მიმდევრები
უტატამოდ დარჩენილი
ის ჯერჯერობთი არ ჩანს პოლიტსცენაზე, შესაძლოა, იმიტომ, რომ ტატამი აღარ არის. ან კი როგორ იქნება, როდესაც თბილისის პარლამენტის აწ უკვე ძველი შენობა ფიცარ-ფიცარაა დაშლილი, ქუთაისის ახალს კი ჯერ საღებავიც არ შეშრობია და, ამიტომაც, ჯერ კიდევ ხალხის რჩეული ბ-ნი აკაკი ბობოხიძე ავანსცენაზე კვლავაც არ გამოჩენილა არც თავად და არც მისი კუნთ-მუშტები. სამაგიეროდ, მისით შეგულიანებულები აქტიურობენ. კერძოდ, „ივერონი“ იტყობინება, რომ ნინოწმინდაში მაღალჩინოსნებს ცემა-ტყეპა გაუმართავთ (შესაძლოა, იფიქრეს, თხა თხაზე ნაკლებიო).
ერთი სიტყვით, მოარული ხმებით, ბ-ნი ბაქრაძის ნინოწმინდაში ერთ-ერთ სტუმრობას, ბუნებრივია, უსუფროდ არ ჩაუვლია, რომელსაც, სხვებთან ერთად, ამშვენებდნენ ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ბ-ნი ენზელ მკოიანი (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ბ-ნ მაჭავარიანზე არანაკლებ სტაჟიანია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხალხის რჩეულობის სტაჟს ვგულისხმობთ და, მერე რა, რომ ამომრჩეველი მას სახეზეც ვერ ცნობს?!), ახალქალაქის მაჟორიტარი, ანუ ხალხის რჩეული ბ-ნი ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი და ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე ბ-ნი ვალოდია სტამბოლციანი (დანარჩენი წვრილფეხა ჩინოვნიკობა მხოლოდ ფონის როლს ასრულებდა, ამიტომ მათზე არ შევჩერდები).
როგორც აღმოჩნდა, სუფრის მიმდინარეობისას ბ-ნ სტამბოლციანს ქება-დიდება არ დაუკლია ბ-ნ მკოიანისთვის, რასაც ბ-ნი ჰოვჰანესიანი გაუნაწყენებია (ბუნებრივია, მასაც ენდომებოდა, რომ ბ-ნი ბაქრაძის წინაშე დიდების ოდა მიეძღვნათ). ჰოდა, რაკი არ მიუძღვნეს, შეურაცხყოფილ რჩეულს (ცხადია, ბ-ნი ბაქრაძის გამოსტუმრების შემდეგ) ბ-ნი სტამბოლციანისთვის ცხვირ-პირი ამოუნაყავს (თუმცა, ძნელი სათქმელია, სამართლიან ორთაბრძოლაში მოერია თუ ბ-ნ სტამბოლციანს ხელის შებრუნება არც უფიქრია. ეჭვი მაქვს, მიზეზი მეორე იქნება).
ჩვენ არ ვიცით, როგორ გაითავისებს მიღებულ გაკვეთილს ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე, სამაგიეროდ, ვხედავთ, რომ ბ-ნი ბობოხიძის ღვწას ქართული პარლამენტარიზმისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია!