რამდენი „გერლფრენდი“ ჰყავს მილიარდერ ტედ ტერნერს და რა სიზუსტით არჩევდა ცოლებს მენავთობე თომას ბუნ პიკენსი
მილიარდერები, რომლებიც ცოლებს ხელთათმანებივით იცვლიან – ეს არის მითი. 400 ამერიკელი მილიარდერიდან ას მილიარდერსაც ვერ ნახავთ, რომელიც ორჯერ მაინც დაქორწინებულა. მხოლოდ 20 მილიარდერია სამჯერ დაქორწინებული და სულ რამდენიმე, რომელთაც საქორწინო უღლის დადგმა მეოთხედაც გარისკეს, ან მეოთხედ დაქორწინების „საშიშროების” წინაშე დგანან. ასეთი მილიარდერები არაოფიციალური კლუბის წევრები არიან, რომელსაც „ფორბსმა” „ოთხჯერ და მეტჯერ დაქორწინებული მილიარდერების კლუბი” უწოდა. კლუბის წევრები ჟურნალმა საზოგადოებას წარუდგინა და მათ ჩამონათვალს „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.
ჯორჯ სოროსი
ასაკობრივი სხვაობა ბოლო ცოლთან – 42 წელი
25 წლის ასაკში ცნობილი ფილანტროპი და ფინანსისტი ჯორჯ სოროსი ანალიეზ უიტშოკზე დაქორწინდა. ანალიეზი ეთნიკური გერმანელი გახლდათ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკაში გადმოსახლდა. ანალიეზი არ იყო ებრაელი, თუმცა სოროსის მშობლებმა შვილის არჩევანი მოიწონეს. წყვილს სამი შვილი შეეძინა: რობერტ დანიელი, ანდრეა კოლომბელი და ჯონათან ტივადარი. 50 წლის ასაკში ჯორჯი გაშორდა ანალიეზს და 1983 წელს სიუზენ ვებერზე დაქორწინდა, რომელიც სოროსზე 25 წლით უმცროსი იყო. სიუზენის მამა რუსეთიდან ჩასული ემიგრანტი გახლდათ, რომელიც შვილს რელიგიურად ზრდიდა. სიუზენთან ჯორჯ სოროსს ორი შვილი ჰყავს – ალექსანდერი და გრეგორი. სიუზენმა და ჯორჯმა ერთად 22 წელი იცხოვრეს და 2005 წელს ოფიციალურად დაშორდნენ. 2012 წლის 11 აგვისტოს, ჰემპტონში თავის ფეშენებელურ სახლში ჯორჯ სოროსმა გრანდიოზული წვეულება მოაწყო, რომელზეც საზეიმოდ გამოაცხადა, რომ დაინიშნა ტამიკო ბოლტონზე. ეს გახლდათ 40 წლის, იოგასთვის საჭირო აღჭურვილობით მოვაჭრე ბიზნესლედი. ტამიკო 42 წლით უმცროსია ჯორჯ სოროსზე, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ფაქტი არ უშლის ხელს მას ბედნიერებაში. მათი ქორწილი 2013 წელსაა დანიშნული და თუკი ტამიკო ოფიციალურად 82 წლის ჯორჯ სოროსის მესამე ცოლი გახდება, მაშინ ჯორჯს შანსი გაუჩნდება, „ოთხჯერ დაქორწინებული მილიარდერების” კლუბის წევრი გახდეს – მესამე ქორწინებიდან მეოთხე ქორწინებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.
ტედ ტერნერი
ასაკობრივი სხვაობა ბოლო ცოლთან – ერთი წელი
24-საათიანი ტელეარხ CNN-ის დამაარსებელი და მილიარდერი ტედ ტერნერი, ყოველთვის თანატოლებს ირთავდა ცოლად. მისი პირველი ცოლი იყო ჯულია გეილ ნაი, რომელზეც ტერნერი 22 წლის ასაკში დაქორწინდა. ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ტედი და ჯულია ერთმანეთს დაცილდნენ. 30 წლის იუბილემდე რამდენიმე ხნით ადრე, ტედი კვლავ დაქორწინდა, ამჯერადაც თანატოლ ჯეინ შირლი სმიტზე, რომელთანაც 1965 წლიდან 1988 წლამდე იცხოვრა. 1991 წელს ტედ ტერნერი მესამედ დაქორწინდა და ამჯერად მისი რჩეული, მასზე ერთი წლით უმცროსი ჯეინ ფონდა გახდა, ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი. ვარსკვლავური წყვილი 2001 წელს განქორწინდა. ცნობისთვის, როგორც ტედისთვის, ისევე ჯეინისთვის ეს მესამე ქორწინება იყო, მანამდე ჯეინ ფონდა ჯერ ფრანგი კინორეჟისორის, როჟე ვადიმის, ხოლო შემდეგ, ანტისამხედრო აქტივისტის, ტომ ჰეიდენის მეუღლე იყო. ტედისა და ჯეინის განშორების მთავარ მიზეზად ტერნერის ღალატი დასახელდა. ამ სამი ქორწინებიდან მილიარდერ ტერნერს ხუთი შვილი ჰყავს. 2012 წლის მაისში მიცემულ ინტერვიუში, 73 წლის მედიამაგნატი ტელეჟურნალისტ პირს მორგანს გამოუტყდა, რომ ერთბაშად ოთხი „გერლფრენდი“ ჰყავს. თუმცა, არც ერთ მათგანთან ურთიერთობის გაოფიციალურებას არ აპირებს. როგორც ჩანს, მეოთხედ დაქორწინებას ტედ ტერნერი აღარ აპირებს და ჯეინ ფონდა მისი უკანასკნელი ოფიციალური მეუღლის სტატუსის მფლობელად დარჩება.
რონალდ პერელმანი
ასაკობრივი სხვაობა ბოლო ცოლთან – 27 წელი
თავდაპირველად, რონალდ პერელმანი – კომპანია „რევლონის” მმართველი მტკიცედ იცავდა ასაკობრივ ცენზს და მისი პირველი მეუღლე, ფიეფ გოლდინგი, მხოლოდ 2 წლით იყო მასზე უფროსი, მაშინ, როცა თავად რონალდი 20-ის გახლდათ. 38 წლის ასაკში რონალდი განქორწინდა და თანატოლ კლაუდია კოენზე იქორწინა, მასთან 12 წელი იცხოვრა და 50 წლის ასაკში, მეორე განქორწინების შემდეგ, მესამედ იქორწინა. ასევე, თანატოლ პატრიცია დაფზე. დაფთან პერელმანმა მხოლოდ ორი წელი იცხოვრა და 2000 წელს მილიარდერმა ჰოლივუდის მსახიობი, 11 წლით უმცროსი ელენ ბარკინი შეირთო ცოლად. რონალდმა და ელენმა ერთად 6 წელი იცხოვრეს და განქორწინების შემდეგ პერელმანმა მეოთხე ცოლს 20 მილიონი დოლარი გადაუხადა. ცნობილი მილიარდერი მეხუთედ 2010 წელს დაქორწინდა, მისი რჩეული ფსიქიატრი ანა ჩაპმენია. ანამ რონალდს მეშვიდე შვილი გაუჩინა – ვაჟი, ოსკარი.
ედგარ ბრონფმანი უფროსი
ასაკობრივი სხვაობა ბოლო ცოლთან – 21 წელი
ედგარ ბრონფმანი – კანადელი მილიარდერი და ბრონფმანების ცნობილი საგვარეულოს წარმომადგენელი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ყოველი მომდევნო ცოლი წინამორბედზე ახალგაზრდა გახლდათ. 25 წლის ასაკში ედგარი ანა ლებზე დაქორწინდა, რომელიც მასზე 4 წლით უმცროსი იყო. ამ ქორწინებიდან ბრონფმანს ხუთი შვილი ეყოლა და 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ედგარმა განქორწინება და ცოლად ლედი კაროლინ თაუნსენდის მოყვანა გადაწყვიტა. ეს კავშირი მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა და შემდეგ მეუღლეზე კი ედგარმა ორჯერ იქორწინა. საქმე ისაა, რომ ჯორჯიანა უებზე პირველი ქორწინების შემდეგ ისინი მალევე დაცილდნენ ერთმანეთს, თუმცა, შემდეგ ისევ იქორწინეს და 1983 წელს კვლავ განქორწინდნენ. 1994 წელს, 65 წლის ასაკში ედგარი 21 წლით უმცროს, იან არანსონზე დაქორწინდა და დღემდე მასთან ერთად ცხოვრობს. სულ ედგარ ბრონფმანს შვიდი შვილი ჰყავს.
თომას ბუნ პიკენსი
ასაკობრივი სხვაობა ბოლო ცოლთან – 10 წელი
ოთხჯერ დაქორწინებული მენავთობე თომას ბუნ პიკენსის შემთხვევაში, ადრეული ქორწინებები დიდხანს გრძელდებოდა, ხოლო ასაკობრივი სხვაობა მეუღლეებს შორის არ იყო თვალშისაცემი. 20 წლის ასაკში თომასი ლინ ობრაიენზე დაქორწინდა, რომელიც მისი თანატოლი გახლდათ. წყვილმა ერთად 40 წლის ასაკამდე იცხოვრა, რის შემდეგაც თომასმა განქორწინება გადაწყვიტა და კვლავ თანატოლ ბეატრის კარზე იქორწინა, მასთან 70 წლის ასაკამდე იცხოვრა და ამის შემდეგში კიდევ ორჯერ იქორწინა, მესამედ – ნელდა კაინზე და მეოთხედ – მადლეინ პოულსონზე. ორივე მათგანი თომასზე 10 წლით უმცროსი იყო. ამ ქორწინებებმა სულ რამდენიმე წელი გასტანა.
დონალდ ტრამპი
ასაკობრივი სხვაობა ბოლო ცოლთან – 24 წელი
1977 წელს ცნობილი მაგნატი დონალდ ტრამპი პირველად სამი წლით უმცროს ივანა ზელნიჩკოვაზე დაქორწინდა, რომელმაც, მოგვიანებით, პოპულარული ივანა ტრამპის სახელით გახდა. მასთან ტრამპს სამი შვილი გაუჩნდა. წყვილი 1992 წელს დაშორდა და 1993 წელს დონალდმა 17 წლით უმცროს მსახიობზე, მარლე მეიპლზე იქორწინა. მასთან ქალიშვილი, ტიფანი შეეძინა. დონალდისა და მარლეს ქორწინებამ 1999 წლამდე გასტანა და 2004 წელს ცნობილი გახდა, რომ მილიარდერმა ცოლობა სლოვენიელ მოდელს, მელანია კლაუსს სთხოვა. მელანია 24 წლით უმცროსია დონალდზე, თუმცა ცოლ-ქმარი თავს მშვენივრად გრძნობს ერთად და ჯერჯერობით განქორწინებას არ აპირებენ. მელანიასთან ტრამპს ერთი შვილი ჰყავს – ვაჟი, ბერონ ტრამპი.