კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იმართებოდა პირველი საფეხბურთო მატჩები თბილისში მეოცე საუკუნის დასაწყისში და რამდენი სახელწოდება აქვს გამოცვლილი „დინამო არენას“

11 სექტემბერს საქართველოს მთავარი სპორტული სარბიელი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა” წლის უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, „ფურია როხად” წოდებული ესპანეთის ნაკრები, რომელიც თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა. ამავე დღეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს ჰოლანდიის ნაკრებს და, ეცდება, რევანში აიღოს. ამ მატჩებთან დაკავშირებული აჟიოტაჟის გათვალისწინებით, საინტერესო იქნება, ძველი ფოტოების თანხლებით აღვადგინოთ ამ სპორტული ნაგებობების ისტორია.

ლავრენტი ბერიას, ვლადიმირ ლენინისა და ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს” სტადიონი
ფეხბურთმა თბილისში მეოცე საუკუნის დასაწყისში შემოაღწია, როდესაც 1906 წელს პირველი საფეხბურთო „კრუჟოკი” დაარსდა. მაშინ მატჩების უმრავლესობა დიდუბეში, იპოდრომზე იმართებოდა, იმ ადგილას, სადაც  დღეს „დინამოს” სტადიონი დგას. მალე, 1912 წელს, ელიზავეტას (ახლანდელ მიხეილ წინამძღვრიშვილის)  ქუჩაზე, დაახლოებით, ყოფილი დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ჩატარდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი თბილისური სპორტსაზოგადოება „სოკოლისა” და ბაქოს გუნდ „ბრიტანულ კლუბს” შორის, რომელიც ანგარიშით 4:5 დასრულდა ბაქოელების სასარგებლოდ. გასაბჭოების შემდეგ თბილისში რამდენიმე საფეხბურთო კლუბი ჩამოყალიბდა: „ტრიუმფი”, „არმ-კლუბი”, „არსენალი”, „დურუჯი” და „ამირანი”, 1925 წელს კი, დაარსდა ყველაზე ცნობილი ქართული კლუბი „დინამო”, რომელიც იმდენად პოპულარული გახდა, რომ ლავრენტი ბერიას ინიციატივით, 1932-1935 წლებში, დიდუბეში, არქიტექტორ არჩილ ქურდიანის პროექტით აიგო „დინამოს” სტადიონი, რომელსაც ლავრენტი ბერიას სახელი ეწოდა და რომელიც 23 ათას მაყურებელს იტევდა. სტადიონი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშად ითვლებოდა და იყო პირველი სპორტული ნაგებობა საქართველოში. 1956 წელს, არჩილ ქურდიანისავე ავტორობით, მოხდა სტადიონის რეკონსტრუქცია და დამატებულ იქნა ლითონის კონსტრუქციები, რამაც მაყურებელთა რაოდენობა 36 000-მდე გაზარდა.  იმდროინდელი თბილისისთვის დიდი ტევადობის მიუხედავად, „დინამოს” სტადიონი ვეღარ აკმაყოფილებდა ფეხბურთის გულშემატკივართა მრავალათასიან არმიას და დღის წესრიგში დადგა ახალი სტადიონის აშენება ან არსებული ნაგებობის კაპიტალური რეკონსტრუქცია-გაფართოება.
1960-1970-იანი წლების დასაწყისში, არქიტექტორებმა არჩილ და გია ქურდიანებმა წარადგინეს „დინამოს” განახლებული სტადიონის პროექტი. პროექტის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა კონსტრუქტორმა შალვა გაზაშვილმაც. ახალი სტადიონის აშენების გამო აუცილებელი გახდა ძველის დანგრევა, რაც არჩილ ქურდიანის ოჯახის შემოქმედებით ტრაგედიად გამოცხადდა. ულამაზესი „დინამოს” სტადიონი ისტორიის ნაწილი გახდა და მის ადგილზე არანაკლებ ლამაზი ვლადიმირ ლენინის სახელობის „დინამოს” სტადიონი აშენდა, რომლის ოფიციალური გახსნა 1976 წლის 26 სექტემბერს მოეწყო. აგების მომენტში „დინამოს” სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში – სტადიონი 78 ათას ადამიანს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა და „უეფას“ – ყველა მოთხოვნას პასუხობდა. ამბობენ, რომ სტადიონის პროექტზე მუშაობის დროს არქიტექტორების შთაგონების წყარო ცნობილი „მარაკანას” სტადიონი იყო, რომელიც ბრაზილიაში მდებარეობს. სტადიონზე პირველი მატჩი იმავე წლის 29 სექტემბერს შედგა – ეს იყო „უეფას“ თასის მატჩი თბილისის „დინამოსა” და უელსის „კარდიფ სიტის” გუნდებს შორის, რომელიც „დინამოს” გამარჯვებით დასრულდა. 70-იანების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში სტადიონი თბილისის  „დინამოს” ოქროს პერიოდის ერთ-ერთი შემოქმედი იყო.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნას „დინამოს” სტადიონმა უმასპინძლა და თბილისის „იბერიასა” და  ფოთის „კოლხეთის” მატჩს 100 ათასი ადამიანი დაესწრო, სულ კი რეკორდული დასწრება სტადიონზე ორჯერ დაფიქსირდა: 1979 წელს „დინამო”-„ლივერპულის” და 1995 წელს – საქართველო-გერმანიის მატჩებს 110 ათასი ადამიანი დაესწრო. 1995 წელს სტადიონს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა, 2006 წელს კი სტადიონს კიდევ ერთხელ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და ტევადობა 55 ათასამდე შემცირდა. ამჟამად სტადიონზე, რომელსაც ახალმა მესაკუთრემ „დინამო არენა” უწოდა, რეკონსტრუქციის ახალი ეტაპი მიმდინარეობს.
თბილისის სპორტის სასახლე
თბილისში დიდი სპორტული დარბაზის აგების იდეა 50-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა და 1956 წელს ქალაქის საბჭომ არქიტექტორების: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის, იური კასრაძის, თემო ჯაფარიძისა და კონსტრუქტორ დავით ქაჯაიას პროექტი დაამტკიცა. მშენებლობა საბურთალოს რაიონში დაიწყო 1957 წელს, 1961 წლის 12 მაისს კი თბილისის სპორტის სასახლე საზეიმოდ გაიხსნა. დარბაზი ერთ-ერთი უდიდესია ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში და ტევადობა 10 ათას ადგილს აჭარბებს. 1985 წლიდან სასახლეში დაიდო ბინა „ქართული სპორტის დიდების მუზეუმმა”, 2001 წლიდან კი სასახლე გივი კარტოზიას სახელს ატარებს. 2007 წელს განხორციელებული რეკონსტრუქციის შედეგად, სასახლეს შეუძლია, უმასპინძლოს საკალათბურთო, სახელბურთო, საჩოგბურთო, ძიუდოს, ჭიდაობისა და კრივის უმაღლესი რანგის შეხვედრებს.

скачать dle 11.3