დიეტა მათთვის, ვისაც ქრონიკული გასტრიტი ან კუჭის წყლული აწუხებს
წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს დიეტა შეათანხმეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
* ყველა კერძი მოამზადეთ ორთქლზე, მოხარშეთ ან გამოაცხვეთ. კვების რეჟიმი – დღეში 5-6-ჯერადი.
* გეკრძალებათ: თეთრი კომბოსტო, თალგამი, ბოლოკი, მჟაუნა, ისპანახი, ხახვი, ნიორი, პარკოსნები (დასაშვებია მხოლოდ ცოტაოდენი ბარდის პიურე).
* რაციონში ჩართეთ წინა დღის ცეხვილი ხორბლის პური, მშრალი ბისკვიტები, კვირაში 1-2-ჯერ – უსაფუარო ფუნთუშა ან გამომცხვარი „პიროგი“ მოხარშული ხორცით, კვერცხით, ბრინჯით ან ვაშლით.
* მოამზადეთ სუპები ბოსტნეულის ან ბურღულეულის ლორწოვანი, ბლანტი ნახარშისგან, კარაქით ან ნაღებით.
* მოხარშული ხორცი: საქონლის, ხბოს, კურდღლის, ქათმის, ინდაურის (კანისა და ხრტილის გარეშე); ასევე, მოხარშული თევზი: ვირთევზა („ტრესკა“), ფარგა („სუდაკი“), ხეკი. თუ კატლეტს არჩევთ, მოამზადეთ ორთქლზე ან გამოაცხვეთ.
* მოხარშეთ ბოსტნეული. შეგიძლიათ, მოამზადოთ სალათა ან დააბლენდეროთ და ბოსტნეულის პიურე მიირთვათ. თქვენთვის ნებადართულია: კარტოფილი, ყაბაყი, გოგრა, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწიფე პომიდორი (კანგაცლილი, დღეში 100 გრამი).
* მოამზადეთ ფაფები (ბრინჯის, „პერლოვკის“, წიწიბურას, მანანის, „ჰერკულესის“), ცოტაოდენი რძით ან ნაღებით.
* გაამრავალფეროვნეთ თქვენი მენიუ ბურღულეულის პუდინგებით, მოხარშული ვერმიშელით, მაგრად მოხარშული კვერცხით, ორთქლზე მომზადებული ომლეტით.
* არ დაგავიწყდეთ რძის ნაწარმი: ახალი ხაჭო (უცხიმო), კეფირი, იოგურტი, უმარილო ყველი.
* ასევე, სასარგებლოა ხილის ჟელე, მოხარშული (ან გამომცხვარი) ვაშლი ან კომში.