუხდიათ, – გამეცინა მე, – მაგრამ, მარტო ფულში არაა საქმე. უნდა ვიცოდე, ვის და რატომ ვეძებ, თუ, რა თქმა უნდა, ცოცხალია.
– ცოცხალია, ცოცხალი. ამდენი ფულის პატრონს რა მოკლავს?
– ფული გაიტაცა?
– ქურდული „ობშჩიაკი“ – ორმოცდაათი მილიონი დოლარის ღირებულების განძი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე ვაგროვეთ ქურდებმა, რომ შავი დღისთვის გამოგვეყენებინა.
მე გუნებაში გამეცინა, რადგან ქურდული „ობშჩიაკის“ ნამდვილი ღირებულება ვიცოდი და ჩემ გვერდით მჯდომი მამაკაცი ამ თანხის მხოლოდ მეხუთედს ასახელებდა. ის ან მატყუებდა, ან, უბრალოდ, მისი ნამდვილი რაოდენობა არ იცოდა.
– როგორ დაიკარგა ეს განძი?
– ის ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ დაიკარგა და ყველას ეგონა, რომ „ძაღლებმა“ დაითრიეს.
– მილიციამ?
– დიახ, მილიციამ. ერთი ქურდი იყო – დაშნა, რომელიც „ობშჩიაკს“ ინახავდა. მოულოდნელად ის მდინარე მოსკოვში დაიღუპა ეტაპირებისას, როდესაც ბუტირკის ციხიდან სასამართლოში მიჰყავდათ, რათა ერთ საქმეზე მოწმედ გამოსულიყო. მაშინ ყველა ჩვენი ძმა ფიქრობდა, რომ ყველაფერი ძალოვნებმა მოაწყვეს და, ფულიც, უფრო სწორად კი – ქურდული „ობშჩიაკი“ მათ დაითრიეს, თუმცა, მაშინ ვერაფრით მოხერხდა კვალზე დადგომა. ამ ექვსი თვის წინ კი, ბუტირკის ციხის გაბასიაკებულმა უფროსმა ერთი ისტორია მოგვითხრო და დავასკვენით, რომ განძის გაუჩინარებაში სწორედ ტროლი მონაწილეობდა. თურმე, წინა დღეს, დაშნას თხოვნით, ციხის უფროსს ტროლი რამდენიმე საათით გაუშვია ციხიდან, ამის მერე კი დაშნაც დაიღუპა, ჯოხი მასზე გადატყდა და ყველას ეგონა, რომ განძი დაიკარგა. ახლა აშკარაა, რომ ეს ასე არ მომხდარა, რომ ტროლიც ამ საქმეშია და მისი დათრევით დავადგენთ განძის ადგილსამყოფელს.
– ასე რატომ გგონიათ?
– იმიტომ, რომ ტროლი ქურდულ სხოდკაზე გვყავდა დაბარებული, ის კი მოგვიტყდა. ამიტომ, ლოგიკურად ვფიქრობთ, რომ ის საქმეშია და უნდა დავითრიოთ.
– იქნებ, მას, უბრალოდ, შეეშინდა და დაგემალათ?
– გამორიცხული არაფერია. სწორედ იმიტომ გიხდით ფულს, რომ ვიპოვოთ და ყველაფერი დავადგინოთ. – მითხრა მამაკაცმა და ტყავის საქაღალდე გადმომცა, – აი, აქაა ყველა საჭირო ქსივა და კოორდინატები, რომ ტროლი დახვოსტოთ.
მამაკაცს საქაღალდე გამოვართვი და ვუთხარი:
– დღესვე გავეცნობი. ხვალ ერთმანეთს შევხვდეთ და საბოლოო პასუხს გაგცემთ.
– კარგი, ხვალ იყოს. აქვე, ბულვარში, საღამოს ექვსზე.
შემკვეთის საქაღალდის შიგთავსით ტროლის პოვნა შეუძლებელი იყო და იმიტომ გამოვართვი, რომ ამაში დავრწმუნებულიყავი. მეორე დღეს საქაღალდე დავუბრუნე და ვუთხარი:
– თანახმა ვარ, მოვძებნი, მაგრამ, მინდა იცოდეთ, რომ მისი პოვნის შანსი მინიმალურია.
– ასე რატომ ფიქრობთ?
– იმიტომ, პატივცემულო, რომ ასეთი საქმის ჩამდენებს ყოველთვის ისინი აქრობენ, ვინც მათ უკან დგას. არა მგონია, რომ ობიექტს მარტო ემოქმედა. ის ასეთ რამეს, უბრალოდ, ვერ შეძლებდა. თუმცა, მე მაინც ვიღებ ამ შეკვეთას და ხვალიდანვე ვიწყებ ძებნას.
– ნახვამდის. იმედი ვიქონიოთ, რომ წარმატებას მივაღწევთ.
– ვიქონიოთ. კარგად ბრძანდებოდეთ, – გამოვემშვიდობე შემკვეთს და წავედი.
ტროლი ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა, რომ შემცოდებოდა, მაგრამ, ის უდანაშაულო იყო და ქურდები მას საშინელი წამებით, ტყუილუბრალოდ მოკლავდნენ. ამიტომ მისი პირადად ნახვა გადავწყვიტე, რაშიც მუხინი დამეხმარა, რომელმაც თავისი ძველი კავშირების მეშვეობით მომაძებნინა ტროლი და მკითხა:
– რაში დაგჭირდა?
– უდანაშაულოა და სიკვდილს უნდა გადავარჩინო.
–აი, ამ მისამართზეა, მაგრამ, ფრთხილად იყავი. სავარაუდოდ, შეიარაღებულია და შემთხვევით არ დაგაზარალოს.
– გმადლობთ, ანდრეი ლუკიჩ, ნახვამდის, – გამოვემშვიდობე მუხინს და სანკტ-პეტერბურგისკენ ავიღე გეზი.
ტროლი ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში – „დაჩნოეში“ ცხოვრობდა, თავისი ძველი მეგობრის ქვრივის აგარაკზე. სანამ მოვიდოდა, საგრძნობლად შევიცვალე გარეგნობა.
ძველი ყაიდის სააგარაკო ორსართულიანი სახლი მდინარე ნევის პირას მდებარეობდა და ტყის მასივით იყო გარშემორტყმული. ეზოში უზარმაზარი ნაგაზი დადიოდა, რომელიც ერთდროულად სიგნალიზაციისა და მცველის ფუნქციებს ასრულებდა. მე ჯერ კარგად დავზვერე იქაურობა და სიტუაცია შევისწავლე. ხოლო, როცა დაღამდა, აგარაკთან ფეხაკრეფით მივედი, ნაგაზი გავანეიტრალე, ღობეზე გადავძვერი და სახლში შევედი, მძინარე ტროლს ჯერ შეყენებული პისტოლეტი გამოვუცურე ბალიშის ქვეშიდან, შემდეგ კი იქვე, სკამზე ჩამოვჯექი, საწოლს ფეხი მივარტყი და ვთქვი:
– გაიღვიძე, ტროლ, გაჩერება „ქურდული“! ჩავდივართ!
ტროლმა თვალები გაახილა და რომ დამინახა, ბალიშის ქვეშ შეაცურა ხელი, მაგრამ, ვერაფერი რომ ვერ იპოვა, შეშინებულმა მკითხა:
– ვინ ხარ?
– ამას ხომ არ ეძებ? – ტროლს მისი პისტოლეტი დავანახვე, – შეყენებული პისტოლეტის ბალიშის ქვეშ შენახვა ძალიან საშიშია, შემთხვევით რომ გავარდეს, ტვინს გაგასხმევინებს, ტვინი კი ჯერ კიდევ დაგჭირდება.
– ვინ ხარ? – გაიმეორა ტროლმა.
– სტუმარი, – ღიმილით მივუგე ტროლს.
– თუ სტუმარი ხარ, იარაღით რატომ მოხვედი?
– იარაღიანი სტუმარი ვარ.
– რა გინდა?
– შენთან საქმე მაქვს.
– გისმენ.
მე პისტოლეტიდან ვაზნა გადმოვაგდე და მჭიდი გამოვიღე. შემდეგ იარაღი, ვაზნა და მჭიდი ტროლს დავუყარე საწოლზე და ვუთხარი:
– ქურდებმა შენი მოძებნა შემიკვეთეს და ამაში დიდ მაყუთს იხდიან. მე კი მორწმუნე კაცი ვარ და ვიცი, უდანაშაულო ხარ და მათ ხელში რომ ჩაგაგდო, წამებით მოგკლავენ, მაინც ვერაფერს შეიტყობენ შენგან, რადგან არაფერი იცი, მე კი შენი ცოდვა დამედება. ხომ მართალს ვამბობ, ქურდული „ობშჩიაკი“ ხომ შენ არ წაგიღია?
– საიდან იცი, რომ მართალი ვარ? – მკითხა გაკვირვებულმა ტროლმა. მე კი მივუგე:
– ყნოსვით ვხვდები.
– კარგი ყნოსვა გქონია. შემდეგ?
– რა – შემდეგ? – ავიჩეჩე მხრები – შემდეგ ის, რომ, თუ დროზე და საიმედოდ არ გაუჩინარდები, ისინი მაინც მოგაგნებენ და, ამას რა მოჰყვება, ჩემზე კარგად იცი.
– სად უნდა გავუჩინარდე? ფული მე არ მაქვს და დასამალი. აქამდეც ძლივს მოვაღწიე, – ხელი ჩაიქნია ტროლმა და დაამატა: – განწირული ვარ. ხვალ თუ არა, ზეგ მაინც მომაგნებენ და ვერსად დავიმალები.
– დაიმალები.
– სად ან როგორ? ხომ გითხარი, რომ გასაქცევი არსად მაქვს.
– გაქცევა არც დაგჭირდება. საკმარისია, გარეგნობა შეიცვალო და ეძებონ მერე ნემსი თივაში.
– იდეა კარგია, მაგრამ, ფული და ერთგული ქირურგი სჭირდება. მე კი არც ერთი არ გამაჩნია.
– გექნება, ნუ დარდობ. ოღონდ, უნდა დამიჯერო.
– მეტი რა გზა მაქვს. ბრძანე, რა უნდა გავაკეთო.
მე ერთ პლასტიკურ ქირურგ-კოსმეტოლოგს ვიცნობდი, რომელიც „კაგებეს“ შეკვეთებით აკეთებდა პლასტიკურ ოპერაციებს და ენაზე კბილის დაჭერა იცოდა. მასთან, რა თქმა უნდა, შენიღბული მივედი, ორმოცდაათი ათასი დოლარი გადავუხადე და სამი დღის შემდეგ ტროლს ისე შეუცვალა გარეგნობა, რომ მას დედამისიც ვეღარ იცნობდა.
– ხომ იცი, რომ ჩვენი პირობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს, – შევახსენე ქირურგს, როდესაც ტროლი იატაკქვეშა კლინიკიდან გამომყავდა.
– რაზეა ლაპარაკი! ორმოცდაათი ათასი ჩემი დუმილის მყარი გარანტიაა.
– მშვიდობით, ექიმო. იმედია, ერთმანეთს აღარასოდეს შევხვდებით.
– იმედია. მშვიდობით.
ტროლი სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ მიკრორაიონში, სამოთახიან ბინაში მივიყვანე და ვუთხარი:
– ესეც ასე. ექიმი ხმის ამომღები არაა. შენი კოლეგები კი, ვეღარასოდეს გიპოვიან და უსაფრთხოდ იქნები.
სახეშეცვლილ ტროლს დაბნეულობა ეტყობოდა და მითხრა:
– ექიმს ორმოცდაათი ათასი რუბლი გადაუხადეთ, ხომ?
ორმოცდაათი ათას რუბლად არამცთუ პლასტიკურ ოპერაციას კი არა, წესიერ მაკიაჟსაც არავინ გააკეთებდა, ამიტომ, ტროლს ღიმილით მივუგე:
– ეს ფული შენმა კოლეგებმა – ქურდებმა გადაიხადეს, მაგრამ, დოლარებში.
ჩემი სიტყვების გაგონებაზე ტროლს თმა ყალყზე დაუდგა და მითხრა:
– რაო? ჩემს ოპერაციაში ორმოცდაათი ათასი დოლარი გადაიხადეთ?
– მე, არა, ქურდებმა, – მივუგე გაოცებულ ტროლს, შემდეგ კომოდის უჯრიდან პატარა ჩანთა ამოვიღე და მაგიდაზე დავდე, ზედ ბინის გასაღები დავადე და დავამატე – ეს ბინა შენია და შენს სახელზეა გაფორმებული. ამ ჩანთაში კი შენი ახალი პასპორტი და ორმოცდაათი ათასი დოლარია. ეს ყველაფერი მშვიდობაში მოიხმარე. იმედია, ერთმანეთს აღარასოდეს შევხვდებით.
– მშვიდობით, ჩემო მეგობარო, მშვიდობით. მე თქვენი არც სახელი ვიცი და არც გვარი, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ ყოველ დილას და ყოველ საღამოს თქვენთვის ვილოცებ, სანთლებს დავანთებ და სიცოცხლის ბოლომდე თქვენი მადლიერი ვიქნები, – მითხრა ტროლმა, ხელი ჩამომართვა და ბინიდან რომ გავდიოდი, ჯვარი გადამსახა.
ტროლის გაუჩინარების ხარჯები მართლა ქურდებმა დაფარეს იმ ას ორმოცდაათი ათასი დოლარიდან, რომელიც მათ წინასწარ გადამიხადეს. მოლაპარაკების მიხედვით, ეს თანხა მე ნებისმიერ შემთხვევაში მრჩებოდა, ხოლო, ტროლს თუ ცოცხალს მივუყვანდი, დანარჩენსაც გადამიხდიდნენ. მართალია, ასეთი შეთანხმება გვქონდა, მაგრამ, საბოლოოდ, ტროლისთვისაც რომ თავი დაენებებინათ და არც მე მოვეკითხე ვინმეს, ერთი სპექტაკლი დავუდგი: ერთ მოხუც მხატვარს, რომელიც ადრე ასევე, „კაგებეს“ შეკვეთებს ასრულებდა და მანაც კარგად იცოდა ენაზე კბილის დაჭერა, სულ რაღაც ხუთი ათას დოლარად ტატუებით მოვახატვინე უპატრონო გვამი, რომელიც ერთი ნაცნობისგან ვიყიდე ხუთას დოლარად პროზექტურაში, შემდეგ კი ეს გვამი „დაჩნოეს“ იმ აგარაკზე მივიტანეთ, სადაც ტროლი იმალებოდა, მას ბენზინი გადავასხი თავზე, ცეცხლი წავუკიდე და იქაურობას მოვშორდი... ყველაფერი ისე მოგვარდა, უკეთესად ვერც კი ვინატრებდი. შემთხვევის ადგილზე მისულმა მილიციამ აგარაკის მფლობელი ქვრივი დაკითხა და ქალმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილი მამაკაცი კანონიერი ქურდი – ტროლი იყო. მილიციამ ეს ჩვენება და შემთხვევის ადგილზე გადაღებული სურათები საქმეში ჩააკერა, საქმე კი დახურეს და არქივში გადაგზავნეს. მე ეს საქმე ერთ არქივის მოხელეს ას დოლარად გადავაქსეროქსებინე და შემკვეთს მივუტანე, რომელმაც მითხრა:
– რას ფიქრობთ, მართლა უბედური შემთხვევაა, როგორც აქ წერია?
– ამის თქმა ძალიან რთულია, – მხრები ავიჩეჩე მე, – როგორც ადრე გითხარით, ასეთ ადამიანებს თავიდან იშორებენ და, გამორიცხული არ არის, რომ მოეკლათ. თუმცა, შეიძლება, ის მართლაც უბედურ შემთხვევას შეეწირა. ფაქტი კი ერთია – ის ნამდვილად მკვდარია და თქვენი „ობშჩიაკის“ ფულის კვალი ამ ეტაპზე დაიკარგა.
– მაგაში გეთანხმებით. კეთილი. თქვენ რაც შეგეძლოთ, გააკეთეთ. მშვიდობით, – მითხრა შემკვეთმა, რომელსაც მესამედაც ბათუმის ბულვარში შევხვდი და ერთმანეთს დავშორდით.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ ტროლი ბერად აღიკვეცა და რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში შეუდგა მოღვაწეობას. სხვათა შორის, უკვე აღკვეცილი ტროლი კიდევ ერთხელ შემხვდა და მან ვერც ამჯერად მიცნო, რადგან მოსკოვში უკვე უნიღბოდ, ჩემი ბინის მოსანახულებლად ვიყავი ჩასული. მეტროთი ვმგზავრობდი. საღამო ხანი იყო და ვაგონში ძალიან ცოტა მგზავრი იმყოფებოდა. ერთ-ერთ სადგურზე ოთხი სკინჰედი ამოვიდა. ერთ-ერთი მათგანი რომ დავინახე, გავიფიქრე: „ესღა მაკლდა. ნეტავი ვერ მიცნოს“. საქმე ის არის, რომ ის სკინჰედი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც მე და ვოვას „ძიას“ შვილიშვილის მოტაცებისას მოგვდევდა. მან შემომხედა, კოპები შეიკრა და კარგად შემათვალიერა. შემდეგ თავის მეგობრებს რაღაც გადაუჩურჩულა, წამოდგა, მომიახლოვდა და მითხრა:
– ძალიან ნაცნობი სიფათი გაქვს, მაგრამ, ვერ გიხსენებ. შენ არ გახსოვარ?
– ყმაწვილო, ლამის ბაბუად გეკუთვნი და პატივისცემით მომეპყარი. არ მეცნობი, ეტყობა, ვიღაცაში შეგეშალე.
– არა, გამორიცხულია. ნამდვილად მეცნობი, თანაც, მე მგონი, ცუდ ამბავში ვართ შეხვედრილები.
– არა, გეშლება, – ვუთხარი ბიჭს და წამოვდექი, რომ შარის თავიდან ასაცილებლად გავცლოდი, მაგრამ ბიჭმა ხელით მიბიძგა, სკამზე დამაბრუნა და შემიღრინა:
– იჯექი. სად ითესები? აუცილებლად უნდა გავიხსენო, საიდან მეცნობა შენი სიფათი.
ამასობაში მატარებელი გაჩერდა და ჩემი და სკინჰედების გარდა, ყველა მგზავრი ჩავიდა, ვაგონში კი ანაფორიანი ბერი შემოვიდა, რომელშიც ტროლი ვიცანი. ის ჩემ გვერდით, ოდნავ კიდეში დაჯდა. ამასობაში მატარებელი დაიძრა და სკინჰედმა მითხრა:
– აშკარად მიცანი, მაგრამ, არ ამხელ. აბა, თქვი, ვინ ხარ?
– ყმაწვილო, ვიღაცაში გეშლები. წესიერად მოიქეცი, ბაბუაშენის ტოლი ვარ.
– მართლა, ბაბუ? – ირონიით მითხრა სკინჰედმა და დაამატა, – ჩქარა მითხარი, ვინ ხარ, თორემ, სიფათს აგიზილავ!
– ვიღაცაში გეშლები, – მშვიდად ვუთხარი ბიჭს, მან კი მუშტი მომიღერა და გამიმეორა:
– ჩქარა მითხარი, ვინ ხარ!
ამ სცენის დანახვისას, ბერად აღკვეცილი ტროლი წამოდგა, მოგვიახლოვდა და ბიჭს უთხრა:
– დამშვიდდი, შვილო ჩემო, ნუ ცხარობ. რას ერჩი ამ პატიოსან კაცს, რა დაგიშავა?
– განზე გადექ, წმიდა მამაო, – ირონიით მიუგო ტროლს ბიჭმა, – სხვის საქმეში ნუ ერევი!
– პატივი ეცი მამასა შენსა და მოყვასს ნუ აწყენინებ, – თქვა ტროლმა, მაგრამ სკინჰედმა მას მუშტი ცხვირთან მიუტანა და კბილებში გამოსცრა:
– გაეთრიე აქედან, სანამ მთელი ხარ!
– შვილო ჩემო... – თქვა ტროლმა, მაგრამ სკინჰედმა მას ხელი ჰკრა და იატაკზე დააგდო, შემდეგ ირონიულად გაიცინა და თქვა:
– გამახსენდა, ვინც ხარ, შე ბოზო! შენ და ვოვამ არ წაიყვანეთ ის მორფინისტი გოგო?!
მე სკინჰედს ხელი ვკარი და მოპირდაპირე სკამს მივანარცხე, შემდეგ წიხლი მივაყოლე და იქვე გავთიშე, მისი სამი მეგობარი კი, რომლებმაც დანები დააძრეს, ერთმანეთზე დავაწყვე და ტროლს ვუთხარი:
– წამობრძანდით, მამაო, ცოდვას გავერიდოთ.
მატარებელი რომ გაჩერდა და ჩავედით, სკინჰედები ჯერ კიდევ გათიშულები იყვნენ და ასეთ მდგომარეობაში განაგრძეს გზა.
– მარჯვედ კი გაუსწორდით იმ ურწმუნოებს, მაგრამ, ხომ არ გადაამეტეთ, შვილო ჩემო? ისინი ჯერ ისევ უგონოდ იყვნენ, მატარებელი რომ დაიძრა, – მითხრა მღვდელმა.
– პირიქით, დავაკელი, მეტს იმსახურებდნენ, – ვუთხარი ტროლს, ესკალატორზე ავაცილე და მეტროს შესასვლელთან დავშორდით.
ბერად შემდგარი ტროლი ნელი ნაბიჯით გაუყვა ღამის მოსკოვის განათებულ ქუჩას, მე კი ტაქსიში ჩავჯექი და ჩემი ბინისკენ გავემართე, სადაც მორიგი სიურპრიზი მელოდა: სახლში რომ შევედი და შუქი ავანთე ოთახში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ორი ახალგაზრდა დამხვდა. მე არც პისტოლეტი მქონდა თან და, რომც მქონოდა, მაინც არ ვიხმარდი, რადგან ახალგაზრდებს ეტყობოდათ, რომ სამტროდ არ იყვნენ მოსულები. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა:
– გამარჯობა, კონსტანტინ ალექსანდროვიჩ.
– საღამო მშვიდობისა. რით შემიძლია, გემსახუროთ?
– თქვენ – არაფრით. ეს ჩვენ გამოგვგზავნეს თქვენი სამსახურისთვის.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად, ჩვენ თქვენი დაცვა გვევალება, სანამ მოსკოვში და, საერთოდ, რუსეთის ტერიტორიაზე იქნებით.
– რატომ, რა ხდება?
– ეს კი ნამდვილად არ ვიცით, კონსტანტინ ალექსანდროვიჩ. უბრალოდ, გვიბრძანეს და ჩვენც ვასრულებთ... და, კიდევ, ბოდიშს გიხდით, რომ აქ უკითხავად შემოვედით, მაგრამ, ესეც ნაბრძანები გვქონდა.
– „ეფესბედან“ ხართ?
– არა, „ეფესკადან“ – რუსეთის კონტრდაზვერვიდან.
– თქვენს უფროსობასთან თუ შემიძლია ლაპარაკი?
– ამას ვერ გეტყვით, არ უთქვამთ, მაგრამ, სულ მალე დაგირეკავენ და გეტყვიან, რაშიცაა საქმე, – მითხრა ერთ-ერთმა და, სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ ჩემმა ბინის ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე და მომესმა:
– საღამო მშვიდობისა, კოკი.
– გამარჯობა, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – მივუგე შჩუკინს, თან მივხვდი, რომ რაღაც მოხდა, რაც ძველ ამბავთან იყო დაკავშირებული და ჩავეკითხე, – მოხდა რამე?
– ხვალ გნახავ და ყველაფერს გეტყვი. ერთი ძველი ამბის გამო ჩვენი კოლეგები პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავენ და ეს ბიჭებიც იმიტომ არიან შენთან. შეგიძლია, მშვიდად იძინო. არა მგონია, რომ დღეს რამე მოხდეს. აბა, ხვალამდე, ღამე მშვიდობისა.
– ღამე მშვიდობისა, – მივუგე შჩუკინს, ყურმილი დავკიდე და ბიჭებს მივუბრუნდი:
– მეგობრებო, ძალიან დაღლილი ვარ და თუ არაფერში გჭირდებით, დავიძინებ.
– რა თქმა უნდა, კონსტანტინ ალექსანდროვიჩ, – ერთხმად მომიგეს ბიჭებმა და მე დასაძინებლად დავწექი.
შჩუკინი მეორე დღეს, ზუსტად შუადღეზე მეწვია და მითხრა:
– ზაქირ-ბეის საქმე გახსოვს?
– რა თქმა უნდა – მივუგე შჩუკინს. ავღანელ საველე მეთაურსა და ნარკობარონზე არ მეუბნებით?
– სწორედაც.
ზაქირ-ბეი მე და კიდევ ხუთმა ჩვენმა კოლეგამ პაკისტანის დედაქალაქში, ისლამ-აბადში, თავის კუთვნილ „ჯიპში“, ერთ ტონა ნარკოტიკთან ერთად გამოვბუგეთ, მაგრამ, რა შუაში იყო ის ამბავი ყველაფერ ამასთან, ვერ მივხვდი და შჩუკინს ვკითხე:
– მერედა, რა შუაშია ის ამბავი დღევანდელობასთან?
– მოკლედ, გუშინწინ „ეფესკადან“ დამირეკეს და მისვლა მთხოვეს. რომ მივედი, რუსმა კონტრმზვერავებმა მითხრეს, რომ ზაქირ-ბეის გამანადგურებელი ექვსეულიდან ოთხი მოკლული იყო და მხოლოდ შენ და კაპიტანი გულიევი გადარჩით. ხვდები, რაშია საქმე?
– შურისძიებაა?
– როგორც ეტყობა, – მომიგო ვიქტორ იაკოვლევიჩმა.
– კი მაგრამ, ამ ოპერაციის შესახებ ხომ მხოლოდ თქვენ და მუხინმა იცოდით?
–თუ არ ჩავთვლით ამ ექვს შემსრულებელს.
– ორს – ოთხი ხომ უკვე მკვდარია. ვრჩებით მე და გულიევი, ერთ-ერთი ჩვენგანი კი მოღალატე და გამცემია, ანუ, ინფორმაცია შურისმაძიებლებს ერთმა ჩვენგანმა მიაწოდა.
– ზუსტად ასე ფიქრობენ კონტრდაზვერვაში და თბილისში უნდა გწვეოდნენ, რომ შენ თვითონ ჩამოხვედი აქ.
– ესე იგი, ეს ბიჭები არა მხოლოდ ჩემს დასაცავად არიან აქ, არამედ საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დამაპატიმრონ?
– დარწმუნებული ვარ, ასეთი საჭიროება არ დადგება. ჩვენს უმცროს კოლეგებს ვუთხარი, რომ შენს ერთგულებაზე თავს ვდებ, თანაც, კაპიტანი გულიევიც გაქრა და იმის დიდი ალბათობაა, რომ შურისმაძიებლებს სწორედ მან მიაწოდა ინფორმაცია. ასე რომ, მეც რომ არაფერი მეთქვა შენს პატიოსნებაზე, შენ მაინც ავტომატურად ვარდებოდი ეჭვმიტანილების სიიდან და კონტრდაზვერვა პირდაპირ კაპიტანზე გადიოდა, თუმცა, უშუალოდ მისი მოხელთება ჯერ ვერ ხერხდება.
– ჯერჯერობით ადრეა ჩემი გამართლება, ვიქტორ იაკოვლევიჩ. მოდი, დავიცადოთ. გულიევი რომ გამოჩნდება, ყველაფერს მაშინ მოეფინება ნათელი.
– რა გინდა, ამით რომ თქვა? – გაეცინა შჩუკინს, – შენს თავს არ ენდობი თუ მე ვცდები შენში?
– ეს ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს კარგად და ვენდობით, კონტრდაზვერვას კი უტყუარი დასტური სჭირდება და ეს დასტური გულიევია.
– მართალი ხარ, – გაეცინა შჩუკინს და ამ თემას აღარ დავბრუნებივართ, ჩემს კაბინეტში ჭადრაკი გავშალეთ და თამაშს შევუდექით. ორიოდე საათის შემდეგ კი შჩუკინს ვიღაცამ მობილურზე დაურეკა, ერთი წუთი ელაპარაკა და, რომ დაასრულა, მითხრა:
– გულიევი ააგდეს სოხუმში, როდესეც ის თურქეთში გაპარვას აპირებდა. დაკითხეს და ყველაფერში გამოტყდა. ზაქირ-ბეის ლიკვიდაციის საიდუმლო ასი ათას დოლარად გაუყიდია. დაჭერილები არიან ქილერებიც – სულ სამნი, რომელთაგანაც ორი ქალია. მოკლედ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. კიდევ კარგი, თბილისში ცხოვრობ, თორემ, ვინ იცის, აქ რომ ყოფილიყავი, შეიძლება, შენც კი მოგწვდენოდნენ.
– თბილისშიც მომაგნებდნენ.
– რა თქმა უნდა, მოგაგნებდნენ, მაგრამ, ჯერ რუსეთის მოქალაქეებს გაანადგურებდნენ, შემდეგ კი არც შენ გამოგტოვებდნენ.
ეს ამბავი ისევე უხმაუროდ დასრულდა, როგორც დაიწყო, ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ რუსეთის კონტრდაზვერვა მომზადებული დახვდა მოსკოვში ჩემს ვიზიტს და, საჭიროების შემთხვევაში, ისე უხმაუროდ დამიჭერდნენ, რომ დაცემინებასაც ვერ მოვასწრებდი. ეს არცაა გასაკვირი, რადგან, ჩვენი მუშაობის სპეციფიკა სისწრაფეზე, სიზუსტესა და რაც ყველაზე მთავარია, ჩუმ მოქმედებაზეა დამყარებული.
– კოკი, ჩემო კარგო, – მასწავლიდა ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი, – შენ სამეფო კობრაზე ფრთხილი უნდა იყო, მასზე ჩუმი გადაადგილება შეგეძლოს და მასავით სწრაფად, ვერაგულად იცოდე თავდასხმა – ეს აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, შეცდომა მოგივიდეს, ხოლო, ერთი შეცდომაც კი ჩვენს საქმეში, სიკვდილის ტოლფასია.
ჩემი კოჯრელი ინსტრუქტორი კობრის თვისებებში მხოლოდ ფიზიკურ კომპონენტებს არ გულისხმობდა და გველის თვისებების ჩანერგვას ჩემს ფსიქიკასა და ინტელექტშიც ცდილობდა. ის დარწმუნებული იყო, რომ სუპერკლასის მზვერავს კეთილშობილება არაფერში გამოადგებოდა, ის უნდა ყოფილიყო ცივსისხლიანი, დაუნდობელი, ჭკვიანი, ვერაგი და სწრაფი.
– წარმოიდგინე, კოკი, რომ სასიკვდილოდ ხარ მტერთან შებმული და უნდა მოკლა. ამ დროს ქალი გამოგიხტება, რომელსაც ერთ ხელში იარაღი უჭირავს, მეორეში კი – ჩვილი. ის ქალი შენი მტრის ცოლია და ქმარს ეხმარება. რას იზამ? თავს მოაკვლევინებ ქალს და საქმეს დაღუპავ თუ, ესვრი და შვილიანად გაანადგურებ?
– პროვოკაციული შეკითხვაა, – თავი გავაქნიე და ღიმილით მივუგე ინსტრუქტორს, მან კი მკვეთრად მომიგო:
– არანაირი პროვოკაცია, ეს რეალობაა, რომელსაც, შეიძლება, გადააწყდე და თუკი წინასწარ არ გეცოდინება, რას მოიმოქმედებ, თავს წააგებ. სწორი პასუხია: „ვესვრი და გავანადგურებ“. და, მარტო სწორი პასუხი კი არ უნდა გამცე, არამედ, სწორადაც უნდა მოიქცე. ასე რომ, კარგად დაიმახსოვრე ჩემი დარიგება: კეთილშობილება ამოიგდე თავიდან და ისე იმოქმედე, როგორც სათვალიანმა, სამეფო კობრამ.
კოჯრელი ინსტრუქტორის სიტყვები გარკვეულწილად წინ დამიხვდა და ცხოვრებაში დიდი გამოცდა მომიწყო:
ერთხელ, ცენტრის დავალებით ერთ-ერთ მუსლიმანურ ქვეყანაში გამგზავნეს სპეცდავალების შესასრულებლად. შჩუკინთან რომ მივედი, მითხრა:
– საგანგებო დავალებაზე უნდა გაგიშვათ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში