რა მიზეზით დაიკარგა კავშირი ნათესავებს შორის და ვის ეძებენ თბილისიდან კიევში
62 წლის ირაკლი ვასილის ძე კვიციანი ეძებს 61 წლის ალექსანდრე ვიქტორის ძე პარნიჩენკოს.
ისტორია: ვეძებ ჩემს დეიდაშვილს, 61 წლის ალექსანდრე ვიქტორის ძე პარნიჩენკოს. მე და ვიქტორი არა მხოლოდ ნათესავები, არამედ დიდი მეგობრებიც ვიყავით. მის გარდა, მე სხვა დეიდაშვილი არ მყავს. მამაჩემი კი დედისერთა იყო და მისი მხრიდანაც არავინ მყოლია.
– როგორ დაკარგეთ დეიდაშვილებმა ერთმანეთი, რა არის ამის მიზეზი?
– დეიდაჩემი ელენე ცოლად გაჰყვა ვიქტორ პარნიჩენკოს, რომელიც მან სრულიად შემთხვევით გაიცნო სოფელში არდადეგებზე, სადაც ვიქტორი სტუმრად იყო ჩასული მეგობართან ერთად. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და ელენე დეიდა ვიქტორს კიევში გაჰყვა ცოლად. დედაჩემს, ლიზას, ელენეს გარდა სხვა დედმამიშვილი არ ჰყოლია და ამიტომ დები ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სითბოთი იყვნენ გამსჭვალულები. მე დედამ ისე აღმზარდა, რომ ყველა ჩემი ნათესავი ძალიან მიყვარს. ჩემი ოჯახი ხშირად ჩადიოდა კიევში ელენესთან სტუმრად, მაგრამ ეს ძირითადად ადრე ხდებოდა. მე და საშა თითქმის ერთად ვიზრდებოდით – ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ერთი წელია. ბოლოს საშა 1982 წელს ვნახე, როდესაც კიევში სტუმრად ვიმყოფებოდი დეიდასთან. მას შემდეგ უკვე წლებია გასული, მაგრამ, ჩვენ შორის კავშირი გაწყვეტილია. ვგზავნიდით წერილებს, რომლებიც უპასუხოდ რჩება. 2004 წელს დედა გარდამეცვალა და ვერანაირად ვერ გავაგებინეთ ეს ამბავი მის დას, ელენეს. კიევში ჩასვლა ვეღარ მოვახერხე. რომც მომეხერხებინა, ნამდვილად აღარ ვიცი, სად შეიძლება იყვნენ ჩემი ნათესავები, რადგან, ძველ მისამართზე ისინი აღარ ცხოვრობენ.
– დაზუსტებით იცით, რომ ბოლო ცნობილ მისამართზე ისინი აღარ იმყოფებიან?
– დანამდვილებით ვიცით, რადგან, ერთ-ერთ წერილზე პასუხად მივიღეთ, რომ ასეთი ხალხი აქ არავინ ცხოვრობს. რამდენჯერმე დავაბარე კიევში მიმავალ სრულიად უცხო ადამიანებს, რომ მისულიყვნენ იმ მისამართზე და ენახათ ჩემი ნათესავები, გადაეცათ, რომ დაგვკავშირებოდნენ, მაგრამ, ამაოდ. იმ ადამიანებიდან მხოლოდ ერთმა დამირეკა და მითხრა, რომ იმ მისამართზე სხვები ცხოვრობენ, რომლებმაც არაფერი იციან ელენესა და საშას შესახებ.
– თქვენი აზრით, ისინი სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად? როგორ ფიქრობთ, თავად ისინი რა მიზეზით არ გიკავშირდებიან, მათ ხომ იციან თქვენი მისამართი?
– საქმე ისაა, რომ, ჩვენც, რა ხანია, შევიცვალეთ საცხოვრებელი მისამართი და მათთვისაც უცნობია ჩვენი ახალი მისამართი. იმ ადგილზე, სადაც ჩვენ ადრე ვცხოვრობდით, ამჟამად ახალი კორპუსი დგას და თუ ისინი ჩვენს ძველ მისამართზე გვწერენ წერილებს, ვეღარ გვიპოვიან. მას შემდეგ, რაც მე ბოლოს ვნახე საშა, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა: დავოჯახდი და უკვე შვილიშვილიც კი მყავს. დარწმუნებული ვარ, მასაც უამრავი სიახლე ექნება.
– ინტერნეტით თუ გიცდიათ საშას პოვნა?
– ჩემს შვილს ვთხოვე, ინტერნეტით მოეძებნა ალექსანდრე, მაგრამ, ვინც კი მოძებნა, ყველა სხვა აღმოჩნდა, უბრალოდ, მისი მოსახელე და მოგვარეები გამოდგნენ. გავიგე, რომ თქვენ შეგიძლიათ განაცხადის გაკეთება სამძებრო საიტებზე და, ასევე, გყავთ დაკარგული ადამიანების მოძებნაში ნებაყოფლობითი დამხმარეები სხვადასხვა ქვეყანაში, მინდა, მეც ვცადო ბედი და გიგზავნით საშას ფოტოს და, ასევე, ჩემს იმდროინდელ სურათსაც, რომლითაც ის მე ადვილად მიცნობს.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.