ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 28 წლის, ცხვირში სისველის მოსახსნელად ყოველდღიურად 2 აბ დექსამეტაზონს ვიღებ. რამდენად მავნეა?
პასუხი: დექსამეტაზონი კორტიკოსტეროიდული (ჰორმონული) პრეპარატია, ისეთივე, როგორც პრედნიზოლონი და სხვა. ამ ჯგუფის პრეპარატებს უამრავი გვერდითი ეფექტი ახასიათებს. კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი მიღება შესაძლოა, კატარაქტის, ოსტეოპოროზის, კუნთების სისუსტის, ბავშვებში კი – ზრდის შეფერხების მიზეზად იქცეს.
კითხვა: კარგია თუ ცუდი ფეხით სიარული ვენების პრობლემების დროს?
პასუხი: ვენების ვარიკოზის დროს მავნეა ხანგრძლივი დგომა ან ჯდომა. სიარული, სირბილი და, განსაკუთრებით, ცურვა – სასარგებლოა. კარგია კონტრასტული შხაპი, წყალქვეშა მასაჟი.
კითხვა: ვარ 20 წლის გოგონა. მაქვს იოდის ნაკლებობა. ბოლო პერიოდში დამეწყო თმის ჭარბი რაოდენობით ცვენა. თმის შეჭრა და შამპუნების შერჩევა საქმეს არ შველის. რას მირჩევთ?
პასუხი: უპირველესად, ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ. საჭიროა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ფარისებრ-მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით და სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსარიცხად. მხოლოდ შამპუნის შერჩევა პრობლემას ვერ მოაგვარებს. საჭიროა მკურნალობა დარღვევების კორექციის მიზნით.
კითხვა: 68 წლის ჯანმრთელ მამაკაცს დაუქვეითდა ყნოსვა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ყნოსვის დაკარგვა-დაქვეითებას საკმაოდ ბევრი პათოლოგიური მდგომარეობა იწვევს. ჩივილის რეალური მიზეზის დასადგენად და მკურნალობის სწორად წარმართვისთვის ობიექტური გამოკვლევაა აუცილებელი. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ყნოსვის დარღვევის ხარისხი. კვლევის საწყის ეტაპზე მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, რომელიც გასინჯვის შემდეგ გადაწყვეტს კვლევის გაფართოების აუცილებლობას.
კითხვა: რით არის საშიში ორსულობის დროს მოწევა?
პასუხი: ორსულობის დროს მოწევა აფერხებს პლაცენტის ფუნქციონირებას, რაც იწვევს ნაყოფისთვის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების არასაკმარის მიწოდებას. ორსულმა თამბაქო არ უნდა მოწიოს!
კითხვა: დაახლოებით ერთი წლის წინ დამეწყო წონის კლება და მუცლის არეში ტკივილი. დამიდგინეს ლამბლიოზი. ვიმკურნალე, ანალიზები ამჟამად სუფთაა, მაგრამ წონაში მაინც ვერ ვიმატებ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ასეთი წონის კლება ლამბლიოზით ვერ აიხსნება. თქვენ ან არასაკმარისად კალორიულ საკვებს იღებთ დიდი ფიზიკურ დატვირთვების ფონზე, ან ადგილი აქვს რაიმე ენდოკრინულ დარღვევას (მაგ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ან კუჭ-ნაწლავის ქრონიკულ დაავადებას (რაც ნაკლებად სავარაუდოა ჩივილების არარსებობის შემთხვევაში). დასაწყისისთვის გადახედეთ თქვენს რაციონს და მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი