კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემს შვილს მამის ნახვა არ უნდა
სანამ შემიყვარდებოდა და ცოლად გავყვებოდი, გოგა მთელი სამი წელი კუდში დამდევდა. რას აღარ აკეთებდა, რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო და ჩემი ყურადღება მიეპყრო: ათასნაირ საჩუქარს მიკეთებდა, ორიგინალურ სიურპრიზებს მიწყობდა, მოკლედ, ფეხქვეშ მეგებოდა. ერთხელ ბალტიისპირეთში გაგვიშვეს უნივერსიტეტიდან სტაჟირებაზე, მესამე დღეს იქ ჩამომაკითხა და სანამ იქ ვიყავი, თაიგულები და ფოიერვერკები არ მომკლებია. გაგიჟებულები იყვნენ ჩემი მეგობრებიც და ჯგუფის ხელმძღვანელებიც. თავიდან არც კი მომწონდა და მისი ასეთი თავდაყირა დადგომა მაღიზიანებდა კიდეც. მერე კი, ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე, თანდათან დავინტერესდი მისით, მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში არავინ მიყვარდა. მისმა ასეთმა გულმოდგინე და ხანგრძლივმა მცდელობებმა თავისი გაიტანა და, ერთ დღესაც ვიგრძენი, რომ გოგას მიმართ გულგრილი არ ვიყავი, თუმცა, ეს ჯერ არ იყო დიდი სიყვარული. სტაჟირებიდან თბილისში რომ დავბრუნდი, მერე დაიწყო ჩვენი შეხვედრები. მეორე პაემანზე მთხოვა ცოლობა, მაგრამ მე ჯერ გათხოვებას არ ვაპირებდი, რადგან, სწავლის გაგრძელება მინდოდა. ვუთხარი კიდეც ეს, ის კი თავისას გაიძახოდა, ოღონდ ჩემი ცოლი გახდი და ყველაფერში ხელს შეგიწყობო. გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი, რომ მართლაც ასე მოიქცეოდა, მაგრამ, ვგრძნობდი, რომ ისე ჯერ კიდევ არ მიყვარდა, რომ ცოლად გავყოლოდი, ამიტომ, არ მინდოდა, მცდარი ნაბიჯი გადამედგა და მერე მენანა. მეშინოდა, ვაითუ მისი ყურადღება მიყვარს და არა თვითონ გოგა-მეთქი და ამიტომ თავს ვიკავებდი. ვთხოვე კიდეც, რამდენიმე თვე კიდევ მაცადე, რომ ჩემს გრძნობაში დავრწმუნდე-მეთქი და დავითანხმე კიდეც. იმ ზაფხულს მეგობრებთან ერთად ზღვაზე წავედი დასასვენებლად, გადაწყვიტა, იქ ჩამოსულიყო და მოულოდნელად დამდგომოდა თავზე. მაგრამ გზაში ავარია მოუხდა და ისე დაიმტვრა, ძლივს ააწყვეს. საავადმყოფოში რომ მიიყვანა სასწრაფომ, ექიმებს უთქვამთ, გადარჩენის იმედი თითქმის არ არისო, მაგრამ, მოხდა სასწაული და გადარჩა, თუმცა, უყავარჯნოდ სიარული მთელი ორი წლის განმავლობაში არ შეეძლო. გოგას ოჯახმა, რა თქმა უნდა, მომხდარი მე დამაბრალა – მაგან დაახვია თავბრუ, მაგის გამო მიდიოდა ბათუმში და იმიტომ დაემართა ასეთი უბედურებაო. ავარიის დღის შემდეგ გოგას გვერდიდან არ მოვშორებივარ (თუმცა დედამისს ეს არ სიამოვნებდა და საკმაოდ ცუდად მექცეოდა). როგორც კი გაუუმჯობესდა მდგომარეობა და საწოლზე წამოჯდომა და თავისუფლად ლაპარაკი შეძლო, მაშინვე გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით და, რადგან გოგას ჯერჯერობით არ შეეძლო სიარული, ხელიც საავადმყოფოში მოვაწერეთ და მღვდელიც იქ მივიყვანეთ ჯვრის დასაწერად. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ როგორც პატარა ბავშვს, თავიდან ავადგმევინე ფეხი და, როგორც უკვე გითხარით, ყავარჯნებით დადიოდა ორი წელი. მერე ნელ-ნელა ჯერ ერთი ყავარჯენი გადააგდო, მერე მეორე და ხელჯოხით დაიწყო სიარული. მიუხედავად ჩემი ასეთი ერთგულებისა და თან გადაყოლისა, დედამისი მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ არ დავეგესლე და ჩემთვის არ დაებრალებინა თავისი შვილის მდგომარეობა. თავიდან ამაზე გოგა ეჩხუბებოდა, მერე კი თავი დაანება და იმანაც „გაიჯეჯილა“. ხომ გაგიგიათ, შეძახილმა ხე გაახმოო, ეტყობა, გოგასაც ასე დაემართა – იმდენი მიძახა დედამისმა, შენ ჩააგდე ჩემი შვილი ამ დღეშიო, რომ, ეტყობა, ამანაც დაიჯერა და აშკარად ვგრძნობდი, რომ ჩემ მიმართ გული უცივდებოდა, მაგრამ ვფიქრობდი, ეს ყველაფერი გადატანილი ტრავმების გამო ხდება-მეთქი და თავს ვინუგეშებდი, რომ თანდათან ყველაფერი გამოსწორდებოდა. მერე დავფეხმძიმდი. თავიდან გოგას გაეხარდა ეს ამბავი, მაგრამ საშინელი ტოქსიკური ორსულობა მქონდა, თანაც ექიმმა წოლითი რეჟიმი გამომიწერა და ამ ამბავმა ჩემი ქმარი იმდენად გააღიზიანა, რომ ერთი თვის შემდეგ მითხრა, ჩვენ ვერ მოგივლით, დედაშენთან უნდა გადახვიდეო. წამიყვანა დედაჩემმა და ცივ ნიავს არ მაკარებდა, მაგრამ გოგა ჩემს სანახავად კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ თუ შემოირბენდა ხუთი წუთით, დედამისი კი ერთხელაც არ მოსულა. მხოლოდ მამამთილმა მინახულა რამდენჯერმე და ფული დაუტოვა დედაჩემს – ყველაფერი გაუკეთეთ, რაც საჭიროაო.
ძალიან მძიმე მშობიარობა მქონდა, ძლივს გადამარჩინეს. მართალია, ბავშვი საღი და ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ მე ერთი წელი ვერ ავდექი ლოგინიდან. რა თქმა უნდა, მთელი ეს პერიოდი დედაჩემთან ვიყავი და ერთხელაც არ დასცდენია ჩემს ქმარს, სახლში უნდა წაგიყვანოთო. ერთი წლის შემდეგ ახლა მე დავიწყე ხელჯოხით სიარული, თუმცა გარეთ საერთოდ ვერ გავდიოდი. ერთ დღეს კი მობრძანდა ჩემი დედამთილი და გამომიცხადა, ჩემს შვილს შენთან გაყრა უნდა და განქორწინებაზე უნდა მოუწერო ხელიო. დედაჩემი გადაირია – ეგ რა კაცობაა, ცოლს ამ მდგომარეობაში რომელი ნორმალური ადამიანი მიატოვებს, ან ბავშვი მარტომ როგორ უნდა გაზარდოს. თანაც, თქვენს შვილს რომ უჭირდა, ჩემი შვილი თან გადაჰყვა და ასე უხდის ამაგსო? ამაზე ქალბატონმა უპასუხა, ჩემმა ბიჭმა მთელი ცხოვრება ხეიბარ ქალს რატომ უნდა უყუროს; ახალგაზრდა კაცია და ჯანმრთელი ცოლი სჭირდება. ბავშვს კი, თქვენ თუ ვერ გაზრდით, პრობლემა არ არის, ჩვენ წავიყვანთო. საშინლად განვიცადე ეს ამბავი და ვუთხარი, გოგამ თვითონ მომიტანოს ყველა საბუთი და თვითონ მითხრას, რომ განქორწინება უნდა-მეთქი. მეორე დღესვე მოვიდა. არც კი გაწითლებულა, ისე მითხრა, აღარ მიყვარხარ და უნდა გავშორდეთ ერთმანეთსო. მივხვდი, რომ არაფერს აღარ ჰქონდა აზრი და მაშინვე მოვუწერე ხელი. ბავშვი არც კი უნახავს, ისე წავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე, რომ ვიღაც სამჯერ განათხოვარი და შვილიანი ქალი ჰყოლია საყვარლად და ის შეურთავს ცოლად. მაგრამ, ნათქვამია, დაუსჯელი არავინ რჩება: იმ ქალმა ისეთო ნომრები ჩაუტარა, რომ ბოლოს ბინა წაართვა და მშრალზე დატოვა მთელი ოჯახი. ახლა, თურმე, მე მომტირის ჩემი ყოფილი ქმარი – რა ვიცოდით, თუ გამოჯანმრთელდებოდა, თორემ, როგორ გავეყრებოდიო. რაც მთავარია, მთელი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ტელეფონით არ მოუკითხავს შვილი. ესეც, უკვე დიდი ბიჭია და პროტესტის გრძნობა გაუჩნდა და ცოცხალი თავით არ უნდა მამის ნახვა. არ მინდა, რომ გულში ბოღმა ჰქონდეს და ათასნაირად ვამართლებ მამამისს, მაგრამ, ჯერჯერობით არაფერი გამომდის.
ეკა, 36 წლის.

ნეტავ საერთოდ არ დავბადებულიყავი
ჩემი ბიჭი 5 წლის იყო, რომ დამიჭირეს და 15 წელი მომისაჯეს. თავიდან ჩემი ცოლი ძალიან მაქცევდა ყურადღებას, ბინაც კი გაყიდა, რომ ციხეში შევენახე, მაგრამ, როცა ზუსტად გაიგო, რატომაც ვიჯექი (მიზეზს ვერ გაგიმხელთ), საერთოდ უარი თქვა ჩემზე. ხანგრძლივ პაემანზე რომ მომაკითხა, მაშინ გაიგო სიმართლე, მანამდე კი სულ ვეფიცებოდი და ვარწმუნებდი, მე არაფერ შუაში ვარ, შარში გამხვიეს და ტყუილად მაბრალებენ, მაგრამ, თავს ვერ  ვიმართლებ-მეთქი. მოკლედ, გაიგო თუ არა სიმართლე, ერთადერთი ფრაზა მითხრა: თუ ოდესმე აქედან გასვლა გეღირსა, გირჩევნია, თბილისში აღარ ჩამოხვიდე და ჩვენ არ მოგვაკითხო, რადგან დღეიდან შენ ცოლ-შვილი აღარ გყავს, ჩემს შვილს კი ვეტყვი, რომ აყვანილია და მამა არასდროს ჰყოლია, რადგან შენისთანა მამის შვილობით ბავშვს მთელი ცხოვრება ვერ დავტანჯავო.
იმ დღიდან ჩემთვის აღარავის მოუკითხავს, მშობლებმა და და-ძმამაც კი უარი თქვეს ჩემზე. რა ტანჯვა-წამებაში გაილია ეს 15 წელი, მხოლოდ მე და ღმერთმა ვიცით. მაგრამ, ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასასრული და ერთ დღეს ჩემი გათავისუფლების წუთიც დადგა. თუმცა, გამოგიტყდებით, რომ არ გამხარებია, რადგან, ზუსტად ვიცოდი, რომ არავინ მელოდა და არავინ (დედაც კი) არ აღფრთოვანდებოდა ჩემი ნახვით. დაახლოებით სამი წელი მთელ საქართველოში ვიბოდიალე, მაგრამ, ფეხი ვერსად მოვიკიდე და ბოლოს, ისევ თბილისში  დაბრუნება გადავწყვიტე. გულის სიღრმეში ერთ ნამცეც იმედს ვიტოვებდი, რომ შეიძლება, ჩემებმა ყველაფერი მაპატიეს-მეთქი. თბილისში რომ ჩამოვედი, ჯერ ჩემი მშობლების სახლში მივედი, მაგრამ, ორივე გარდაცვლილი დამხვდა, სახლი – გაყიდული, ჩემი და-ძმის მისამართი კი არავინ იცოდა. რა თქმა უნდა, ვერავინ მიცნო და არც მე გამიმხელია ჩემი ვინაობა. მერე ჩემს ცოლ-შვილთან წავედი – ვიფიქრე, რაც მოხდება, მოხდება-მეთქი, მაგრამ, ის ბინაც გაყიდული დამხვდა. ახალმა მობინადრემ კი მითხრა, ეს ბინა ათი წლის წინ გაყიდა პატრონმა, რადგან თვითონ ვიღაც უცხოელზე გათხოვდა და შვილიანად გაჰყვა იმ კაცის სხვა ქვეყანაშიო.
ასე აღმოვჩნდი ქუჩაში უსახლკარო, უთვისტომო და მიუსაფარი. ერთი გულშემატკივარი არ მყავს დედამიწის ზურგზე. და-ძმის მოძებნას არც კი ვცდილობ – ვიცი, არ მიმიღებენ. ან კი ვის ვჭირდები ასეთი ბნელი წარსულის მქონე, თითქმის დაინვალიდებული და ტანჯვისგან ფსიქიკაშერყეული, უკვე ხანში შესული და უფულო?! ღამის გასათევიც კი არ მაქვს. ხან რომელ თავშესაფარში ვათენებ ღამეს და ხან – რომელში. საჭმელადაც იქ დავდივარ. არავინ იცის, სიმართლე არც ჩემი წარსულის და არც აწმყოს შესახებ. ყველას მარტოხელა ინვალიდი ვგონივარ და ვეცოდები, მე კი ეს სიბრალულიც მაღიზიანებს და ნერვებს მიშლის. ასეთ ძაღლურ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია, მაგრამ, თავის მოკვლასაც ვერ ვბედავ, იმიტომ კი არა, რომ ეს ყველაზე დიდი ცოდვაა, უბრალოდ, ეტყობა, მაინც ვაჟკაცობა არ მყოფნის საამისოდ. არ ვიცი, როდემდე გავძლებ ასე, იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანური საფლავიც კი არ მეღირსება, ძაღლივით ჩამაგდებენ მიწაში იქ, სადაც უპატრონოებს მარხავენ, არავინ, არასდროს, ერთხელაც კი არ იტყვის ჩემი სულის შესანდობარს და ისე ავორთქლდები დედამიწის ზედაპირიდან, თითქოს არც არასდროს დავბადებულვარ.
ნეტავი საერთოდ არ გავეჩინე დედაჩემს...
ვახტანგი, 58 წლის.

скачать dle 11.3