გათქვა თუ არა სტალინის მოძღვარმა აღსარების საიდუმლო
ბოლო ხანებში ძალზე აქტუალური გახდა საკითხი იოსებ სტალინის ეკლესიურობის შესახებ. საზოგადოებას სურს მიიღოს პასუხი კითხვაზე: იყო თუ არა სტალინი ეკლესიური პიროვნება? რა როლი ითამაშა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ქრისტიანულმა სარწმუნოებამ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას მეცნიერები ორ ჯგუფად იყოფიან. ერთნი აღიარებენ, რომ სტალინი იყო ეკლესიური ადამიანი, მეორენი კი მიიჩნევენ, სტალინი ათეისტი იყო. მან შექმნა ათეისტური ზესახელმწიფო და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, ყოფილიყო ეკლესიური პიროვნებაო. ორივე მოსაზრება მეტ-ნაკლებად სანდო დოკუმენტურ ან სხვა სახის მასალას ემყარება.
იოსებ სტალინის დედა ეკატერინე (კეკე) გელაძე მორწმუნე ადამიანი იყო. კეკე გორის მიძინების ეკლესიის მრევლი გახლდათ და ჩვილი იოსებიც ამავე ეკლესიაში მოანათვლინა. არ არსებობს სანდო მასალა იმის თაობაზე, ეკლესიური იყო თუ არა სტალინის მამა – ბესარიონ ჯუღაშვილი. მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე (ოჯახის მიტოვება, განუწყვეტელი ლოთობა), უნდა ვივარაუდოთ, რომ ის არ ყოფილა ეკლესიური პიროვნება. იმხანად ყველა ეკლესიურ ოჯახში წესად იყო მიღებული, რომ მშობლებს შვილები პატარაობიდანვე იმავე ეკლესიაში მიჰყავდათ, რომლის მრევლიც თავად იყვნენ. რამდენად იტაცებდა იოსებ ჯუღაშვილს ლოცვაზე და წირვაზე დგომა, იცავდა თუ არა ქრისტიანისათვის აუცილებელ ზნეობრივ ნორმებს, ჩვენთვის ცნობილი არ არის. მაგრამ ის ფაქტი, რომ იოსებ ჯუღაშვილი დედის სურვილს დაემორჩილა და გორის სასულიერო სასწავლებელში შევიდა, ბევრ რამეზე მეტყველებს. ეკატერინე გელაძეს კი სურდა, რომ მისი შვილი დიაკვანი ან მღვდელი გამოსულიყო, მაგრამ რას ფიქრობდა ამის თაობაზე სასულიერო სასწავლებელში მიმავალი იოსებ ჯუღაშვილი – უცნობია. შეიძლება, ყმაწვილს არც კი ჰქონდა გააზრებული სასულიერო სასწავლებლის დანიშნულება, ან რა როლი უნდა შეესრულებინა სასულიერო განათლებას მის ცხოვრებაში, მაგრამ ვიმეორებთ, გორის სასულიერო სასწავლებელში მისი შესვლა მრავლისმეტყველი ფაქტია. იმხანად სასულიერო სასწავლებლების პროგრამა ძალზე ღმა განათლებას აძლევდა აღსაზრდელს. ყოველ შემთხვევაში, სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კუსდამთავრებულს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა ძველ და ახალ აღთქმაში, დოგმატიკაში. იცოდა ძირითადი მომენტები ეკლესიის ისტორიიდან. ასე რომ, გონიერი მოწაფე სერიოზულად უნდა დაინტერესებულიყო ეკლესიითა და ეკლესიური ცხოვრებით. იმხანად და შემდგომშიც, ხშირად ხდებოდა, რომ სასულიერო სასწავლებლის მოწაფეების ნაწილი სერიოზულად არ უდგებოდა პროგრამით გათვალისწინებული საგნების შესწავლას და ცხადია, ასეთი ადამიანი არც ეკლესიური ცხოვრებით იქნებოდა გატაცებული. იოსებ ჯუღაშვილის შემთხვევაში ასეთი რამ, ალბათ, უნდა გამოირიცხოს. მისი სასულიერო განათლება გორის სასულიერო სასწავლებლით არ დასრულებულა. მისი წარჩინებით დასრულების შემდეგ, იოსებ ჯუღაშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა. ამ დროს, იოსებ ჯუღაშვილი იმ ასაკში იყო, როცა, უკვე კარგად უნდა სცოდნოდა სასულიერო სემინარიის დანიშნულება და პირადად მისი სემინარიაში მისვლის მიზანი. ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ სასულიერო სასწავლებლებიდან და თბილისის სასულიერო სემინარიიდან ძალიან ბევრი ათეისტი გამოვიდა (სილიბისტრო ჯიბლაძე, ფილიპე მახარაძე, მიხა ცხაკაია და სხვები), რომელთაც შემდგომ მთელი თავისი ცხოვრება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას შეალიეს. თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლის ოთხი წლის განმავლობაში იოსებ ჯუღაშვილი იყო სანიმუშო მოწაფე, როგორც ყოფა-ქცევით, ისე აკადემიური მოსწრებით. გორის სასულიერო სასწავლებელში მიღებული ცოდნა მან გააღრმავა. აღსანიშნავია, რომ ძველი და ახალი აღთქმა მან ძველ სლავურ ენაზე შეისწავლა, მაშინ, როცა ძველი და ახალი აღთქმის შესწავლა თვით მშობლიურ ენაზეც კი ძნელია. იოსებ ჯუღაშვილმა წარმატებით დაძლია სასწავლო პროგრამები ყველა საგანში. მათ შორის, რუსეთის ისტორიაში, მსოფლიოს ისტორიაში, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. გალობდა სემინარიის ვაჟთა გუნდში (მეორე ხმა იყო). არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც ირიბად მაინც მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ სტალინს პროტესტის გრძნობა გასჩენოდეს, – პირიქით, ის სწავლობდა გულმოდგინედ და სასწავლო წლის ბოლოს მის მიერ დაწერილი თხზულება ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებდა. თითქოს არაფერი უშლიდა ხელს, რომ სემინარიის დასრულების შემდგომ, სტალინს წარმატებული სასულიერო კარიერა ჰქონოდა. მაგრამ, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.
საერთოდ, ცნობილია, რომ მორწმუნე ადამიანს, სემინარიელს, თუ არასემინარიელს, მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ, მის გარშემო გამეფებულმა უსამართლობამ და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის უპერსპექტივობამ, ღმერთისადმი რწმენა შეურყია. ცხადია, ეს ეშმაკისგან იყო, მაგრამ გაბოროტებული ადამიანი ბუნებრივია, ამას იმ მომენტში ვერ გრძნობდა. სწორედ ასეთ შემთხვევაზეა ნათქვამი „ადამიანზე ეშმაკი იმარჯვებს მაშინ, როცა ადამიანს ეშმაკის არსებობა ავიწყდება”. უნდა ვივარაუდოთ, რომ იოსებ ჯუღაშვილს ღმერთისადმი რწმენა სოციალურმა უსამართლობამ შეურყია. მან იმედი დაკარგა, რომ როდესმე სოციალური უსამართლობა მოისპობოდა და ჩადგა მათ რიგებში, რომელთაც სოციალური უსამართლობის მოსპობა საკუთარი ძალებით გადაწყვიტეს. დაივიწყეს მცნება, რომ „სამყაროში ყველაფერს ღმერთი განაგებს”. სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი სტალინი აღარ შეიძლება ყოფილიყო ეკლესიური, რადგან მან სოციალური სამართლიანობის დასამარცხებლად რევოლუციის, ანუ ძალდატანებისა და სისხლის ღვრის გზა აირჩია. ამით კი პრაქტიკულად, უარყო მცნება: არა კაც ჰკლა!.
როდის დაიწყო სტალინის შემობრუნება ეკლესიისაკენ, ძნელი სათქმელია. თუმცა, უდავოა, რომ 1941 წლიდან საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების შემდეგ, ათეისტთა პარპაში და ათეისტური განუკითხაობა ნელ-ნელ შეიზღუდა. ბევრი ეკლესია, რომელიც 30-იან წლებში დაიხურა, ხელახლა აკურთხეს და იქ ღვთისმსახურება აღდგა. ცხადია, ყველა კომუნისტი ლიდერი ამას არ ეთანხმებოდა. სწორედ მათ გასაგონად უთქვამს ერთხელ სტალინს: ქმარი და შვილები რომ ომში ჰყავს გაგზავნილი, იმ ქალს ეკლესიაში შესვლას, სანთლის დანთებას და ლოცვას ნუ დაუშლითო!
უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა 1943 წლის სექტემბერში. ამ დროისთვის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში პატრიარქობა პრაქტიკულად გაუქმებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ 1917 წელს რუსეთში აღდგა პეტრე პირველის მიერ გაუქმებული მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის თანამდებობა, ამ დროისთვის რუსეთს, პრაქტიკულად, არ ჰყავდა პატრიარქი. აღარ იწვევდნენ საეკლესიო კრებებს. სტალინის ინიციატივით, კრემლში მიიწვიეს მიტროპოლიტი სერგი და კიდევ სამი მეუფე. რა უნდა ყოფილიყო საუბრის თემა, მეუფეებმა არ იცოდნენ. დაიწყო საუბარი. სრულიად მოულოდნელად, სტალინმა რუს მეუფეებს ჰკითხა: არ გინდათ, რომ პატრიარქობა აღდგესო? გაოცებულმა მეუფეებმა ცხადია, დადებითი პასუხი გასცეს. თუმცა, მათთვის წარმოუდგენელი იყო, კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინათ პატრიარქობის აღდგენისთვის. პატრიარქობის აღდგენა ძალზე რთული საქმე იყო და მოსამზადებელად დიდი სამუშაოს შესრულებას საჭიროებდა. სტალინმა, როგორც სჩვეოდა, ყველაფერი გაამარტივა და მეუფეებს სხვათა შორის უთხრა: მერე რაღას უცდით?! მოიწვიეთ საეკლესიო კრება და აღადგინეთ პატრიარქობა. ამ მოულოდნელმა სასწაულმა რუსი მეუფეები ძალზე გაახარა, ცოტა გათამამდნენ კიდეც. ერთ-ერთმა გაბედა და სტალინს უთხრა: ბევრი ღვთისმსახური ციხეებსა და გადასახლებაში იმყოფება, იქნებ მათი საქმე გადაიხედოსო. სტალინს სახეზე უკმაყოფილება დაეტყო და უპასუხა: ვნახოთ! მიუხედავად ამისა, სტალინმა უახლოეს თვეებში 20 ათასამდე მსჯავრდებული ღვთისმსახური გაათავისუფლებინა ციხეებიდან და გადასახლების ადგილებიდან. 1943 წლის სექტემბერშივე სასწრაფოდ მოიწვიეს რუსეთის საეკლესიო კრება და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად მიტროპოლიტი სერგი აირჩიეს.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ უახლოეს თანამებრძოლს სტალინისთვის უკითხავს: ათეისტური ზესახელმწიფოს შემქმნელი, როგორ ისურვებდით დაკრძალვას? სტალინს სრულიად გასაგებად და მოკლედ უპასუხია: „რა თქმა უნდა, ქრისტიანულად!” პასუხს საყოველთაო გაოცება გამოუწვევია. ბოლო წლებში სტალინთან სისტემატურად მიდიოდა მისი მოძღვარი, სტალინი რამდენჯერმე შეხვდა რუსეთის პატრიარქს. არავინ იცის, სტალინი აღსარებას აბარებდა და ეზიარებოდა თუ არა, მაგრამ მოძღვარს, რომ ხანგრძლივად ესაუბრებოდა ეს დადასტურებული ფაქტია. სხვათა შორის, სტალინის სიკვდილის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვმა ის მოძღვარი მოაძებნინა, უნდოდა, შეეტყო, რაზე ესაუბრებოდა მას სტალინი. მოძღვარმა თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა და საიდუმლო არ გათქვა.
ჩადენილი ცოდვების მონანიების უფლება ცხადია, იოსებ სტალინს ჰქონდა. ჩვენთვის უცნობია, შეუნდო თუ არა მოძღვარმა სტალინს ცოდვები. ერთი რამ კი უდავოა: როცა ადამიანი, თუნდაც ისეთი დიდი ცოდვებით დამძიმებული, როგორიც იოსებ სტალინი იყო, შენდობას ითხოვს, მაშინ მას უეჭველად სწამს ღმერთის.
ვახტანგ გურულის მასალების
მიხედვით