რა აკავშირებს ჯიმი კარტერს ჟურნალ „ფლეიბოისთან” და რამდენი ცალი სარწეველა სავარძელი იყიდა მან თეთრი სახლისთვის
შეხვედრა უცხოპლანეტელებთან, ბოიკოტირებული ოლიმპიადა მოსკოვში 1980 წელს, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში და ზესახელმწიფოდ წოდებული ამერიკის შეერთებული შტატების ოთხწლიანი პრეზიდენტობა – ყველაფერი ეს ჯიმი კარტერს ეკუთვნის, ამერიკის 39-ე პრეზიდენტს დემოკრატიული პარტიიდან. მის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს „თბილისელების” ამ ნომერში გაგაცნობთ.
* ჯეიმს ეარლ „ჯიმი” კარტერ უმცროსი 1924 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა პროვინციულ ქალაქ პლეინსში, ჯორჯიის შტატის სამხრეთში. ჯიმი კარტერი ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ჰოსპიტალში დაიბადა. მისი წინაპრები ინგლისიდან იყვნენ ამერიკაში ჩასულები და ოფიციალური ვერსიის თანახმად, ისინი 1635 წლიდან დასახლდნენ ჯორჯიის შტატში. მამა კონსერვატული შეხედულების ფერმერი იყო, რომელიც მიწის თხილის პლანტაციებს ფლობდა, ხოლო დედა, პროფესიით მედდა, პლეინსში ცნობილი პიროვნება გახლდათ, ის 68 წლის ასაკში ორი წლით გაემგზავრა ინდოეთში და „მშვიდობის კორპუსში” მუშაობდა. პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტიურობა ჯიმიმ დედისგან ისწავლა.
* ჯიმი კარტერის ახალგაზრდობის წლებს მეორე მსოფლიო ომი დაემთხვა და პატრიოტიზმით განმსჭვალულმა კარტერმა 1943 წელს ანაპოლისის სამხედრო-საზღვაო აკადემიაში ჩააბარა. ჯიმის ოცნება იყო, საზღვაო ოფიცერი გამხდარიყო და ეს ოცნება მან ნაწილობრივ აიხდინა. აკადემიის დამთავრების შემდეგ კარტერი შვიდი წლის განმავლობაში წყალქვეშა ნავზე მსახურობდა ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ფლოტში. კარტერი ადმირალ ჰაიმენ რიკოვერის მიერ შერჩეული ლეიტენანტი იყო, რომელიც ბირთვული წყალქვეშა ნავების შექმნის პროგრამაში უნდა ჩართულიყო. თუმცა, 1953 წელს უფროსი კარტერი გარდაიცვალა და ჯიმის სახლში დაბრუნება და არაქისის პლანტაციებზე ზრუნვა მოუხდა. იმ პერიოდში ჯიმი კარტერი უკვე დაქორწინებული იყო თავის ბავშვობის დროინდელ შეყვარებულზე – როზალია სმიტზე. მოგვიანებით, როცა კარტერი პრეზიდენტი გახდა, ხოლო როზალია „პირველი ლედი”, ცოლ-ქმრის უახლოეს ურთიერთობას მავანნი სკეპტიციზმით უყურებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ როზალიას ზედმეტად დიდი გავლენა ჰქონდა ქმარზე.
* პლეინსში დაბრუნებული კარტერი სათავეში ჩაუდგა მამის დატოვებულ არაქისის პლანტაციებს და გარკვეულ პერიოდში ისეთ წარმატებას მიაღწია ამ სფეროში, რომ მილიონერი გახდა. იმავე პერიოდში ჯიმი კარტერმა, რომელიც დაბადებიდან ბაპტისტი იყო, საჯაროდ განაცხადა, რომ „აღორძინებული” ქრისტიანი გახდა.
* 1963 წლიდან ჯიმი კარტერი რეგიონალურ პოლიტიკაში ჩაერთო და ჯორჯიის შტატის სენატის წევრი გახდა. 1970-იანი წლებიდან მან ბრძოლა დაიწყო ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პოსტისთვის და წარმატებას მიაღწია, ხოლო 1976 წლიდან ის გაცილებით მაღალი თანამდებობის, ამერიკის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო და 1976 წელს არჩევნებში გამარჯვებაც მოიპოვა. 1977 წლიდან პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯიმი კარტერმა მეორედ იყარა კენჭი, თუმცა სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა რონალდ რეიგანის სახით და კარტერის პრეზიდენტობის პერიოდი 1981 წლის 20 იანვარს რეიგანის ინაუგურაციით დასრულდა.
* ჯიმი კარტერი სარწეველა სავარძლების დიდი მოყვარულია და თეთრ სახლში ყოფნის პერიოდში 1875 წელს, თომას ბრამბის შემუშავებული ხუთი ცალი „ჯამბოს” დასახელების მქონე სავარძელი შეიძინა.
* ჯორჯიის შტატის გუბერნატორის თანამდებობისთვის საარჩევნო ბრძოლის პერიოდში, 1969 წელს ჯიმი კარტერი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თვითმხილველი გახდა. ქალაქ ლირში შეხვედრას მართავდა ამომრჩევლებთან, და ამ დროს ცაში გამოჩნდა მფრინავი ობიექტი. კარტერის გარდა უცხოპლანეტელების ხომალდი მისმა თანმხლებმა პირებმაც დაინახეს.
* 1976 წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რამდენიმე ხნით ადრე ჯიმი კარტერმა პირობა მისცა კორესპონდენტებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტად აირჩევდნენ, ის საჯაროს გახდიდა ინფორმაციას უცხოპლანეტელების შესახებ და ყველა საიდუმლო დოკუმენტს მიაწვდიდა ჟურნალისტებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც კარტერი პრეზიდენტი გახდა, დაივიწყა მიცემული პირობა და უცხოპლანეტელების არსებობა კვლავ სახელმწიფო საიდუმლოებად დატოვა.
* ჯიმი კარტერი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მშვიდობის დარგში. თანამდებობაზე ყოფნისას კი ნობელის პრემია თეოდორ რუზველტს, ვუდრო ვილსონს და ბარაკ ობამას აქვთ მიღებული.
* ჯიმი კარტერი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ ისტორიული ჟანრის რომანი „ონავრის ბუდე” გამოსცა.
* ჯიმი კარტერს სწრაფი კითხვის საოცარი უნარი აქვს, მას შეუძლია, წუთში 2 000-მდე სიტყვა წაიკითხოს.
* ჯიმი კარტერი ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა, ლეონიდ ბრეჟნევმა ტუჩებში აკოცა.
* საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში ჯარების შეყვანის პროტესტის მოტივით, ჯიმი კარტერმა ბოიკოტი გამოუცხადა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას. ამის გამო ოლიმპიადის ოფიციალურ ენად ფრანგული გამოცხადდა და მასში მონაწილეობისგან რიგმა ქვეყნებმა შეიკავეს თავი.
* ჯიმი კარტერი თევზაობის მოყვარულია და პრეზიდენტობის პერიოდში, ერთხელ, როცა ნავით ტბაში გავიდა, მას ტბის ბოცვერი დაესხა თავს. ბოცვერი შეღწევას ნავში ცდილობდა და კარტერს მოუხდა, მისთვის თავში ნიჩაბი ჩაერტყა. ეს ამბავი მეორე დღეს ამერიკული გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვდა სათაურით „პრეზიდენტს თავს ბოცვერი დაესხა”. კარტერის პრეზიდენტობის კრიტიკოსების თქმით, ეს ისტორია მისი უსუსური მმართველობის სიმბოლოა.
* ჯიმი კარტერი ამერიკის მეორე პრეზიდენტია, რომელმაც პრესტიჟული მუსიკალური პრემია „გრემი” მიიღო. ჯილდო კარტერს 2007 წელს გადაეცა ნომინაციაში „საუკეთესო სალაპარაკო ალბომი”. აუდიოწიგნის გახმოვანებისთვის პრემია კარტერთან ერთად მსახიობებმა – რუბი დიმ და ოსი დევისმაც მიიღეს. პირველი პრეზიდენტი კი, რომელიც „გრემის” ლაურეატი გახდა 2005 წელს, ბილ კლინტონია. მას „საუკეთესო საბავშვო აუდიო წიგნისთვის” დაწესებული ჯილდო გადასცეს.
* ჯიმი კარტერის საყვარელი პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი გახლდათ.
* 1976 წლის ნოემბერში ჯიმი კარტერმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ „ფლეიბოის”. თემა შეეხებოდა მის რელიგიურ მსოფლმხედველობას და ქალების როლს საერთაშორისო პოლიტიკაში. კარტერი ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ინტერვიუ აქვს მიცემული „ფლეიბოისთვის”.
* ჯიმი კარტერის ანდერძის თანახმად, ის მოითხოვს, მშობლიურ ქალაქ პლეისში დაკრძალონ. აღსანიშნავია, რომ ჰერბერტ ჰუვერის პრეზიდენტობიდან მოყოლებული ამერიკის პრეზიდენტებს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკების ან საპრეზიდენტო მუზეუმების ეზოში კრძალავენ. გამონაკლისია ჯონ კენედი, რომელიც არლინგტონის სასაფლაოზე არის დაკრძალული და ლინდონ ჯონსონი, რომელიც საკუთარ რანჩოზე მიაბარეს მიწას. ჯიმი კარტერის ანალოგიურად, მისი მეუღლეც, როზალია ასევე, პლეინსში დაკრძალვის მომხრეა.