რა გამოაქვეყნა ლიანა ისაკაძის ქმარმა ცოლის შესახებ
ლიანა ისაკაძე დღეს აღიარებულია, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ბრწყინვალე მევიოლინე. კემბრიჯის ინტერნაციონალურმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა იგი მეოცე საუკუნის გამოჩენილ 2 000 მუსიკოსთა შორის დაასახელა.
ქალბატონი ლიანას ბიოგრაფიას მის მშობლებზე საუბრით დავიწყებთ. დაიბადა 1946 წლის 2 აგვისტოს თბილისში, ფიზიკა-მათემატიკოსის, სანდრო (ალექსანდრე) ისაკაძისა და გერმანული ენის სპეციალისტის, გალინა კვირიკაშვილის ოჯახში. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, როგორც ეს ხშირად ებედებათ ხოლმე პატიოსან ადამიანებს. ოჯახში იზრდებოდა ლიანას ძმა (ცნობილი ვიოლონჩელისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი ელდარ ისაკაძე). ისაკაძეთა შტო, უაღრესად მუსიკალური იყო. ყოველი მისი ბგერა იყო ინტონაციურად სუფთა და ზუსტი. მემკვიდრეობითმა ფენომენმა განაპირობა ის, რომ ლიანას სულ მცირე ასაკიდან გაეხსნა გულით ხედვის, გულით წვდომის, გულით შესისხლხორცების უნარი – 3 წლისა მუსიკალურ კომპოზიციებს თხზავდა, 10 წლის ასაკში მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. დავით ოისტრახი თვალცრემლიანი უსმენდა, ჟიური ყურებს არ უჯერებდა. 14 წლისამ საბჭოთა კავშირის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსში გაიმარჯვა, სადაც ის გამონაკლისის სახით დაუშვეს. 18 წლისას მას პირველი პრემია მიენიჭა მარგარიტა ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსზე. 1970 წელს, მოსკოვში, ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის მსვლელობისას, მას განუვითარდა მარჯვენა მხრის მწვავე ართრიტი, სახსრისა და თითების შეშუპებით. საექიმო კომისიამ კონკურსში მისი შემდგომი მონაწილეობა შეუძლებლად ჩათვალა, მაგრამ კულტურის სამინისტრომ ოისტრახს ულტიმატუმი წაუყენა – ისაკაძე ბოლომდე უნდა გაჰყოლოდა კონკურსს, რომ რომელიმე საბჭოთა მევიოლინეს პირველი პრემია გარანტირებული ჰქონოდა. ლიანა ისაკაძეს კრემლის კლინიკაში სასწრაფოდ ჩაუტარეს მკურნალობა და, ფაქტობრივად, ავადმყოფს მოუხდა მეორე და მესამე ტურში გამოსვლა და პირველი ტურის უპირატესობის დათმობა. მას მესამე პრემია მიენიჭა... საბჭოთა პერიოდში ლიანა ისაკაძემ 80-ზე მეტი ფირფიტა და 10-ზე მეტი კომპაქტ-დისკი გამოუშვა გერმანიაში. „მუდამ ვცდილობდი, გამემართლებინა ხალხის კეთილი განწყობა ჩემ მიმართ. წარმატების შემდეგ დედა, მამა და მე ვიმეორებდით – მადლობა, ღმერთო, ამ ბედნიერებისთვის. ჩემი მუსიკისა და „ხარხარის“ სრულყოფაში ყველანი ხელს მიწყობდნენ – ჩემი წმინდა მშობლები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, მასწავლებლები, კრიტიკოსები, მსმენელი, ჩინოვნიკები და ჭიანჭველებიც კი, თავისი სასაცილო კბენით... ბუნებამ მიბოძა უნარი, ვხედავდე და მესმოდეს ის, რისი ხედვა და სმენა შეუძლებელია... როგორი სიამოვნებით მოვკვდებოდი, თუკი უფრო მაღალი და შეუზღუდავი მისწრაფებით დავბრუნდებოდი, რომ ამ სასტიკი და დაუნდობელი სიცოცხლის ზღუდეების გარღვევა შევძლო... როგორი უბედური ვარ ჩემს ადამიანურ სისულელეში, მაგრამ არ უნდა თანავუგრძნო საკუთარ თავს, არამედ უნდა გადავლახო ის... ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ლაპარაკობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის რამეს ამბობს. იმისთვის, რომ ჭეშმარიტებას მიუახლოვდე, უნდა დუმდე – არ უნდა ლაპარაკობდე. ღმერთი თავის სიდიადეში სდუმს და თავისი დუმილით ასწავლის... ფრთხილად შემოავლეთ ხელები სულს და გეჭიროთ მაღლა, რომ თქვენით აღტაცებულნი კი არ იყვნენ, სიყვარულით გამკობდნენ“... – ამბობს ქალბატონი ლიანა. ახლა კი, ექსკლუზიური ინტერვიუ – ლიანა ისაკიძის დღიურები.
ლიანა ისაკაძე: „მე, საერთოდ, თავგადასავლების მოყვარული ვარ, სულ რაღაც თავგადასავლებში ვებმები. ჩვენ ვცხოვრობდით დიდუბეში, ბაბუაჩემის აშენებულ პატარა სახლში. მახსოვს, ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობდა იქ, ერთი დიდი ოჯახი ვიყავით. ყველა ცნობილი, ნიჭიერი ადამიანი იქიდან არის... 2 წლის ვყოფილვარ, ერთ დღეს საწოლზე ვხტუნაობდი, გადმოვვარდი და იატაკზე თავი დავარტყი. თავში ლურსმანი შემერჭო და თურმე, მოვკვდი. მამაჩემმა უცებ ამიტაცა ხელში და გამაქანა იქვე, აფთიაქში. მეორედ, დედა ეზოში მურაბას აკეთებდა. მინდოდა მენახა, რას აკეთებდა და ცხელი მურაბა ზედ გადმოვისხი. მეორედ მაშინ მოვკვდი. შეიძლება, იფიქროთ, როგორი მოუსვენარი, ცელქი ყოფილაო, მაგრამ, პირიქით, ძალიან ჩუმი ბავშვი ვიყავი. ეს თვისება ბოლომდე გამომყვა. ხმამაღლა არაფერს გამოვხატავ. გული ჩქარა მიძგერს, მიხარია, რაც მუსიკაშიც ჩანს.
მამა გენიოსი ადამიანი, ფიზიკოსი გახლდათ. 17 საერთაშორისო გამოგონება ჰქონდა. იყო უნიჭიერესი და ძალიან პატიოსანი. მე ახალგაზრდობაში ბევრს ვწერდი, ისე, ჩემთვის. სხვადასხვა ქვეყანაში, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, დავჯდებოდი და დღიურის მსგავს, ჩანაწერებს ვაკეთებდი, ქრისტეზე, მუსიკაზე, ადამიანზე. მეორე დღეს რომ წავიკითხავდი, თვითონ მიკვირდა, ასე კარგად როგორ დავწერე ამისთანა სულელმა-მეთქი. ეს ჩანაწერები ყოველთვის ცალ-ცალკე, პატარა ფურცლებზე მქონდა რუსულად. ჩემს მეუღლეს ეს ყველაფერი შეუნახავს, ქართულად გადათარგმნა და ერთ მშვენიერ დღეს წიგნად გამოსცა. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან პირადული, ჩემი საიდუმლო აზრები იყო და არასდროს მიფიქრია მის გამოცემაზე. ჩემმა მეუღლემ მითხრა – ეს ფილოსოფიური ლიტერატურის შედევრიაო. მას კარგად ესმის ფილოსოფია და ყველა საკითხში გარკვეულია. მამაჩემი ძალიან კარგად მღეროდა. ჰამლეტ გონაშვილის ხმა ძალიან წააგავდა მის ხმას. დედაჩემმა ხომ, საერთოდ, მთელი თავისი ცხოვრება მე შემომწირა. უპატიოსნესი ოჯახი გვქონდა. ასეთი ოჯახები, ალბათ, არც არსებობს. შეიძლება, სულ ორი, სამი იყოს. დედა გერმანულს ასწავლიდა ინსტიტუტში. მე რომ დაკვრა დავიწყე, უკვე ერთ წელიწადში ვიცოდით, რომ მევიოლინე გავხდებოდი, მაგრამ ჩემმა მშობლებმა სიტყვა კარიერის მნიშვნელობაც არ იცოდნენ, ჩვენს ოჯახში ეს სიტყვა არასდროს არ ხსენებულა. მე სულ სხვა ღირებულებებით მზრდიდნენ. ისინი მეუბნებოდნენ – შენი არც დაკვრა გვინდა, არც არაფერი, მთავარია, ჯანმრთელი იყოო. მერე, მოსკოვში რომ გადავედი, ვხედავ, თურმე, ახალგაზრდები რას აკეთებდნენ, როგორ იბრძვიან კარიერისთვის, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო ეს დაწყებული. მე კი ბატკანივით უცოდველი, პატარა ბავშვი ჩავედი, არაფერი ვიცოდი. ძალიან მიკვირდა, რომ ვუყურებდი, თურმე, რაზე ზრუნავს ეს ხალხი. თავისით მოვიდა ჩემთან ეს წარმატება. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, კარგად დავუკრა, რომ ადამიანებს, დედაჩემს, მამაჩემს, ვასიამოვნო-მეთქი. სასწაულია, რომ მე ერთადერთი ვარ ცნობილ ხალხში, ბრძოლის გარეშე რომ დავიმკვიდრე თავი. გაურკვევლობაში ახლა უფრო ვარ, რასაც ვუყურებ, გაოგნებული ვარ. ჩემთვის არავის არაფერი გაუკეთებია, თითიც არ გაუნძრევიათ. არც მენეჯერი მყოლია როდისმე. უბრალოდ, ხალხმა ამიტაცა თვითონ, მიდის და მოდის ხმა.
მე რომ დავიბადე, თურმე, დედაც კი არ ვთქვი, ვიმღერე და პირველად ჩემს ძმას შევხედე გავუღიმე (ჩემი ძმა ჩემზე ათი წლით უფროსია). ეს ნიჭი თანდაყოლილი მაქვს.
სამი წლისამ ჩემით ვისწავლე როიალზე დაკვრა, თურმე, პატარ-პატარა კომპოზიციებს ვუკრავდი. ბუნებრივია, მე ვერ ჩავწერდი ნოტებს, მაგრამ დედაჩემი მისმენდა და ჩუმად იწერდა. 20 წლის რომ გავხდი, გადმოიღო ეს ჩანაწერები და მაჩვენა. შვიდი წლის რომ გავხდი, რადგან როიალზე ვუკრავდი, უნდოდათ, საფორტეპიანოზე შევეყვანე, მაგრამ სწორედ იმ დღეს ძალიან ავად გავხდი. ერთი წელი რომ არ დაგვეკარგა, ერთი კვირის შემდეგ ვიოლინოს გამოცდა იყო, იქ შემიყვანეს. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, არასდროს მინანია, იმდენად შემიყვარდა ეს ინსტრუმენტი. მაღალი სიცხეები რომ მქონდა, ვიწექი და ისე ვუკრავდი – ასე ვმეცადინეობდი. მოსკოვში რომ წავედი, ვხატავდი კიდეც ისე კარგად, რომ მოსკოვში დიდი მხატვრები მეუბნებოდნენ, ვიოლინოს თავი დაანებე, ჩვენ გიყიდით ყველანაირ სახატავ მასალას, ოღონდ ხატეო. ეს ნახატები ყველა დაიკარგა, აქეთ-იქით გაიფანტა, ვეღარსად მივაგენი. ალბათ, ვიღაცამ მოიპარა. მერე, როგორც უკვე გითხარით, დავიწყე წერა. 18 წლის რომ ვიყავი, ცხენზე ჯდომა ვისწავლე და გიჟივით დავაჭენებდი. საერთოდ, ხელოვნება, ფერწერა, არქიტექტურა, მუსიკა, ეს აუცილებელია ყველა მუსიკოსისთვის.
რაც შეეხება ჩემს გათხოვებას, 16 წლის ასაკში წავედი მოსკოვში. ვეძებდი ნოტებს, ვერსად ვიშოვე. მამაჩემს დავურეკე – იქნებ მანდ იშოვო-მეთქი, მაგრამ, იმანაც ვერ იშოვა. მამაჩემს ერთმა ახლობელმა უთხრა, პროფესორ ჩაჩავას ისეთი კარგი ბიჭი ჰყავს, თამაზი, უნდა, რომ ლიანა გაიცნოს და ეგება მან გიშოვოთ ნოტებიო. თამაზი დატრიალდა, გადაატრიალა მთელი თბილისი, იშოვა ნოტები და მოსკოვში ჩამომიტანა. ასე გავიცანი მომავალი მეუღლე. მერე თბილისში ჩამოვედი. მანქანით მასეირნებდა და, უცებ, სადღაც მიმიყვანა. არ ვიცოდი, თურმე, ოქრომჭედელთან ვართ. მაჩვენე შენი თითიო. გაკვირვებულმა გავუწოდე ხელი. თურმე, საქორწინო ბეჭედს აკეთებინებს. დამნიშნა, მაგრამ ნახევარი წლის მერე ეს ბეჭედი ფოსტით გამოვუგზავნე მოსკოვიდან. გავიდა ორი წელი, აღარ ვიყავი დანიშნული. პირველი პრემია რომ მივიღე პარიზის კონკურსზე, ჩამოვედი აქ. მთელი ამბით შემხვდა ტელევიზია, ხალხი და ამანაც დაიწყო ჩემთან სახლში რეკვა, უნდა შეგხვდეო. მე არ მინდოდა შეხვედრა, მერე ვიფიქრე, კარგი, ჯანდაბას, შევხვდები... პირველი პრემია ავიღე პარიზში, კარგ ხასიათზე ვარ. ერთხელ შევხვდი, ორჯერ. მერე წავედი დასასვენებლად და იქ არ ჩამომაკითხა! გადავირიე... იქიდან რომ ჩამოვედით, კარგად მახსოვს, 28 აგვისტოს (არასდროს დამავიწყდება) მითხრა – მამაჩემმა პირველი სექტემბრისთვის ქორწილი დანიშნაო. წავიდა. მთელი დღე ვტიროდი. არავითარ შემთხვევაში არ მინდოდა. მომეხათრა მამამისის და გავყევი. აგერ უკვე 47 წელია, ერთად ვართ. კი, უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა ყოველთვის, მანამდეც და მერეც, მაგრამ მე ჩემი ოჯახის ტრადიციას ვერ ვუღალატებდი. მამაჩემისგან, დედაჩემისგან მქონდა გამოყოლილი პატიოსნება და ამას ვერ გადავაბიჯებდი. თორემ, ბუნებით კეკლუცი ვიყავი და ყველას ეგონა, რადგან ასეთი კეკლუცია, მასთან ურთიერთობა შეიძლებაო, მაგრამ როგორც კი ჩემკენ ნაბიჯს გადმოდგამდნენ – ჩვენ ბოდიში...
ჩემი ქმარი ძალზე ნიჭიერი ექიმი გახლდათ და რომ გავყევი, მოსკოვში გადმოვიდა სამუშაოდ ბურაკოვსკის ინსტიტუტში. კარდიოლოგი იყო, ქირურგი, მაგრამ 18 წლის შემდეგ საექიმო საქმეს თავი დაანება, უფრო ხელოვნებისა და ფილოსოფიისკენ ჰქონდა სწრაფვა, ყველაფერს უღრმავდება და შეიძლება ითქვას, ძალიან თავისებური ადამიანია. მეც თავისებური ვარ, ამიტომ, ორი ასეთი რადიკალურად განსხვავებული ინდივიდი ერთმანეთს რომ ხვდება, იქ იოლი არაფერია. რასაკვირველია, აბსოლუტურად განვსხვავდებით, მაგრამ მაინც ამდენი წელი შემოვრჩით ერთმანეთს. ძალიან ვუყვარვარ, ზედმეტადაც კი, ამიტომ მეჩხუბება კიდეც. აი, ეს არის ჩემი უბედურება. ცდილობს, ყველაფერში დამეხმაროს, გვერდში ამომიდგეს, გამოსდის თუ არ გამოსდის, ეს უკვე სხვა საკითხია. ხანდახან ხელს მიშლის. ძალიან რთული ცხოვრება მაქვს გამოვლილი, ორი უკიდურესობაა – ვარ ძალიან ბედნიერი და ძალიან უბედურიც. ტრაგიზმი ნამდვილ ხელოვანს, შემოქმედს დაბადებიდან თან სდევს. შოსტაკოვიჩი, ბახი, ბეთჰოვენი აიღეთ, ყველა ამ ნიშნით დაიბადა. როგორც კი რთული მომენტი ჩნდება, მძიმე პერიოდი, ავიღებ ხოლმე ვიოლინოს და ვიწყებ ბახის დაკვრას. იმწუთსვე მავიწყდება ყველაფერი, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ცხადია, მეც მქონია სირთულეები, თან ძალიან ბევრი. ახლა, რაც შეეხება შვილს, კატეგორიულად ვთქვი შვილზე უარი, ასე მინდოდა. ვფიქრობდი, რომ საქმეში შემიშლიდა ხელს. კიდევ რაღაც იყო, რაც ყოველთვის მაჩერებდა და რაზეც არ ვილაპარაკებ. სხვათა შორის, არ ვნანობ, ვფიქრობ, ძალიან კარგადაც მოვიქეცი. არასდროს მიცხოვრია იმედით, ცხოვრების დინებას მივყვები. თითქოს კარგადაც გამოვიძინე კიდეც, ცხოვრებას თვითონ მივყავარ – მხოლოდ ვიოლინო და მორჩა! ღმერთს მივენდობი, გამოუვალი მდგომარეობა რომ მგონია, და არ ვიცი, რა გავაკეთო, ღამე სიზმარში მამაჩემი მოდის და ჩემთვის იდეა მოაქვს – როგორ უნდა მოვიქცე და ისე ვიქცევი. ბევრი ხიფათიც შემხვედრია ცხოვრებაში. მერე, ძალიან რისკიანი ადამიანი ვარ. ერთხელ ძალიან დიდი, 30-მეტრიანი ჩანჩქერის ქვეშ გავლა მოვინდომე. ეს მოხდა კუბაში. მეუბნებოდნენ – აქ ჯერ არავის გაუვლია, მოკვდებიო, მაგრამ, გავიარე. თითქოს ინტუიცია მკარნახობდა, რომ არ დავიღუპებოდი. ძალიან ბევრ ასეთ რისკზე წავსულვარ, რაღაც ძალა მარწმუნებს, რომ შევძლებ. მიყვარს ორიგინალურობა. მაგალითად, მე მოვიფიქრე „მუსიკოსები ხუმრობენ“, „ვირტუოზები ფეისბუქზე“, „ღამის სერენადები“. ამბობენ, ლიანას მაგარი იდეები აქვს, მაგრამ რატომღაც მერე ყველა გენიალური აღმოჩნდებაო.
მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, როგორც ვიცხოვრე. ისევ იმავე გზით წავიდოდი. მე ჩემი ინიციატივით, ჩემი სურვილით არასდროს მიცხოვრია. ყოველთვის ღმერთს მივყავდი, მას მივენდობოდი ხოლმე. მხოლოდ ერთი – ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა ყოველთვის – კარგად დამეკრა. თუ ამას ვეღარ შეძლებ, მაშინ უნდა მოკვდე. მე მიყვარს ადამიანი, ყველაფერი ამქვეყნად. დოსტოევსკიმ თქვა: თუ გინდა, ადამიანი შეგიყვარდეს, უნდა გაიცნო, მაგრამ თუ გინდა გაიცნო, უნდა შეგიყვარდესო. პირველი იმპულსი სიყვარულია, შემდეგ – მოწონება. ვარ ძალიან მკაცრი, მაგრამ სამუშაოსთან მიმართებაში. მომთხოვნი ვარ, კომპრომისებზე არ მივდივარ. ახლა ჩემს ყოველდღიურობაზე: ვარ დიეტაზე. მხოლოდ ორჯერ ვჭამ, არ მინდა, გავსუქდე. იმიტომ კი არა, რომ დაკვრაში შემიშლის ხელს, როგორც კი ვსუქდები, ვგრძნობ, მთელი ენერგია კუჭზე გადადის – მონელებაში. ცხოვრებაში არ ვყოფილვარ სილამაზის სალონში. ერთხელ როგორც დავიყენე თმა, ამ სტილზე მაქვს სულ. ამისთანა იდიოტობაზე როგორ დავხარჯავ დროს. არასდროს წამისვამს სახეზე კრემი – ქალებმა რომ იციან საკუთარ თავზე გადაყოლა. მე არ ვიცი, არც პედიკიურ-მანიკიური გამიკეთებია არასდროს. ჯერ ერთი, მე რომ ვუკრავ, ფრჩხილები არ უნდა მქონდეს. აი, ლამაზი კაბები კი ძალიან მიყვარს. ჩემი ქმარი არ ერევა ჩემს ჩაცმულობაში, არაფერს მირჩევს, მაინც თუ ჩაერევა, იმისთანას ვეტყვი“... (იცინის).