ჭკუაგადმოსული
სხვის ომში გამობრძენებული
იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით სხვების ჩაურევლად საკუთარი პრობლემებისთვისაც ვერ მოგვივლია, უკვდავი პრინციპით, სხვა სხვის ომში ბრძენიაო (ან, შესაძლოა, სულ სხვა მიზეზითაც), ჩვენებურმა ნომერ პირველმა დიპლომატმა გასულ კვირას უცხოეთში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური მისიების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია რეგიონის ქვეყნების განვითარებით, ამიტომაც, მისივე თქმით, ყველაფერსაც აკეთებს საიმისოდ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სახიფათო ზღვარს არ გადასცდეს (ისე, არ გვაწყენდა, გაემხილა, მაინც, რას გულისხმობს „ყველაფერში“?!).
აკეთებს თუ ვერა, ამ განცხადების წინაპირობა სომხეთის მიერ უნგრეთთან დიპურთიერთობის გაწყვეტამ გამოიწვია. პრეისტორია კი შემდეგნაირია: აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურემ უნგრეთში („ნატოს“ ეგიდით მიმდინარე ღონისძიებაზე) აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე მოკლა. დამნაშავე გასამართლდა, თუმცა, შემდეგ იგი აზერბაიჯანს გადასცეს და, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მსჯავრდებული შეიწყალა. საპასუხოდ, სომხეთმა არა მხოლოდ გაწყვიტა უნგრეთთან დიპლომატიური კავშირი, არამედ, ისიც განაცხადეს, რომ „ნატოსა“ და ევროკავშირის ხსენებასაც მოისპობენ.
ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ ჩვენი ნომერ პირველი დიპლომატის განცხადება ლოგიკურია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ჩვენი კონფლიქტებისთვის ვერ მოგვივლია, ხოლო ჩვენს მეზობელ სომეხ და აზერბაიჯანელ მეზობლებთან საკომუნიკაციო ენა ისევ რუსულია, ვფიქრობ, ისინი აუცილებლად იფიქრებდნენ: „ჩია კოროვა მიჩალა, ტვოია ბი მოლჩალაო“, ანუ, საკუთარ თავს მიხედეთო. ვითომ ვცდები?!