კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კიდევ რა ტრაგედია მოხდა ლელა სიხარულიძის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე მის ოჯახში

ის 36 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. ტანადი, ლამაზი, საოცარი ღიმილით, ხმის ტემბრით, დახვეწილი იუმორით,  გემოვნებიანი, მეგობრული, თბილი, უშუალო, მოსიყვარულე... ყოველთვის, როცა ამ მშვენიერ ქალბატონს ვიხსენებთ, თავისთავად ჩნდება კითხვა: რატომ? საზოგადოებისთვის ბურუსით მოცული საიდუმლოება,  რომელიც ლელა სიხარულიძის  გარდაცვალებასთანაა  დაკავშირებული, თავად მომღერალმა და მისი ძმის ცოლმა საფლავში წაიღეს. როდესაც ეს ამბავი მოხდა, თბილისში უმალ გავრცელდა ჭორი. ზოგი რას ამბობდა ზოგი – რას. ოჯახის წევრები ამ თემაზე არასდროს საუბრობენ, ვინაიდან,  ყველაფრის თავიდან გახსენება ტკივილის ხელახლა გაღვივებას იწვევს, მათი აზრით, ყველაფერი შემთხვევით მოხდა და ამაში დამნაშავე არავინაა.  
ლელა სიხარულიძე ზოდიაქოთი კირჩხიბი გახლდათ, ამ ნიშნის ადამიანებს კი, მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული ინტუიცია. შესაძლოა, ის გრძნობდა კიდეც მოსალოდნელ საფრთხეს და, ალბათ, ამიტომაც, სიცოცხლეშივე გაადიდებინა თავისი ფოტოსურათები, რომლებიც ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა. მის რეპერტუარში ბოლოს გაჩნდა უცნაური სიმღერა – „ვაი, რა ცეცხლში გამხვია...“ ვერის სასაფლაოზე დაკრძალვის სურვილი – ესეც, ალბათ, ინტუიციაა, მიუხედავად იმისა, რომ მათი საგვარეულო სასაფლაო კუკიაზე ყოფილა.  ტრაგედიის წინა დღეს მისმა ქალიშვილმა, თამუნამ, სიზმარი ნახა:  „ლელა ხეზე იყო ასული, ძალიან ზევით, ხელში ხის ჯვარი ეჭირა, ჯვარი ჩამოვარდა და დაიმსხვრა. ვეძახდი, მაგრამ, ვერ გავაგონე, უცებ გაუჩინარდა.“ ლელას გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ კი, ძმის ცოლმა, ნინომ,  სიზმრად ნახა:  „კარზე კაკუნის ხმა გაისმა. კარი გავაღე და ლელა დგას. შემოდი ლელა, – ვუთხარი. ლელამ ხელი მომკიდა მაჯაზე და მითხრა – არა, არა, წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო. მეც გავყევი. ედემის ბაღში შევედით. ლელამ მკითხა: მოგწონს აქაურობა? კი, რა კარგია აქ, დავრჩები შენთან, – ვთხოვე მე. არა, შენ ახლა წადი, ბავშვები  გელოდებიან. მოვა დრო, როცა მოხვალ ჩემთან, აქ, მე  წამოგიყვან.” ლელას წლისთავის დღეს ნინო თავის მეუღლესთან ერთად ავარიაში მოყვა და დაიღუპა.
 ლელა სიხარულიძემ, ისევე, როგორც ბევრმა ცნობილმა მომღერალმა, თავისი შემოქმედებითი გზა  პიონერთა სასახლიდან, ციცინო ციცქიშვილის კლასიდან დაიწყო. სულ პატარამ დედას მიუძღვნა თავისი დაწერილი სიმღერა. იმავდროულად, გოგონა  მალულად დადიოდა თავის საყვარელ მომღერალთან, ბუბა კიკაბიძესთან სიმღერის უკეთ შესასწავლად. რაღაც პერიოდის შემდეგ ის ხვდება იმ დროისათვის ძალზე პოპულარულ ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ „რეროში“.  მიუხედავად ამისა, მშობლებს მიაჩნდათ, რომ ლელა ჩრდილში დგას და წინსვლის საშუალება არ ეძლევა. სწორედ ამიტომ, პირველი და კატეგორიული წინააღმდეგი ლელას სიმღერისა, მამამისი, ბატონი როლანდი ყოფილა. მშობლების დიდი სურვილით, ლელა უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი კათედრაზეც  დარჩა. ბედის ბორბალი მაშინ შემოტრიალებულა, როდესაც ბუბას ლელას მშობლებისთვის უთხოვია, ამ გოგოს ბრწყინვალე კარიერა ელის და ხელს ნუ შეუშლითო. 17 აგვისტოს ლელას გარდაცვალებიდან 14 წელი შესრულდა. მის დღიურებს დღეს მისი  არაჩვეულებრივი ქალიშვილი, თამუნა გაგაცნობთ.                                                                                         
– დიდი და ბედნიერი ოჯახი გვქონდა. ლელა სახლში იყო თუ სახლიდან გადიოდა, მახსოვს,  სულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ვთხოვდი, დავიჭერდი სუნამოს ფლაკონს, სარკესთან დავდგებოდი და ვითომ მომღერალი ვიყავი. ლელას ხშირად შემოუსწრია და ეცინებოდა.  რომ გითხრათ, 8 წლის ბავშვს კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ დედაჩემი კარგი მომღერალი იყო, პოპულარული და მისი სიმღერები კარგად ვიცოდი-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა, როცა ერთად ვიყავით სადმე და ვიღაცეები ესაუბრებოდნენ, ვხვდებოდი, თუ როგორ პატივს სცემდა ყველა. ძალიან თბილი, უშუალო ადამიანი იყო, მაგრამ, ცოტა პრინციპული. ყოველთვის ჰქონდა რაღაც თავისი, რასაც ვერ გადააბიჯებდი და ვერ ეტყოდი. არასდროს მელაპარაკებოდა ისე,  როგორც ელაპარაკებიან პატარა  ბავშვს, დამიჯდებოდა და მელაპარაკებოდა, როგორც დიდს, მიხსნიდა რა იყო კარგი, რა  – ცუდი; არასდროს მეჩხუბებოდა ნიშანზე, ბებია უფრო მეჩხუბებოდა, იმიტომ, რომ ბებია ჩვენს სკოლაში ქართულის მასწავლებელი იყო. ბუნდოვნად  მახსენდება ყოველი წუთი, წამი რაც ლელასთან გამიტარებია და, ამ პერიოდის – რვა წლის განმავლობაში, ყოველი წამი იყო ზღაპრული და არც ერთი დღე არ ჰგავდა ერთმანეთს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ არ ჰქონდა დრო, სახლში ყოფილიყო, გადაღებებზე მიდიოდა ან სადმე მიემგზავრებოდა, მაგრამ, ჩემთვის დროს ყოველთვის გამონახავდა.  
– დღემდე ყველას ძალიან გიჭირთ ამ ტკივილთან გამკლავება, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ტკივილი ყველაზე მძიმე მაინც დედისთვის უნდა იყოს. 
– შეიძლება ითქვას, რომ ლელას დედა გარდაიცვალა ლელასთან ერთად. თუმცა, ყველაზე მეტად  მაინც მამამისისთვის იყო მძიმე ლელას წასვლა. ვუყურებდი როგორ დარდობდა, იტანჯებოდა, ვერ შეეგუა და... ბებიაჩემი უფრო ძლიერი ნებისყოფის ადამიანი გამოდგა. როცა ლელა ცოცხალი იყო, გარშემო ყველა ბედნიერი იყო, რადგან, ლელა იყო საოცრად სიცოცხლით სავსე და სხვების ცხოვრებაშიც სიხალისე შეჰქონდა. მისი წასვლის შემდეგ  დაიწყო ცუდი პერიოდი როგორც ოჯახში, ისე ჩემს გულში.  რაღაც პერიოდის განმავლობაში ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, თუმცა, მერე და მერე  უფრო მივხვდი, რამხელა  ვინმე დამაკლდა. დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამბობენ, მაგრამ, ჩემთვის ასე არ მოხდა. როგორ შეიძლება ეს ტკივილი გაგინელდეს?!
– ლელას მუდმივად გვერდით ჰყავდა ერთი ადამიანი, გია გოგორიშვილი, რომელთანაც ლელა ჯვარდაწერილი იყო, მაგრამ არაფერი ვიცით მამათქვენზე. გვიამბეთ მასზე, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორ დაქორწინდნენ – ესეც ხომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია.     
– მამასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემი ყველაზე კარგი მეგობარია. მამას ძალიან უნდოდა ისევ ერთად ვყოფილიყავით, არასდროს გამოუტოვებია ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეები, როგორიც არის ბავშვის ცხოვრებაში ზეიმი, ჩემი, ჩემი მეგობრების   დაბადების დღეები... ხშირად თვითონ ლელას ავუყვანივარ მამაჩემთან სახლში. დედაჩემს და მამაჩემს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ყოველთვის  მეგონა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, სულ ენატრებოდათ  და, მიკვირდა, რატომ არ იყვნენ ერთად. ლელას გია უყვარდა – ეს კარგად ვიცი და ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ, მამაჩემსაც დიდ პატივს სცემდა.  ერთხელ, ბებია-ბაბუასთან ვარ დასასვენებლად. უცბად, გავიხედე და მანქანით ორივე ერთად ჩამოვიდნენ, ჩემთვის ეს იყო საოცარი შეგრძნება – მეგონა,  შერიგდნენ. დედა ასევე ძალიან დიდ პატივს სცემდა მამას ოჯახს, ძალიან უყვარდა ბაბუაჩემი. ლელა მთელი ცხოვრება იმაზე ოცნებობდა, რომ ლამაზი ოჯახი ჰქონოდა, ბევრი შვილი ჰყოლოდა და სულ მეკითხებოდა, და ან ძმა ხომ არ გინდა, რომელიმე რომ გყავდეს რას დაარქმევდიო. მე ვფიქრობ, მათ უყვარდათ ერთმანეთი, ვერ გაუგეს ერთმანეთს. ეს, ალბათ, ლელას კარიერის ბრალი იყო. მას დიდი ამბიცია ჰქონდა, ბევრი რაღაცის გაკეთება უნდოდა. ბავშვი აღარ ვარ, გავიზარდე და კარგად მესმის თუ როგორი რთულია, გქონდეს კარიერა, იყო წარმატებული და, ამავდროულად, აწყობილი გქონდეს პირადი  ცხოვრება. ერთხელ მამაჩემს ვკითხე, სად გაიცანი დედა, როგორი შეყვარებულები იყავით, როგორ მოიყვანე ცოლად-მეთქი. მამამაც მიამბო: იმ დროს ლელა „რეროს“ სოლისტი იყო, მამაჩემი – მუსიკოსი, ვიოლინოზე უკრავდა. ერთმანეთი, მგონი, კონსერვატორიაში გაიცნეს. შემიყვარდა, მინდოდა, ცოლად მომეყვანა, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც წესი და რიგია, ოჯახში  მშობლებთან ავსულიყავი და ხელი მეთხოვაო. ერთ დღესაც, ფილარმონიიდან გამოვდივართ, რაღაცნაირი ამინდი იყო. ვიდექით ისე  და, უცებ, ლელა მეუბნება: იცი რა, ჩემი ცოლად მოყვანა თუ გინდა ახლავე მომიყვანე, არ ვიცი, ხვალ და ზეგ  რა მოხდებაო და გაპარულან. ასე რომ, ლელამ მიიღო გადაწყვეტილება.                       
– რაც უნდა თავი ავარიდოთ იმ ავბედითი წუთების გახსენებას, ჩვენი და საზოგადოების ინტერესს მაინც ამ დღესთან მივყავართ. მე ვიცი, რომ ლელამ საავადმყოფოში თავის ძმის ცოლს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, სთხოვა, ის, რაც მას უთხრა, არავისთვის გაენდო. გადის წელიწადი და ნინო ავტოავარიაში იღუპება. როგორ ფიქრობთ,  არსებობს თუ არა ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სამყაროსთან რაიმე კავშირი? ამას დავუმატოთ ის უცნაური სიზმრები, ლელას მიერ გადიდებული საკუთარი  ფოტოები და მათი ვერის სასაფლაოზე დაკრძალვის სურვილი             
– ვერ ვიტყვი, რომ  ნინოს გარდაცვალება ჩვენი ოჯახისთვის ლელას წასვლაზე ნაკლები ტკივილი იყო. ნინო არაჩვეულებრივი ქალი იყო, მან თავის მესამე შვილად ჩამთვალა და დაიწყო ჩემზე ზრუნვა, მაგრამ, არ  დასცალდა. თავისი შვილებისგან არ მარჩევდა. ალბათ, მართლა არსებობს რაღაც, არ ვიცი.  ერთხელ დასასვენებლად მივდიოდი ბებიასთან ერთად და ლელამ წასვლის წინ მთხოვა –  ეკლესიაში როცა შეხვალ, სანთელი დამინთეო. მანამდე მსგავსი არაფერი უთქვამს და მიკვირდა, ეს რატომ მითხრა-მეთქი. ალბათ რაღაცას გრძნობდა. მერე სახლში აღმოვაჩინეთ მისი რამდენიმე გადიდებული ფოტო და ესეც გამიკვირდა. როდესაც ადამიანი ხარ ძალიან ბედნიერი (შეიძლება, ლელას ვგავარ და ამიტომ ვამბობ ამას), მიაღწევ იმას, რაზეც ოცნებობდი, ამისთვის გაქვს ყველაფერი, შეიძლება ქვეცნობიერად იფიქრო, რამე არ მომივიდესო. ლელას კარგი ოჯახი ჰქონდა, გვერდით ჰყავდა საყვარელი ადამიანი, მშობლები, ძმა, მეგობრები, რომლებსაც უყვარდათ, ჰქონდა კარგი სიმღერები, წარმატებული იყო და, ალბათ, ამიტომ ფიქრობდა ასე.
– დედას ძალიან ჰგავხართ გარეგნობით, საუბრის მანერით, მოქმედებებით. ყველას გაუხარდება თქვენი სცენაზე და ეკრანზე გამოჩენა.  იქნებ, გეცადათ ბედი.                                                                                             
– ისე ვერასდროს ვმღეროდი, როგორც ლელა, როცა ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ, ვმღერი და მეხვეწებიან,  „ირინოლა“, „კახეთო“  ვიმღერო, მაგრამ, სცენაზე რომ ვმდგარიყავი, ამის სურვილი მაინცდამაინც არ მქონია. ყოველთვის მქონდა კომპლექსი, ხალხის წინაშე გამოჩენის მერიდებოდა, სულ რაღაც მაწუხებდა და ბოლომდე არ მივდიოდი დასახულ მიზნამდე, ამისთვის არ ვიბრძოდი და, აქედან გამომდინარე ხან მინდოდა, ხან – არა. ჩემს მანქანაში მაქვს ლელას ქართული და რუსული  სიმღერების დისკები, ხშირად ვუსმენ და, ვგრძნობ, რომ ყველაზე მეტად მისი ხმა მენატრება, ხან ვიდეოს ჩავრთავ და, როცა ვუყურებ, ისე მიხარია,  ვერ აგიწერთ.  ყველასთან, ვინც ლელას იცნობდა, მივდივარ და ვეკითხები რაღაცეებს: როგორი იყო, რა იცით მასზე-მეთქი.
– ვიცი, ოჯახი არაფერს ამბობს ლელას გარდაცვალების მიზეზზე და, ამიტომ, დიდი ბოდიშის მოხდით, მაინც მინდა, გკითხოთ – მაინც, რა მოხდა იმ დღეს? 
– დიახ, ჩვენს ოჯახში ეს თემა დახურულია და  დღემდე არ განვიხილავთ.  ჩვენთვის მაშინ ლელას სიცოცხლე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის –  რა მოხდა. როდესაც ზედაპირულად ვიღაცამ რაღაცა იკითხა საავადმყოფოში, ლელას პასუხი იყო, გია არ არის დამნაშავეო. მახსოვს საავადმყოფო ყოველდღე სავსე იყო როგორც ნათესავებით და ლელას მეგობრებით, ისე სრულიად უცხო ადამიანებით, ჟურნალისტებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ  მძიმე მდგომარეობაში იყო, მაინც ახერხებდა, იუმორით გაეცა პასუხი – ჟურნალისტებს ეუბნებოდა: თუ სიმღერის ჩაწერა გინდათ, მომიტანეთ მიკროფონი და ვიმღერებო. ჩვენც გვაიმედებდა და თვითონაც არ ეგონა, რომ, შეიძლებოდა,  აღარ ყოფილიყო; ფიქრობდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ლელას თავი არ მოუკლავს,  შემთხვევითი ამბავია. ერთადერთი, ვინც სიმართლე იცის, გია გოგორიშვილია, რომელიც ასევე არ ლაპარაკობს ამ თემაზე. ალბათ, ასეა საჭირო, რომ არავინ არაფერი იცის. სხვადასხვა ვერსია არსებობს, ისევ ხალხის მიერ მოგონილი. ლელამ გიასთან დაიწერა ჯვარი, ის კი არ დაიწერდა ჯვარს, კაცთან, რომელმაც ცუდი გაუკეთა. რა თქმა უნდა, ლელას ცხოვრებაშიც მოხდა ბევრი რაღაც ისეთი, რამაც ცუდად იმოქმედა მასზე, მაგრამ, დეპრესიული ლელა არავის ახსოვს. ძალიან ხალისიანი, კარგი იუმორის ადამიანი იყო.

скачать dle 11.3