ქალი და მაგია
როცა ოცნების განხორციელებისკენ ისწრაფის, მამაკაცი ადგენს გეგმას, ყველა ნაბიჯს ზომავს და ყველა სიტყვას წონის... ამუშავებს სტრატეგიას და ტაქტიკას... მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ეტაპობრივად სვლას. ნელ-ნელა მიიწევს დასახული მიზნისკენ. ქალები იშვიათად იქცევიან ასე. ისინი უმეტეს შემთხვევაში, აკვირდებიან გარე სამყაროს... იმ ნიშნებს და მოვლენებს, რომლებიც თითქოს მათ მომავალს განსაზღვრავს. ქალებს რომ მამაკაცებზე მეტად სჯერათ ცრურწმენების, ფაქტია. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ პრაგმატული კაცები ქალებს მაგიასთან კავშირსა და ზოგჯერ, კუდიანობაშიც კი სდებენ ბრალს. სინამდვილეში ქალი მეტად ცნობისმოყვარეა... სულ ეს არის. ბულგაკოვმა თავისი მარგარიტათი ძალიან ცუდი სამსახური გაუწია ქალებს. თუმცა, პოპულარობაც მოუხვეჭა. თუ ვიფიქრებთ, რომ ანტირეკლამაც რეკლამაა, მაშინ ქალებს მაგიასთან კავშირი მხოლოდ პატივს მატებს. სხვათა შორის, ქალბატონების ინტერესების სფერო და მათი სამყარო ძალიან ღრმა და მრავლისმომცველია. მრავალფეროვნება ქალის ბუნების მთავარი ღირსებაა. ამიტომაც, თითქმის ვერ იპოვით ზრდასრულ ქალს, რომელიც ერთხელ მაინც არ დაინტერესებულა მაგიის ნებისმიერი სახეობით, იმიტომ არა, რომ რომელიმე მათგანს ჯადოსნობა სურს – არა! უბრალოდ, აინტერესებს და კიდევ – გართობა უნდა! უწყინარი გართობა...
შეკრული გრძნობები
საქორწინო ბეჭედი ყოველთვის უსახელო – არათითზეა წამოცმული. ის სიმბოლურად განასახიერებს გულსა და მზეს. შეიძლება, ამიტომაც ამზადებენ ამ არცთუ ჩვეულებრივ სამკაულს – ოქროსგან. მართალია, ჭეშმარიტ სიყვარულს არანაირი მტკიცებულება არ სჭირდება, მაგრამ, საქორწინო ბეჭდის გარეშე, ყველაზე შეყვარებულ წყვილსაც კი, რაღაც აკლია. ამიტომაც, გამოცდილი ადამიანები და ფსიქოლოგები გვირჩევენ:
* სერიოზულად მიუდექით საქორწინო ბეჭდების არჩევას. ისინი ორივეს უნდა მოგწონდეთ – თქვენთვის უნდა იყოს განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი. სხვისი აზრი, ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია.
* ამაყად აჩვენეთ ყველას თქვენი საქორწინო ბეჭედი. ნახოს ყველამ – ამაში ცუდი არაფერია. უთხარით მეგობრებს, რომ ძალიან გაგიმართლათ. ამას თქვენც უფრო ადვილად დაიჯერებთ და ურთიერთობაში პოზიტივი შეაქვს – გრძნობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
* ნუ დაინანებთ ფულს საქორწინო ბეჭედში. ის თქვენი ბედნიერების მთავარი სიმბოლო და ატრიბუტი, ყველაზე ძვირფასი ნივთია, რომელიც სულ თქვენთან იქნება.
* ატარეთ საქორწინო ბეჭედი სულ. ნუ გააუფასურებთ მას და ნურასოდეს იტყვით იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჩაცმულობას არ უხდება. როგორ შეიძლება, თქვენი სხეულის ნაწილი არ გიხდებოდეთ? ის ყოველთვის და ყველგან დაგამშვენებთ.
განახლებული ურთიერთობა
როცა ვნებები ცხრება და გრძნობა ცივდება, ურთიერთობაც სახეს იცვლის. კრიზისი თუ დგება, ადამიანები მისგან თავის დახსნას საკუთარი მეთოდებით ცდილობენ. დადასტურებულია, რომ ყოველი ორგანიზმის განახლება შვიდ წელიწადში ხდება და ბუნებრივად ჩნდება სურვილი ურთიერთობის განახლებისა. კარგია, როცა ამას საკუთარ პარტნიორთან ახერხებ, მაგრამ, ადამიანები ინდივიდები არიან და, შესაბამისად, პრობლემებსაც თავისებურად წყვეტენ.
მაგალითად, ქალების 39 პროცენტს მიაჩნია, რომ პარტნიორთან ურთიერთობის გაცივების მთავარი მიზეზი სამსახურებრივი ვალდებულებები და პასუხისმგებლობაა.
წყვილების 43 პროცენტი პარტნიორის ორგულობასა და ეჭვიანობას უჩივის. ამბობენ, რომ დაიღალნენ ამ ყველაფრით და მარტო ცხოვრება უნდათ.
წყვილების 60 პროცენტი, განსაკუთრებით ქალები, ფიქრობენ, რომ ყველაფერში დამნაშავე მაინც მამაკაცების მოღალატე ბუნებაა და სურვილი იმისა, რომ ქორწინების გარეშე კავშირები ჰქონდეთ.
ქალების 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ ოჯახში კრიზისი გარდაუვალია, ისევე, როგორც გარდაუვალია ქმრის ღალატი.
მხიარული ოჯახი
როცა მეუღლეებიდან ერთ-ერთი ცუდ გუნებაზეა, ოჯახურ სიმყუდროვესა და ბედნიერებას საფრთხე ემუქრება. მიზეზი, შესაძლოა, აბსოლუტურად ბანალური იყოს: გადაღლილობა, პრობლემები სამსახურში, კბილის ტკივილი... – ერთი სიტყვით, სრულიად უმნიშვნელო წვრილმანი. რა უნდა ქნათ? მარტივი რამ – ყველაფერი გააკეთო პარტნიორის განწყობის ასამაღლებლად, რაც არც ისე ძნელია.
მაგალითად, თუ ცოლია ცუდ გუნებაზე, ქმარმა უნდა გაუკეთოს რამე სექსუალური საჩუქარი. დიახ, სწორედ ამ ტიპის საჩუქარი – ეს მას ძალიან გაახარებს, რადგან, იფიქრებს, რომ ქმრისთვის ისევ სასურველი ქალია და მის განწყობას აუცილებლად აამაღლებს, რაც არ უნდა იყოს უგუნებობის მიზეზი.
რაც შეეხება მამაკაცის უგუნებობას, ამას კომპლიმენტით უშველით. კაცები ჭკუას კარგავენ კომპლიმენტებზე, მით უმეტეს, როცა რაღაც არ გამოსდით. მამაკაცები ხომ, ზოგადად, ძალიან პატივმოყვარენი არიან. მათ სჭირდებათ, რაც შეიძლება ხშირად მოისმინონ საქებარი სიტყვები საკუთარ თავზე: „გენიალური ხარ,” „ტყუილად დარდობ, შენ ყოველთვის, ყველაფერი გამოგივა,” „არავის ჰყავს ასეთი მამაკაცი”... – მოკლედ, შეაქეთ და ნახავთ, როგორ ერთბაშად გახალისდება. კიდევ არის მეორე მეთოდი: შეიყვაროთ ის გასართობი, რითაც თქვენი საყვარელი მეუღლე ერთობა, ან, შეეგუოთ მაინც ამ გასართობებს – ესეც პოზიტივია. რაც მთავარია, უგუნებობის დროს, არ გამოჰკითხოთ მიზეზი, მით უმეტეს – დაჟინებით და, აცადეთ, თავად თქვას; ქალის შემთხვევაში კი – პირიქით, აუცილებლად ჰკითხეთ უგუნებობის მიზეზი – სხვანაირად, გულნატკენი და შეურაცხყოფილი დარჩება. იმხიარულეთ ერთად, მაგრამ, ნუ მოიწყენთ მასთან ერთად. ყველანაირად ეცადეთ, გაამხიარულოთ, იგრძნოთ ერთმანეთი და ყველაფერი კარგად იქნება.
რჩევები ქმრებს
გინდათ, თქვენი მეუღლე მუდმივად კარგ გუნებაზე იყოს? იქნებ, ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია?! ესე იგი, ქალებს საერთოდ არ იცნობთ – მათ ხომ ძალიან ცოტა სჭირდებათ ბედნიერებისთვის: ყურადღება, ყურადღება და კიდევ ერთხელ ყურადღება. თუ ცოტას იზრუნებთ კიდეც მასზე, თქვენი ცოლი ფისოსავით გაიტრუნება და თავის მადლიერებას იმით გამოხატავს, რომ თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს. ქმრის ყურადღება ცოლისთვის აკუმულატორივით არის. მოეხვიეთ მას და აკოცეთ ყოველგვარი მიზეზის გარეშე. სიტყვებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ქალებს ხომ, ყურებით უყვართ.
ქალი თქვენი ერთგული იქნება, თუკი ხშირად გადაუშლით გულს და ისე დაელაპარაკებით, იგრძნოს, რომ ყველაზე ახლობელ მეგობრად მიიჩნევთ. სწორედ ასეთი საუბრებით მიიღწევა ქორწინებაში ჰარმონია. უმთავრესია, რომ სწორედ ქმარმა „დაასპონსოროს” ცოლის კარგი განწყობა. ეს რჩევა აქტუალურია იმ ოჯახებშიც კი, სადაც ცოლი დამოუკიდებელი და ძლიერი პიროვნებაა.
მამაკაცი სამყაროს, როგორც ნახატს, ისე აღიქვამს. როცა ის იცვლება და, იცვლება ცოლის იმიჯთან ერთად, საკმაოდ სასიამოვნო განცდა გეუფლება – შეუცნობელისა და ახლის განცდა. ამიტომაც, ნუ დაინანებთ ფულს ცოლის ახალ სამოსსა და პარფიუმერიაში; ნუ იწუწუნებთ, რომ ბევრს ხარჯავს სილამაზის სალონში – ის ხომ ამას თქვენთვის აკეთებს!