რამდენდონიანი არჩევნები ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და რით განსხვავდება ამერიკული სისტემა ქართული საარჩევნო სისტემისგან
ისე მოხდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში არჩევნები თითქმის პარალელურად ტარდება: ერთი ისაა, რომ ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორები პრეზიდენტს ირჩევენ, ჩვენ კი – უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წევრებს. თუმცა მხოლოდ ეს არ არის განსხვავება: ამერიკული არჩევნების შედეგს დანარჩენი მსოფლიო, თუ მთლად გულისფანცქალით არა, დიდი ინტერესით ელის (ბუნებრივია, მომლოდინეთა შორის ჩვენც ვურევივართ და ამ ჩვენს მოლოდინში არც გულისაფანცქალების დეფიციტია).
მართალია, ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ვერაფერი შეცვლის, ისევ „დემოკრატი“ ობამა დარჩება თუ მის სკამს „რესპუბლიკელი“ რომნი დაიკავებს, დემოკრატიის აკვანი ჩვენი ქვეყნისადმი კვლავაც კეთილგანწყობილი დარჩებაო.
დღეს ჩვენ ამერიკული საარჩევნო სისტემის თავისებურებებზე ვისაუბრებთ. საკითხს ზაქარია ქუცნაშვილი განგვიმარტავს.
– დავიწყოთ იმით, უპირველესად, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ამერიკული და ევროპული საარჩევნო სისტემები?
– ამერიკის არჩევნების სისტემა, მართლაც, განსხვავდება არჩევნების ევროპული სისტემისგან იმით, რომ ის შედგება ხმების დათვლისა და არჩევნების შედეგების შეჯამების სამი ეტაპისგან. მარტივად რომ ვთქვა, ევროპული არჩევნები და, მათ შორის, ქართული არჩევნები ხმების დათვლისა და არჩევნების შეჯამების ერთი ეტაპისგან შედგება. კერძოდ, ეს გამოიხატება იმით, რომ ამომრჩეველი ერთ ხმას აძლევს რომელიმე მისთვის სასურველ კანდიდატს. ეს ხმები იკრიბება და, ვინც უფრო მეტ ხმას დააგროვებს, ის ცხადდება გამარჯვებულად. ეს ასე არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ ხმების დათვლის სამდონიანი სისტემაა. პირველ დონეს წარმოადგენს ევროპულის მსგავსი სისტემა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების 50 შტატი და კოლუმბიის ოლქი აკეთებს არჩევანს ერთი ხმის მიცემის გზით და, შესაბამისად, ამ შტატებსა და კოლუმბიის ოლქში გამარჯვებულად ცხადდება ის პერსონა, რომელიც დააგროვებს ხმების მეტ რაოდენობას. ამის შემდეგ იწყება ხმების დათვლის მეორე ეტაპი, რომელიც შედგება ამომრჩეველთა კოლეგიაში არსებული ხმების შეჯამების პროცესით.
– რა არის ამომრჩეველთა კოლეგია?
– ეს არის 538 წევრისგან შემდგარი საარჩევნო ორგანო, რომელიც ვალდებულია, ხმა მისცეს შტატის შედეგების მიხედვით.
– როგორ ირჩევენ ამ 538-წევრიან ამომრჩეველთა კოლეგიას?
– ბაზა არის შტატები და ოლქი, ზოგს ჰყავს 7 წარმომადგენელი, ზოგს – 9, ზოგს – 13. მაგალითად, ჯორჯიის შტატს ამომრჩეველთა კოლეგიაში ჰყავს 9 წევრი. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ ჯორჯიის შტატში არჩევნებს მოიგებს კონკრეტული კანდიდატი, ამომრჩეველთა კოლეგიაში 9-ვე ხმა მას ეკუთვნის ჯორჯიის შტატიდან, მაგრამ, თუ მოიგებს მისი კონკურენტი, მასთან წავა ეს 9 ხმა. როგორც წესი, კოლეგიის წევრები ვალდებულნი არიან, დაეყრდნონ მიღებული ხმების შედეგებს და გამარჯვებულს მიაკუთვნონ ამომრჩევლთა კოლეგიაში შტატის კუთვნილი ყველა ხმა.
– შტატებსა და ოლქს სხვადასხვა ოდენობის წარმომადგენელი ჰყოლიათ ამომრჩეველთა საბჭოში, ეს რას ეფუძნება, ამომრჩეველთა რაოდენობას?
– ამომრჩეველთა კოლეგიაში შტატებისა და ოლქის წარმომადგენელთა რაოდენობას ორი კრიტერიუმი განსაზღვრავს: შტატში მცხოვრები ამომრჩევლის რაოდენობა და ამ შტატის ამერიკის ერთიან სახელმწიფოში ინტეგრირების ისტორია. ხშირ შემთხვევაში დაცულია ამომრჩეველთა რაოდენობის პროპორციის პრინციპი, მაგრამ ხშირად ეს არ არის დაცული, იმიტომ რომ ზოგიერთი შტატის ყოფნა აუცილებელი იყო ამერიკის შემადგენლობაში.
– ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რომელ კრიტერიუმს მიანიჭონ უპირატესობა?
– ეს უწერიათ კონსტიტუციაში და წინასწარაა დადგენილი უკვე რამდენიმე საუკუნეა. სხვათა შორის, ამ სისტემას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ამომრჩევლების რაოდენობა ზოგ შტატში იზრდება, ზოგან – მცირდება, მაგრამ ამომრჩევლთა კოლეგიაში ამ შტატის წარმომადგენელთა რაოდენობა უცვლელი რჩება. ეს არ შეცვლილა უკვე რამდენიმე საუკუნეა და ამერიკელები ამას უწოდებენ საარჩევნო სისტემის შეთანხმებას. ამ შეთანხმების მთავარი არსი ის არის, რომ არა მარტო არჩევნებში მონაწილეების მიერ ამა თუ იმ კანდიდატისთვის მიცემული ხმებით განისაზღვრება გამარჯვებული, არამედ განისაზღვრება ამომრჩეველთა კოლეგიის, როგორც ხმის დათვლის მეორე ეტაპის, მონაწილეობითაც. მაგალითად, 2000 წელს, როდესაც ჯორჯ ბუშმა პირველად იყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, დემოკრატების კანდიდატი იყო ელ გორი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბილ ქლინთონის ადმინისტრაციაში. ელ გორმა 50 შტატისა და ოლქის ჯამური მაჩვენებლით უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ჯორჯ ბუშმა, მაგრამ ჯორჯ ბუში გამოცხადდა გამარჯვებულად, იმის გამო, რომ კოლეგიაში იმ შტატების წევრთა რაოდენობა უფრო მეტი იყო, რომლებშიც მან გაიმარჯვა. შესაბამისად, ნახეთ, როგორი სისტემაა: შეიძლება, თქვენ მილიონი ხმა მიიღოთ, მე – 800 000, მაგრამ 800 000-სს ჰყავდეს 15 წარმომადგენელი და მილიონს – 10. ამიტომ ეს ხშირად კრიტიკის საგანი ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
– ყოველთვის ისე ზუსტად მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი, როგორც კანონშია, თუ გათვალისწინებულია გამონაკლისი შემთხვევებიც?
– მესამე დონე ის შემთხვევაა, თუ ამომრჩეველთა კოლეგიაში ხმები თანაბრად გაიყო: 538-იან კოლეგიაში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც 270 ხმას დააგროვებს, მაგრამ ამერიკის ისტორიაში 1968 წელს დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები დააგროვეს არჩევნების შედეგების შეჯამების მეორე ეტაპზე – 268-268 ხმა. რასისტმა ჯორჯ უოლსმა, როგორც მესამე კანდიდატმა, ისე მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რის შედეგადაც ხმები დაქსაქსა და 268-268 ხმა დაფიქსირდა ამომრჩეველთა კოლეგიაში. ასეთ შემთხვევაში, ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, ერთვება მესამე ორგანო.
– ესე იგი, ეს შემთხვევა პირველად 1968 წელს მოხდა, მაგრამ ამერიკის კონსტიტუციაში ეს იმთავითვე იყო გათვალისწინებული?
– დიახ, ეს ძალიან ძველი კონსტიტუციაა, სიძველე და სტაბილურობა კი მდგრადობის ერთ-ერთი ნიშანია. ერთი სიტყვით, 1968 წელს ხმების დათვლისას ჩაერთო მესამე ორგანო, რომელმაც უნდა გამოაცხადოს ამერიკის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი: ეს არის ამერიკის კონგრესის ზედა პალატა, ანუ სენატი და სენატი უკვე ხმების უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას, რომელი კანდიდატი გამოცხადდეს გამარჯვებულად. აი, ასეთი შემთხვევა ერთხელ მოხდა ამერიკის ორნახევასაუკუნოვან ისტორიაში და სენატის გადასაწყვეტი გახდა, ვინ გამოეცხადებინათ გამარჯვებულად.
– ამერიკულ საარჩევნო სისტემას თუ აქვს ანალოგი რომელიმე ქვეყანაში?
– მე, რაც ვაკვირდები არჩევნების ისტორიას, არჩევნების ჩატარების ანალოგიური სისტემა ჯერ არსად შემხვედრია. ევროპელებს განსხვავებული საარჩევნო სისტემა აქვთ. პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების განსხვავებული მოდელებია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ევროპაში ყველგან არჩევნების შედეგები დამოკიდებულია არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის ხმების უმრავლესობაზე. სწორედ ეს უმრავლესობა ხდება ამა თუ იმ კანდიდატის ლეგიტიმაციის წყარო. ჩვენთან კი რას ნიშნავს მაჟორიტარული არჩევნები? ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, მას მიაქვს ყველა ადგილი. მაგალითად, ინგლისური არჩევნების სისტემაში მაჟორიტარული არჩევნების სხვა სისტემაა: ისინიც, ჩვენ მსგავსად, სიებით იყრიან კენჭს. ვთქვათ, რომელიმე ორგანოში ასარჩევია 15-კაციანი საბჭო, ჩვენი საკრებულოს მსგავსი და არჩევნებში 5 პარტია იღებს მონაწილეობას. ასარჩევია 15 კაცი, 5-ჯერ 15 კი არის 75 კანდიდატი და ამ 75 კანდიდატიდან ამომრჩეველს ეძლევა უფლება, შემოხაზოს არა უმეტეს 15 პერსონა.
– არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიიდან?
– არა და ამომრჩეველი თავის ცნობიერებაში აკომპლექტებს თავისთვის იდეალურ ნაკრებს. ჩვენი სისტემა კი როგორია? თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული იღებს 15-ვე ადგილს. საერთოდ, როდესაც გამარჯვებული იღებს ყველა ადგილს, ეს ყველაზე უსამართლო სისტემად ითვლება. ხომ ნახეთ, ამერიკის საარჩევნო სისტემით, პირველ ადგილზე გასულმა კანდიდატმა შეიძლება, ვერ გაიმარჯვოს. ასე რომ, სისტემები განსხვავებულია, ჩვენთან, სამწუხაროდ, საარჩევნო სიტემების კვლევის კუთხით ყოველთვის პრობლემები იყო და არის, სტაბილურობა, როგორც ღირებულება, არ არსებობს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში ცდებიან არჩევნის გაკეთებისას. ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის 17-წლიანი ისტორია აქვს და ტრადიციებისა და სამართლიანობის ნაკლებობა ამომრჩეველს ხშირად არასწორ არჩევანს აკეთებინებს. არჩევნების გამოცდილება მოდის, როდესაც ირჩევ ადგილობრივ ხელისუფლებას, როდესაც ირჩევ შენი სოფლის ხელისუფლებას, შენი ქალაქის ხელისუფლებას, რადგან ყველაზე ახლოს და კარგად სწორედ შენი სოფლისა და ქალაქის მცხოვრებლებს იცნობ და, ამდენად, ყველაზე დიდი შანსი გაქვს, რომ შეცდომა არ დაუშვა. შემდეგი არჩევნები, როდესაც შედარებით დისტანცირებული ხარ ასარჩევი სუბიექტისგან, არის საპარლამენტო არჩევნები. აქ უკვე შესაძლებელია, ისეთი პიროვნების არჩევა მოგიწიოს, რომელსაც არც კი შეხვედრიხარ. საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ უფრო დისტანცირებულია: ერთ ინდივიდს მთელი საქართველო ხომ არ იცნობს?! ამიტომაც, თუ გვინდა, რომ ამომრჩეველმა ისწავლოს სწორი არჩევნის გაკეთება, თვითმმართველობის არჩევნებიდან უნდა დავიწყოთ.
– ამერიკაში წინასაარჩევნო პერიოდი როგორ არის გაწერილი?
– ჩვენთან წინასაარჩევნო პერიოდი ორეტაპიანია: წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე. იქ კი სამეტაპიანია: პირველ ეტაპზე ხდება, ისევ ხალხის მონაწილეობით, კანდიდატების შერჩევა პარტიების შიგნით, ამას უწოდებენ პრაიმერს. იქ უკვე კონკურენცია მიდის მონათესავე იდეებს შორის.
– შიდა პარტიულ არჩევნებს ვინ ატარებს, თვითონ პარტია?
– საარჩევნო კომისიები. ცხადდება დღე და ტარდება შიდა პარტიული არჩევნები. იქ ნდობა საარჩევნო სისტემისადმი ძალიან მაღალია, იმიტომ რომ არავის მოსდის თავში აზრად, ისეთი მანიპულაციები ჩატარდეს, როგორებიც ჩვენთან ტარდება. ასეთი ქმედება საკმაოდ მკაცრად ისჯება და საკმაოდ ძლიერია საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი. კანონის ძალითაა სავალდებულო ტელედებატები კანდიდატებს შორის. მაგალითად, 2008 წელს ფინანსური კრიზისის გამო მაქქეინი ცდილობდა, თავი აერიდებინა დებატებისთვის, მაგრამ არ მისცეს ამის საშუალება. ჩვენთან კი არჩევნების 17-წლიანი ისტორიის განმავლობაში ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ მთავარ კანდიდატს ეკადრებინოს სხვა კანდიდატებთან ან სხვა მეორე ძირითად კანდიდატთან დებატები. ეს კომუნისტური აზროვნების შედეგია, ადამიანებს ეშინიათ კამათის, არ აქვთ ეს კულტურა და მესამე: ტელედებატების დასრულების შემდეგ, რომელიც თემატურია და მოიცავს რამდენიმე საკითხს, ასევე, მოწმდება ვიცე-პრეზიდენტების უნარებიც, იმიტომ რომ ისინი ის პიროვნებები არიან, რომლებსაც შესაძლოა, მოუწიოთ ქვეყნის მართვა. იმავდროულად, ფილტრში ტარდება კანდიდატების ოჯახებიც: რა ოჯახია, ხომ არ არის კლანური მიდრეკილების, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს მთელი ცხოვრება; არის თუ არა ეს ოჯახი ორიენტირებული ტრადიციებსა და ღირებულებებზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ, ითვლება, თუ ოჯახში ვერ დაულაგებია სიტუაცია, ვერც ქვეყანაში დაალაგებს.
და ბოლოს, აქვთ 15-დღიანი პერიოდი, როდესაც ამომრჩეველს აძლევენ მოფიქრების დროს. აღარ იმართება ტელედებატები და კანდიდატები ინდივიდუალურად განაგრძობენ საარჩევნო კამპანიას. მაგალითად, ევროპული საარჩევნო სისტემით, ამომრჩეველს ერთ დღეს აძლევენ. ამერიკელებს კი უფრო ხანგრძლივი პერიოდი აქვთ, რომ კარგად გააანალიზონ, არის თუ არა ესა თუ ის კანდიდატი იმის გამკეთებელი, რასაც მათ ჰპირდება; ემოციური ადამიანია თუ გაწონასწორებული; როგორ მოიქცევა ომისა თუ სტიქიური უბედურების შემთხვევაში... ხელისუფალი არის საზოგადოების მსახური, ამიტომ არჩევანში რომ არ შეცდე, ისეთი ადამიანი უნდა აირჩიო, რომელიც იმისთვის კი არ თამაშობს ხალხის მსახურის როლს, რომ ხელისუფლება ჩაიგდოს ხელში და შემდეგ თვითონ გახდეს ბატონი, არამედ შინაგანადაა ხალხის მსახური. ერთი სიტყვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კანდიდატები ძალიან ბევრ ფილტრს გადიან. აღარაფერს ვამბობ მედიაზე, რომელიც დედაბუდიანად სწავლობს კანდიდატების აწმყოსა და წარსულს.
– და, რაც მთავარია, აუცილებელია, რომ დამარცხებულმა აღიაროს გამარჯვებულის გამარჯვება?
– მე ვიტყოდი, ეს უფრო ტრადიციაა, ანუ რეალურად, ეს ნიშნავს სუვერენიტეტის შენახვას. სუვერენიტეტი არის ქვეყნის პრობლემების მოგვარება გარე ძალების ჩაურევლად, საქართველოს სუვერენიტეტი დარღვეულია, რადგან თავის შიდა პრობლემებს საგარეო ჩარევის გარეშე ვერ წყვეტს, არც კი ეძახიან მოლაპარაკებაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, ქვეყნის სუვერენიტეტი დაცულია, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო უნდა იყოს არა საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი ან უცხოელი დამკვირვებლის წერილობითი დასკვნა, არამედ თავად დამარცხებული კანდიდატის აღიარება გამარჯვებულისადმი მილოცვით. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება, რომელიც ორ ბანაკად გაიხლიჩა საარჩევნო პროცესში არჩევნების შემდეგ ერთიანდება. დამარცხებული ნაწილი მიდის და ამბობს: შენ ამ არჩევნებში სამართლიანად გაიმარჯვე და შენ ხარ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. როდესაც ლეგიტიმაცია მოდის შიგნიდან და არა გარედან, ეს არის იმ ქვეყნის პატრონი საზოგადოების სუვერენულობის დამადასტურებელი მთავარი ნიშანი.