როგორ დაკარგეს ერთმანეთი დედმამიშვილებმა და ვის შესახებ შეიტყო დამ ცუდი ამბავი სამარადან
49 წლის ნონა ჯაყოს ასული კიკნაძე ეძებდა 55 წლის მიხეილ (მიშა) ჯაყოს ძე კიკნაძეს.
ისტორია: ვეძებთ ჩემს ძმას: 55 წლის მიხეილ ჯაყოს ძე კიკნაძეს. ჩემი ძმა საქართველოდან სამარაში საცხოვრებლად 1984 წელს წავიდა. მას შემდეგ ჩვენ მასთან კავშირი არ გვქონია. გადმოცემით ვიცით, რომ თითქოს მიშას სამარაში ოჯახი აქვს და ორი შვილის მამაა. საქართველოში, თბილისში კი მას ჰყავს ორი და და დედ-მამა. ჩვენი ყოველი ცდა, ძმა გვეპოვა, უშედეგოდ დამთავრდა. იმედი გვაქვს, ის კარგად და ჯანმრთელადაა.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაიბეჭდა რუბრიკა – დაკარგულების აგვისტოს ერთ-ერთ ნომერში. სამწუხაროდ, ყველა ისტორია კარგად როდი მთავრდება. ამ ისტორიასაც ცუდი დასასრული ხვდა წილად. მიხეილ ჯაყოს ძე კიკნაძეს სამარაში ნებაყოფლობითმა დამხმარეებმა მიაგნეს, მაგრამ ის უკვე ცოცხალი აღარაა. ჩვენ გამოგვეხმაურნენ მიხეილის ოჯახის წევრები. დღევანდელი რუბრიკის სტუმარი მიხეილის და, ნონა კიკნაძეა.
– ნონა, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ძალიან რთულია ასეთი ამბის გაგება, მით უმეტეს, როცა, ალბათ, კარგს ელოდით.
– ნამდვილად არ ველოდი ასეთ ამბავს, ის, რომ მიშასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებდით, უბრალო შემთხვევითობა მეგონა. ძალიან ბევრია ასე წასული სამუშაოდ და ოჯახთან მათი კავშირი სრულიად შემთხვევით წყდება. ჩვენ მიშას შესახებ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ სამარაში ოჯახი ჰქონდა და ორი შვილის მამა იყო. დიდი ხანია, უკვე, რაც ძალიან ვდარდობდით მასთან ურთიერთობის გაწყვეტის გამო. აღმოჩნდა (როგორც სამარას ნებაყოფლობითი დამხმარეებისგან გავიგეთ), მიშა ათი წელია, რაც ამქვეყნად აღარაა. ჩვენ კი მასზე ვბრაზობდით, რატომ არ გვირეკავსო (ტირის). როგორც უკვე გითხარით წინა ინტერვიუში, მიშა სამარაში მსახურობდა და ჯარის დასრულების შემდეგაც იქ წასვლა და ცხოვრება გადაწყვიტა. ოჯახის წევრები ვერ შევეწინააღმდეგეთ და ასე დავკარგეთ უფროსი ძმა. სულ სამი დედმამიშვილი ვიყავით. ჩემთვის რთულია მის სიკვდილზე ლაპარაკი და ამ თემას გვერდს ავუვლი.
– მესმის, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ თქვენს მშობლებს ეს ამბავი ვინ შეატყობინა?
– მიშას გარდაცვალების ამბავი მშობლებს მე ვუთხარი. მათ ბევრი იტირეს, მაგრამ დედამ ბოლოს თქვა: ახლა ის მაინც ვიცი, ცოცხლებში მოვიხსენიო თუ მკვდრებშიო. გაუგებრობა ყველაზე რთული და გაუსაძლისია. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გაუგებრობაში ვიყავით.
– ძმის ოჯახთან თუ გექნებათ ურთიერთობა?
– ერთადერთი, რაც ამჟამად ყველას გვამხნევებს, ეს მიშას ოჯახის გაცნობაა. მას ორი შვილი და გადასარევი მეუღლე ჰყოლია. მე უკვე ვესაუბრე მარინას (ასე ჰქვია მიშას ცოლს). ის გულკეთილი ქალი აღმოჩნდა. ისიც ძალიან დარდობდა თურმე, მეუღლის ოჯახთან რომ არ ჰქონდა კავშირი. მარინასაც ძალიან ნდომებია ჩვენთან დაკავშირება, მაგრამ ჩვენი არც მისამართი, არც ტელეფონის ნომერი და ნორმალურად, არც სახელები იცოდა. ასე რომ, ვერ გვიპოვიდა.
– და მაინც, რა იყო მიზეზი, ამდენი წლის განმავლობაში რომ არ დაგიკავშირდნენ?
– ეს უკვე არავინ იცის. მიშა ცოცხალი აღარაა, რომ პასუხი მოვთხოვო. მარინამ კი მითხრა, ხშირად გახსენებდათ, მაგრამ წამოსვლას ან წერილის მოწერას გაურბოდაო. არც მან იცის, რა იყო ამის მიზეზი.
– აპირებთ თუ არა ძმის ოჯახთან შეხვედრას და როდის?
– ძალიან მინდა მათი ნახვა და გაცნობა. ისინი ხომ ჩემი სისხლი და ხორცი არიან. მე, მარინაც და ბავშვებიც სტუმრად დავპატიჟე, სამწუხაროდ, ზაფხული დამთავრდა, მაგრამ შემპირდნენ, ზამთარში, ერთი კვირით მაინც ჩამოვალთ საქართველოშიო. მიშას ბიჭს (ის უფროსია) დავითი ჰქვია. მას ძალიან აინტერესებს საქართველოს ნახვა და დაუსწრებლად აღფრთოვანებულია ჩვენი ქვეყნით. მიშას გოგონას კი ანა ჰქვია, მასაც უნდა მამის სამშობლოს ნახვა. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, ჩვენ როგორ გვინდა მათი ნახვა. მარინას სიტყვებს თუ დავუჯერებთ, დავითი ზედგამოჭრილი მამამისია, ანა კი მას ჰგავს.