ვეტერინარის რჩევები
კითხვა: როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ძაღლი მწერებმა დაკბინეს და საშიშია თუ არა ეს მისი ჯანმრთელობისთვის? და რა გამოვლინებები აქვს ლეიშმანიოზს, თუ ამით ძაღლი დაავადდა?
პასუხი: შემოდგომით განსაკუთრებით აქტიურდება ლეიშმანიოზის პრობლემა, რომელიც მწერის ნაკბენიდან გადადის ცხოველზე. ამ დროს ძაღლს ეწყება პათოლოგიური გადახრები. კერძოდ, მისი გამოვლინებაა სიგამხდრე, ფრჩხილების ინტენსიური ზრდა, თვალების გარშემო ბეწვის გაცვენა, უმადობა, მოუსვენრობა, უხასიათობა და ასე შემდეგ. ამ დროს ძაღლს ანალიზი უნდა აუღოთ, გადაიგზავნოს ლაბორატორიაში, დადგინდეს ზუსტი დიაგნოზი და დადასტურების შემთხვევაში, დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ასე რომ, მსგავსი სიმპტომების გამოვლინებისთანავე სასწრაფოდ მიიღეთ ზომები.
კითხვა: რა სიხშირით უნდა გავკრიჭოთ ძაღლი, რომელსაც გრძელი ბეწვი ეზრდება?
პასუხი: ზოგს მოსწონს გრძელბეწვიანი ძაღლები და ცდილობენ, არ გაკრიჭონ. ამ დროს კი მას გარკვეული მოვლა, დავარცხნა და დაბანა სჭირდება. ამას უნდა მიექცეს მაქსიმალური ყურადღება. თუმცა, ძაღლი აუცილებლად უნდა გაიკრიჭოს, მით უმეტეს, ზაფხულის პერიოდში. ისე კი, რეკომენდებულია გრძელბეწვიანი ძაღლი წელიწადში ორჯერ გაკრიჭოთ. თუმცა, იმასაც გააჩნია, როგორი სიხშირით ამოდის ბეწვი.
კითხვა: რეკომენდებულია თუ არა ლეკვის ყოველდღიურად ბანაობა?
პასუხი: ლეკვის ყოველდღიურად ბანაობა არ არის რეკომენდებული, კვირაში ერთხელ შესაძლებელია. ძაღლს კანზე აქვს ცხიმოვანი საფარველი თუ მას ხშირად დაბანთ, მით უმეტეს, ცივ ამინდში, ადვილი შესაძლებელია, გაცივდეს, დაემართოს კანის დაავადებები და ასე შემდეგ. ანუ, კანი დაუცველი ხდება. დაბანის შემდეგ რამდენიმე დღე სჭირდება, რომ ბეწვქვეშ კვლავ აღიდგინოს ცხიმოვანი საფარველი. გაითვალისწინეთ, რომ დაბანას ვგულისხმობ და არა, წყლის გადავლებას.
კითხვა: რამდენ ხანს გრძელდება დობერმანის მაკეობა?
პასუხი: მარტო დობერმანის კი არა, არამედ ნებისმიერი ძაღლის მაკეობის ხანგრძლივობა 58-65 დღეა. შესაძლოა, დობერმანმა 58 დღის, ან 65 დღის განმავლობაში დაყაროს ლეკვები. ეს ძაღლის სიდიდეზეცაა დამოკიდებული.
კითხვა: თუ ძაღლი ხშირად აცემინებს, ეს გაციების ნიშანი ხომ არ არის? რა მოვიმოქმედოთ, უბრალო გაციების დროს?
პასუხი: თუ ძაღლი ხშირად აცემინებს, ეს შესაძლოა, გაციების, ან ალერგიის ბრალი იყოს. ამ დროს უნდა გაასინჯოთ ვეტერინარს და თუ რაიმე ინფექციაა, ანთებითი პროცესები მიდის, მაშინ დაუწყებთ შესაბამის მკურნალობას, თუ არადა, ანტიჰისტამინური პრეპარატები ინიშნება. თუ ძაღლი ხშირად აცემინებს და ეს ალერგიის ბრალია, ისეთ ადგილებს მოარიდეთ, სადაც დისკომფორტს განიცდის.
კითხვა: უქვეითდება თუ არა ასაკში შესულ ძაღლს მხედველობა და როდის ეწყება თმის ინტენსიური ცვენა?
პასუხი: როგორც ადამიანებს, ასევე, ძაღლებსაც ემართებათ კატარაქტა და უქვეითდებათ მხედველობა. ეს ინდივიდუალურია და არ არის გამორიცხული, ადრეულ ასაკშიც მოხდეს. გააჩნია, როგორი გენეტიკა აქვს ძაღლს – პათოლოგიური გამოვლინებებიც შესაბამისი იქნება. ეს ეხება ბეწვის ცვენასაც. თუმცა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ როგორ უვლით თქვენს ოთხფეხა მეგობარს, რითი კვებავთ. ძალიან არ უნდა გაასუქოთ, რადგან კანში ჩალაგებული ბევრი ცხიმიც ბეწვის ინტენსიურ ცვენას იწვევს.