რატომ არ უნდა ლაპარაკობდეს ადამიანი სხვის ჩადენილ ცოდვებზე და რატომ არის თავის მართლება მძიმე ცოდვა
ადამიანების ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მზადება სასუფევლისკენ. სასუფეველი კი, როგორც წმიდა მამები ამბობენ, გამზადებულია მხოლოდ სულიერად მზადმყოფი ადამიანებისთვის. ამიტომ, მთელი ცხოვრება ისე უნდა გაატაროთ, რომ სასუფევლის ღირსნი გახდეთ. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი).
– მამაო, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი ნება სწორად გამოიყენოს, სწორ გზაზე იაროს?
– ადამიანები ყოველთვის უნდა ისწრაფოდნენ უფლისკენ, უნდა ცდილობდნენ მასთან მიახლოებას, მის წიაღში დამკვიდრებას, რადგან მხოლოდ ამ მხრივ არის შესაძლებელი ადამიანის ჭეშმარიტი გადარჩენა, ხსნა. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ღმერთი არავის აიძულებს მასთან მიახლებას, თუკი მას ეს არ სურს”. ასეთ შემთხვევაში, შეუძლებელია ცხონება არა იმიტომ, რომ ღვთის ნებაა უძლური, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია არა მხოლოდ უფალზე, არამედ ჩვენზეც. ადამიანის გადარჩენისთვის ორი ნებაა აუცილებელი: ერთი ღვთის, მეორე – საკუთარი. ადამიანმა ყოველთვის უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ღვთისკენ. ადამიანი საკუთარი კეთილი ნებით ბოროტად არ უნდა სარგებლობდეს. უფლის ნებას კეთილად უნდა აღასრულებდეს და მას შიშითა და ძრწოლით მიეახლოს. სასუფევლისკენ, უფლისკენ სვლა, მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, მარხვით, სინანულითა და ზიარებით არის შესაძლებელი. ვინც ეკლესიაში დადის, ჰყავს მოძღვარი, სისტემატურად აბარებს მას აღსარებას, ეზიარება, კარგად იცის, რომ ეს ჭეშმარიტი და სწორი გზაა, რომელიც მას უფალთან მიაახლებს და მის საიდუმლოებასთან, სიღრმეებთან აზიარებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანი სხვა გზების ძიებას აღარ დაიწყებს და მხოლოდ ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სწავლებასა და ცხოვრებას გაჰყვება.
– მაგრამ დღეს ადამიანებს უჭირთ უფლისკენ მიმავალი გზის პოვნა, საკუთარი ცოდვების დანახვა, აღიარება, მონანიება. ხშირად ისინი ცხონებისთვის, სულის გადარჩენისთვის სულ სხვა გზებს ეძებენ.
– ადამიანი უძლური არსებაა, მას მარტოს გაუჭირდება ვნებებთან, ცოდვებთან და დამღუპველ ცოდვებთან ბრძოლა, რომ არა უფლის შემწეობა და გვერდში დგომა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, როდესაც სხვებთან ერთად ვცხოვრობთ, მათ უნდა ვემსახუროთ კიდეც, როგორც თავად ღმერთს და ნუ მოვითხოვთ სიყვარულის წილ სიყვარულს, სიმდაბლის წილ – ქებას, სამსახურის წილ – მადლიერებას. რითაც შეიძლება, რომ დააბრკოლოთ ან შეურაცხყოთ მოყვასი, იმას საერთოდ ნუ გააკეთებთ. ხოლო, თუ ის შეურაცხგყოფთ, ეს მიიღეთ არა როგორც შეურაცხყოფა, არამედ, როგორც ღვთისგან თქვენთვის გამზადებული იარაღი, რომლითაც, თუკი ისურვებთ, შეგიძლიათ, მოსპოთ თქვენში არსებული ყოველგვარი უწმინდურება გულისა. არავის არ უნდა ატკინოთ გული და არ მოექცეთ ცუდად. სიკეთე უნდა მიაგოთ მწუხარებას მრისხანების მაგივრად. რაც მთავარია, ყველანაირად წინ უნდა აღუდგეთ სიფიცხეს და ის ღვთის შეწევნით, შესუსტდება. ყოველთვის ეცადეთ, რომ არაფერზე გაბრაზდეთ. არასდროს განსაჯოთ სხვა ადამიანი. დგას ის თუ ეცემა, მას ჰყავს ღმერთი, რომელსაც ძალუძს, შეაჩეროს მისი დაცემა და აღადგინოს ის დაცემის შემდეგაც. ჩვენ ყველამ საკუთარ დაცემასა და აღდგომაზე უნდა ვიფიქროთ, ვიღვაწოთ იმისთვის, რომ მყარად ვიდგეთ ფეხზე, რადგან, შეიძლება, მეორე წუთს ისე დავეცეთ, ადგომა ვერ მოვახერხოთ. არ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, ვინ გაწყენინათ და რისთვის. მხოლოდ ერთი რამ უნდა გახსოვდეთ, თავი ანებეთ ადამიანებთან ურთიერთობისას სიმკაცრეს და ღვთის წინაშე ყოველთვის იყავით, როგორც ბავშვები. მუდამ ღვთის სიყვარულში უნდა იმყოფებოდეთ, სწავლობდეთ მას, სუნთქავდეთ მისით. ხსნა მრავალსიტყვაობაში კი არ არის, რომელსაც ხშირად მივმართავთ, არამედ, საკუთარი თავისადმი სრულ ყურადღებაში. უნდა გადაეჩვიოთ კამათს, რადგან ის აღელვებს გულს, გართმევთ სულის მშვიდობიან განწყობას. აღშფოთების წუთებში უნდა შეეცადოთ, რომ გაჩუმდეთ და ამ დროს ილოცეთ იესოს ლოცვა. მოყვასთან განცდილი ნებისმიერი ურთიერთობისას, უნდა ჩაიხედოთ საკუთარ სულში და თითქმის ყოველთვის აღმოაჩენთ, რომ თავად იყავით უკმაყოფილების მიზეზი. ცოდვა ცოდვაა და მასზე ყველა ვაგებთ პასუხს. უფრო მძიმე ცოდვაა, როდესაც არ გაგვაჩნია სინანული და თავის მართლებას ვიწყებთ.
– შესაძლებელია‚ ადამიანმა სწორი ცხოვრებით თავიდან აიცილოს ცოდვების ჩადენა?
– დედამიწაზე ვერავინ ასცდება ცოდვებს. მაგრამ არ უნდა დაკარგოთ სინანულის უნარი, რამდენჯერაც დაეცემით, იმდენჯერვე უნდა შეძლოთ წამოდგომა და ამ საკითხში უფალს უნდა სთხოვდეთ შემწეობას, დახმარებას, უფალი ყოველთვის გამოგიწვდით ხელს, სინანულის საშუალებას მოგცემთ. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ დედაეკლესიას, სადაც დიდ ნუგეშს და სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებთ. ეს კი დაგეხმარებათ იმაში, რომ უკეთ მოემზადოთ ცათა სასუფევლისთვის. ადამიანი რამდენჯერაც შესცოდავს, იმდენჯერ უწვდის ხელს მას მაცხოვარი, იმდენჯერ წამოაყენებს ფეხზე და ცოდვებისგან გაწმენდს, რათა მან თავიდან დაიწყოს ცხოვრება; დაივიწყოს, ხაზი გადაუსვას ძველ ცოდვებს და უფლისკენ ისწრაფვოს; ეზიაროს მის სისხლსა და ხორცს და შემუსროს ძველი ადამიანი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა არ უნდა ეცადოს ცოდვებისგან განშორება. თუ ქრისტიანი გადაწყვეტს უფლისკენ სიარულს, მან უნდა დაივიწყოს ჭორაობა, სხვისი განკითხვა, სიცრუე, ამპარტავნება. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ცოდვებს უნდა ჩაუღრმავდეს, შეიცნოს ისინი, გააანალიზოს და ერთხელ და სამუდამოდ წაშალოს საკუთარი ცხოვრების წიგნიდან. ეს კი მხოლოდ გულმხურვალე ლოცვით, სინანულით არის შესაძლებელი. რწმენის სიმტკიცე დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. რაც მთავარია, ადამიანი უნდა განმტკიცდეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი. ამისთვის კი ნებისყოფის დაძაბვაა საჭირო. ღმერთს არ უყვარს, როდესაც ადამიანი ერთ ადგილს ტკეპნის. ის სულ უნდა იზრდებოდეს, წინ მიდიოდეს და სასუფევლის დასამკვიდრებლად ემზადებოდეს. ცოდვებით დამძიმებული ადამიანი, ვისაც არ გააჩნია ჭეშმარიტი სინანული, არ სურს უფალთან მიახლოება, ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. თუმცა, შეიძლება, ადამიანი სისტემატურად დადიოდეს ეკლესიაში, ეზიარებოდეს, მაგრამ მაინც დამძიმდეს ცოდვებით, რადგან, ცოდვები და ვნებები ყოველდღიურად უტევს ადამიანებს. მთავარია, შეგვეძლოს, შეგვწევდეს იმის ძალა, რომ მათ გავუმკლავდეთ და თავიდან ავიცილოთ, თუმცა დაცემული მდგომარეობა ადამიანს დიდ სულიერ გამოცდილებას სძენს. რაც მთავარია, ვისაც ცხოვრების განმავლობაში ბევრი განსაცდელი გადაუტანია, ცოდვებით დამძიმებულა და მერე გულწრფელად შეუნანია, მან იცის, რომ სწორედ ეკლესია, სინანული გადაარჩენს და უდიდეს შვებასა და ნუგეშს მისცემს.
– ადამიანებს განსაკუთრებით ერთმანეთის პატიება უჭირთ და ამის გამო კიდევ უფრო ბევრ ცოდვაში ვარდებიან.
– დიახ, დღეს ადამიანებს ძალიან უჭირთ ერთმანეთის პატიება და თქვენ წარმოიდგინეთ, უფალი, რამდენად მოწყალეა. ის ამქვეყნად მოვიდა, როგორც ადამიანი, იტვირთა ჩვენი ცოდვები, ეწამა ჩვენთვის და გაგვათავისუფლა საუკუნო სასჯელისგან. ყველა ცოდვას კი თავის გადასახადი აქვს. ადამიანები თითოეულ ქმედებაზე აგებენ პასუხს, თითოეულ სიტყვასა და ქცევაზე. ამიტომაც მოგვეთხოვება სიფრთხილის გამოჩენა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის და შემდეგ – სხვების მიმართ. ქრისტიანი მიმტევებელი, შემწყნარებელი უნდა იყოს, არ უნდა მრისხანებდეს, არ ამპარტავნებდეს; ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდეს და თავმდაბლობას ამჟღავნებდეს. ადამიანმა ჯერ საკუთარი ცოდვა უნდა დაინახოს და არა – სხვისი. შეიძლება, იმ ადამიანს, ვისაც განიკითხავთ, ცოდვა უკვე მონანიებული აქვს და თქვენ თავიდან იწყებთ მის გახსენებას. შეიძლება, შემდეგ თქვენც, უფლის დაშვებით ანალოგიურ მდგომარეობაში ჩავარდეთ და უარესად მოიქცეთ, მძიმედ დაეცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდეთ, რომ სწორედ იმ ცოდვის გამო აგებთ პასუხს, რის გამოც სხვას განიკითხავდით.