კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის დაჰქონდა დილაობით ხაში თბილისში და როდის ისვენებდნენ ცნობილი თამადები სადღეგრძელოებისგან

ალბათ, ვერავინ გრძნობს თბილისის გულისცემას ისე მკაფიოდ, როგორც ის ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქით ცხოვრობდნენ, რომელთათვისაც თბილისი ცხოვრების წესია და არა გეოგრაფიული პუნქტი. მათ რიცხვშია რეჟისორი ოთარ ლითანიშვილი, რომელიც განსხვავებული რეჟისორული თვალით გვანახვებს ამ ქალაქის მიზიდულობის ძალას.

 ოთარ ლითანიშვილი: სოხუმში დავიბადე. ჩემი მშობლები იქ მუშაობდნენ და, შესაბამისად, იქ ვიზრდებოდი. ყველა რომ სოხუმში ჩამოდიოდა დასასვენებლად, მე ბებია-ბაბუასთან თბილისში ჩამოვდიოდი. ყველაზე მძაფრად რაც მახსოვს, იყო ჩემი გაკვირვება, თუ როგორ შეიძლება იცხოვრო ქალაქში, სადაც ზღვა არ არის – თუ ერთ მხარეს ზღვა არ გაქვს, საერთოდ როგორ შეიძლება, რამეს მიაგნო-მეთქი, ვფიქრობდი. მერე გადმოვედით აქ საცხოვრებლად და მივხვდი, რომ თბილისი პატარა, საოცარი ქალაქია, სადაც ყველაფერი ზეპირად იცი. გავიზარდე სოლოლაკში. მეორე ბებია სტადიონთან ახლოს ცხოვრობდა. ხისკიბეებიანი სახლები იყო, დიდი ეზოებითა და ძალიან ბევრი ბავშვით. მჭიდროდ და ვიწროდ ვცხოვრობდით, მაგრამ როდესაც მამაჩემმა მოახერხა და ერთ-ერთმა პირველმა შეიძინა ტელევიზორი, მეზობლები თავიანთი სკამებით შემოდიოდნენ და ტელევიზორის ყურება მთელი რიტუალი იყო. სასწაული იყო თბილისი იმ პერიოდში: ყველა თითქოს ერთად ცხოვრობდა, მეზობლებს საერთო, დიდი აივანი გვქონდა, კარს არავინ კეტავდა. შემეძლო, სამჯერ მესადილა. ყველანაირი სამზარეულო მაქვს გასინჯული: სომხური, აზერბაიჯანული, თურქული... თითქოს არავის არ უჭირდა, ბავშვები სულ ერთად ვსადილობდით. ბატი-ბუტის შემოტანა ჰგავდა აფეთქებას. მახსოვს, წავკისიდან დილაობით ჩამოდიოდნენ გლეხები და დაჰქონდათ ხაში. ეს ბევრ ჩემს მეგობარს არ ახსოვს. ვიღაცა ისეთი ნაბახუსევი თუ იყო, რომ სახლიდან ვერ გადიოდა, ეს ხაში მისწრება იყო. იმდენად სუფთად ჰქონდათ ყველაფერი მომზადებული, რომ ბებიაჩემი მეც კი მაჭმევდა. რა აღარ დაჰქონდათ იმ დროს, ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა ეზოში. – ნავთი, ხილი, რძე და რძის პროდუქტები...
– როგორი თინეიჯერობა გქონდათ?
– ეს პერიოდი მართლა ზღაპრული იყო. ახლა თითქოს მეტი გასართობია, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ ჩვენი თაობისთვის ეს გაცილებით ლაღი და მხიარული წლები იყო. ჯერ მარტო ყველაფერი გაცილებით გემრიელი იყო, ლიმონათიდან დაწყებული, პომიდვრით დამთავრებული – სასწაული გემო ჰქონდა. მახსოვს, ერთ დღეს ეზოში ერთი ბიჭი მოქანდა (მაშინ უკვე ბარნოვზე ვცხოვრობდი) და გვითხრა, დროზე წამოდით, ერთ ბიჭს ამერიკული საღეჭი რეზინა აქვსო. რიგი იდგა. ის ბიჭი იდგა და რიგრიგობით აღეჭვინებდა ყველას რეზინს. დედაჩემმა მომისწრო და იმ დღეს ამერიკული საღეჭი რეზინის გემო ნამდვილად არ გამიგია (იცინის). მეგონა, თბილისს ყველაფერი უხდებოდა. მახსოვს ტროლეიბუსებზე და ტრამვაებზე ჩამოკიდებული ხალხი ფეხბურთის მატჩის დროს; ფეხით მისვლა სტადიონზე ნებისმიერი ადგილიდან. მერე იქიდან მსვლელობა: წაგებულზე სხვა სიარული, მოგებულზე – გასაოცარი აჟიოტაჟი.
– რუსთაველზე სეირნობა?
– ჩემზე უფროსი თაობისთვის ეს მართლა რიტუალი იყო – იქ იდგნენ და აკვირდებოდნენ ერთმანეთს, ეპრანჭებოდნენ გოგოებს. ჩემ დროს უფრო გაიზარდა თბილისი და ყველა უფრო თავის უბანში იდგა. პლეხანოველები აქეთ გამოსვლას ვერ ბედავდნენ და, ვინც გამოივლიდა, ეს დიდ ვაჟკაცობად ეთვლებოდა. გაღმა-გამოღმელებს დიდი დაძაბულობები ჰქონდათ, რასაც სულ თან ახლდა იუმორი. 55-ე სკოლაში ვსწავლობდი. იქ ერთი ხე იდგა, სადაც ძირითადი ბრძოლები და გარჩევები მიმდინარეობდა. დერეფანში თუ წავიჩხუბებდით, მერე ყველამ იცოდა, რომ განხილვა ხესთან გაგრძელდებოდა. სკოლა სკოლაზე ვჩხუბობდით. ძალიან ნაკლებად იყო დანის ხმარება, მაგრამ, უკვე მაღალ კლასებში რომ გადავედით, დაჭრები მოხშირდა.
– რამხელა იყავით, თბილისი რომ აირია?
– სწორედ მაშინ გამიჩნდა პირველი შვილიშვილი – ორმოცი წლის ვხდებოდი. ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, კარგად და ტკბილად ვცხობრობდი, ვიღებდი ფილმებს, მქონდა უამრავი გეგმა და პროექტი, რომლის განხორციელებასაც ხელს არაფერი უშლიდა და, უცებ, ყველაფერი დამთავრდა. იგრძნობოდა, რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლებოდა. მთელი თბილისისთვის იყო ძალიან მძიმე ჯერ კიდევ თვითმფრინავის ბიჭების ამბავი, გია ტაბიძე ჩემი მეგობარი იყო. ამ ხელმოწერებზე დიდი ამბავი ატყდა, ვერაფრით მოხერხდა მათი გადარჩენა. იმ პერიოდში ბუმი დაიწყო ჩვენი კულტურის, ლიტერატურის. მაშინ ზვიად გამსახურდიას დავუჭირე მხარი და ამის გამო ბევრ მეგობართან შეწყდა ჩემი ურთიერთობა. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე, არ გვიჩხუბია, უბრალოდ, უკვე ომი დაიწყო, უკვე გაიყო ხალხი, უკვე ისე დაიძაბა მდგომარეობა, რომ ვიღაცეები აღარ მოვიდნენ ჩემთან და მე აღარ მივედი მათთან.  ქვეყანას რომ თავი დავანებოთ, ურთიერთობები აირია. მანამდე სუფრას ჩვენს ოჯახში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ვგიჟდებოდი მამასთან და მის მეგობრებთან ერთად სუფრასთან ყოფნაზე – ერთი თქმა მინდოდა და უკვე მზად ვიყავი. მამას და დედას წყალობით ისეთ ადამიანებს ვარ შეხვედრილი, ვერ წარმოიდგენთ. სუფრები ნამდვილი სპექტაკლები და კონცერტები იყო. საოცრად მახსოვს თემიკო ჩირგაძესთან ურთიერთობა. ეს იყო თამადა, რომლის სუფრაზეც საათ-ნახევრის განმავლობაში არ უჭამია და არ დაულევია არავის არაფერი, გაუთავებელი სიცილი იყო.
– ახლა სუფრა მხოლოდ დაღლასთან ასოცირდება.
– დიახ, ახლა ასეა. ვერ ვიტან თამადობას, რადგან, თუ არ შეგიძლია, ხალხი გაართო და დრო ატარებინო და ამის ისეთი მაგალითები მქონდა, რომ მეუხერხულება თამადობა. ვიღაც თუ ადგა, გვერდით გადაჯდა და ლაპარაკი დაიწყო, ესე იგი, უინტერესო თამადა ხარ. იყო თამადად დაპატიჟებები და ამბები. როდესაც ეს ცნობილი თამადები შინაურულ გარემოში ერთად იკრიბებოდნენ, „გაგვიმარჯოს“ გარდა არაფერს ამბობდნენ, ისვენებდნენ.
– ქორწილების დროს მართლა მეზობლებთან გადიოდა სუფრა.
– დიახ, „სახლი არ გაქვს, რესტორანში რატომ იხდი?!“ – ასეთი დამოკიდებულება იყო.
– თითქოს მაშინ უფრო რომანტიკული იყო ყველაფერი, უფრო ვარდისფრად უყურებდა ხალხი ცხოვრებას.
– არ ვიცი, შეიძლება. ქალთან ურთიერთობაც განსაკუთრებული იყო. ჩემი მამიდაშვილის თანაკლასელი იყო „ცისფერი ტრიოს” ერთ-ერთი წევრი და, მახსოვს, ერთხელ მთელი ღამე უმღეროდნენ ერთ გოგოს სერენადებს. მამაჩემმა იცოდა ხოლმე თქმა: მე მიყვარს თბილისი ღამის სამ საათზეო, რატომო, რომ ჰკითხავდი, გიპასუხებდა: იმიტომ, რომ მთელი თბილისი ქეიფობს და დანარჩენებს სძინავთო (იცინის). ეს იყო ქალაქი, რომელსაც არასდროს ეძინა. ღამით ვიღაცასთან შეგეძლო სტუმრად ისე მისულიყავი, არც გაგეფრთხილებინა. სახლებიდან სულ სიმღერების ხმა გამოდიოდა. ვყოფილვარ სუფრაზე, სადაც „მთვარის მოტაცებიდან” უზარმაზარი ნაწყვეტი მოვისმინე, თან, ისე უხდებოდა იმ სადღეგრძელოს, რომ ყველანი ჩვენდაუნებურად ფეხზე წამომდგრები აღმოვჩნდით. ახლა ხომ ვამბობთ, რომ გასული ათწლეულები უფრო რომანტიკული, ვარდისფერი იყო, მაგრამ, როდესაც ჩემთან უცხოელი სტუმრები ჩამოდიან, სულ გაოცებულები არიან – რა გულღიები და რომანტიკულები ხართ; თქვენ ვერ ხვდებით, ერთმანეთს რა თვალებით უყურებთ, ძალიან ცოცხალი და მსუყეა ეს ურთიერთობებიო. რანაირად ვუყურებთ, მე არ ვიცი, მაგრამ, ისინი ამჩნევენ. ამას წინათ ჩემთან სტუმრად იყო მარმარინოსი, ბერძენი რეჟისორი და ორი ჭიქა შევსვით. საინტერესო რეჟისორი და კაი ტიპია. მან მითხრა, რომ საქართველოში აღმოვაჩინე საბერძნეთი, ამიტომ დავდივარ ასე ხშირად აქ, ამიტომ მოვიყვანე ქართველი ცოლიო, ამიტომ ვარ ასე მოწებებული თქვენს ქვეყანაზეო. აქ არის ის ოდისევსი, აქ არიან ის ბერძნები, რომლებსაც საბერძნეთში ვეღარ ვპოულობო.
– თბილისს თავისი მაგნიტიზმი მაინც შერჩა.
– მთაწმინდიდან კადრები მჭირდებოდა, არ მუშაობდა მაშინ არც ტრამვაი და არაფერი, რეკონსტრუქცია მიდიოდა. იქვე იჯდა ვიღაც კაცი, აზერბაიჯანელი აღმოჩნდა, რომელმაც საუბარი გამიბა. ოცდაათი წელია, თბილისში არ ვყოფილვარ და, ისე მომენატრა, რომ ჩემი მეუღლე და რამდენიმე მეგობარი წამოვიყვანე და აქ ამოვედითო. გამიკვირდა – როგორ შეიძლება ადამიანს ისე მოენატროს თბილისი რომ მისი არ იყოს?! ანუ, თბილისი ისე რთავს მას თავის ცხოვრებაში, ისე იხორცებს ყველას, რომ მერე მონატრება აღარ ასვენებთ. რა არის ეს, არ ვიცი. როგორც ჩანს, გიჟები მარტო ჩვენ არ ვართ.

скачать dle 11.3