ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის უდრაფტო ვარსკვლავების ტოპ-ათეული
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე არაერთხელ მომხდარა ისე, რომ პირველ ნომრად აყვანილ მოთამაშეებზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მათი ნაწილი ამართლებდა დაკისრებულ ვალდებულებას და დღეს არაერთ NBA-ის ვარსკვლავს ნახავთ, გზა დრაფტიდან რომ დაიწყო, ხოლო არიან ისეთები, ვინც ვერ გაამართლა მათზე გაცემული ავანსი და ნიჭიერების მიუხედავად, სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა. შემდეგ კი სულაც ოკეანის გაღმა წავიდნენ ბედის საძიებლად. „თბილისელების” ამ ნომერში კალათბურთის იმ ვარსკვლავებზე გაუწყებთ, რომელთაც თავიანთი გზა, ყოველგვარი დრაფტის და მათზე გაცემული ავანსების გარეშე, გაიკვალეს.
დევიდ უესლი – „ნიუ-ჯერსი”, „ბოსტონი”, „ჰიუსტონი”, „კლივლენდი”
დიდყურებიანმა გამთამაშებელმა დევიდ უესლიმ, რომელსაც ჰოლივუდელ ვარსკვლავებს – მარტინ ლოურენსს და ფორესტ უიტაკერს ადარებდნენ, თავისი კარიერა NBA-ში დრაფტის გარეშე დაიწყო. „ბეილორის” კოლეჯის კურსდამთავრებული „ნიუ-ჯერსიმ” მიიწვია და უესლიმაც დამაჯერებელი თამაშით დაამტკიცა, რომ ღირსი იყო ვარსკვლავების მხარდამხარ ყოფილიყო. საერთო ჯამში, კარიერის განმავლობაში უესლიმ 11 ათასი ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია დრაფტის გარეშე არჩეულ მოთამაშეებს შორის.
რაჯა ბელი – „ფილადელფია”, „ფინიქსი”, „იუტა”, „გოლდენ სტეიტი”
რაჯა ბელი „ფინიქს სანზის” ვარსკვლავი, რომელმაც გაცილებით სახელოვანი და ვარსკვლავური ამარე სტუდემაიერის არყოფნაში ლიდერის თვისებები გამოამჟღავნა და საუკეთესო თამაშის წყალობით, თითქმის პლეიოფის ფინალში გაიყვანა გუნდი. რაჯა ბელი NBA-ის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო პერსონალურ მეურვედ მიიჩნევა და, რომ არა სკანდალურობა, მისგან გაცილებით მაღალი დონის კალათბურთელი დადგებოდა. გამუდმებულმა სკანდალებმა მწვრთნელებსა და თანაგუნდელებთან, უარყოფითი გავლენა იქონია ბელის კარიერაზე.
იუდონის ჰასლემი – „მაიამი ჰითი”
იუდონის ჰასლემი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო რეზერვისტად ითვლება, რომელიც მოედანზე 20 წუთზე ნაკლებ დროს ატარებს. თუმცა, ამ დროში შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებს და არაფრით ჩამოუვარდება თავის სახელოვან თანაგუნდელებს, მიუხედავად იმისა, რომ მათზე ნაკლებშედეგიანია. იუდონისი „ჰითისთვის” უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურაა და თანაგუნდელები თავგანწირვისთვის მას ალონზო მურნინგის ლაით-ვერსიას უწოდებენ.
ბრედ მილერი – „შარლოტი”, „ჩიკაგო”, „საკრამენტო”, „მინესოტა”
10 ათასი ქულა, 6 000 მოხსნა, 2 500 შედეგიანი პასი, 500 ჩაჭრა და 500 ბლოკ-შოტი. ბრედ მილერს დრაფტზე გაუსვლელ კალათბურთელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლი აქვს. მან 14 სეზონი გაატარა ნაციონალურ ლიგაში და ამ ხნის განმავლობაში 85 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც არავარსკვლავური კალათბურთელისთვის ბრწყინვალე შემოსავალია.
დარელ არმსტრონგი – „ორლანდო”, „დალასი”, „ნიუ-ორლეანი”, „ნიუ-ჯერსი”
„ფაიტველი სტეიტის” კურსდამთავრებულმა დარელ არმსტრონგმა, სანამ ლიგაში შეაბიჯებდა, 28 წლის ასაკში, კალათბურთის თამაში ესპანეთის და კვიპროსის ლიგებში მოასწრო. დღემდე გამოცანად რჩება, თუ როგორ გამორჩათ დრაფტის ორგანიზატორებს მისი მონაცემების მქონე მოთამაშე. დარელმა NBA-ში პირველივე სეზონზე ორი ტიტულის მოპოვება მოახერხა, ის გახდა წლის ყველაზე პროგრესირებადი და საუკეთესო მეექვსე მოთამაშე. არმსტრონგმა 40 წლის ასაკამდე ითამაშა და ბოლო წლებში ლიგის საუკეთესო აუტსაიდ-სტოპერად მიიჩნეოდა.
ხოსე კალდერონი – „ტორონტო”
ხოსე კალდერონი ევროპული კალათბურთის ვარსკვლავის სტატუსში ჩავიდა კანადაში და თავისი პროფესიონალიზმი პირველივე სეზონში დაანახვა ქომაგებს. კალდერონზე უკეთ საჯარიმოებს დღემდე ვერავინ ისვრის ლიგაში, მისი მაჩვენებელი ერთ სეზონში 98 პროცენტს შეადგენს, რაც დღემდე რეკორდად ითვლება. ამას გარდა, კალდერონი ერთ-ერთი საუკეთესო პასის მიმწოდებელია და რომ არა ეივერი ჯონსონის ფანტასტიური შედეგები, სწორედ კალდერონი გახდებოდა NBA-ის კიდევ ერთი რეკორდის ავტორი.
ბრიუს ბოუენი – „მაიამი”, „ბოსტონი”, „ფილადელფია”, „სან ანტონიო”
რთული ხასიათის ბრიუს ბოუენს, უამრავი მტერი ჰყავდა კარიერის განმავლობაში და ამის გამო ხშირად უხდებოდა კლუბების ცვლა. თუმცა, ამერიკის საკალათბურთო ლიგის ისტორიაში მას სამქულიანების ჩაგდების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს პლეიოფების განმავლობაში. ბოუენს იდეალურ აუტსაიდ-სტოპერად და პერსონალურ მეურვედ მიიჩნევენ და მისი აგრესიული და ბინძური თამაში ხშირად კლუბის გამარჯვების საწინდარი გამხდარა. მის ანგარიშზე სამი საჩემპიონო ტიტულია. თუმცა, ქომაგთა მეხსიერებაში ის მიანც ხისტ და ბინძურ მოთამაშედ დარჩება სამუდამოდ.
ეივერი ჯონსონი – „სიეტლი”, „დენვერი”, „სან ანტონიო”, „ჰიუსტონი”
ეივერი ჯონსონს გულშემატკივრებმა „პატარა გენერალი” უწოდეს, რადგან, სადაც კი უთამაშია, ყველა კლუბში ლიდერი და წინამძღოლი იყო. ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად მიიჩნევა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში და დრაფტის აყვანილ მოთამაშეთაგან პირველია, რომლის ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღეს. სხვათა შორის, კარიერის დასრულების შემდეგ „პატარა გენერალმა” მწვრთნელობაში სცადა ბედი, თუმცა ნაკლებად წარმატებული გამოდგა ეს მისთვის.
ჯონ სტარკსი – „გოლდენ სტეიტი”, „ჩიკაგო”, „იუტა”
ჯონ სტარკსმა სახელი 90-იანი წლების „ნიუ-იორკს ნიქსში” გაითქვა, როცა გულშემატკივართა რჩეული მოთამაშე გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თანაგუნდელი ლეგენდარული ცენტრი – პატრიკ იუინგი იყო. სტარკსმა დიდი როლი ითამაშა 1993 წელს „ჩიკაგო ბულსთან” ცნობილი დაპირისპირებისას პლეიოფის ფინალში.
ბენ უოლესი – „ვაშინგტონი”, „ორლანდო”, „დეტროიტი”, „ჩიკაგო”, „კლივლენდი”
ბენის ფონზე წინა ცხრა კალათბურთელი ჩაიკარგებოდა. ის ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც ლიგაში დრაფტის გარეშე მოხვდა და ოთხჯერ დასახელდა საუკეთესო დამცველად. უოლესი NBA-ის ვეტერანებიდან, სავარაუდოდ, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც 38 წლის ასაკშიც ბრწყინვალე სპორტულ ფორმაშია და მომავალ თაობებს გამოცდილებას უზიარებს.