რატომ არ იძლევა სასურველ შედეგს დილით მშიერ კუჭზე სირბილი
სირბილს გამაჯანსაღებელი ეფექტი მაშინ აქვს, თუ ადამიანი კვირაში ოთხჯერ, ნახევარი საათის განმავლობაში მაინც დარბის. მათ კი ვინც ფიზიკურად მოუმზადებელია, ორი თვე მაინც დასჭირდება შედეგის მისაღწევად. დაიწყეთ სირბილი კვირაში ორჯერ, ოცი წუთის განმავლობაში; დამატებით, კვირაში ორჯერ კი – ისეირნეთ.
სირბილი ბუნებრივი მოძრაობაა. ასე რომ, ყური უგდეთ საკუთარ სხეულს. ნუ შეუშინდებით მუხლის მაღლა აწევას და ტერფის წინ გაშლას. შეცდომად ითვლება სირბილის დროს ცხვირით სუნთქვა. შეუძლებელია, ამ ხერხით ჟანგბადის იმ რაოდენობით შესუნთქვა, რომელიც კუნთებს სირბილის დროს ესაჭიროება. ისუნთქეთ პირით და ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე ხანმოკლე არ იყოს.
სირბილი საჭიროა იმ ტემპში, როგორსაც შეძლებთ. ამ დროს საუბარიც უნდა შეგეძლოთ. თუ ჰაერი არ გყოფნით და ბეჭებში ჩხვლეტას იგრძნობთ, ტემპი შეამცირეთ ან სწრაფ სიარულზე გადადით.
ზოგი ამტკიცებს, რომ დილით ვარჯიში მავნებელია, რადგან ორგანიზმს ისევ სძინავს; ზოგი კი ამბობს, დილით სირბილი მთელი დღის ტონუსს გვაძლევსო. ირბინეთ მაშინ, როცა ეს თქვენთვის ხელსაყრელია. თუ ადრე ადგომა გიჭირთ, საღამოობით ირბინეთ. ვარჯიშისთვის შეგიძლიათ, დასვენების დღეები გამოიყენოთ. თავდაპირველად, სწორი გზა შეარჩიეთ. აღმართი და დაღმართი კარგია, მაგრამ მათთან გასამკლავებლად ჯერ სწორად სირბილის ტექნიკა უნდა აითვისოთ და ორგანიზმის ამტანობა გაზარდოთ. სირბილის დროს, რაც უფრო ფართოა ტანსაცმელი, მით მეტია ჰაერის წინააღმდეგობა. შეარჩიეთ რაიმე მსუბუქი, ოფლგამტარი მაისური, ქარისგან დამცავი მოსაცმელი და პრაქტიკული სპორტული ფეხსაცმელი. დამწყებ მორბენლებში ტრავმების უმეტესობა ცუდი ფეხსაცმლის ბრალია. უხარისხო ფეხსაცმელი მძიმეა და ამიტომ მეტისმეტად იტვირთება წვივები და ბარძაყები. ასევე, ისინი მიწასთან შეხებისას არ ამორტიზირდება, რის გამოც ზიანდება მუხლები და ხერხემალი. კარგი სპორტული ფეხსაცმელი ხელს უწყობს ტერფის მდებარეობის სტაბილიზაციას, იცავს წვივ-ტერფის სახსარს, აუმჯობესებს მიწიდან ტერფის აცილების ეფექტს.
მშიერ კუჭზე ვარჯიში ცხიმს არ წვავს. თან, შეიძლება, შიმშილის გამო გულიც კი გაგიხდეთ ცუდად. ნახშირწყლების საკმაო რაოდენობის გარეშე ცხიმის წვა არ ხდება. ასე რომ, გირჩევთ, სირბილის დაწყებამდე ისაუზმოთ. კარგია ამ დროს შვრიის ფაფა, ხილი და ბანანი. ასევე, ხილის ან ბოსტნეულის წვენი. მინერალური წყალი მიიღეთ შეუზღუდავი რაოდენობით. სირბილის შემდეგ ჭამა კი თქვენს მიზანზეა დამოკიდებული: თუ გახდომა გსურთ, დასაშვებია მხოლოდ ადვილად ასათვისებელი მცირე ულუფა, მაგალითად, ხაჭო, მაწონი, ბოსტნეულის სალათა. ვისაც ჭარბი წონა არ აწუხებს, შეუძლია საკვების ჩვეულებრივი ულუფის მიღება.
თუ კუნთოვანი მასის გაზრდა გსურთ, სირბილის შემდგომ აუცილებლად მიიღეთ ნახშირწყლებით და ცილებით მდიდარი საკვები.
გაიმაგრეთ ორგანიზმი ვიტამინებით და მიკროელემენტებით სამკურნალო ნაყენების მეშვეობით
ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას, ამიტომ პოლივიტამინური ნაყენების ხალხური რეცეპტები სიმხნევეს მოგანიჭებთ, ტვინის მოქმედებას გაააქტიურებს და ტონუსს აგიმაღლებთ.
კუნელის ნაყენი: ნახევარ ჩაის ჭიქა კუნელის ნაყოფს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით დაახლოებით 5-6 საათით ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი 1 ჭიქა ნაყენში გაურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ჭამის შემდეგ დალიეთ.
მოცვის ნაყენი: 1/4 ჩაის ჭიქა მოცვის ფოთლებს დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში. დალიეთ თბილი, დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ. ეს ნაყენი პოლივიტამინების საბადოა, ასევე, კარგია ნიკრისის ქარის დროს.
დამამშვიდებელი ნაყენი: 4 სადილის კოვზი გვირილის ყვავილი, 4 სადილის კოვზი პიტნის ფოთოლი და 2 სადილის კოვზი ვალერიანის ძირები კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ ნარევის 1 სადილის კოვზი ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში და შეავსეთ მდუღარე წყლით. გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ თითო ჭიქა, დღეში ორჯერ.
გვირილის მკვებავი ნაყენი: 1 სადილის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დადგით 20 წუთით. დაუმატეთ შაქარი და ნაღები – გემოვნებით. ეს ნაყენი ორგანიზმისთვის ერთგვარი მკვებავია, ასევე უხდება ნაწლავებს და აწესრიგებს ძილს.
ასკილისა და შავი მოცხარის ნაყენი: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს ასკილის ნაყოფი და მოცხარის კენკრა. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ ერთი საათით თავდახურული. შემდეგ გადაწურეთ და დაატკბეთ შაქრით. დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ. ეს ნაყენი კარგია გაციებისა და ინფექციური დაავადებების დროს.
ასკილისა და ქიშმიშის ნაყენი: გაატარეთ ქიშმიში ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით მდუღარე წყალი. ადუღეთ 10 წუთი და მიღებულ ნახარშს დაუმატეთ იმდენივე ასკილის ნახარში. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში რამდენჯერმე. ეს ნაყენი კარგია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, რადგან ქიშმიშიც და ასკილიც გულის კუნთს ამაგრებს.
ასკილისა და ცირცელის ნაყენი: ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ასკილი და ცირცელი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჩაის ჭიქა.
ავიტამინოზის დროს: აიღეთ 3-3 სადილის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და ასკილი. დანაყეთ, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი მოცვი და კარგად აურიეთ. 3 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით სამი საათით, ოთახის ტემპერატურაზე. სვით დილა-საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნაყენი ამდიდრებს ორგანიზმს ყველა ვიტამინითა და მიკროელემენტებით.
სოკოვანი დაავადების დროს კაკლის
ფოთლის ნახარში გიშველით, კანის ქავილის დროს კი მარილიანი წყალი
სოკოვანი დაავადება საკმაოდ უსიამოვნო და საშიშია. თუ სოკო ფეხის თითებზე გაჩნდა, გაიკეთეთ ცივი წყლის აბაზანა, წყალში კი ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი საჭმელი სოდა და მარილი. როგორც კი ჩადგამთ ფეხებს წყალში, მაშინვე იგრძნობთ შველას.
სოკოვანი დაავადების დროს, აგრეთვე, კარგია კაკლის ფოთლების ნახარში, კერძოდ, 1 მუჭა, ანუ 100 გრამი კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ 3 ლიტრ ადუღებულ წყალში და თავზე მჭიდროდ დაახურეთ. როცა წყალი გაგრილდება, გაიკეთეთ აბაზანები. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში ერთხელ, საღამოს. შემდეგ კი ფეხები არ შეიმშრალოთ.
ეგზემაც, სოკოს მსგავსად, ცუდი დაავადებაა. ამ დროს კარგია კვერცხით მკურნალობა, კერძოდ: მოხარშეთ 10 ცალი კვერცხი, მოაცილეთ გული, დააწყვეთ ტაფაზე, დადგით ნელ ცეცხლზე და თან ხის კოვზით ნაზად სრისეთ. რომ გაშავდება და სითხეს გამოყოფს, ეს სითხე გადმოწურეთ და წაისვით დაავადებულ ადგილას.
კანის ძლიერი ქავილის დროს ტანი დაიზილეთ მარილიან წყალში დასველებული ტილოთი – ასე ქავილი შეწყდება და შვებას იგრძნობთ.
დამწვრობის დროს გულყვითელას ნაყენით იმკურნალეთ
გულყვითელას ყვავილს უნიკალური სამედიცინო და სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ჭრილობების შემახორცებელი, სპაზმოლიზური, სედატური და ნაღველმდენი თვისებები. ეს მცენარე უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც გარეგანი ანტისეპტიკური საშუალება. ნაყენს გამოხატული ბაქტერიოლოგიური თვისებები აქვს. განსაკუთრებით მგრძნობიარეა მის მიმართ სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი. ის სწრაფად აქრობს ანთებით პროცესს, აჩქარებს ქსოვილის გრანულაციასა და ეპითელიზაციას, ააქტიურებს ადგილობრივ დამცავ მექანიზმს. გულყვითელას ნაყენი და ახალგამოწურული წვენი ეფექტურია დღეში ორჯერ საფენებისა და აბაზანების სახით, ჭრილობების, ნაკაწრების, დამწვრობის, ფურუნკულების, პიოდერმიების დროს. გულყვითელა ასევე ანალოგიურად მოქმედებს ლორწოვან გარსზეც. პირის ღრუში მისი გამოვლება დღეში სამჯერ ეფექტურია სტომატიტის, პარადონტოზისა და გინგივიტის დროს. ის ამცირებს ანთებას, შეშუპებას, ტკივილს; ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციას, აღადგენს კაპილარების რეზისტენტობას და აჩერებს ღრძილებიდან სისხლდენას.
როდის იკრძალება გაზიანი სასმელების სმა
ადამიანი ძალიან ხშირად ურევს ერთმანეთში შიმშილისა და წყურვილის გრძნობას. ხანდახან ვერ ვხვდებით, რომ ორგანიზმი სითხეს ითხოვს და ვაწვდით საკვებს. სინჯეთ და როცა გშიათ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, მან შეიძლება, შიმშილის გრძნობა უპრობლემოდ გაგიქროთ. ეს მეთოდი დაგეხმარებათ ეფექტურად შეავსოთ სითხის დეფიციტი ორგანიზმში.
ოღონდ, გახსოვდეთ, რომ ამ დროს არ შეიძლება გაზიანი წყლის დალევა, რადგან ის მავნეა გასტრიტისა და მეტეორიტის დროს, ხელს უშლის ორგანიზმს წონის დაკარგვაში, ააქტიურებს კუჭის წვენის გამოყოფას, რომელიც იწვევს სწორედ შიმშილის გრძნობას.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მინერალურ წყალს სვამენ ჭამამდე ან მის შემდეგ.
ცივი წყალი აძლიერებს პერისტალტიკას, ოცდაათ გრადუსამდე გამთბარი წყალი კი აადვილებს საკვების მონელებას, ხსნის სპაზმებს კუჭში.
რა დაავადებაა მელანომა და როგორ უნდა ამოიცნოთ ის
მელანომა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ავთვისებიან წარმონაქმნად. ამიტომ, სასურველია ამ დაავადებების ადრეულ ასაკში აღმოჩენა, რადგან, დაგვიანებული დიაგნოზი, როგორც წესი, ავადმყოფისთვის ტრაგედიით მთავრდება.
მელანომა არის კანის სიმსივნე, რომელიც მის ზედაპირზე ჩნდება. ის ძირითადად ვითარდება ხალებისგან, მაგრამ, შეიძლება წარმოიქმნას სუფთა კანზეც. კეთილთვისებიანი ხალები თანაბარი და გლუვია, ბრტყელი ან ოდნავ ამობურცული და არ იზრდება. ხალის გარეგნული სახის ნებისმიერი ცვლილება: ქავილი, სისხლდენა, ტკივილი – მიანიშნებს მის გადაგვარებაზე.
განსაკუთრებით ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვისაც კანზე ბევრი თანდაყოლილი ხალი აქვს, მით უფრო – დიდი ზომის. მათ, ვისაც აქვთ თეთრი კანი, ქერა თმა, ჭორფლი და ცისფერი თვალები, რომელთაც ძალიან სწრაფად ეწვებათ კანი მზისგან, მაგრამ არ ირუჯებიან, ეკრძალებათ სოლარიუმში ულტრაიისფერი დასხივება.
აუცილებელია, რეგულარულად გაისინჯოს კანზე ხალი, ყურადღებით დაათვალიეროთ, რათა არ გამოგეპაროთ მელანომის განვითარების პირველი ნიშნები.