როგორ მოიპარა ორმა ქართველმა კრიმინალმა მოსკოვის შემნახველი სალაროდან 9 მილიონი მანეთი
გასული საუკუნის ორმოცდაათიან-სამოციან წლებში, საბჭოთა კავშირში მოღვაწეობდა ცნობილი საბჭოთა ქართველი კრიმინალი მიხეილ დოლიძე, მეტსახელად „დუშკა.“ ჩვენი დღევანდელი პუბლიკაცია სწორედ ამ ლეგენდარულ პიროვნებას ეხება და გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს მისი მდიდარი კრიმინალური ბიოგრაფიიდან.
პირველი საქმე
მიშკა დოლიძე პლეხანოველი იყო და ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში, 1948 წელს მოხვდა ქართული საბჭოთა მილიციის თვალთახედვის არეში, როცა მან და მისმა ორმა მეგობარმა თბილისის საავიაციო ქარხნის სალარო გატეხეს და იქიდან 19 ათასი მანეთი მოიპარეს. ეს ზუსტად იმდენი იყო, რამდენიც თავანის ჩასაბარებლად სჭირდებოდა მიშას მეგობარს, მისსავე თანატოლსა და კლასელს, ოთარ მუშკუდიანს. ოთარმა ეს თანხა მუშტაიდის ბაღში, მასზე ექვსი წლით უფროს გივი სირაძესთან წააგო „ზარში“. ქარხნის სალაროში 900 ათასი მანეთი იდო, თუმცა მოზარდებს ზედმეტი კაპიკიც არ აუღიათ და ისევე, ჩუმად გამოვიდნენ სალაროდან, როგორც შევიდნენ. მიშკა დოლიძემ და მისმა მეგობრებმა ქარხნის ტერიტორიაზე შეღწევა ასეთი ხერხით შეძლეს – ბიჭებმა მაღალძაბვიან მავთულხლართს ჯარისკაცის შინელი გადააფარეს, რომელშიც დენი არ ატანდა და ღობეზე გადაძვრნენ. შემდეგ კი მიშკამ სპეციალური, უნივერსალური „ატმიჩკების“ მეშვეობით სამი კარგად ჩარაზული კარი გააღო, ზედ სალაროს ორმაგსაკეტიანი სეიფიც მიაყოლა და უსიგნალიზაციო რკინის კარადა ამგვარად გაიქურდა. ბავშვები, ალბათ, მოუხელთებლები დარჩებოდნენ და ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მათი ცხოვრება (მომავალში სამივე ბოროტმოქმედი გახდა), რომ არა გივი სირაძის დაბეზღება... როცა 19 წლის სირაძემ 19 ათასი მანეთი ჩაიბარა, მეგობრებთან ერთად რესტორანში წავიდა და იქეიფა. როცა დათვრა და მუსიკოსებთან ტკიცინა ასმანეთიანების ფრიალი დაუწყო, მას მილიციამ მიაქცია ყურადღება. დააკავეს და განყოფილებაში მიიყვანეს. დაკითხვაზე სირაძემ ხელი დოლიძეს, მუშკუდიანსა და ზურა ქათამაძეს დაადო. ყველაფერი დაფქვა და გამომძიებლები კვალზე გაიყვანა. იმავე ღამეს სამივე მოზარდი დააპატიმრეს და 31-ე ქარხნის სალაროს ძარცვის საქმეც გაიხსნა. ბავშვებს 3-3 წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და მილიციის უმკაცრესი კონტროლი დაუწესეს. თუკი სადმე რამე გატყდებოდა ან გაიძარცვებოდა, მიშკა და მისი მეგობრები მილიციაში მიჰყავდათ და ზეწოლას ახდენდნენ მათზე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი პირობითი მსჯავრის განმავლობაში ბიჭებს არაფერი ჩაუდენიათ, სამივეს მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, სკოლის დამთავრების შემდეგ კრიმინალური საქმიანობისთვის მოეკიდათ ხელი და ამგვარად გაეთქვათ სახელი.
– მილიციის დედაც! – იმეორებდნენ მოზარდები, რადგან ამ სამი წლის განმავლობაში მათ ორგანოებისგან მხოლოდ ცუდი ახსოვდათ და სწორედ პროტესტის ნიშნად აპირებდნენ შავი სამყაროს წევრობას.
კაპიტანი ბლიაძე
1953 წლის მაისში მიშკამ და მისმა მეგობრებმა სკოლა დაამთავრეს და თანატოლებთან ერთად, ამ მოვლენას არტოს ბაღში ღვინის სმით აღნიშნავდნენ. შუა ქეიფის დროს, მათ ემზარ ბლიაძე მიუახლოვდა, რომელიც იმ რაიონის უბნის ინსპექტორი იყო და ბიჭებს სუფრაზე ფეხი უკრა, თან ლანძღვა-გინება დაუწყო. ამის გამო, შექეიფიანებულმა მოზარდებმა კაპიტანი სასტიკად სცემეს, იქვე დააგდეს და იქაურობას გაეცალნენ. თუმცა, სულ რამდენიმე საათში ყველანი დააკავეს, დაკითხეს და დოლიძისა და მუშკუდიანის გარდა, ყველა გაათავისუფლეს, მათ შორის, ქათამაძეც. მიშკა და მუშკუდიანი კი სასტიკად სცემეს, რაშიც განსაკუთრებით ემზარ ბლიაძე აქტიურობდა.
ბიჭები არც ცემის მერე გამოუშვიათ. ისინი გაასამართლეს და 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაც შეეხება ზურა ქათამაძეს, მას პროკურორი ბიძა ჰყავდა და მართლმსაჯულებისგან ამან იხსნა. ბლიაძის ცემის სხვა მონაწილეებმა კი ფული გადაიხადეს. მიუხედავად ამისა, ქათამაძემ ძმაკაცების სოლიდარობის ნიშნად, კაპიტან ემზარ ბლიაძეს მარცხენა დუნდულში დანით ჭრილობა მიაყენა და სხეულის დაზიანების მუხლით, ციხეში ჩაჯდა. ამჯერად, მას ვერც პროკურორმა ბიძამ უშველა და არასრულწლოვან მოზარდს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამგვარად გახდა მილიციის კაპიტანი ემზარ ბლიაძე, სამი ქართველი ახალგაზრდის გზიდან აცდენის მიზეზი და მართალია, მისთვის დოლიძეს, მუშკუდიანსა და ქათამაძეს სამაგიერო არ გადაუხდიათ, მაგრამ უკვე პენსიონერი ბლიაძე ნარკომანმა შვილმა მოკლა. ის ჯერ სცემეს, შემდეგ წყლით სავსე აბაზანაში ჩაახრჩვეს. სახლი კი გაძარცვეს...
„დუშკა“
მიშკა დოლიძე 1957 წელს, ერთი წლით ადრე გათავისუფლდა პატიმრობიდან, მაგრამ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე მყარად აირჩია კრიმინალური მომავალი და ციხეში შერქმეული სახელით, „დუშკათიც“ ძალიან ამაყობდა. ეს სახელი მას გულღია და კეთილი ხასიათის გამო შეარქვეს. სწორედ დუშკას ციხიდან გათავისუფლების მერე დაიწყო მისი ლეგენდარული კრიმინალური კარიერა. მიშკა დოლიძე ძალიან ნიჭიერი იყო და ერთნაირი წარმატებით ფლობდა რამდენიმე კრიმინალურ „პროფესიას“. მას შეეძლო ქუჩაში მიმავალი ადამიანისთვის საფულე ისე ამოეცლია ჯიბიდან, დაზარალებული შეხებასაც კი ვერ იგრძნობდა. ასევე, რთული სიგნალიზაცია გაეთიშა და სამდონიანი სეიფი, სულ რაღაც 8-9 წუთში გაეხსნა... მიშკამ სულ სამიოდე თვე დაჰყო თბილისში. შემდეგ გუდანაბადი აიკრა და რუსეთში გაემგზავრა მატარებლით, რომელიც ნახევარი დღით ადლერში ჩერდებოდა და შემდეგ მიემართებოდა მოსკოვისკენ. მატარებელში მიშკა დოლიძემ 25 წლის გამცილებელი, ანა სუვოროვა გაიცნო, რომელთანაც ახლო ურთიერთობა დაამყარა. სუვოროვა მოსკოველი იყო. ძველ ქალაქში, ოროთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა და მიშკაც მასთან დასახლდა. ანამ მუშაობას თავი დაანება, მიშკას ნებას დაჰყვა და კრიმინალურ საქმიანობას შეუდგა. სუვოროვას მოვალეობა იყო „ნაკოლშჩიკობა“ (საქმის მიცემა). ეს კი ამგვარად ხდებოდა – ანა სხვადასხვა მდიდარი მოსკოველის ბინაში აღწევდა სადაზღვევო აგენტის სტატუსით და მათ დაზღვევას სთავაზობდა. სინამდვილეში კი, მათი ბინების განლაგებას სწავლობდა და სახლის ტელეფონის ნომერს იგებდა. გარკვეული დროის შემდეგ კი, უკვე ცარიელ ბინას დუშკა ესტუმრებოდა და იქაურობას პირწმინდად ასუფთავებდა. წყვილის საქმიანობა 6 წელს გაგრძელდა და როგორც კი, მიშკა დოლიძემ 19 წლის ულამაზეს გოგონასთან, ინგა ფურმანთან დაამყარა ურთიერთობა, ანამ დუშკა ფარულად ჩაუშვა და ასე იძია შური ღალატისთვის.
გაქცევა და მსხვილი საქმე
დოლიძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სასჯელის მკაცრი შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. თუმცა, 6 თვის შემდეგ ის საეტაპო მატარებლიდან სასწაულებრივად გაიქცა. დუშკამ თავისივე „ატმიჩკებით“ ციხის მატარებლის სამი კარი გააღო და ყურადღებამოდუნებული ბადრაგის თვალწინ ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. სამ დღეში კი მოსკოვში დაბრუნდა და ინგა ფურმანს მიადგა, რომელიც მისგან შვილს ელოდა.
– მიშკა, შენ ხომ 11 წლით ჩაგსვეს და თავი როგორ დაიხსენი? – ჰკითხა დუშკას გოგონამ, რომელსაც დღე-დღეზე უნდა ემშობიარა.
– უბრალოდ, გამოვიქეცი, – მიუგო დოლიძემ საყვარელ ქალს, მუცელზე მიეფერა და დაამატა, – აი, ამის და შენი სიყვარულის გამო გამოვიქეცი. თუმცა, აქედან უნდა წავიდე, რადგან მილიცია აუცილებლად მოგვაკითხავს.
მიშკა ინგას მოესიყვარულა და მალევე დატოვა იქაურობა. თუმცა, მოპირდაპირე სახლში დაიდო ბინა, სადაც მისი ძველი მეგობარი და კოლეგა, ზურა ქათამაძე ცხოვრობდა ვინმე იანა გლაზუნოვას ბინაში. იანა პროფესიით მსახიობი იყო და ქათამაძესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
ინგა ფურმანმა, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ მიშკა მის პირდაპირ ცხოვრობდა და მალულად უთვალთვალებდა. კაცი მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში, მისაშველებლად მისულიყო, ან ვინმე მიეგზავნა, რომ ფურმანი სამშობიაროში წაეყვანა. თუმცა, ინგას ეს არ დასჭირდა. კარის მეზობელმა წაიყვანა სამშობიაროდ და იმავე საღამოს ინგამ ვაჟი შობა.
– რა ვქნათ, მიშკა? – უთხრა ქათამაძემ დუშკას, როცა ერთმა კვირამ გაიარა და დედა-შვილი სამშობიაროდან სახლში გაწერეს, – რამე დიდი საქმით არ აღვნიშნოთ შენი ვაჟკაცის დაბადება?
– რამე იდეა გაქვს, ზურიკო?
– არა მარტო იდეა. ყველაფერი თითქმის მოფიქრებულია. დეტალებიღაა დასაზუსტებელი და ჩათვალე, რომ დიდი მაყუთი ჯიბეში გაქვს.
– აბა, მიდი, მითხარი.
– მოკლედ ასე, დუშკა-ჯან, ჩემი იანას და, ვერა ¹10 შემნახველ სალაროში მუშაობს და მისგან შევიტყვე, რომ ყოველი კვარტლის მიწურულს მათ კანტორაში სასიგნალიზაციო სისტემის შემოწმება ტარდება. მათ იქ უზარმაზარი საცავი აქვთ, სადაც ბევრი ფული ინახება. ამიტომ, ჩვენ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ, საცავი დავბომბოთ და მაყუთი წამოვიღოთ.
– როგორ, შეიარაღებულები შევვარდეთ? – იხუმრა დუშკამ, რაზეც ქათამაძემ სერიოზულად მიუგო:
– არანაირი ძარცვა, სროლა და ფრონტის ხაზი. ჩვენ იქ ქვევიდან შევძვრებით, პადკოპს გავაკეთებთ და მაყუთს ამგვარად გამოვიტანთ იქიდან. ეს არც ისე ძნელია. სულ რაღაც 15 მეტრის გათხრა მოგვიწევს და თუ კარგად ვიმუშავებთ, გვირაბს ორ კვირაში გავიყვანთ.
მეგობრებმა თხრა მიტოვებული სარდაფიდან დაიწყეს და ორ კვირაში მართლაც მზად ჰქონდათ გვირაბი. ორი ღამის მერე ისინი შემნახველი სალაროს საცავში შეძვრნენ და იქიდან 9 მილიონი საბჭოთა მანეთი გამოიტანეს. ეს იყო უპრეცედენტო ძარცვა საბჭოთა კრიმინალისტიკის ისტორიაში და მართალია, ორივე დააპატიმრეს და თითქმის მთელი თანხა დააბრუნებინეს, მაგრამ მათი სახელები მთელმა შავმა სამყარომ გაიცნო და დიდი მოწიწებით მოიხსენიებდნენ...
P. S. დოლიძეს და ქათამაძეს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დუშკა 9 წლის შემდეგ დაიღუპა მაგადანში, ხოლო ქათამაძე დღესაც ცოცხალია და რუსეთში ცხოვრობს. რაც შეეხება დუშკას ვაჟს, გრიგოლს, ის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს დედასთან ერთად და ძალიან ცნობილი ექიმი თერაპევტია...