რატომ შეუყვარდა ნიკო ბერიძეს ერთი ღამის ურთიერთობები და რატომ ურჩევნია მას ზოგიერთი ქალის გაძიძგნას ინდაურის გაპუტვა
ნიკო ბერიძე, ადამიანი, რომელიც თითქმის არასოდეს საუბრობს პირადზე და მით უმეტეს, ინტიმურ საკითხებზე. ინტერვიუს ჩასაწერად ის ბათუმის „შერატონში“ დავიბარე, სადაც ჩემდა ბედად, უცნაური და ცოტა სასაცილო ვიზუალის მქონე ქალი საკმაოდ ორიგინალური მეთოდებით ნადირობდა დამსვენებლებზე. ამიტომ, ჩემი რესპონდენტის გასახსნელად, მეც ორიგინალური მეთოდი გამოვიყენე. შევუკვეთე 2 ჭიქა ვისკი და დავიწყე ამ ქალბატონთან ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე საუბარი. ცოტა ხანში ნიკოც ჩაერთო ამბავში, რაც უკვე იმას ნიშნავდა, რომ დრო იყო, დიქტოფონი ჩამერთო.
– ნიკო, შენი აზრით, ამ ქალს შენ მოეწონე თუ მე?
– ეს ქალი ისე გაშმაგებული აცეცებს თვალებს, რომ, მგონი, მისთვის სულერთია, ვინ იქნება – „მთავარია, ჰქონდეს ფული, რომ არ იყოს დაჩაგრული“ (წაიღიღინა).
– ხშირად ყოფილხარ დაჩაგრული?
– შენ წარმოიდგინე, ჩემგან უფრო ყოფილან დაჩაგრულნი, ვიდრე მე მათგან. მით უმეტეს, ასეთი კატეგორიის ქალებთან არასდროს ვიქნები დაჩაგრული.
– ახლა როგორი ქალი უნდა შემოვიდეს, რომ ადვილად შეება?
– დისტროფიკები და ანორექსიით დაავადებულები ნამდვილად არ მხიბლავს. თუმცა, არც მსხვილფეხა პირუტყვები მიზიდავს (იცინის). ზოგადად, ყველაფერში ოქროს შუალედს ვიჭერ და ქალებთან მიმართებაშიც ასე ვარ.
– ახლა ეს ქალი რომ დავიჭიროთ და „სადიას“ ქათამივით გავძიძგნოთ, უარს იტყვი?
– შენ თუ გშია, მაშინ რესტორანში წავიდეთ, მაგრამ ამის გაძიძგნას, ინდაურის გაპუტვა მირჩევნია. თან, ეს, მგონი, აქეთ გადაგვყლაპავს ისე, რომ ერთ ლუკმად არ ვეყოფით.
– შენზე ამბობენ, ძალიან „ვაჟნი“ ტიპიაო და რატომ?
– თავშეკავებული ტიპი უფრო ვარ, ვიდრე „ვაჟნი“. ეს, ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტებს ეჩვენებათ, რადგან თქვენთან ურთიერთობაში ყოველთვის ვფრთხილობ. სიტყვაძუნწი ვარ და ალბათ, ამიტომ ჩანს ასე. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ყველა ერთნაირ კითხვებს სვამს. იქექებიან პირად ცხოვრებაში და ხშირად ისეთ კითხვებს სვამენ, რაც მკითხველს არამცთუ აინტერესებს, აღიზიანებს კიდეც.
– ამით ჩემს ბოსტანში ისვრი კენჭებს და მეუბნები, რომ სავარძელში წელში გამართული დავჯდე და ჭეშმარიტ ხელოვნებაზე ვისაუბროთ?
– არა. პირიქით. ამწუთას ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას, თუნდაც უხერხულს, გავცე პასუხი. მოსაზრება ჩემს „ვაჟნობაზე“ რომ გაგიქარწყლო, თუ გინდა, ყავით ვიწუწაოთ, ან სკამზე დავდგები და ვიცეკვებ, ანდა, მივალ ამ სილიკონიან ქალთან და „ჩავზასებ“. რა ვიცი, მეტი რა გავაკეთო (იცინის).
– მოგწონს სილიკონიანი ქალები?
– არ მომწონს, მაგრამ არც წინააღმდეგი ვარ. მთავარია, ვულგარულად არ გამოიყურებოდე, თორემ ქალს თუ მკერდი ნულს ქვემოთ აქვს და რაცხა პატარას მოიმატებს, რა პრობლემაა. საერთოდ, თოჯინები და ცვილის ფიგურები ბავშვობიდან არ მომწონდა.
– როდის ხდები არაადეკვატური?
– ჩვეულებრივი შეშლილი ვარ. მიყვარს სიგიჟე, ღრიალი, გართობა და ბოჰემური ცხოვრება. ბოლო 20 დღეა, გადაბმულად ვსვამ ალკოჰოლს და მეშინია, „ზაპოი“ არ ავიკიდო.
– აღვირახსნილობასა და გარყვნილებაზე რა აზრის ხარ?
– აღვირახსნილობა ძალიან მაგარი რამეა, ოღონდ იშვიათად. ამ დროს მთლიანად იცლები ყველაფრისგან. ზოგჯერ, როცა იღვიძებ და ვერ ხვდები, სად ხარ, უყურებ ადამიანს და აზრზე არა ხარ, ვინ არის... ასეთი რაღაცეები ძირითადად ზაფხულობით ხდება. ამიტომაც, ყველაზე მეტად ეს სეზონი მიყვარს – ზაფხული, ზღვა, მზე, სიშიშვლე და გართობა თავდავიწყებამდე. ცოტა ხნის წინ ძაან მაგარი პოზა ვისწავლე, რომელსაც „წითელი დრაკონი“ ჰქვია, ოღონდ არ ამახსნევინო. თუ ვინმე დაინტერესდება, ბათუმში „ბარხატნი“ სეზონზე ველოდები (იცინის).
– ერთი ღამის ურთიერთობა უფრო გიზიდავს თუ ხანგრძლივი?
– მქონდა პერიოდი, როცა რაღაც ურთიერთობებს ვეძებდი, მაგრამ ბოლო დროს მივხვდი, ერთი ღამის ურთიერთობა უფრო საინტერესოა. არ მიყვარს, როცა ვიღაც მეწებება, ცდილობს, მაკონტროლოს და ჩარჩოებში მომაქციოს. ოჯახის შექმნა რომ მინდოდეს, ცოლს მოვიყვანდი. ზუსტად იქ უშვებენ ქალები შეცდომას, სექსის შემდეგ ბაჯაღლოს „კალიცოს“ იმედი რომ აქვთ. ალბათ, ისევ მენტალობის პრობლემასთან გვაქვს საქმე – თან სექსი უნდათ, თან პატიოსნებასა და ოჯახის ქალობაზე აქვთ პრეტენზია. დავწვები შენთან, თუ ცოლად მომიყვან, – ასეთ კატეგორიას ცხოვრებას უნდა დაჰპირდე და მერე საწოლიდან გაეპარო.
– ბევრჯერ გაპარულხარ?
– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გაპარვა არც ერთი სიტუაციიდან არ მჩვევია, მით უმეტეს, – საწოლიდან, რადგან ასეთი კატეგორიის ქალებთან საქმეს არ ვიჭერ. ურთიერთობის საწყის ეტაპზე ჯერ ვიზუალურ მხარეს ვაქცევ ყურადღებას და შემდეგ მის პიროვნებას. თუმცა, ერთი ღამის ურთიერთობისას პიროვნულ თვისებებს, ან მის ინტელექტს ნაკლებად ვანიჭებ უპირატესობას. უფრო მეტს გეტყვი; თუ გულახდილი საუბარია, ბარემ ბოლომდე გულახდილი ვიქნები (იცინის). ზოგჯერ უმჯობესია, სახელიც არ იცოდე. პრაქტიკიდან გამომდინარე, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, ჯობია, ერთი ღამე დაგრჩეს ლამაზ მოგონებად, ვიდრე ღრმა ურთიერთობაში შეხვიდე და ბოლოს სიძულვილამდე მიხვიდე.
– მიგაჩნია, რომ ქართველი თინეიჯერი გოგონების კერპი ხარ?
– და არამარტო თინეიჯერების (იცინის). შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ უფროსი ასაკის ქალბატონებისგან უფრო ვგრძნობ ყურადღებას, ვიდრე თინეიჯერი გოგონებისგან. თინეიჯერები უფრო კეკლუცობით გამოხატავენ სიმპათიებს, რასაც უფროსი ასაკის ქალბატონებზე ვერ ვიტყოდი. რამდენიმე წლის წინ ერთმა ქალბატონმა მანქანა მაჩუქა. გასაღები სასაჩუქრე ყუთში ჩადებული, სცენაზე ამომიტანა, მაგრამ მამაჩემმა უკან დამაბრუნებინა. ვნანობ, რომ მაშინ მამას არ შევეწინააღმდეგე და უსიტყვოდ დავემორჩილე.
– დამჯერი შვილი ხარ?
– დამჯერიც და დამყოლიც. მშობლების აზრს პატივს ვცემ. შეიძლება, არ ვიზიარებდე მათ მოსაზრებას, მაგრამ არ ვეწინააღმდეგები. მეც და ჩემს ძმასაც კარგად გვესმის მშობლების და ასევე, – პირიქით. ჩვენს ოჯახში მარაზმატული პრინციპებით დისციპლინა არ მყარდება. მხოლოდ ურთიერთგაგებით, სიყვარულითა და ერთმანეთის პატივისცემით ვმოქმედებთ. პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს, ტრადიციებს და მიმაჩნია, რომ მეც და ჩემი ძმაც სწორად აღგვზარდეს მშობლებმა.
– კლასიკური მუსიკიდან როკში გადასვლა, ეს შენი შინაგანი პროტესტია თუ რატომ გადაწყვიტე, ამ მიმდინარეობას გაჰყოლოდი?
– ბავშვობიდან კლასიკური მუსიკის მიმდევარი ვიყავი. ეს, ერთგვარად, ოჯახიდან გამომდინარეც იყო, რადგან დედას ძალიან უყვარს ოპერა და კლასიკური მუსიკა. შესაბამისად, მეც და ჩემი ძმაც, ამ კუთხით წავედით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე თუ მომინდებოდა როკის მღერა, მაგრამ დღეს ვაფანატებ, ოღონდ არა მძიმე როკზე. სხვათა შორის, ახლა გავაკეთე ძალიან მაგარი როკ-ბალადა და სექტემბრის ბოლოდან რადიოარხებზე დატრიალდება.
– ისე, სულ მიკვირდა თქვენი, მთელი ცხოვრება იბრძვით ეს ახალგაზრდები, რომ ცნობილი მომღერლები გახდეთ, საზოგადოებამ გაგიცნოთ და ამას როგორც კი აღწევთ, მერე იკარგებით. განსაკუთრებით, ეს სატელევიზიო კონკურსანტებს ეხება.
– არ მიმაჩნია, რომ პირადად მე, სადმე დავიკარგე. მაქვს კონცერტები და დღემდე ვაგრძელებ მუშაობას. ჩემი თვითმიზანი არ არის, რომ 24 საათი ტელევიზორში ან ყველა ჟურნალ-გაზეთის გარეკანზე მოვხვდე. არც ის ტიპი ვარ, მუდმივად რაღაც ფიარზე ვფიქრობდე. ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მომწონს და მიყვარს. ამ როკ-ბალადაზე აუცილებლად გადავიღებ კლიპს, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ერთი ნორმალური მუსიკალური არხი არ გვაქვს, სადაც კლიპის დატრიალებას შეძლებ. ამიტომ, მომღერლებს სტიმულიც არ აქვთ, რომ იმუშაონ და ახალ-ახალი კლიპები გადაიღონ. დახარჯავ ფულს, გადაიღებ კლიპს და მერე ატვირთავ „იუთუბიზე“ ან „ფეისბუქზე“. მერე ამით რა?
– ალბათ, ბევრჯერ დაუსვამთ ეს კითხვა შენთვის, რატომ გახვედი „ჯეოსტარზე“ „ქეთო და კოტეს“ შემდეგ, მაშინ, როცა თავისუფლად შეგეძლო, ამ სპექტაკლის მერე ძალიან მარტივად გაგეკეთებინა კარიერა.
– კი. ბევრს უკითხავს, შენ ხომ ისედაც ჩამოყალიბებული მომღერალი ხარ და „ჯეოსტარში“ რატომ გადაწყვიტე მონაწილეობაო. ჩემი აზრით, ეს ბევრ რამეს მომცემდა და ასეც მოხდა. იგივე ცნობადობის თვალსაზრისით, ასევე, შეგიძლია, რეპერტუარიც გაიმდიდრო; როგორც მომღერალმა კი მეტი ისწავლო და დაიხვეწო. ადამიანი ცხოვრების ბოლომდე სწავლობს და არაა ცუდი, უფრო მეტი შეიძინო, გაიცნო და გაგიცნოს ხალხმა. საინტერესოა ახალი ურთიერთობები, ახალი ადამიანები, უდიდესი გამოცდილება მივიღე იმ ბუმბერაზი მომღერლებისგან, რომლებთან ერთადაც სცენაზე ვიდექი „ქეთო და კოტეში“. მაგრამ, ასეთივე საინტერესო იყო „ჯეოსტარის“ სცენაზე დგომაც. ამიტომ, აქ ცუდს ვერაფერს ვხედავ. იმის ამბიცია, რომ მე პაატა ბურჭულაძესთან, ნანი ბრეგვაძესა და უამრავ სხვა ვარსკვლავთან ერთად ვმღეროდი და ახლა „ჯეოსტარი“ არ მეკადრება-მეთქი, არ მქონია.