ვეტერინარის რჩევები
კითხვა: უპირველესად, რომელი ბრძანების შესრულება უნდა ვასწავლოთ ძაღლს?
პასუხი: ძაღლს, უპირველესად, აუცილებლად უნდა ასწავლოთ რამდენიმე ბრძანება, მაგალითად: დაჯექი! დაწექი! დამელოდე! ხშირ შემთხვევაში ბრძანება „დამელოდე” ძალიან გამოსადეგია. მაგალითად, სასურსათო მაღაზიაში ძაღლის შეყვანა არაჰიგიენურია, რამაც, შესაძლოა, ვინმეს დისკომფორტი შეუქმნას. ამიტომ ძაღლი უნდა დააბათ და უბრძანოთ, რომ დაგელოდოთ.
სწავლების პროცესში ძაღლს უნდა ასწავლოთ, რომ არავითარ შემთხვევაში რეაგირება არ ჰქონდეს კატაზე. ეს იმიტომ, რომ, ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ძაღლი ავტოკატასტროფაში დაიღუპა მაშინ, როდესაც კატას მისდევდა. ამას გარდა, გახსოვდეთ ისიც, რომ ძაღლი არც ერთ ბრძანებას არ შეასრულებს, თუ მან კატა დაინახა და მასზე რეაგირება მოახდინა.
კითხვა: მაინტერესებს, უნდა გავაკონტროლო თუ არა საკვების რაოდენობა, რომელსაც ძაღლი ყოველდღიურად იღებს?
პასუხი: ძაღლის საკვების რაოდენობა მუდმივად უნდა გააკონტროლოთ. ძაღლისთვის განკუთვნილი საკვების რაოდენობა რეგულარულად უნდა აიწონოს. საკვების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რა რაოდენობის და სახის საზრდო ნივთიერებებს შეიცავს თითოეული მათგანი, როგორია მათი კალორიულობა და გადამუშავების დროს მათი დანაკარგის პროცენტი. ამით ძაღლს არასასურველ სიმსუქნეს აარიდებთ.
კითხვა: არის შემთხვევები, როცა ძაღლი, ასაკის მატებასთან ერთად, აგრესიული ხდება და უმიზეზოდ იკბინება, პატრონზეც კი იწევს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?
პასუხი: თუ ძაღლი მანამდე არ გამოხატავდა ანალოგიურ თვისებებს და ეს ასაკის მატებასთან ერთად დაეწყო, სამწუხაროდ, საქართველოში ცხოველების ნევროპათოლოგი არ არსებობს. შესაბამისად, ყველაზე კარგ შედეგს მოვგცემს ცხოველებისთვის სპეციალიზებული დამაწყნარებელი საშუალება – ეტერინარ. ექიმი გამოუწერს, თუ რა დოზით უნდა მიიღოს ძაღლმა ეს პრეპარატი და ნერვული სისტემაც დაუწყნარდება. ასევე, აუცილებლად უნდა შეეცადოთ, დაადგინოთ მიზეზი, თუ რატომ გახდა ძაღლი აგრესიული.
კითხვა: მაინტერესებს თუ მაკეობის დროს ძაღლი ფილტვების ანთებით გახდა ავად, უქმნის თუ არა ეს პრობლემას მის ლეკვებს?
პასუხი: პრობლემას ნამდვილად უქმნის. ფილტვების ანთების პერიოდში, შეიძლება, ძაღლმა საერთოდ ვეღარ იმშობიაროს, მუცელში მყოფი ლეკვები ორგანიზმმა გაიწოვოს და ეს გამოსაჯანმრთელებლად გამოიყენოს; ან, შესაძლოა, სუსტი ლეკვები დაბადოს, რომელთა გაზრდა ძნელი იქნება. არ არის გამორიცხული, ფილტვების ანთების შემთხვევაში, მშობიარე ძაღლმა მკვდარი ლეკვები დაბადოს. მაკეობის დროს ნებისმიერი პათოლოგია შეიძლება განვითარდეს, იმის მიხედვით, თუ რა სირთულის ფილტვების ანთება აქვს და რა პერიოდში მოხდა ჩარევა. ფილტვების ანთებისგან ძაღლის გამოჯანმრთელება ექიმის ჩარევის გარეშე შეუძლებელია, როგორც წესი, ეს სიკვდილით მთავრდება, ამიტომ, პატრონი ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს.
კითხვა: ხშირად, გარეთ ყოფნის დროს, ჩემი ძაღლი წყალს გუბიდან სვამს. საზიანოა თუ არა ეს მისი ორგანიზმისთვის?
პასუხი: ლეკვის შეძენისთანავე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძაღლს საჭმელი და სასმელი წყალი გამოსაჩენ ადგილას დაუდგათ. წყალი დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა ცვალოთ. ძაღლს აუცილებლად ლეკვობიდანვე უნდა აუკრძალოთ გუბურებიდან და წყალსაცავებიდან წყლის დალევა. ეს ყველაფერი იმიტომ უნდა გააკეთოთ, რომ დაბინძურებულმა წყალმა, ისევე, როგორც საკვებმა, თქვენი ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულ შედეგამდე არ მიიყვანოს.