რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: ორი ავტომობილი მყავს შერჩეული, რომელთა ყიდვაც მინდა. ერთი ავტომატური კოლოფითაა, მეორე კი – მექანიკური. ჩემი გამოცდილებით, ავტომატურ კოლოფს ნაკლები პრობლემები აქვს. იქნებ, ამიხსნათ, ამ შემთხვევაშიც და ზოგადადაც, როგორ შევამოწმო ავტომობილის მექანიკური და ავტომატური კოლოფები?
პასუხი: ეს სულაც არ არის რთული საქმე. ასფალტზე სწორ გზაზე წახვალთ და ნახავთ ყველა სიჩქარეს, როგორ გადადის. თუ გადართვის მომენტში ხმა აქვს ან ჩაგდება გაუჭირდება; ესე იგი, ის გამართულად ვერ მუშაობს. მაგრამ, ეს წყნარად და ნაზად სიარულის დროს არ გამოჩნდება. ძრავა მაღალ ბრუნებზე უნდა ამუშაოთ, ანუ, როდესაც ტაქომეტრი ხუთ-ექვს ათასზე ავა, მხოლოდ მაშინ უნდა გადართოთ ერთი სიჩქარიდან მეორეში, რადგან, მაღალ „აბაროტებზე” გადართვისას გამოჩნდება მექანიკური კოლოფის ყველა პრობლემა. რაც შეეხება ავტომატურ კოლოფს, ვთქვათ, აგდებ R-ში ან , D-ში, ეს ძალიან რბილად უნდა მოხდეს, ანუ, განსაკუთრებული ხმაური არ უნდა გამოსცეს. თუ მანქანა გადართვისას უხეშად ურტყამს, ესე იგი, უკვე დაზიანებაა, ანუ, დაზიანებულია ტრანსმისია. სწორზე სიარულისას დააკვირდით რამდენად მალე რთავს სიჩქარეებს – წესით, დაახლოებით სამი ათასზე უკვე უნდა შეცვალოს. თუ აგვიანებს და მხოლოდ მაღალ „აბაროტებზე“ აამუშავა, ეს ნიშნავს, რომ კოლოფის ზეთია გამოსაცვლელი და მას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასევე, შეამოწმეთ, კარგად დგას თუ არა აღმართზე: ჩააგდეთ D-ში, გაჩერდით აღმართზე და მუხრუჭს ფეხი აუშვით. ის არ უნდა დაგორდეს. იგივე გაიმეორეთ დაღმართზე: ჩააგდეთ ბერკეტი („რიჩაგი”) უკუსვლის მდგომარეობაში, ანუ R-ში და აუშვით ფეხი მუხრუჭს. ავტომობილი, მიუხედავად დაღმართისა, წინ არ უნდა წავიდეს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო იო”, მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილი. მთავარი გადამრთველის გარდა, არ ვიცი, როგორ და სად გამოვიყენო სიჩქარეების კოლოფის სხვადასხვა ფუნქცია, „დრაივის”, „რევერსის”, „პარკინგისა” და „ნეიტრალის” გარდა.
პასუხი: ნებისმიერი ტიპის ავტომობილის შეძენისას, კარგი იქნება, თუ მისი და მისი დამატებითი ფუნქციების შესაძლებლობებს შეისწავლით, აღარაფერს ვამბობთ სიჩქარეების ავტომატური კოლოფის ძირითად ფუნქციებზე, როგორიც არის მისი დაბალი სიჩქარეები და გამაძლიერებელი. დაბალ სიჩქარეებს მრავალმხრივი გამოყენება აქვს, მაგრამ, აღსანიშნავია მისი ძირითადი თვისებები. თუ ჩვენ ვეშვებით დაღმართზე, რომელზეც მაღალ სიჩქარეს ვერ განვავითარებთ იმის გამო, რომ გზის საფარი ამის საშუალებას არ იძლევა, მით უმეტეს, თუ ის არის მოხრეშილი, მოლიპული ან უსწორმასწორო, უნდა გადმოვრთოთ შესაბამის დაბალ სიჩქარეში. დაბალი სიჩქარე აღინიშნება ციფრებით: 3, 2 და 1 და რიგ ავტომობილებში, მით უმეტეს, „ჯიპებში“, შეიძლება იყოს L ინდექსიც, რაც კიდევ უფრო გაძლიერებულ და შენელებულ სიჩქარეში ჩართვას ნიშნავს. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ ავტომობილის ერთი თანაბარი ტემპით სვლას და გამოვრიცხავთ მართვის კონტროლის დაკარგვას. ამავდროულად, ვუფრთხილდებით სამუხრუჭე სისტემას როგორც გადახურებისგან, ასევე ცვეთისგან.
კითხვა: მყავს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, რომლის ფარებიც არასწორად მუშაობს. ძალიან დიდ პრობლემებს მიქმნის, ეს ერთი შეხედვით მარტივი პრობლემა, რადგან, ღამით, საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილები ფიქრობენ, რომ შორს მაშუქი ფარები მაქვს ჩართული და იმის გამო, რომ გამორთვა მიმანიშნონ, თვითონაც შორს მაშუქ ფარებს მირთავენ. შეიძლება თუ არა ფარების დარეგულირება ისე, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას?
პასუხი: ეს თითქოს ძალიან მარტივი პრობლემაა, მაგრამ, რეალურად ღამით ტრასაზე მომხდარი ავარიების უმრავლესობა სწორედ არასწორი განათების ბრალია. საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილი იბნევა, სავალ ზოლს კვეთს და ამის გამო საშინელი ავარიები ხდება. ეს თქვენც აუცილებლად შეგიქმნით პრობლემებს, რადგან თქვენი ავტომობილი თითქმის სრულიად არ ანათებს გზის მარჯვენა მხარეს. არადა, სწორედ განაპირა ზოლი ან ტროტუარი უნდა ავიღოთ ნიშნულად მაშინ, როდესაც ვიღაც თვალებში გვანათებს და გზას საერთოდ ვეღარ ვხედავთ. სამწუხაროდ, ასეთ ფარებს რეგულირება არ შველის. რაღაცნაირად, ხელოსანი თუ უშველის იმას, რომ ვიღაცას თვალებში არ მივანათოთ და არ დავაბრმავოთ ჩვენი ახლო მაშუქი ფარებით, მაგრამ, ამ შემთხვევაში მთლიანად განათება ფუჭდება და ის უკვე ჩვენ გვიქმნის პრობლემებს. ფარებს აქვს ნახაზები, რომლითაც იქმნება კუთხეები და რომელიც ჯამში განათების ფორმას ქმნის. ამიტომ, გამოსავალი მაინც, ალბათ, ფარების შეცვლაა. სტანდარტული ფარების დაყენებით, რომლებსაც გზის განაპირა მხარეს კარგად ანათებს, საპირისპირო ზოლს კი – ნაკლებად, თქვენ ძალიან დიდ თავსატეხს მოიშორებთ.
კითხვა: მყავს „მერსედესი ცე 230” კომპრესორი, 1998 წლის მოდელი. მაინტერესებს, რა ხარისხის ბენზინი უნდა ჩავასხა, რომ მისმა ძრავამ კარგად იმუშაოს? თუ შემიძლია ამ მოდელით სწრაფად სიარული, სხვა ავტომობილებთან გაჯიბრება, ანუ, თუ აქვს საკმარისი სიჩქარე?
პასუხი: ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა, მიგეთითებინათ, რომელი ქვეყნიდან არის ჩამოყვანილი თქვენი ავტომობილი, ანუ, რომელი ქვეყნისთვის შეიქმნა. „მერსედესის” ეს მოდელები შექმნილია ამერიკისთვისაც, ევროპის ქვეყნებისთვისაც და იაპონიისთვისაც. თუ თქვენი ავტომობილი ამერიკიდანაა ჩამოყვანილი, მაშინ, შეგიძლიათ, საქართველოში ყველაზე დაბალი ხარისხის ბენზინი ჩაასხათ, რადგან, ამერიკული მოდელები სწორედ ყველაზე დაბალი ოქტანობის მქონე ბენზინზეა გათვლილი – ამერიკაში მხოლოდ ასეთი ბენზინი იყიდება. თუ იქ მაღალი ოქტანობის საწვავს ჩაასხამთ, როგორიც ჩვენთან, ვთქვათ, „პრემიუმი“ ან „ავანგარდია“, აღარაფერს ვამბობ „სუპერზე“, შესაძლოა, თქვენს ძრავას პრობლემებიც შეექმნას – ასეთი შემთხვევები საქართველოში ყოფილა. თუ ევროპული მოდელია, მაშინ აუცილებლად მაღალი ხარისხის ბენზინი უნდა ჩაასხათ. რაც შეეხება „გონკაობას”, ის ყველა ავტომობილით არის შესაძლებელი, გააჩნია მძღოლს. „გონკაობა” გაგიადვილდებათ, თუ თქვენი ავტომობილი მართვის მექანიკური კოლოფითაა აღჭურვილი. სისწრაფე ამ ავტომობილს საკმარისი აქვს, მაგრამ, მის გამოცდას ქალაქის ქუჩებში არ გირჩევთ.