რას სთავაზობდნენ ტაილანდში ყოველ ნაბიჯზე ტრანსვესტიტები აგნესას და სად გადის ის სამარადან განტვირთვისთვის წელიწადში სამჯერ
უკვე რამდენიმე წელია, რაც მომღერალი აგნესა სამარაში ცხოვრობს. თუმცა‚ წელიწადში ორჯერ ის ყოველთვის ჩამოდის თბილისში, დანარჩენ დროს კი მუშაობასა და მოგზაურობაში ატარებს. აგნესას არც რუსეთში შეუწყვეტია მუსიკალური კარიერა, სხვადასხვა საღამოზე იღებს მონაწილეობას და სიმღერებსაც წერს. თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უფრო მეტ დროს საკუთარ ბიზნესს უთმობდა. ახლა კი გადაწყვიტა, სიმღერას უფრო დიდი დრო დაუთმოს და ქართველ მსმენელს თავი კიდევ ერთხელ შეახსენოს.
აგნესა: გადავწყვიტე‚ კარიერას მივხედო, რადგან იქაც ხშირად მაქვს კონცერტები, პლუს ამას‚ მეგობრების დაბადების დღეები, ქორწილები და სულ მამაღერებენ. ამიტომ‚ მინდა‚ რეპერტუარში ახალი სიმღერები მქონდეს, სიახლეც ძალიან მჭირდება. ჩემი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ კომპოზიტორთან მიმუშავია, ყველას კარგი სიმღერები აქვს, მაგრამ გელა გნოლიძის სტილი უფრო მოუხდა ჩემს ხმას, სტილს. ახალი სიმღერა დამიწერა, არანჟირება უკვე გაკეთებულია, ტექსტს დათო ფორჩხიძე წერს. ასეთი სიმღერა ჩემს ალბომშიც არ ყოფილა. გელას ყოველთვის ვთხოვ, რომ სიმღერა აუცილებლად მელოდიური და დასამახსოვრებელი იყოს. რაც შეეხება ტექსტს, სიყვარულზე იქნება, დათო პროფესიონალია და ვთხოვეთ, დაწეროს ის‚ რაც მოუხდება. კლიპს ძირითადად რუსეთსა და საქართველოში ვიღებდი. ახლა გადავწყვიტე, ერევანში გადავიღო. თან‚ იქ, პროექტის შემდეგ, რომელშიც ვმონაწილეობდი, ბევრი მეგობარი დამრჩა. რომ ვუყურებ‚ საკმაოდ კარგი დონისა და ხარისხის კლიპებს იღებენ და არც კატასტროფული ფასებია.
– როგორ მიდის სამარაში შენი მუსიკალური კარიერა?
– არის იქაც კონცერტები, ქალაქის დღეები, სადაც მპატიჟებენ და მეც ვმღერი. ერევანში, რომ ვიყავი პროექტში‚ ერთმა ბიჭმა სიმღერა მაჩუქა, მოსკოვში ჩავწერე და იმას ვასრულებ ხოლმე. ეს სიმღერა „აფხაზეთის ხმაზეც“ ტრიალებს. სამარა მოსკოვი არ არის, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ კონცერტები ხშირად ტარდება. მაგრამ‚ თუ რაღაც იქნება, აუცილებლად მიწვევენ და მეც ვმღერი. მოსკოვშიც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მათ შორის ქართველი მომღერლებიც. თუ რამე ხდება, მირეკავენ და მეც მივდივარ.
– ვისთან მეგობრობ?
– ცანკასთან, დათო ხუჯაძესთან, ირაკლი ფირცხალავასთან, რომელიც ხშირად ჩამოდის სამარაში, კონცერტებს მართავს და ვხვდებით ერთმანეთს. სანამ თბილისში ჩამოვიდოდი, მოსკოვში გადავფრინდი, წინასწარ ყველას გადავურეკე და მერე შევხვდი. არ არის საჭირო ადამიანს ყოველ წამს ურეკო, ყველა თავისი საქმით არის დაკავებული. თვეში ერთხელ ან ორჯერ რომ შევხვდეთ, ვისაუბროთ გეგმებზე, პრობლემებზე, ესეც გვყოფნის, გვსიამოვნებს, თან‚ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
– დასვენება უკვე მოასწარი?
– საფრანგეთში ვიყავი: მონაკოში, კანში, ნიცაში, ჩემს მეგობრებთან ერთად დავისვენე. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და წელიწადში სამჯერ მაინც უნდა გავიდე ქვეყნიდან, რადგან განტვირთვა და სიახლე მჭირდება. აპრილში დუბაიშიც ვიყავი და ძალიან კარგად გავერთე. როგორც კი სადმე ჩავდივარ, მაშინვე რამდენიმედღიან ტურებს ვყიდულობ და იქაურობას ვათვალიერებ, საღამოს კლუბებში მივდივართ. მაინც სულ სხვა დონე, სხვა ხალხია, ერთი და იგივე სახეებს ვერ ნახავ. ყველაფერს ვაკვირდები: როგორ აცვიათ, რას უსმენენ და შემდეგ ამას ვითვალისწინებ, კორექციები შემაქვს ჩემს გარეგნობაში. არ მიყვარს ერთფეროვნება და მოგზაურობა ამ ყველაფერში გეხმარება, გცვლის, რაღაცეებს სწავლობ. მერე თავგადასავლებშიც ეხვევი: ხან რეისზე მაგვიანდება, ხან რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ და მერე სიცილით ვიხსენებ. ტაილანდი ულამაზესია. დუბაიში მაინც ფეშენებელური სასტუმროები, რესტორნებია, „სვეცკი პონტები“. ტაილანდი კი სულ განსხვავდება. ორი კვირა ვიყავით და ვტიროდით – არ გვეყოო, რადგან ბევრი რამის ნახვა ვერ მოვასწარით. ტაილანდური მასაჟი ხომ საოცრებაა, ყოველდღე ვიკეთებდით. თავიდან ჩემმა დაქალმა მითხრა: მოდი, ფეხის მასაჟი გავიკეთოთო. რომ ჩავჯექი სავარძელში და დამიწყო გაკეთება, გავითიშე, ვამბობდი – არ მინდა მთელ ტანზე მასაჟი, მარტო ტერფებზე გამიკეთეთ-მეთქი. ქუჩაში რომ დადიხარ‚ ყოველ ნაბიჯზე ტრანსვესტიტები გთავაზობენ მასაჟის გაკეთებას. ძლივს ვიპოვეთ ერთი გოგონა, რომელიც გაგვიკეთებდა მასაჟს. საოცარი ხელი ჰქონდა. საერთოდ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მივდივარ, ყოველთვის შევდივარ სპა-სალონში და მასაჟს ვიკეთებ, მაგრამ იმ გოგონამ, რომ გაგვიკეთა, ტყუილია. ზედ გვეჯდა მაიმუნივით, გვწელავდა, საოცრებებს აკეთებდა. იტალიელები გავიცანი, რომ გაიგეს საქართველოდან ვიყავით, გვითხრეს: გავიგეთ, ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ვგავართო. იქაც შეიძლება შეგაწუხონ, მაგრამ ეს ყველაფერი ზრდილობის ფარგლებში ხდება, რომ ეტყვი უარს, ესმით და თავს განებებენ. საერთოდ‚ მიმაჩნია, რომ გოგონამ უნდა იცოდეს ბიჭთან მეგობრობა. მე ისეთ გარემოში გავიზარდე, სამეზობლოში სულ ბიჭებთან მქონდა ურთიერთობა, მათთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს, ამიტომ მათთან მეგობრობა შემიძლია. როდესაც ბიჭი გემეგობრება, თავიდან მისგან გარკვეული სიმპათიები მოდის, მაგრამ შენ თუ უხსნი, რომ ჩვენ შორის არაფერი გამოვაო, მერე ყველაფერი თავის ადგილზე დგება. საქართველოშიც, რუსეთშიც ბევრი მეგობარი მყავს ისეთი, ადრე რომ მოვწონდი და დღეს იმდენად კარგი მეგობრები ვართ, ამბობენ: კიდევ კარგი‚ ჩვენ შორის არაფერი მოხდაო. თუ ვიცი, რომ ადამიანთან არაფერი გამოვა, არც ვაგრძელებ ურთიერთობას.
– როგორ ხვდები ამას?
– ასაკი, გამოცდილება, გემოვნება, ეს ყველაფერი მეხმარება, ალბათ. ადამიანი საუბარს რომ დაიწყებს, ან როგორ იქცევა ქალთან, ვხვდები, მასთან ვიქნები თუ არა. ამიტომ‚ დროს არ ვკარგავ ტყუილად, თან‚ არ ვარ იმ ასაკში ერთს შევხვდე, მეორეს... გავერთო. წლების განმავლობაში იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში: სიმღერა, ბიზნესი, აქეთ-იქით სიარული, რომ ეს ყველაფერი‚ ცოტა არ იყოს‚ მომბეზრდა. უკვე სხვა რაღაც მინდა – ანუ ბავშვი. რაც ჩემი ძმისშვილი გაჩნდა, ეს გრძნობა განსკუთრებით გამიმძაფრდა, დადგა ის მომენტი, როცა მჭირდება ოჯახი, ბავშვი, ახალი ემოცია.
– როგორი უნდა იყოს შენი შვილის მამა, თუ უკვე არსებობოს ასეთი ადამიანი?
– არ დავმალავ, უკვე არსებობს. თუმცა‚ ერთმანეთი ახალი გაცნობილი გვყავს და ჯერ კიდევ ვცდილობთ‚ უკეთ გავიცნოთ. ვაკვირდები: რა, როგორ... მგონია‚ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. საერთოდ‚ მიმაჩნია, რომ ადამიანი‚ ვისაც ცხოვრებას დაუკავშირებ, კარგი პიროვნება უნდა იყოს. უნდა ენდობოდე, ყველა თემაზე უნდა შეგეძლოს მასთან ლაპარაკი – კარგზეც და პრობლემებზეც. ძლიერი მამაკაცი სჭირდება ქალს, მამაკაცური ხასიათით, ცოტა პრინციპულიც და რაც მთავარია‚ უნდა იცოდეს‚ რა სჭირდება ქალს. ჩვენ ქალებმა, ზოგჯერ არ ვიცით რა გვინდა – კარგი მამაკაცი გვყავს გვერდით, არ გვინდა, არ არის მამაკაცი – რატომ არ არის, არის და დავიღალეო და ასე შემდეგ. ამიტომ‚ სწორად უნდა მოგიდგეს, გაგიგოს – ნელ-ნელა ავლენს ასეთ თვისებებს.
– ანუ‚ შეიძლება თქვენმა ურთიერთობამ მალე სერიოზული სახე მიიღოს?
– რა თქმა უნდა. სულ ვამბობ, რომ ქალი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. თან‚ მით უმეტეს‚ ასაკი მემატება და ახალი რაღაც მჭირდება – ვიღაცაზე ზრუნვა და ბოლოს და ბოლოს, მინდა დედობა გამოვცადო. ჩემი რძალი მეუბნება: საბუკას რომ უვლი, ახლა შენი შვილი გჭირდებაო და მართლაც მოვიდა ეს მომენტი. თან, ყველაფერი დალაგებული მაქვს და უკვე დროა‚ პირად ცხოვრებას მივხედო.
– ქართველია თუ რუსი?
– სამარაშია დაბადებული, ნახევრად რუსია და ნახევრად სომეხი. მუშაობს, თავისი ბიზნესი აქვს და მოკლედ‚ ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის.