კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ემტერებოდა ქალებს კაცის ფორმაში გადაცმული ნუცა შანშიაშვილი და რის ფასად დაუჯდა მას სქესის შეცვლა

არაორდინარული, ნიჭიერი და იმავდროულად, იღბლიანი მსახიობი, მომღერალი და მხატვარი – ნუცა შანშიაშვილი ის ადამიანია, ვისთვისაც ცხოვრებისეული ჩარჩოები არ არსებობს. მისთვის მთავარია ხელოვნება და ამ ხელოვნებაში ნაპოვნი სიამოვნება, რითაც სხვებსაც გააბედნიერებს. ნუცამ ახლახან კიევის დიდი თეატრის სცენაზე ფსიქიკურად შეშლილი ფსიქიატრის როლი შეასრულა, სადაც ერთდროულად ქალისა და მამაკაცის პერსონაჟები განასახიერა. ამისთვის, ის მთელი ორი კვირა ულვაშებითაც დადიოდა და მამაკაცურ მანერებსაც „ამუღამებდა”. თუმცა, როგორც თავად ინტერვიუში გაგვანდო, ამ სპექტაკლით ის ქართველი მაყურებლის წინაშე ნამდვილად ვერ წარდგება. თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნუცა შანშიაშვილი: იმდენს ვმოძრაობ და  ვმოგზაურობ, მგონი, ჩვენს პრეზიდენტს „გადავუჯოკრე” (იცინის). წელიწადში რვა-ცხრა თვე ამერიკაში ვარ, დანარჩენი პერიოდი კი, ხან სად ვარ და ხან სად ვმოგზაურობ. ერთ ადგილას გაჩერება არ მიყვარს. კონცერტი ჩავატარე ამერიკაში და ახლა ნიუ-იორკის ტელევიზიის ერთ-ერთი წამყვანი არხი აპირებს ამ კონცერტის გაშვებას. ახლა ამ კონცერტის მონტაჟზე ვმუშაობ.
– კიევის თეატრის დიდ სცენაზე შეასრულე როლი, რომელზეც, კარგა ხანს, ბევრი ლაპარაკობდა. ამბობენ, ამ როლში ნუცა, როგორც არასდროს, ისეთი  შეუდარებელი და ეპატაჟური იყოო.
– მართალია, უნიკალურ კომედიაში მომიწია შეუდარებელი როლის თამაში და ამით მეც კმაყოფილი ვარ. გიჟი ექიმი გახლდით და ისეთ რამეებს ჩავდიოდი, ეს თავად უნდა ნახოთ. ასეთი ეპატაჟური და გიჟმაჟი, მგონი, მართლაც არასდროს ვყოფილვარ (იცინის). მოკლედ, ექიმი ვიყავი, რომელიც ქიმიურ ექსპერიმენტებს ატარებს ხალხზე და ხან ქალებს გადააკეთებს კაცებად, ხან კაცებს – ქალებად, ხანაც – ცხოველებს. ერთ დღესაც თავად შეეშლება წამალი, დალევს და კაცი ქალად გადაიქცევა. ამაზეა აწყობილი მუსიკალური კომედია, თავისი ულამაზესი კოსტიუმებით, ცეკვებით, სიმღერებითა და სცენებით. იგორ აფანასიევის დადგმაა. ამ კომედიისთვის მომიწია ულვაშების მორგებაც, მამაკაცური მანერების შესწავლაც და სიგიჟეების ჩატარებაც.
– ვფიქრობ, შენი პიროვნებიდან გამომდინარე, ამ როლის შესრულება არ უნდა გაგჭირვებოდა. არ მეთანხმები?
– თქვენ წარმოიდგინეთ და გიჟი ექიმის როლის შესრულება ძალიან გამიჭირდა. ძალიან რთული სამუშაო იყო. ისეთი საპირისპირო სახეები უნდა შემექმნა და ისეთი გარდაქმნები უნდა ჩამეტარებინა წამებში, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იყო. წარმოიდგინეთ, მიწევდა ხმის ტემბრის შეცვლა, ქალიდან კაცად გარდაქმნა და ეს ყველაფერი გარკვეულ ჩარჩოებში უნდა ჩამესვა, რომ არ გადამეჭარბებინა და მართლა არ „გამეფრინა” სცენაზე. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო როლია, რაც კი შემისრულებია – სახასიათოც და შინაგანად მორგებულიც. ყველზე რთული იყო ის, რომ სიმღერა მიწევდა ვოკალურად მაღალ ნოტებზე. თან თამაში და თან სიმღერა მაღალ ნოტზე, ძალიან რთულია. ვფიქრობ, მაინც კარგად გავართვი თავი. მე კმაყოფილი ვარ. სახე, რომელიც შევქმენი, მართლა დაუვიწყარი გახდა. ისეთი მამაკაცი ვიდექი სცენაზე, ისეთი კაცური და ისეთი მაგარულვაშებიანი, გავიგე, დარბაზში ერთმა გადაულაპარაკა მეორეს, კი მაგრამ ნუცა ხომ თამაშობს ამ სპექტაკლში და როდისღა გამოვაო (იცინის). ასე რომ, კაცის ტყავი და შავი ულვაშები კარგად მოვირგე. ერთმა ქალმა კი პირდაპირ დამიძახა დარბაზიდან, ნუცა, თუ ეს მართლა თქვენ ხართ, მოიხსენით ეგ ულვაშები და გვიმღერეთო.
– როგორი განცდაა კაცის ტყავში ყოფნა? და, შენი აზრით, როგორი მამაკაცი და როგორი ექიმი იქნებოდი?
– „შიზოფრენიკი“ კაცი ექიმი ვიყავი სცენაზე და ასეთი რომ წარმოვიდგინე ჩემი თავი რეალურ ცხოვრებაში, ცოტა შემეშინდა (იცინის). კიევის მაღაზიები მოვიარე და ყველგან პარიკსა და ულვაშებს ვირგებდი. გაოცებულები მიყურებდნენ, რად უნდაო. მერე, ხომ უნდა შევჩვეოდი ამ დიდ, შავ ულვაშებს და მთელი ორი კვირა ასე გაწკეპილი დავდიოდი (იცინის). ეს ულვაში ნატურალურია და დაწებებული კი არ მქონდა, მავთულებით ვიმაგრებდი სათვალეზე. რაღაცით აინშტაინსაც ვგავდი, უფრო ულვაშებით, ოღონდ შავით. მეცნიერები ხომ გიჟები არიან, ოღონდ კარგი გაგებით და გადარეულ, გიჟ მეცნიერად ყოფნა ორი საათითაც საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის. ვცდილობდი, ეს მეცნიერული სიგიჟე მიმიკებით, ქცევებითა და ემოციით გამომეხატა.
– რა ჰქვია სპექტაკლს და ორი საათის განმავლობაში რამდენი ქალის კაცად გადაკეთება მოასწარი?
– სპექტაკლს ჰქვია „დონ-ჟუანთა სკოლა” და ეს სკოლა ხუთიანზე გავიარე (იცინის). ორი დიდი შპრიცით შევძელი უამრავი ქალის კაცად გადაკეთება. რაც მთავარია, ქალი ამერიკელი ჟურნალისტის გადაკეთებაც მოვახერხე და ასე რომ, მიფრთხილდით (იცინის). მისი საყვარელიც მოვინელე და მერე ვხუმრობდი, წარმოშობით ქართველი, ამერიკაში მოღვაწე, კიეველი კუზანოვი ვარ-მეთქი (იცინის).
– პირად საუბარში მითხარი, ამ სპექტაკლს საქართველოში ვერ მიიღებენო. რას გულისხმობდი?
– ეს არის ეროტიკული მიუზიკლი, რომელსაც ფაქიზი მიდგომა და დიდი იუმორის გრძნობა სჭირდება. მსახიობები ნახევრად შიშველი გამოდიან სცენაზე, ეპატაჟურ-გიჟური სცენებია და გამომწვევი საუბარი მიდის. ეს სპექტაკლი ექსპერიმენტის სახით დაიდგა. ვიცოდი, რომ კრიტიკაც აუცილებლად მოჰყვებოდა და ეს ვიგულისხმე. საქართველოში კი ისეთი კრიტიკული მაყურებელი გვყავს და ცოტა დაუნდობელიც,  მათთან ურთიერთობაში სიფრთხილე გმართებს, რომ აჟიოტაჟი არ მოჰყვეს შენს თამაშს. ეს ისეთი სპექტაკლია, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ინტერესს, საუბარს, კამათს, აზრთა სხვადასხვაობას, კრიტიკას. მე ამის არ მეშინია, რადგან ექპერიმენტები ყოველთვის მიყვარდა, კრეატიულიც ვარ.
– თუმცა, შენი ეპატაჟობა, კრეატიულობა და ექსპერიმენტები ქართველ მაყურებელს ნამდვილად არ უკვირს.
– შესაძლოა ასეა, მაგრამ ბევრი იტყვის, კარგი მომღერალია და რად უნდა ამ გიჟობების თამაშიო. უფრო ჩემიანები ხართ ქართველები და არ მინდა, ეს ვინმემ თქვას. ჩემს სიგიჟეებში კი არ არის საქმე, უბრალოდ, ვუფრთხილდები იმ მიდგომას, რასაც მანდ ვგრძნობ. თან, ვფიქრობ, ვაჩვენო საქართველოშიც ეს როლი, თან ვფრთხილობ. წარმოიდგინეთ, „დონ-ჟუანთა სკოლაში” მე მქონდა იცით, როგორი სახეები შექმნილი? დაახლოებით, რომ წარმოიდგინოთ, ლუი დე ფიუნესი და აინშტაინი. ხომ წარმოუდგენელია ამ ორი ადამიანის გარდასახვა? ეს ნამდვილად შევძელი და, ნამდვილი გიჟი ვარ, აბა რა?! (იცინის) სცენაზე ნამდვილ მისტიკურ გარემოში ვიდექი, ვგრძნობდი რაღაც ძალა იღვიძებდა ჩემში და ნამდვილად ის ადამიანი ვიყავი, ვისაც ვთამაშობდი. სპექტაკლის მერე კი, კარგა ხანს მიჭირდა იმ ემოციიდან გამოსვლა და რეალურ ცხოვრებაში იმ ადამიანად დაბრუნება, ვინც ნამდვილად ვარ.

 

скачать dle 11.3