კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უშოვა მამამ ლაშა შავდათუაშვილს მნიშვნელოვან ტურნირზე წასასვლელი ფული და რა ტრადიცია არ დაარღვია მან ლონდონში

 ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიურმა წარმატებამ ქართული სპორტის გულშემატკივარს დიდი სიხარული მოუტანა. 20 წლის ძიუდოისტის  გამარჯვება  ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ არენაზე ერთგვარი რეკორდიც იყო – საქართველოს ამ ასაკის  ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ჯერ არ ჰყოლია. ლაშამ სპორტული კარიერა ყველაზე მაღალი რანგით დაიწყო. ამბობს, რომ ეს ყველაფერი არაა და  კიდევ ბევრი რამ აქვს წინ.

ლაშა შავდათუაშვილი:  რაც ლონდონიდან დავბრუნდი, ხალხისგან ისეთ სიყვარულს ვგრძნობ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. იმ ერთმა დღემ, როცა გამარჯვება მოვიპოვე, ჩემი ცხოვრება თითქმის მთლიანად შეცვალა. როცა ოლიმპიური თამაშების გამარჯვების კვარცხლბეკზე დგები, საოცარი განცდაა. ლონდონის ოლიმპიური თამაშები ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა ჩემთვის – საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოვხვდი (იცინის). როცა უმცროსი ჯგუფიდან უფროსებში გადავედი, სწორედ ამას დაემთხვა შეკრებები უცხოეთში, სადაც განვითარების დიდი შესაძლებლობა მომეცა. რამდენიმე თვის განმავლობაში  ჩვენ ვიყავით იაპონიაში, კორეაში, მონღოლეთში, ესპანეთში, სადაც ბევრი რამ ვისწავლე. ვერ ვიტყვი, რომ  ლონდონის ოლიმპიადაზე კენჭისყრასა და შეხვედრებში გამიმართლა. ისეთი მოწინააღმდეგეები შემხვდნენ, გამარჯვების ძირითად პრეტენდენტებად რომ მიიჩნეოდნენ და რა თქმა უნდა, არ იყვნენ სუსტები. ისინი ჩემზე გაცილებით უფროსი ასაკის  ძიუდოისტები არიან, შესაბამისად, ჩემზე მეტი გამოცდილებაც აქვთ. სულ რაღაც ხუთი თვეა, უფროსი ასაკის ჯგუფში გადავედი და მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი, სადაც მესამე ადგილი ავიღე და მსოფლიოს 22 უძლიერეს მოჭიდავეთა რიცხვში შევედი. თითოეული ტურნირი წყვეტდა ჩემს ბედს – ოლიმპიადაზე ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხს. თითოეული შერკინება მნიშვნელოვანი იყო.
– ოლიმპიური ჩემპიონობა ბევრი ცნობილი   და გამოცდილი სპორტსმენისთვის რჩება აუხდენელ ოცნებად, შენ კი 20 წლის ასაკში ყველაზე მაღალი რანგიდან დაიწყე სპორტული კარიერა.
– ეს მართლაც ასე მოხდა, სპორტში ამაზე დიდი გამარჯვება ხომ არ არსებობს. ბევრი  ცნობილი სპორტსმენი ისე ასრულებს სპორტულ კარიერას, რომ შესაძლოა, ოლიმპიურ თამაშებზე ვერც კი მოხვდეს. ოთხის წელი ემზადები ამ ციკლისთვის, უცებ შეიძლება, ისეთი რაღაც მოხდეს, გამარჯვება კი არა, საერთოდ ვერ მოხვდე ოლიმპიადაზე. მე კი პირდაპირ აქედან დავიწყე, თან როგორც ვიცი, 20 წლის ასაკში საქართველოდან ჯერ არავინ გამხდარა ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი... ეს ჩემი რეკორდია. ალბათ, ამიტომაცაა, რომ გამარჯვების შემდეგ,  თავი სიზმარში მეგონა (იცინის). ჩემი ოცნება ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა იყო, ვერ წარმოვიდგენდი, ჩემპიონი თუ გავხდებოდი. ადრე, როცა ოლიმპიურ ჩემპიონებს ვხვდებოდი, ისეთ რიდს ვგრძნობდი მათ მიმართ, სულ თვალებში შევციცინებდი, ვცდილობდი, ერთი-ორი სიტყვა ეთქვათ ჩემთვის,  რაც უდიდესი სტიმული იყო, ახლა მე მინდა, რომ კარგი მაგალითი ვიყო უმცროსი თაობისთვის. ოლიმპიურ ჩემპიონებთან  სულ  მქონდა შეკითხვა, რას გრძნობდნენ, როცა ოლიმპიურ კვარცხლბეკზე იდგნენ და უცებ, მე აღმოვჩნდი ამ როლში. ისეთი დაბნეული ვიყავი, საქართველოს დროშას ვერ ვხედავდი და მთელ დარბაზში ვეძებდი. ახლა, ამ კადრებს რომ ვუყურებ, საკუთარ თავზე მეცინება. დაჯილდოების დროს, მეგონა, დროშა მეორე მხარეს ამოვიდოდა და იმ მხარეს ვიყურებოდი. შემდეგ ვიფიქრე, ტაბლოზე გამოჩნდებოდა, მაგრამ ვერც იქ ვნახე. დროშა ისე იყო ხალხში ჩაშვებული, არ ჩანდა. ჰიმნი ისე დაიწყო, დროშას ვერ მივაგნე (იცინის).   
– ძიუდოს როგორ დაუკავშირე ცხოვრება?
– ჩვენკენ ხომ ყველა ჭიდაობს (იცინის).  ჩემს სოფელში, კარალეთში, ჭიდაობა ყოველთვის პოპულარული იყო. ბავშვობიდან მომინდა ძიუდოზე მისვლა. ჩემი თანაკლასელები დადიოდნენ და თავის შთაბეჭდილებებს რომ მიზიარებდნენ ხოლმე,  ძალიან მომწონდა. ძალიან სუსტი  ვიყავი, ქარს რომ  შეებერა, წავიქცეოდი. ჩემგან არავინ მოელოდა, დიდი სპორტის გზას თუ დავადგებოდი. თუმცა, თავიდან დიდი ჩავარდნა და იმედგაცრუებაც მქონდა, როცა ევროპის ჩემპიონატი წავაგე, შემდეგ ამას მოჰყვა მსოფლიო ჩემპიონატი, სამწუხაროდ, იქაც დავმარცხდი. ისეთი იმედგაცრუებული და ფსიქოლოგიურად გატეხილი ვიყავი, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ.  მერე ბევრი ვიშრომე და ჩემი შრომით და მონდომებით მივაღწიე ყველაფერს. თუ  გინდა, რომ დიდ  სპორტში წარმატებას მიაღწიო, ბევრი რამ უნდა გადადო გვერდზე.  მეც ასე გადავდე ყველაფერი: მეგობრები, გართობა, დროსტარება.  ძალიან მედგა გვერდში ჩემი ოჯახი. ზოგს ჰგონია, წახვალ, იჭიდავებ, ივარჯიშებ და მორჩა, წარმატება თავისით მოვა. ეს ასე არაა. ყველა  ტურნირი თანხებთან არის დაკავშირებული.  არასდროს დამავიწყდება, როგორი გაჭირვებით  მოაგროვა მამაჩემმა თანხა, რომლითაც უნდა წავსულიყავი ტურნირზე, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა მომეპოვებინა ლიცენზია. ეს ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვეულებრივი სოფლის ოჯახი მაქვს. ჩემს მშობლებს თავზე არ გადასდით, სოფლის მეურნეობით აქვთ შემოსავალი,  რასაც ყველაფერს ვერ გასწვდები. თუმცა, ჩემი მშობლები არაფერს ინანებდნენ ჩემთვის და ჩემი ძმისთვის.  იმ ტურნირისთვისაც 1 000 დოლარი  იყო საჭირო. ეს ჩემი ოჯახისთვის დიდი ფულია.  მამაჩემმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემთვის ეს ფული მოეგროვებინა, ვისთან აღარ მივიდა. დღეს მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც მაშინ ჩემთვის ფული გაიღო. 
– ახლა დაუბრუნებ მამას იმ ნასესხებ ფულს, შენ ხომ გამარჯვებისთვის სოლიდურ პრიზებს დაგპირდნენ.
–  ჯერ დაპირებული პრიზები არ ამიღია,  დღემდე ველოდები. მამას ის ფული  „დავუბრუნე” ჩემი წარმატებებით, დაუფასდა ამაგი.  ის ვიცი, რომ მოგებული პრიზით მანქანა მინდა ვიყიდო. თუმცა, არასდროს  დამწყვეტია გული იმის გამო, სხვას რომ კარგ მანქანაში ვხედავდი. ვფიქრობდი, რომ მეც მეყოლებოდა მანქანა, მექნებოდა კარგი ჩასაცმელი.  ფული წარმავალია, შეიძლება, ერთ დღეს ბევრი გქონდეს და მეორე დღეს კი, არაფერი შეგრჩეს. მთავარი ცხოვრებაში სხვა რამ არის.  
– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ამ გამარჯვების შემდეგ?
– პირადად ჩემში, არაფერი შეცვლილა, როგორიც ვიყავი, ისეთი ვარ. მაგრამ, იმ სიყვარულით, რასაც ხალხისგან ვგრძნობ, ბედნიერი ვარ.  ეს მარტო ჩემი გამარჯვება არ იყო, ყველამ ერთად მოვიგეთ. მე  არ ვიცი, რა იქნება მომავალში, ამას ცხოვრება გვიჩვენებს, წინასწარ არაფერს ვგეგმავ, დინებას მივყვები. ჯერჯერობით გორში ვიცხოვრებ. ჩემს დარბაზში ვივარჯიშებ.  არ მაქვს მოგებული არც ევროპა და არც მსოფლიო, პირდაპირ დიდი პრიზით დავიწყე – ყველაზე ბოლოს რა პრიზიც მოდის ხოლმე, მე ის მოვიგე, ახლა ევროპას და მსოფლიოს უნდა მივხედო (იცინის).
– რამე შენი ტრადიცია თუ გაქვს შეხვედრის დაწყების წინ?
– ჩემს კიმანოს პირჯვარს გადავწერ ხოლმე, ეს არის ტრადიცია, რომელსაც არ ვარღვევ. მჯერა, რომ ეს მომავალშიც არ მიმტყუნებს.
– გამარჯვების შემდეგ გოგონებში არ გახდი სუპერპოპულარული? ალბათ, გოგონების  დიდი „არმია” გიტევს.
–  ხო, აბა, რა გითხრათ (იცინის), ჯერ არ მცალია  ამისთვის. ჯერ სპორტს უნდა მივხედო, თუმცა, ის ვიცი, რომ ცხოვრება მარტო სპორტული წარმატებები არ არის.  შეყვარებული ჯერ არ ვარ,  გოგონების მიმართ წუნია და პრეტენზიული არ ვარ. ოღონდ ძალიან გადაპრანჭული  და ტრიპაჩი გოგონებიც არ მომწონს. გოგოს ზომიერება უხდება. ზუსტ „სტანდარტებს” ვერ გეტყვით,  აბა, როგორ ვთქვა, ასეთი და ასეთი  უნდა იყოს-მეთქი. მერე მასეთი სად უნდა  ვეძებო  (იცინის).   
– ტატამს გარეთ შენს  სპორტულ მონაცემებებს ხშირად იყენებ?
– არა, ჩხუბისთავი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, პატარაობისას ისე მიჩხუბია, რომ  მეც გამილახავს და მეც ვყოფილვარ გალახული (იცინის). რაც წამოვიზარდე, ასეთ სიტუაციაში არ მოვხვედრილვარ. ვცდილობ, დაძაბული სიტუაციები სხვანაირად გავანეიტრალო. ჩემს სპორტულ მონაცემებს  ტატამს გარეთ ვერ გამოვიყენებ, ეს არაა  ღირსეული საქმე (იცინის).

скачать dle 11.3