ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვუაროთ აგლაონემას?
პასუხი: აგლაონემას სამშობლო ტროპიკული ქვეყანაა, ამიტომ, ეცადეთ, ზამთარ-ზაფხულ კარგად დაურეგულიროთ ტემპერატურის რეჟიმი. მცენარე ისეთი პრეტენზიული არ არის, რომ ოთახის პირობებს ვერ შეეგუოს, თუმცა, ყოველთვის უნდა ჰქონდეს ნორმალური ტემპერატურა. ზაფხულში აგლაონემა გადგით გარეთ, აივანზე და საღამოობით მორწყეთ. მოარიდეთ მზის მწველ სიცხეს და ნიადაგი არ მიიყვანოთ გამოშრობამდე. მცენარეს მრავალი ამონაყარი აქვს, რომლითაც შეგიძლიათ, ის გაამრავლოთ. მას არ უყვარს ხშირი გადარგვა, ამიტომ, მხოლოდ 3 წელიწადში ერთხელ გადარგეთ. გადარგვის დროს ოდნავ შეაცალეთ ფესვები, რათა ახალი ცხოვრებისთვის მოემზადოს. გახსოვდეთ, არ შეაჭრათ ფოთლები, თორემ, დაავადდება. ქვედა ფოთლები თავისთავად შეახმება და ჩამოცვივდება. გაზაფხულზე სასუქის სახით აუცილებლად მიეცით მიკროელემენტები. ზამთარში ტემპერატურა უნდა ჰქონდეს პლუს 28 გრადუსი, ზაფხულში კი მეტსაც იტანს, რადგან ამ დროს მცენარე ინტენსიურ ზრდაშია. ის ყვავილობას იწყებს შუა ზაფხულში და გრძელდება ერთი-ორი თვის განმავლობაში.
კითხვა: როგორ ყვავილობს გრაფტოპეტალუმი?
პასუხი: ეს მომცრო, მკვრივი და ხორციანი მცენარე ყვავილობისას თავის ჩვეულებრივ ზომას რამდენჯერმე აჭარბებს. სქელი ფოთლები მკვრივ, ბორცვისებურ როზეტს ქმნის, რომელიც იშვიათად იზრდება რამდენიმე სანტიმეტრზე მაღალი, სიგანე კი ოდნავ მეტი აქვს; სამაგიეროდ, დიდი, კაშკაშა და თვალისმომჭრელი ყვავილები ამშვენებს. თუ მცენარეს სინათლე არ აკლია, იოლად ამოსდის მუქი ვარდისფერი ყვავილები. ყვავილობა რამდენიმე კვირას გრძელდება. როცა არ ყვავის, უსახურია და, ამიტომ, გირჩევთ, ფართო, დაბალ ქოთანში რამდენიმე ძირი ჩარგოთ, რომ ყვავილობის დროსაც ლამაზი იყოს. მთელი წლის განმავლობაში მზის შუქი არ მოაკლოთ და ზამთარში სიგრილეში ამყოფეთ – ოთახის ტემპერატურაც ჰყოფნის. გაზაფხულიდან ადრიან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ, ოღონდ, მორწყვიდან მორწყვამდე ნიადაგი ცოტათი გამოაშრეთ. ზედმეტი წყალი არ მოგივიდეთ.
კითხვა: რა სიხშირით სჭირდება მორწყვა ამარილისს?
პასუხი: ამ მცენარის მშრალი ბოლქვები ქოთანში გამოაზამთრეთ. როცა ფესვების განვითარება დაიწყება, მის მორწყვას შეუდექით. ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზაფხულის მიწურულს მორწყვა შეწყვიტეთ, ბოლქვი გააშრეთ და ფოთლები გაახმეთ. შემოდგომაზე მორწყვა განაახლეთ, რომ მცენარემ კვლავ ზრდა დაიწყოს.
კითხვა: რა სიხშირით მოვრწყათ კალადიუმი და სად გვირჩევთ მის დადგმას?
პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში კალადიუმს მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. რეგულარული დანამვა და სველკენჭებიანი ლანგარი მაღალი ტენიანობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ზაფხულში ნიადაგი გაზავებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. უმჯობესია, მზის გულზე არ დადგათ, რადგან ფოთლები მალე დაუჭკნება. მისთვის იდეალურია კაშკაშა, მაგრამ, გაბნეული ან არეკლილი შუქი. ამიტომ, გირჩევთ, მცენარე დადგათ ნათელ სააბაზანოში.