„მანჩესტერ იუნაიტედის” თილისმა
ოლიმპიური თამაშების ექვსგზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს უსწრაფესმა ადამიანმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა „მანჩესტერ იუნაიტედის” თილისმის როლი მოირგო. ბოლტი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი ტურის მატჩს დაესწრო და თამაშის დაწყებამდე, მოედანზე, სპეციალურად მისთვის შექმნილი მაისურით გამოვიდა. „მანჩესტერის” ემბლემიან წითელი ფერის მაისურზე, ბოლტის 100-მეტრიან გარბენში ნაჩვენები დრო ეწერა – 9,63 წამი. სტადიონზე შეკრებილი ქომაგები მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდნენ მსოფლიო რეკორდსმენს, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ, სურვილი გამოთქვა, პროფესიული კონტრაქტი გაეფორმებინა ალექს ფერგიუსონის კლუბთან.