როგორ აქცია „სელინმა” კვადრატებიანი ბეწვის ქურქები სეზონის მთავარ ტენდენციად
მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, „სელინის” კრეატიულმა დირექტორმა, ფოებ ფილომ ამ წლის მარტში, შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია წარმოადგინა და როგორც ჩანს, მშობიარობამ მის ჩვენებაზეც იმოქმედა. ზოგადად, „სელინი” არ გამოირჩევა პომპეზური ჩვენებებით, მაგრამ ამ ფონზეც კი ჩვენება საოცრად მოკრძალებული იყო – მხოლოდ რამდენიმე სტუმრისთვის. თუმცა, როგორც თავად განაცხადა, ბავშვის გაჩენას კოლექციის ინსპირაციაზე არ უმოქმედია. „თუკი წონის დაკლებას ვერ შევძლებ, შემდეგ სეზონზე გრანდიოზულ ხაზებს ელოდეთ,” – განაცხადა ფილომ ჩვენების შემდეგ.
იმავდროულად, სტუმრებისთვის განკუთვნილ ყველა სკამზე თითო პატარა ჩანთა იდო, რაზეც დიზაინერმა განაცხადა, რომ ამ ყველაფერმა იმაზე იმოქმედა, რაც სტუმრებმა პოდიუმზე ნახეს. სწორედ ეს სურათები იყო ჩემს ქვეცნობიერში, როცა შემოდგომაზე ვფიქრობდიო. ბრუტალური არქიტექტურის ნიმუშები ამ ფოტოებში ნამდვილად ჭარბობდა. როგორც დასავლეთ ლონდონელი გოგო, ის პრაქტიკულად, ტრელიკის კოშკის პირქუში და გრძელი ჩრდილის ქვეშ გაიზარდა. ეს კვადრატული, უცნაური ფორმის შენობა პანკის ერთგვარ ხატად იქცა. სწორედ პანკურმა სულისკვეთებამ განაპირობა ფილოს ამ სეზონზე ძალიან ბევრი ელვა შესაკრავი გამოეყენებინა ისეთ დეტალებზეც კი, მის კლასიკურ, ელეგანტურ სტილს თითქოს რომ არ შეესაბამებოდა.
შარვლის სამუხლეებთან დატანილი ელვაშესაკრავი მოდელებს გახსნილი ჰქონდათ. ტრელიკის შენობის ზედა ნაწილმა, როგორც ჩანს, გავლენა იქონია პალტოებსა და ქურქებზე.
„სელინის” ქურქები უკვე იქცა სეზონის ჰიტად – ტრელიკის კოშკის კვადრატული ფორმები საოცრად ნაზად და ელეგანტურად რამდენიმე ფერში იყო გადმოტანილი ბეწვზე. თეთრი, შავი, ფტორნარევი ვარდისფერი – ეს იმ სხვადასხვა ზომის კვადრატთა ფერია, რომელიც ერთ ქურქში გამოიყენა ფილომ. აბსტრაქტული ზოლები პორტობელო-როუდს გახსენებდა. მაგრამ, კოლექცია წარმოუდგენელი იქნებოდა სპორტული კოლორიტულობის გარეშე, რომელიც ლონდონის ოლიმპიური თამაშების წელს, როგორც ნაციონალური სიამაყე, ისე წარმოადგინა ლონდონელმა გოგონამ.
ალბათ, ამ სეზონზე დახვეწილ გემოვნებიანი ყველა ქალბატონი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „სელინის” პალტოებში გამოეწყობიან, ყოველ შემთხვევაში, მათი მსგავსის შეკერვას მაინც შეძლებენ. განიერ, „მასკულინური“ ფორმის პალტოებს ტყავის ნახევარქამრები ერტყა. როგორც დიზაინერმა თქვა, მას ძალიან მოსწონს სიტყვა „მარტინგალი” (აღვირი) და სწორედ ეს გახდა ტყავის ქამრების გამოყენების მიზეზი. „მომწონს ამ სიტყვის ჟღერადობა და საშუალება მივეცი თავს, ის ხშირად წარმომეთქვა,” – განაცხადა ფილომ ჟურნალისტებთან საუბარში. ქამრები პალტოებს ერთგვარ ვინტაჟურ იერს აძლევს. როგორც მოდის კრიტიკოსებმა თქვეს, მსგავსი პალტოები ნამდვილი მონაპოვარია ვინტაჟი გოგოებისთვის, იმ ეპოქის გოგონებისთვის, პორტიშადის „გლორი ბოქს” რომ უსმენდნენ. სხვათა შორის, სწორედ ეს სიმღერა შესთავაზა „სელინმა” სტუმრებს საუნდთრეკად.
ჩვენების ჰედლაინად სწორედ პალტოები იქცა, თუმცა ძალიან საინტერესო იყო ტყავის კოსტიუმები, შარვლები და ბლუზები. „სელინი” ახერხებს, რომ ტყავს სიუხეშეც დააკარგვინოს. მის ხელში ტყავის ბლუზაც კი ქალურ და ნაზ მასალად იქცევა. სილუეტი თითქოს მოძრავი იყო, ძალიან კონსტრუქციული და მკაცრი, მაგრამ არავითარი ხაზების იმპერია... ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.