იგავი აღმოცენებულ თესლზე
„ღვთის სასუფეველი იმას ჰგავს, კაცი რომ დათესავს თესლს მიწაში, წავა და დაიძინებს. ჩაივლის დღეები და ღამეები, და ისე აღმოცენდება და იზრდება თესლი, არ იცის, რადგან მიწას თვითონ გამოაქვს ნაყოფი: ჯერ – ღერო, მერე – თავთავი, დაბოლოს, ხორბლის მარცვლებით ივსება თავთავი. როცა ნაყოფი დამწიფდება, მაშინვე გზავნის ნამგლებით მომკელებს, რადგან დადგა მკის ჟამი“.
მარკოზი 4, 26-29
ღვთის სასუფევლის საიდუმლო
ცათა სასუფეველს უფალი იესო მდოგვის მარცვალს ამსგავსებს, ღვთის სასუფევლის საიდუმლოს კი, თესლის იდუმალი აღმოცენებით გვიხსნის.
არის განსხვავება ღვთის სასუფეველსა და ცათა სასუფეველს შორის? არა, ორივე მარადიული ნეტარების საუფლოს ნიშნავს. ცათა სასუფეველი იმიტომ ჰქვია, რომ ზეცაშია და რაკი იქ ღმერთი სუფევს, მას ღვთის სასუფეველიც ეწოდება.
ღვთის სასუფევლის დამკვიდრება ღვთის სიტყვის მიღებით იწყება, რაც მართლაც საოცრად ჰგავს თესლის მიწაში დათესვას, გაღივებასა და აღმოცენებას.
ქრისტემ მთესველივით მოიტანა ამქვეყნად ღვთის სიტყვა და თავისი ქადაგებით, სასწაულებით, ჯვარცმითა და აღდგომით კაცთა გულებში ჩათესა. ჩათესა, წავიდა და დაიძინა, ანუ ზეცაში ამაღლდა მეორედ მოსვლამდე. შემდეგ ღვთის სიტყვა ქრისტეს ეკლესიაში გაღივდა, აღმოცენდა და გაიზარდა, მთელ ქვეყნიერებაზე გავრცელდა.
ღვთის სასუფევლის დასამკვიდრებლად აუცილებელია დიდი მოთმინება, სიმშვიდე და სულგრძელობა. ამიტომ არის, რომ სულიერი მოძღვრები საოცარი მოთმინებით ეპყრობიან თავიანთ სულიერ შვილებს. მათ კარგად იციან, რომ ღვთის სიტყვის მიღებას ხანგრძლივი დრო სჭირდება. რწმენის კეთილი ნაყოფის გამოღებაც თავის დროზე უნდა აღსრულდეს, აჩქარება და ძალდატანება ამ საქმეს გააფუჭებს.
უფალი ამბობს, რომ მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს: ჯერ ღეროს გაიკეთებს, მერე თავთავს მოისხამს, დაბოლოს, თავთავი ხორბლის მარცვლებით დაიხუნძლება. ღვთის სიტყვის მიღების საქმეც ამას ჰგავს: ახალგაზრდობაში გამოუცდელობის გამო ღეროსავით ვიდრიკებით და ვმერყეობთ რწმენაში. მოწიფულობაში ეკლესიური ცხოვრების გამოცდილებას ვიძენთ და ქრისტეს მადლით ვძლიერდებით – თავთავმობმული ღერო ხომ მყარად, გამართულად ამოზრდილი იმზირება ყანაში. სრულყოფილებას კი მაშინ ვაღწევთ, როცა მრავალ კეთილ ნაყოფს გამოვიღებთ და, მარცვლებით დახუნძლული თავთავებით თავდახრილნი, მორჩილად და მშვიდად ველოდებით ნამგალმომარჯვებულ მომკელს – უფალთან შეხვედრას, მისი მეორედ მოსვლის ჟამს.